მედეა ბიბილეიშვილის აკრძალული სიყვარული – “რამაზის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცოდი, როგორ მეცოცხლა”

მედეა ბიბილეიშვილის აკრძალული სიყვარული - "რამაზის გარდაცვალების შემდეგ არ ვიცოდი, როგორ მეცოცხლა"ირინე მჭედლიძე, სარკე

მედეა ბიბილეიშვილს მეგობარმა ერთხელ ასეთი სიტყვები უთხრა – შენ და ჩემი საქართველო ორივე ერთნაირად უბედურები ხართ, რადგან ორივე ერთნაირად ლამაზები ხართო.

ულამაზეს ქალს სიყვარულიც ლამაზი ჰქონდა, რომელიც ერთ უბედურ დღეს მოულოდნელად გამოეცალა ხელიდან. 11 წლის განმავლობაში მის გვერდით იყო ადამიანი, რომელიც თითოეულ დღეს, წუთს, წამს ულამაზებდა და ტრაგიკულმა შემთხვევამ ეს ბედნიერება წაართვა.

მსახიობი თვლის, რომ ყველაფერი ზეცაში წყდება და ადამიანებს ამქვეყნად მნიშვნელოვნად რამის შეცვლა არ შეუძლიათ.

“მჯერა ბედისწერის! შემთხვევით, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება. ჩემი აზრით, ადამიანი მთელი ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებაშია. თუ გონის ძაფს გაჰყვები, მიხვდები, რომ რაღაცები შენ მიღმა ხდება, იქ, სადაც თვალი და გული არ მიგიწვდება. სიმბოლოების, სიტყვის სიძლიერის, ციფრების, სიზმრების მჯერა. ვიცი, ამას ცრუმორწმუნეობას ეძახიან, მაგრამ მაშინ რითი ავხსნა ის უცნაურობები, რაც ჩემს ცხოვრებას უკავშირდება?! მე და ჩემი მეუღლე, რამაზ ვადაჭკორია, 11 წელი ერთად ვცხოვრობდით. 11 რიცხვში დავასაფლავე რამაზი, დედაც 11 რიცხვში დავკრძალეთ”, – ამბობდა მსახიობი ჟურნალ ,,სარკესთან”. უცნაური ის არის, რომ ქალბატონი მედეაც 11 რიცხვში, 2008 წლის 11 მაისს გარდაიცვალა 66 წლის ასაკში.

ჯიუტი თაყვანისმცემელი

ლამაზ ქალს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ერთ დღეს უცნობმა მამაკაცმა დაურეკა და პირდაპირ უთხრა, შენი ნახვა მსურს, მე რამაზ ვადაჭკორია ვარო. იმ დღიდან დაიწყო მათი ლამაზი ურთიერთობა. სიყვარული არ მიძებნია, რამაზმა თავად მომიპოვაო, ამბობს ქალბატონი მედეა.

რამაზ ვადაჭკორია პროფესიით ექიმი იყო. მათ სიყვარულს ბევრი რამ უშლიდა ხელს, უპირველესად კი ის, რომ რამაზს ცოლი და ორი შვილი ჰყავდა. მედეას ოჯახი კი ცოლშვილიან კაცთან ურთიერთობის სასტიკი წინააღმდეგი იყო.

მედეა ბიბილეიშვილი:

– განუწყვეტლივ მირეკავდა. ვპასუხობდი, უცნობებთან ლაპარაკი არ მიყვარს-მეთქი. საოცარი ადამიანი იყო. ძალიან ძლიერი ბუნება ჰქონდა. თავის გარშემო ყველას და ყველაფერს იმორჩილებდა. მოახერხა და ჩვენი შეხვედრა მაინც შედგა.

