ნინო ლეჟავა: “ნაილაში ყველა ის ქალია გაერთიანებული, ვისაც ვერ ვიტან”

ნინო ლეჟავა: "ნაილაში ყველა ის ქალია გაერთიანებული, ვისაც ვერ ვიტან"მსახიობ ნინო ლეჟავას არც ალკოჰოლური სასმელი უყვარს და არც ფანოღურ სიმღერებს მღერის, მაგრამ საერთოდ არ გაჭირვებია სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” ნაილა ხუნწარიას როლის თამაში, რომელიც მუდმივად ბახუსშია და მისი რეპერტუარიც ფანოღურია.

ახლა ნაილა ყურადღების ცენტრშია, რადგან მისმა მეგობარმა, სულიკო დარდიანიძემ, საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ინაუგურაციაზე ერთად ჰიმნიც კი იმღერეს.

ნინო ნოდარ დუმბაძის მოზარდ მაყურებელთა თეატრის დასის წევრია. რეჟისორი ქმარი გოგა ქაჩიბაია და ოთხი ვაჟი ჰყავს. მისი ცხოვრება რადიკალურად განსხვავებულია იმისგან, რასაც მაყურებელი ეკრანზე ხედავს. როგორი უცნაურიც უნდა იყოს, მსახიობებს ხშირად უწევთ ახსნა, რომ თავიანთი პერსონაჟები მათგან დამოუკიდებლად არსებობენ და არც ნინოა გამონაკლისი.

– ნინო, სერიალის წინა სეზონებში ხანდახან გაიელვებდა ხოლმე ნაილა, ახლა კი ცენტრალური ფიგურა გახდა. როგორ დაიწყო ამ გმირმა ეკრანული ცხოვრება?

– სხვათა შორის, კასტინგი არ გამივლია. კასტინგების ხელმძღვანელმა ეკა მჟავანაძემ დამირეკა, ამიხსნა, თუ როგორი ტიპაჟი სჭირდებოდათ, ანუ ნაილა ხუნწარია, რომელიც არის ფანოღურ-რესტორნული სტილის მომღერალი, ცოტა უგემოვნო, გოიმი, აშარი ქალი.

ჩემს გმირში აბსოლუტურად ყველა ის ქალია გაერთიანებული, როგორებიც არ მიყვარს და მათი ატანა არ შემიძლია. თუკი ოდესმე რესტორანში მინახავს მთვრალი ქალი, ყველასგან პატარ-პატარა მნიშვნელოვანი დეტალები ავიღე და ეს როლი შევქმენი.

მინდა, ვისარგებლო თქვენი ჟურნალით და ყველას ვუთხრა ერთი რამ: ხალხო, 21-ე საუკუნეში სირცხვილია, კიდევ ვერ აღიქვამდე ფილმს ფილმად და მოგონილ გმირებს. მე ნაილა ხუნწარია კი არა, ნინო ლეჟავა ვარ, ოთხი შვილის დედა, მსახიობი, წესიერი ოჯახიდან, რომელსაც ჰყავს ქმარი!

ახლა რატომ ვამბობ ამას: სერიალის ერთ-ერთ გმირს, ნუგოს, რეალურ ცხოვრებაში ჰქვია ვახტანგი. შევიდა ბაზარში და გამყიდველი ეუბნება, შენ 7 ლარად უნდა მოგყიდო ახალი კარტოფილი იმიტომ, რომ ბიზნესმენი ცოლი გყავს და ფულის მეტი რა გაქვსო.

ასევე – ნინო მუმლაძე, რომელიც ცხრაჯერ ამოიღეს მიწიდან და ისევ უკან ჩააბრუნეს, როგორ თუ შენ პატიოსან ადამიანებს (დათო და ნინა გოცირიძეების ოჯახზეა საუბარი. ავტ.) ოჯახს უნგრევო.

დიდი იმედი მაქვს, მოვა დრო, როცა ხალხს ეცოდინება, რომ ეს არის მოგონილი ისტორია, თუმცა აღებული რეალური ცხოვრებიდან და გმირებს, რომლებსაც ჩვენ ვთამაშობთ, ჰქვიათ პერსონაჟები, ჩვენ კი სხვა ადამიანები ვართ.

– საერთოდ, ალკოჰოლისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– საერთოდ ვერ ვსვამ. ახლა მეშინია, სადმე კაფეში რომ შევიდე, მთვრალებმა ჭიქა არ მომაწოდონ და დალევა არ დამაძალონ. დააჯერე ახლა ისინი, რომ არ ვსვამ! ყველამ, ვინც მიცნობს, იცის, რომ ვსვამ მხოლოდ ლუდს, ისიც ერთ ჭიქას ან ბეილისს, რადგან ნაკლებად აქვს ალკოჰოლი და არაა ძლიერი. ერთი ჭიქა შავ ღვინოსაც გეახლებით, რადგან დაბალი წნევა მაქვს.

