მაია ბარათაშვილი: “ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს დავემშვიდობე”

მაია ბარათაშვილი: "ცოტა ხნის წინ ორ ადამიანს დავემშვიდობე"ჯაზმომღერალ მაია ბარათაშვილის ცხოვრებას პატარა ასაკიდან სდევდა დანაკარგით გამოწვეული ტკივილები. უძვირფასესი ადამიანები მიოდნენ მისი ცხოვრებიდან. განცდებთან გამკლავება ადვილი არ იყო, პარალელურად – საკუთარი თავის პოვნა, რეალიზება… ნაბიჯ-ნაბიჯ მოახერხა კარიერის შექმნა, მისმა ნიჭიერებამ გზა გაიკვალა.

ყველაზე დიდი ბედნიერება კი მაშინ იგრძნო, როდესაც ღმერთი შეუშვა საკუთარ გულში. ამ ყველაფერზე მუსიკოსი “სარკეს” უამბობს.

– მაია, გაიზარდეთ შეძლებულ ოჯახში, ინტელიგენტების გარემოცვაში. როგორ გახსენდებათ ბავშვობის წლები?

– ოჯახურ მყუდროებასთან პირველი შეხება იყო ბებიასთან ცხოვრების 11 წელი. მან გამზარდა. ბებიას ფრანგული განათლება ჰქონდა, მასწავლიდა რუსულ და ფრანგულ ენებს. მშობლები მუშაობდნენ და ცალკე ცხოვრობდნენ, თუმცა მათ ყოველდღე ვნახულობდი.

პავლოვის N47 არის მისამართი, სადაც დავიბადეთ მე და რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ. ეს ჩვენთვის არა მხოლოდ მისამართია, ეს არის დასაწყისი ისტორიის, რომელსაც დაუსრულებელი მეგობრობა ჰქვია. ის ხუთი ადამიანი, ვინც ამ ეზოში ჩემთან ერთად დაიბადა, დღემდე მომყვება.

– როგორც ვიცი, პატარამ დაკარგეთ ძვირფასი ადამიანები.

– საერთოდ, ჩემს ცხოვრებას დანაკარგი დაჰყვება. 11 წლის ასაკში დავკარგე გამზრდელი ბებია, რომელმაც უდიდესი ენერგია ჩადო ჩემს განვითარებაში. 15 წლის ვიყავი, დედა რომ გარდამეცვალა და სწორედ მაშინ დაიწყო ცხოვრების პირველი გაკვეთილი.

ურთულესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ცოცხალი იყო, პრაქტიკული საქმე მევალებოდა მე. სწავლა, საკუთარ თავზე მუშაობა, განვითარება – ყველაფერი ეს დამოუკიდებლად უნდა გამეკეთებინა. უნდა ვყოფილიყავი კარგი სტუდენტი, დრო უნდა დამეთმო მუსიკისთვის, ოჯახში მე უნდა შემეტანა ფული.

დღეს ვინც არის მაია ბარათაშვილი, დიდწილად იმ დანაკარგის გამოა, იმიტომ, რომ სხვა გზა არ მქონდა. მინდა, ახალგაზრდებს ვურჩიო, საკუთარ თავზე იმუშაონ. რაც უნდა მოხდეს, რაც უნდა დიდი დანაკარგი ჰქონდეთ, საკუთaრ თავში არ ჩაიკეტონ და ბევრი იმუშაონ. სირთულე და პრობლემა ყოველთვის იქნება, მაგრამ არ გვაქვს უფლება, ჩამოვსხდეთ და ვიდარდოთ. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან დიდი ფუფუნება. პირიქით, ყოველი დარტყმის შემდეგ საჭიროა მეტი მობილიზება.

– მამასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ?

– მამასთან ურთიერთობასაც ახლდა გარკვეული სირთულეები. ის ძალიან მკაცრად მზრდიდა. საღამოს 9 საათის შემდეგ ვერავინ დამირეკავდა, გვიან გარეთ ვერ გავიდოდი. მამა მთლიანად აკონტროლებდა ჩემს ცხოვრებას. ძალიან ტრადიციული და მკაცრი იყო, მაგრამ ძალიან კარგი და სწორი მრჩეველი გახლდათ. მამის სიმკაცრე რომ არა, შეიძლება ცხვრების სხვა კურსი ამერჩია.

მიუხედავად მისი ასეთი ხასიათისა, როდესაც თბილისში გაიხსნა ჯაზკლუბი, ერთადერთი მხარდამჭერი მამა იყო, რომ იქ მემღერა.

– ამ ჯაზკლუბმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თქვენს ცხოვრებაში?

– ეს კლუბი ისე შემოვიდა ჩემს ცხოვრებაში, როგორც გრილი სიო უდაბნოში. რომ არა ეს კლუბი, არ ვიცი, ახლა სად ვიქნებოდი. მიუხედავად მამის სიმკაცრისა, ღამის 2 საათამდე ვმუშაობდი საკუთარ თავზე, ვხვდებოდი შესანიშნავ მუსიკოსებს და მამა ყველაფერში მხარს მიჭერდა. მისგან ერთი საყვედურიც არ მახსოვს. ერთხელ ჯაზკლუბში ჩუმადმოვიდა, მომისმინა და სიამაყით წავიდა სახლში, რადგან ნახა, როგორი ადამიანების წრეში მიწევდა მუშაობა.

შემდეგ ძალიან დიდი სირთულეები გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, მამა ავადმყოფობდა, ზოგჯერ თვეობით მიწევდა საავადმყოფოში ყოფნა. 30 წლის ვიყავი, როდესაც მამა დავკარგე.