თეატრში მეგობრის ქმარი მოვიდა და მითხრა, ჩემი ცოლი ძალიან ცუდად არის და შენი ნახვა უნდაო. მე გულგახეთქილი გავყევი. იქ კი გაშლილი სუფრა და რამაზი დამხვდა. იმ დღიდან აღარ მომცილებია. დილით სახლთან მელოდებოდა, თეატრში მივყავდი, რეპეტიციების დამთავრებას ელოდა, მერე ისევ სახლში მოვყავდი. გაცნობიდან ერთი თვის შემდეგ რამაზი ისევე მიყვარდა, როგორც ბოლო დღეებში…

ჩვენი ასეთი შეხვედრები ხუთი წლის განმავლობაში გაგრძელდა. მამა ჩვენი შეუღლების წინააღმდეგი იყო. მისი ოჯახის დანგრევა არ უნდოდა, მაგრამ ბოლოს ისე მოხდა, როგორც თავად რამაზს სურდა. ის მიზანს ყოველთვის აღწევდა, მხოლოდ სიკვდილს ვერ მოერია…

რამაზს უნიჭიერესი შვილები ჰყავს – ნინო და დავითი. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს შვილს, თამარს, შესანიშნავი და-ძმა ჰყავს. ნინო კარგი ექიმია, დათუნა თავისი ბუნებით და ბოჰემური ხასიათით მამას ჰგავს.

ორი მამაკაცის ომი

შვილის გათხოვების წინააღმდეგი მამა ყველანაირად ცდილობდა, ეს ქორწინება არ შემდგარიყო. ერთ ქალზე შეყვარებული ორი უახლოესი მამაკაცი თითქოს ერთმანეთს ეჯიბრებოდა. საბოლოოდ სიყვარულმა გაიმარჯვა და არაორდინარულობით გამორჩეულ სიძეს სიმამრი შეეგუა.

მედეა ბიბილეიშვილი:

– რამაზი იმდენად მომხიბვლელი, თბილი და ყურადღებიანი იყო, რომ შეუძლებელი იყო, არ შეგყვარებოდა. მამა “დანებდა”, თუმცა შინაგანი კონფლიქტი ალბათ მაინც ბოლომდე ჰქონდა. მამას სიგიჟემდე ვუყვარდი.

თავიდან რამაზი ძალიან კარგად იქცეოდა, არ სვამდა. მამა და დედა მოხიბლულები იყვნენ. ერთხელ ღამის ორ საათამდე არ გამოჩნდა. მივხვდი, რომ სადღაც მეგობრებთან ქეიფობდა.

შუაღამისას ზარმა დარეკა. კარი მამამ გააღო და ხედავს – დგას რამაზი და გადაჭრილი შარვალი აცვია. გაოცებულმა მამამ იყვირა, რამაზ, ეს რა არისო. მან კი სიცილით უპასუხა, ეს რა არის, ბატონო დავით, ერთი ამოვიყვან ბიჭებს და ნახეთ, ყველას ჰალსტუხები აქვს წაჭრილიო. მაშინ თქვა მამამ – დავიღუპე, ეს ვინ არისო.

განცალკევებული ვარდი

რამაზმა საგურამოში ულამაზესი სახლი საკუთარი გემოვნებით ააშენა. ეზოს ნაწილი ევროპულად მოაწყო – აუზით, ფერადი ქვებით მოკირწყლული ბილიკებით, ფერადი საქანელებით, ქოლგებით… სახლის უკან კი სოფლის კუთხე მოაწყო ჩაწნული ღობით, თონით, ნალიით. ეზოში ვარდების ბაღი გააშენა.

ერთხელ გაიგო, რომ ულამაზესი ჯიშის ვარდი არსებობდა, რომელსაც მედეა ერქვა, მაგრამ ვერსად იშოვა. მერე გაიგო, რომ ეს ჯიში კისლოვოდსკში ხარობდა. ერთ-ერთი მეგობარი სპეციალურად გააგზავნა და “მედეა” ჩამოატანინა. ვარდი განცალკევებით, აუზთან დარგო.

– “მედეა” ულამაზესი ვარდია, ფორთოხლისფერი დაჰკრავს. მეუბნებოდა, ეს შენ ხარო. განცალკევებით რომ დარგო, არ მესიამოვნა. ვუთხარი კიდეც, ასე მარტო რატომ დარგე-მეთქი. მიპასუხა, შენ ხომ ერთი და განუმეორებელი ხარ, სხვა ვარდებს რატომ უნდა შეერიოო.

უცნაურია, მაგრამ მეც იმ ვარდივით მარტო დავრჩი. ერთხელ ჩემი და რამაზის სურათი დავკარგე. როგორც ჩანს, ვიღაცამ მოიპარა. ძალიან შევწუხდი, რამაზმა კი მითხრა, შენ ხომ ჯოკონდა ხარ, რომელიც უნდა მოიტაცოო, – იხსენებს ქალბატონი მედეა.