– არადა ძალიან ბუნებრივად თამაშობთ მთვრალი ქალის როლს.

– ბევრი მეუბნება, რომ არ სვამ, როგორ თამაშობ ასე კარგად მთვრალი ქალის როლსო.

დიმა ხვთისიაშვილის სპექტაკლში “არ დამივიწყო” წელში მოწყვეტილ, სიმსივნიან ქალს ვთამაშობ. თუკი ვინმე ონკოლოგი იყო ან ზოგადად ინტერნეტში ინფორმაცია იყო ამის შესახებ, მოვნახე, წავიკითხე, გავეცანი და ასე ავაწყვე ეს როლი.

ჩვენი, მსახიობების, ბედი არის მაყურებლის, ხალხის ხელში, ვისთვისაც უანგაროდ ვთამაშობთ, რადგან ისეთი სასაცილო ხელფასებია, რომ ვერ გეტყვით. რეალურად ჩვენ მათი მადლობისთვის, მათი სიხარულისთვის, ცრემლებისთვის, ღიმილისთვის და ტაშისთვის ვმუშაობთ. ეს არის მართლა ძალიან დიდი ენთუზიაზმი და უდიდესი სიყვარული საქმისადმი.

– ადრე მსახიობებს ძალიან მცირე ანაზღაურება ჰქონდათ. დღეს ფინანსური თვალსაზრისით რამე შეიცვალა?

– არაფერი შეიცვალა. სერიალში უკეთესი მდგომარეობაა იმ მხრივ, რომ თუ ხშირად გიწევს თამაში, თვიდან თვემდე გროვდება რაღაც გარკვეული თანხა, რომელსაც სოლიდური სახე ეძლევა. სულ ვლოცულობ, ნაილას ხაზი განვითარდეს, რომ დიდხანს მომიწიოს თამაში. ჩვენი ბედი ძირითადად სცენარისტებზეა დამოკიდებული.

მე და ჩემს ძმას, მეგობარს, უსაყვარლეს ადამიანს, კოტე თოლორდავას (რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა. ავტ.), გვქონდა ერთი ოცნება, გაგვეკეთებინა მსახიობთა გილდია, მაგრამ ამას სჭირდებოდა მთავრობის მხარდაჭერა, სერიოზული ზურგი, იურისტები… სამწუხაროდ, ეს ოცნება ვერ ავიხდინეთ.

– ოცნება რომ შესრულებულიყო, რა იქნებოდა თქვენი მიზანი?

– ამ გილდიის წევრს არ ექნებოდა უფლება, დაკანონებულ თანხაზე ნაკლებად ეთამაშა და, ასე თუ მოხდებოდა, მაშინ ის პირი აუცილებლად დაჯარიმდებოდა. ეს ყველაფერი კი იმიტომ გვინდოდა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამაღლდეს მსახიობთა ბაზარი და დაფასდეს მსახიობების ჯოჯოხეთური შრომა.

ვინმეს თუ არ უნახავს გადაღების ან რეპეტიციის პროცესი, მისთვის ძალიან რთულია გაიგოს, რამხელა შრომა უწევს მსახიობს. ყველა უნდა დაფიქრდეს, თუ რა როლი უკავია კულტურას ჩვენს ცხოვრებაში. ეს პატარა ერი ხომ თავისმა ისტორიამ, კულტურამ, ხელოვნებამ, მეცნიერებამ გადაარჩინა. დღეს კი ამის მოსპობა უნდათ. ეს არის გულსატკენი და სამწუხარო.

– დიდი ხანია სცენაზე დგახართ და უამრავი მნიშვნელოვანი როლი გაქვთ შესრულებული. ნაილა ხუნწარიაზე და ზოგადად სერიალზე რას იტყვით?

– ეს სერიალი ყველანაირად საინტერესოა. დავიწყოთ იქიდან, რომ საოცარი გადამღები ჯგუფია, მუშაობენ პროფესიონალები, ჯერ მარტო ბატონ გიორგი ლიფონავასთან მუშაობაა ერთი დიდი სიამოვნება. დასაწყისი სეზონი, სადაც კოტე და ბიჭები თამაშობდნენ და მოვლენები ძირითადად ცოლის დაქალების ირგვლივ ვითარდებოდა, ბევრად ძლიერი იყო.

