..მეშინია, დედამთილმა ცე ჰეპატიტი ხომ არ გადამდო”

..მეშინია, დედამთილმა  ცე ჰეპატიტი ხომ არ გადამდო"დედამთილის საქციელი ყელში ამომივიდა და ამ წერილის გამოგზავნაც იმიტომ გადავწყვიტე. იქნებ ასეთმა ქალებმა წაიკითხონ და ოდნავ მაინც დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, დედამთილი ყველგან მე გამამტყუნებს და შეიძლება ჩემზე კიდეც ლაპარაკობს ხალხში, მაგრამ თვითონ განსაჯეთ, მასთან მართალი ვარ თუ მტყუანი.

28 წლის ვარ, 4 წლის შვილი მყავს. ჩემი დედამთილი 55 წლის ქალია და ორი შვილი ჰყავს – ჩემი ქმარი და ერთი ქალიშვილი, რომელიც უცხოეთშია გათხოვილი. დედამთილი ძალიან პრანჭია ქალია, ამიტომ შვილი უცხოეთიდან ხშირად ანებივრებს სხვადასხვა ნივთებით თუ ტანსაცმლით. ათას რამეს უგზავნის, მაგრამ ამ ქალს არაფერი აკმაყოფილებს. მაინც შემოდის ჩემს ოთახში და, რაც მოხვდება, ყველაფერს ისვამს, იკეთებს, იცვამს.

თავიდან ამას ცოტა იუმორით ვუყურებდი, მაგრამ ახლა უკვე ვეღარ ვუძლებ. ხომ არ შეიძლება 55 წლის ქალმა 28 წლის გოგოს კრემები ისვას სახეზე? ჩემს კრემებს ხმარობს, ჩემს კოსმეტიკას. პომადა ნაყიდი არ მაქვს, რომ უკვე მას უსვია, ფრჩხილების ლაქს ყოველდღე იცლის და ხელახლა ისვამს, ზოგჯერ დღეში სამჯერ. ჩემი ლაქის ფერი თუ მოეწონა, თავისას წაიშლის და ჩემსას მივარდება.

სახლში ისე გამზარდეს, რომ დედას და ბებოს ჩემთვის ცალკე ჭიქა ჰქონდათ, არ მიყვარდა, სხვის ჭიქაში თუ მისხამდნენ რამეს. სავარცხელიც ჩემი მქონდა და ფრჩხილების გასაკეთებელი ნაკრებიც. არ არსებობდა, დედა მოსულიყო და ჩემი მაკრატელი აეღო, ჩემსას წარბების პინცეტსაც არ ხმარობდა. ასევე, ჩემს დასაც ცალკე ნაკრები ჰქონდა.

მე და ჩემს დას ერთმანეთის “რუმიანის” ღრუბელიც კი არასოდეს გადაგვისვამს სახეზე. მე ზოგჯერ სახეზე გამონაყარი მქონდა ხოლმე და დედა მკაცრად მაფრთხილებდა, პირსახოციც შენი გქონდეს და კოსმეტიკაც, შენს დას არაფერი გადასდოო.

ასეთ გარემოში გავიზარდე. ვერ ვიტყვი, რომ ავადმყოფურად სუფთები ვიყავით, მაგრამ ელემენტარული ჰიგიენა დაცული გვქონდა. ჩემი დედამთილის ხელში კი თურმე ეს უნდა დავივიწყო.

ქალს ცე ჰეპატიტი ჰქონდა. იმკურნალა და, როგორც ამბობს, აღარ აქვს, მაგრამ მაინც არ მსიამოვნებს, ჩემს მაკრატელს, ქლიბს ან კოსმეტიკურ საშუალებებს რომ ხმარობს. რამდენჯერმე ჩემი ფრჩხილების გასაკეთებელი ნაკრები წავიღე და სპეციალური დანადგარით კარგად გამოვახარშვინე, მაგრამ ამას როდემდე გავაკეთებ? ერთხელ ჩემი ვაჩუქე, მეორედ ძალიან კარგი ვუყიდე, მაგრამ სულ ამბობს, რომ ნუნების მაკრატელი და ქლიბი მალე უფუჭდება და მაინც ჩემსას იღებს.

მე წლობით ვხმარობ და არ მიფუჭდება. უბრალოდ ასეთი მანია სჭირს, სხვისი უნდა იხმაროს. ჩემს მაისურებს, კაბებსაც ანადგურებს. მართალია, გამხდარია, მაგრამ ჩემზე ორჯერ დიდი მკერდი აქვს. არ ეტევა, მაგრამ მაინც შემოიტკიცავს ხოლმე და მერე ჩემთვის უკვე აღარ ვარგა.

მითხარით, რა სასიამოვნოა, როცა შენს სავარცხელზე სხვის თმას პოულობ? მე ასეთი რაღაცები საერთოდ მაგიჟებს.

თავიდან ვითმენდი, მაგრამ ბოლო დროს პრეტენზიები გამოვთქვი, პირდაპირ ვუთხარი, რომ ჯობდა, ჩვენ-ჩვენი ნივთები გვეხმარა. ამის გამო ძალიან გამიბრაზდა, რამდენიმე დღის მერე ძლივს შევირიგე. როგორც ჩანს, თავის ქალიშვილსაც შესჩივლა და ახლა ის არის გაბუტული. ამას წინათ ამანათი გამოაგზავნა და ჩემთვის ერთი უბრალო რამეც არ იდო, არადა ეს არასოდეს გაუკეთებია. ვიცი, დედამისმა კარგად იმუშავა და ვინ იცის, რა ტყუილი აღარ უთხრა.

არ ვიცი, დედამთილი გარეთ რას ლაპარაკობს ჩემზე, ამ ყველაფერს კუდს საიდან აბამს, მაგრამ სიმართლე ის არის, რაც დავწერე.

ამ პრობლემის მოგვარება ძალიან მინდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ჩემს ოჯახში ამის მიღწევა შეუძლებელია. ძალიან მინდა, ანალიზი გავიკეთო და შევამოწმო, ცე ჰეპატიტი მეც ხომ არ მაქვს, მაგრამ მეშინია იმის, რომ ვაითუ, აღმომაჩნდეს.

სარკე