ქეთოს და კოტეს ჯვრისწერის კადრები საბჭოთა ცენზურამ შეიწირა – უნიკალური ფოტოს ისტორია

ქეთოს და კოტეს ჯვრისწერის კადრები საბჭოთა ცენზურამ შეიწირა - უნიკალური ფოტოს ისტორიაფილმი,,ქეთო და კოტე”, რომელიც ქართული კინოს კლასიკაა, საბჭოთა ცენზურამ არ დაინდო. ფილმიდან ისე ამოჭრეს ქეთოს და კოტეს ჯვრისწერის კადრები, რომ რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილსაც კი არაფერი ჰკითხეს.

ამის შესახებ ფეისბუქგვერდი ,,ქართული კინო უკვდავია” წერს:

,,60 წლის წინანდელ ფოტოზე ულამაზესი პატარძალი სანთლით ხელში, ნეფის გვერდით დგას საკურთხეველთან. ჯვრისწერის ცერემონიალს ერთი-ორად ალამაზებს მისი ღვთაებრივი მშვენიერება. სახეგაბადრული სიძე თითქოს ბოროტ მაჭანკალზე გამარჯვებას ზეიმობს და სურს, ჯვრისწერის დასრულებისთანავე ღვთაებრივი ხმით უმღეროს უკვე მეუღლეს, ულამაზეს სატრფოს.

კადრში ყველა მსახიობს ისეთი ღიმილი გადაჰფენია სახეზე, რომ მინდა, ღიმილის ფოტო დავარქვა. მსახიობთა ჟესტები იმდენად დინამიკურია, რომ გონებაში მთელ ფილმს აცოცხლებს, მაგრამ ეს კადრი ფილმში არც კი შესულა, რითაც საზეიმო განწყობის პირველი და უმთავრესი რგოლი დააკლდა უკვდავ კინოჰიტად ქცეულ ,,ქეთო და კოტეს’’.

ფოტოზე სწორედ ამ ფილმის მთავარი პერსონაჟების ჯვრისწერის სცენაა ასახული, რომელიც საბჭოთა კინოცენზურას შეეწირა. არადა ფილმში მთავარი გმირების სიყვარულის გადარჩენაში სწორედ ჯვრისწერა თამაშობს გადამწყვეტ როლს, მაგრამ ამ კადრებს მაყურებლის თვალის შევლება არ ეღირსა.

კომუნისტებმა სხვა ფრაგმენტებთან ერთად მთლიანად ამოჭრეს ეკლესიაში გადაღებული ცერემონიალი. ეტყობა, საბჭოთა ცენზორებს არ სურდათ, საზოგადოებისთვის ჯვრისწერის ,,საზიანო” მაგალითი მიეცათ. მიაჩნდათ, რომ მაყურებელი მიბაძავდა კინოგმირებს და როგორც სატრფოს სარკმელთან სიმღერასა და აივანზე გადაძრომას, ეკლესიაში დაქორწინების ,,მავნე” ჩვევასაც გადაიღებდა.

იმ დროისთვის ხომ ქალთა უმრავლესობა ისედაც ცდილობდა, ულამაზეს მედეა ჯაფარიძეს დამსგავსებოდა, მამაკაცები კი ბათუ კრავეიშვილივით რომანსებად იღვრებოდნენ სატრფოების აივნებთან.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის საცავში ქეთოსა და კოტეს ჯვრისწერის ცერემონიალის ამსახველი ორი უნიკალური ფოტო ინახება. ფოტოები სასწაულებრივად გადარჩენიათ ცენზორებს. სავარაუდოდ, ვიღაცამ საგანგებოდ შეინახა, რომ მავანს თვალში არ გასჩხეროდა.

კინოს, თეატრის, მუსიკისა და ქორეოგრაფიის მუზეუმის ფოტო და ნეგატივების ფონდის მცველი მარინა გოძიაშვილი:

– ფილმი 1948 წელს არის გადაღებული. ამიტომაც გასაკვირი არ არის, რომ ჯვრისწერის კადრები ამოჭრეს. ახლახან ექსპონატების აღრიცხვა თავიდან დავიწყეთ და მოულოდნელად აღმოვაჩინეთ ეს უნიკალური კადრები. არც ერთი მათგანი არასდროს  გამოქვეყნებულა, ცხადია, არც ფოტოგამოფენებზე ყოფილა წარდგენილი. ფოტოები კარგად არის შენახული. წინა პლანზე ჩანან ბათუ კრავეიშვილი, მედეა ჯაფარიძე, ვასო გოძიაშვილი და გიორგი შავგულიძე”.

.

იმის გამო, რომ ფილმში მონაწილეთაგან თითქმის აღარავინ არის ცოცხალი, ვერ დადგინდა, რომელ ტაძარში გადაიღეს ჯვრისწერა. ,,ვერც მღვდლის როლის შემსრულებლის ვინაობა გავიგეთ. როგორც ლაშა და მედიკო თაბუკაშვილები ამბობენ, ქალბატონ მედეასაც არაფერი აქვს ნათქვამი მოგონებებში ამ ეპიზოდების გადაღების თაობაზე. მეტიც, სავარაუდოდ, მან არც იცოდა, თუ ეს ფოტოები არსებობდა. თუმც, რომც სცოდნოდა, დიდად არ დაინტერესდებოდაო, ამბობს მსახიობის ვაჟი.

მსახიობს, რომლის სილამაზესაც უამრავი ქალი შენატროდა, ფოტოების გადაღება არ ჰყვარებია. ამდენად, მედეა ჯაფარიძის ოჯახისთვის ეს ფოტოები სიურპრიზი აღმოჩნდა.

ლაშა თაბუკაშვილი იგონებს:

-დედა ძალიან კრიტიკული იყო თავისი ფოტოების მიმართ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გადაღებაც არ უყვარდა. ამიტომაც ძალიან ცოტა ფოტო გვაქვს შემორჩენილი როგორც მისი შემოქმედების, ისე პორტრეტების სახით და ესეც უფრო ჩემი მეუღლის, მედიკოს დამსახურებაა. მან მოიპოვა ბევრი მათგანი, დედას მეგობრების ოჯახებში დაეძებდა ფოტოებს”.

ლაშა თაბუკაშვილის თქმით, ვახტანგ ტაბლიაშვილმაც კი არ იცოდა, რომ ფილმი ჯვრისწერის სცენის გარეშე გავიდოდა. ამიტომაც როგორც დამდგმელი, ისე შემოქმედებითი ჯგუფისთვის უსიამოვნო სიურპრიზი ყოფილა ულამაზესი კინოფილმის ,,ქეთო და კოტეს” პრემიერა.