მოსამართლე თამთა ჯანჯღავაზე: ,,ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა”

მოსამართლე თამთა ჯანჯღავაზე: ,,ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა”მომღერალ ირაკლი ნოზაძის, იგივე პიკასოს დაჭრის ფაქტზე დაკავებულებს, თათია ჯანჯღავასა და ნათია თოფურიას, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა თავისი გადაწყვეტილება ასე ახსნა:

-თამთა ჯანჯღავას ქცევა დანაშაულის ჩადენამდე მიანიშნებს, რომ ის არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა.

როგორც საქმის გარემოებებიდან იკვეთება, ბრალდებული თამთა ჯანჯღავა შეეცადა და მოიშორა კიდეც საქმისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებები თავიდან, ვგულისხმობ, დანას. მან ასევე გამოიცვალა ის მაისური, რომელიც ეცვა სავარაუდო დანაშაულის ჩადენის დროს.

გარდა ამისა, მოწმეებთან, ვინც არიან დაკითხულები და შემდეგ სასამართლოზეც უნდა დაიკითხონ, აქვთ ახლო ურთიერთობები ორივე ბრალდებულთან და აქედან გამომდინარე, არსებობს მათზე ზემოქმედების რეალური საფრთხეები.

სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ასევე თამთა ჯანჯღავას ქცევაზე, სავარაუდო დანაშაულის ჩადენამდე. როგორც იკვეთება საქმეში არსებული ინფორმაციიდან, სავარაუდოდ, იგი უგულებელყოფდა საზოგადოებაში დამკვიდრებულ ნორმებს.

ეს გარემოება სხვა სეგმენტებთან ერთობლიობაში მიანიშნებს, რომ თამთა ჯანჯღავა არაკანონმორჩილი პიროვნებაა და შესაძლებელია, მან განაგრძოს დანაშაულებრივი საქმიანობა, მით უფრო, როგორც ამ ეტაპზე დგინდება, კონფლიქტი ჯერჯერობით ამოწურული არაა.