საბედისწერო დღე

რამაზ ვადაჭკორია ავტოავარიაში დაიღუპა. ტრაგედიის წინა ღამეს ქალბატონმა მედეამ უცნაური სიზმარი ნახა.

მედეა ბიბილეიშვილი:

– რამაზი ზუგდიდში დაკრძალვაზე წავიდა. 11 წელი ვიცხოვრეთ ერთად და სულ მეშინოდა, რაიმე ცუდს არ გადაჰყროდა. ყველგან დავყვებოდი. იმ დღეს კი ცუდად ვიყავი და ზუგდიდში ვერ გავყევი.

წინა ღამით სიზმარში უცნაური ხმა ჩამესმა: “ერთ კვირაში სასახლე მზად იქნება!”. რომ გავიღვიძე, ვფიქრობდი, რამაზმა საგურამოს სახლი მართლაც სასახლეს დაამგვანა, ნეტა, რომელ სასახლეზე ჩამძახა ხმამ-მეთქი.

ავტოკატასტროფა მცხეთაში მოხდა. საგურამოს სახლში მე და თამარის გადია ვიყავით. ნათესავი მოვიდა და მითხრა, რამაზი ავარიაში მოყვა და თავი აქვს გატეხილიო. მცხეთის საავადმყოფში ისე მივედი, რომ არ მიფიქრია, რა უბედურება მელოდა…

სახლში რომ დავასვენეთ, ზუსტად მეშვიდე დღეს სამუდამო განსასვენებელი, სასახლე შემოიტანეს და დადგეს…

რამაზი 41 წლის სიცოცხლით სავსე კაცი იყო. გარშემო ყველა და ყველაფერი უყვარდა. ერთხელ მისმა მეგობარმა მითხრა, რამაზს ყველა უყვარდა, მაგრამ ამქვეყნად მაინც ერთი ქალის სიყვარულისთვის იყო მოსულიო.

ერთხელ ნაღვლიანი მოვიდა სახლში, ცუდ ხასიათზე იყო. ვკითხე, რა მოგივიდა-მეთქი. ცრემლი მოადგა თვალზე და მითხრა, სიკვდილზე რომ ვფიქრობ, არ მეშინია, მეფეები კვდებიან და მე ვინ ვარ, მაგრამ შენ რომ ვერ გნახავ, ამაზე მწყდება გულიო.

შარშან ამ დროს ძალიან ცუდად ვიყავი. ერთ ღამეს რამაზი მესიზმრა, მანქანასთან იდგა. მითხრა, 19-ში ერთმანეთს შევხვდებითო. რომ გამოვიღვიძე, დღეები გადავთვალე, 19-მდე ერთი თვე იყო დარჩენილი. ის დღეები შემკრთალმა გავატარე. ზუსტად 19-ში, ღამით, ტვინში სისხლძარღვზე საშინელი სპაზმი დამემართა, მეტყველება დამერღვა…

სიკვდილს სასწაულად გადავურჩი. როგორც ჩანს, რამაზის სურვილი იმქვეყნად არ ჭრის, თორემ ისე ვუყვარდი, აქამდე აუცილებლად წამიყვანდა.

რამაზის შემდეგ ჩემ გარშემო საშინელი სიცარიელე და ტკივილი დარჩა. სრულიად განადგურებული ვიყავი. არ ვიცოდი, უიმისოდ როგორ მეცოცხლა. ფიზიკურადაც ცუდად ვიყავი – ფრჩხილები მტყდებოდა, თმები დამცვივდა.

მშობლები ამომიდგნენ გვერდით. მათმა ნაზმა სიყვარულმა გადამარჩინა. ჩვილი ბავშვივით მიფრთხილდებოდნენ. რომ არა მათი ზრუნვა და ჩემი პატარა თამარის სიბრალული და სიყვარული, რომელიც 6 წლისა დაობლდა, შეიძლებოდა ვეღარ მეცოცხლა.