მერე ისე წავიდა ხაზი, რომ პირადად ჩემთვის მსახიობის ოსტატობის გაკვეთილები იყო, როდესაც მერაბ ნინიძის და ნინო კასრაძის დუეტი შედგა. შემდეგი სეზონი ბახუტამ ამოქაჩა. მერე უკვე ქართლი წამოიწია, შემდეგ სამეგრელო და ახლა უკვე არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

– თამაშობთ სპექტაკლებში, სერიალში, გაქვთ რეპეტიციები, გადაღებები, ამავდროულად ხართ ოთხი ბიჭის დედა. ერთი ქალისთვის ზედმეტად ბევრი არ არის?ამ ყველაფერს თავს როგორ ართმევთ?

– არ მკითხოთ. ოთხი ბიჭი, ორი კატა, ერთი ქმარი, სამი თეატრი, ბევრი სპექტაკლი და კიდევ რეპეტიციები. დღე-ღამეში 24 საათია, მაგრამ, მე მგონი, დროს ვაჩერებ ხოლმე.

დავიწყოთ იქიდან, რომ ვდგები 7 საათზე და იმდენ კილომეტრს ვაკეთებ სამზარეულოდან ოთახებში, ვარჯიში აღარ მჭირდება. ვერ გეტყვით, რა სისწრაფით ვაჭმევ, ვაცმევ ბავშვებს და ვუშვებ სკოლაში.

მყავს 12 წლის, 8 წლის და 7 წლის ბიჭები, რომლებიც სკოლაში დადიან. უფროსი ბიჭი 23 წლის არის. მასთან სხვა პრობლემები დგას, სხვანაირი ყურადღება უნდა. ჩვენი დედაშვილობა სხვანაირია, ტაბუდადებული თემები არ გვაქვს, პირიქით, ვმეგობრობთ და ყველა შვილს თავის ენაზე ველაპარაკები.

ერთადერთი მადლიერი, ვინც სახლში შემომეგებება ხოლმე, კატაა. ზოგჯერ ბალიშსაც ვეცოდები, იქიდან მესმის ხმა: “ვერ იძინებ, ხო?”. მეც ვპაუხობ: “ვერა”.

12 წელია გათხოვილი ვარ და 12 წელია ახალ გმირებს ვდგამ ჭერში. ვიყურები ჭერში და ასე კეთდება ჩემი გმირები.

– როგორ უძლებთ ასეთ რთულ გრაფიკს?

– სადაც დიდი სიყვარულია, იქ უკვე აღარაფერი გერთულება. ჩემი პირველი სიტყვაა: თუ საკუთარ თავზე მეტად, შვილზე მეტად, დედაზე მეტად (რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით) არ გიყვარს ეს საქმე, მსახიობი არ უნდა გამოხვიდე და სხვისი ადგილი არ უნდა დაიკავო. ჩემთვის არ არსებობს ჭირი, ლხინი, წნევა, სიცხე.

რა თქმა უნდა, თუ გამოუვალი მდგომარება გაქვს ჯანმრთელობის მხრივ, ყველა გიწყობს ხელს, მაგრამ თვითონ არ მიყვარს კოლეგების დაღალატება. თეატრის კარს რომ ვაღებ, გარეთ ვტოვებ ყველანაირ პრობლემას.

– მეუღლე რეჟისორი გყავთ, თქვენი უფროსი ვაჟიც მსახიობია. როგორ შეფასებას გაძლევენ ხოლმე?

– ჩემი მეუღლე ძალიან თავშეკავებული და სიტყვაძუნწია. ემოციის დიდად გამოხატვა არ სჩვევია. ჩემს ბიჭს პირიქით, ყველაფერი მოსწონს. ორივე საკმაოდ ობიექტური შემფასებელია და ასეც უნდა იყოს, რადგან არც ოჯახში მჭირდება ხათრისთვის ნათქვამი ქათინაური და არც სამეგობროში.

ასეთივე მკაცრი ვარ მეც ჩემების მიმართ, პატარა დეტალსაც კი არ ვპატიობთ ერთმანეთს, რადგან ის თუ არ გამოსწორდა, მომავალშიც ასეთი დარჩება. ჩემი მეუღლე თუ მეტყვის, კარგიაო, ე.ი. გადასარევია. ყურების დროს თუ ჩაიცინა – კარგია, ხოლო თუ გადაიხარხარა, მაშინ ძალიან კარგია.

– გარშემომყოფებისადმი მომთმენი ხართ თუ მკაცრი?

– მეგობრული ვარ, მაგრამ ბარიერს როცა გადალახავენ, ვეღარ ვიტან. საერთოდ ძალიან მომთმენი ვარ, მაგრამ, თუ ავფეთქდი, მტრისას!

გიორგი საკარული, ჟურნალი სარკე