მერე წლები, ცხოვრება თავისით წავიდა, მაგრამ მონატრება დარჩა. ქალი ასაკში რომ შედის, მაშინ უფრო უნდა, რომ გვერდით საყვარელი ადამიანი, მეგობარი ჰყავდეს. ამიტომ ყველა ქალს ვეუბნები – ქმრებს ახალგაზრდობისას რაღაცები მიუტევეთ, რომ ყველაზე საჭირო დროს მეგობარი გყავდეთ გვერდით.

განცვიფრებული ვერიკო

ამბობენ, ქმრისგან ყველაზე განებივრებული მსახიობი მედეა ბიბილეიშვილი იყოო. მეუღლე უამრავ სიურპრიზს უწყობდა. ერთხელ სპექატკლის დამთავრების შემდეგ სცენაზე აყვავებული ატმის ხე მიართვა. გაოცებულ ვერიკო ანჯაფარიძეს უთქვამს, რას არ მოვსწრებივარ, ბევრი თაიგული, დაფნის გვირგვინი მინახავს, მაგრამ მსგავსი საჩუქარი ჩემთვის არავის გაუკეთებიაო.

ქალბატონმა მედეამ ერთი ასეთი სიურპრიზიც გაიხსენა:

– ერთხელ გასტროლებზე მოსკოვში მატარებლით მივდიოდით. რამაზს სამსახურში კომისია ჰყავდა და წამოსვლა ვერ მოახერხა. ამაზე ძალიან ნერვიულობდა. მაშინ შეუღლებულებიც არ ვიყავით. ვერც სადგურზე გამოჩნდა, რადგან ჩემები მაცილებდნენ, მათ კი რამაზის დანახვაც არ სურდათ. სადგურის რომელიღაც კუთხეში იდგა და იქიდან მიყურებდა. მაინც მოახერხა და ხილით, შამპანურით და ყვავილებით სავსე კალათა ვაგონში შემომიგზავნა.

რამაზს ერთი ხელოსანი ჰყავდა, რომელიც ავტოფარეხს უშენებდა. მას პესო შეარქვა, ძალიან დაბალი კაცი იყო. მოსკოვში ორი დღის შემდეგ ჩავედი. ბაქანზე რომ გამოვედი, ვხედავ, იასამნის ბუჩქი დგას. ძალიან მიყვარს იასამანი. გამიკვირდა, ასფალტზე რამ ამოიყვანა-მეთქი. უცებ იასამანი შეირხა და უცნაურად გამოწყობილი პესო დავინახე.

თურმე რამაზმა თავისი კოსტიუმი ჩააცვა, რომელიც მუხლებამდე სწვდებოდა, სახელოები ეჩაჩებოდა, თავზე შლაპა დაახურა, საკუთარი სათვალე და საათი გაუკეთა. მერე პესო თვითმფრინავით გამოაგზავნა, რომ ჩვენი მატარებლისთვის ჩამოესწრო და ბაქანზე დამხვედროდა.

“ღმერთმა გიკურთხოს ეგ სილამაზე!”

ერთ დღეს ეკლესიაში გალაღებულმა და ბედნიერმა შეაბიჯა. ეკლესიის კუთხეში თალხ პერანგში გამოწყობილი ღვთისმსახური ღვთისმშობლის ხატთან სკამზე იჯდა. მედეას დანახვისას ფეხზე წამოდგა, პირჯვარი გადაიწერა და უთხრა, ღმერთმა გიკურთხოს ეგ სილამაზეო. მაშინ არ იცოდა, რომ ის ბერი არქიმანდრიტი გაბრიელი გახლდათ. იმ დღეს უცნობმა ახალგაზრდამ უთხრა, არ იცით, რა ბედნიერი ხართ, თქვენ ხომ მამა გაბრიელმა დაგლოცათო.

მედეა ბიბილეიშვილი:

– მაშინ არ ვიცოდი, მამა გაბრიელის დალოცვა ჩემთვის რამხელა წყალობა იყო. წლების შემდეგ ჟურნალ “სარკეში” წავიკითხე მისი ცხოვრების შესახებ. უცნაური ის იყო, რომ ჟურნალში სწორედ ისეთი ფოტო გქონდათ დაბეჭდილი, როგორიც მამა გაბრიელი იმ დღეს დამამახსოვრდა. მეორე დღესვე წავედი მცხეთაში მის საფლავთან და ვილოცე.

2006 წელი