– მძიმე წლები გამოიარა ჩვენმა ქვეყანამ და, რა თქმა უნდა, შემოქმედმა ადამიანებმაც. კარიერის აწყობა გაგიჭირდათ?

– ცხადია, რთული იყო, რადგან არავინ დამხმარებია. ყოველი აგური დამოუკიდებლად დავდე და გავხდი აბსოლუტურად დამოუკიდებელი, ძლიერი და შემდეგ ჩემს ცხოვრებაში გაჩნდა ღმერთი.

– რას უკავშირდება ეს მოვლენა, რამ მიგიყვანათ ტაძრამდე?

– ეს მოხდა მამაჩემის გარდაცვალების შემდეგ. საერთოდ, ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი, როდესაც ჩიხში შედის და არ არის სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ უმაღლეს ძალებს მიმართოს. ჩემს ცხოვრებაშიც იყო გარდატეხის პერიოდი. შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული და სწორედ მაშინ მივედი ტაძარში. ვფიქრობ, ძალიან გამიმართლა. მე შემოვუშვი იესო ჩემს ცხოვრებაში, გავხდი მართლმადიდებლური ეკლესიის მრევლი.

მამა ძალიან მორწმუნე იყო, მე – არა. სულ მეუბნებოდა, უღმერთოდ ადამიანი არ ვარგაო. არ დადიოდა ტაძარში, მაგრამ სულ ლოცულობდა ჩემი კეთილდღეობისთვის. ალბათ ამანაც იქონია გარკვეულწილად გავლენა, რომ მე შევიარაღდი იესოს ლოცვით.

– როგორ უყურებთ დღევანდელ ცხოვრებაში რელიგიურ საკითხებს?

– უნდა ითქვას, რომ სარწმუნოება და საკითხები, რომლებიც ამ თემას ეხება, სახეშეცვლილია გარკვეული გარემოებების გამო, რომლებზე საუბარიც არ მინდა. რთულია სწორი და კარგი მოძღვრის პოვნა. მოძღვარი ქრისტესკენ უნდა გაუძღვეს ხალხს და არა – საკუთარი თავისკენ – “სწორება ქრისტეზე, ქრისტოცენტრული აზროვნებისკენ”, ყოველგვარი ფანატიზმის გარეშე.

მე ძალიან გამიმართლა მოძღვარში. მან მასწავლა სულიერი ცხოვრების პრაქტიკა. ისეთივე შრომა და მონდომება სჭირდება უფალთან მიახლოებას, როგორც ჰარვარდის უნივერსიტეტში ჩაბარებას. როგორც სტუდენტმა უნდა გაათენოს ღამეები მეცადინეობაში, ასეთივე ძალისხმევა სჭირდება ლოცვას, რომ შეიგრძნო ცოცხალი ღმერთი.

– პირველად როდის დაგეუფლად განცდა, რომ ღმერთი იყო თქვენთან?

– პერიოდულად სულ ვგრძნობდი. ისეთი სირთულეები გამოვიარე, მათ დაძლევას მარტო ვერ შევძლებდი.

– ოცნებების ასახდენად ხშირად გიწევთ ბრძოლა?

– უარს არასდროს ვამბობ ოცნებებისთვის ბრძოლაზე. რა ასაკშიც უნდა იყოთ, ოცნებებზე უარი არასდროს თქვათ. იბრძოლეთ იმისთვის, რომ თქვენი ოცნებები განახორციელოთ. თუ საჭიროა ოცნების რეალიზება, უფალი მას აუცილებლად დაუშვებს.

რამდენიმე წლის წინ დავინტერესდი საოპერო სიმღერით და მივედი პედაგოგთან. ასაკს არ შევუშინდი და ვფიქრობ, ძალიან კარგად მოვიქეცი.

– ცხოვრების გზაზე ადამიანებს ვიძენთ ან ვუშვებთ ჩვენგან. არიან ისეთები, ვინ თქვენი ნებით გაუშვით, სამუდამოდ დაემშვიდობეთ?

– საერთოდ ვერიდები დამშვიდობებას. იყო ორი ადამიანი, რომლებსაც დავემშვიდობე, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს დასასრულია, შეიძლება დროებითი წყვეტაა.

– რა იყო ამის მიზეზი?

– ვფიქრობ, ურთიერთობა ორმხრივი უნდა იყოს, უხეშად რომ ვთქვათ, ორმხრივი დაინტერესება. არ შეიძლება ცალმხრივი იყოს მონდომება და მზადყოფნა მეგობრობისათვის. ერთ შემთხვევაში მიზეზი იყო ტყუილი, მეორე შემთხვევაში – საკუთარი მიზნების და პრიორიტეტების პირველ ადგილზე დაყენება, სიტუაციური მეგობრობის მცდელობა.

– რამდენი ხნის წინ მოხდა ეს?

– ცოტა ხნის წინ. სამაგიეროდ, მე შემომრჩნენ ბავშვობის მეგობრები, რომლებიც, ვიცი, რომ ჩემთვის არაფერს დაიშურებენ.

– ღალატით უტკენიათ თქვენთვის გული?

– ცოტა ხნის წინ ვიგრძენი ეს მეგობრისგან. მტკივნეული იყო, მაგრამ ბავშვობა მაკავშირებს მასთან და მაინც ვერ გავაგდე. მისმა არასწორმა საქციელმა ვერ გამოდევნა ჩემი გულიდან.

– შეცვალა მაია ბარათაშვილი ცხოვრების გაკვეთილებმა?

– საგრძნობლად. უფრო დამნდობი გავხდი, ადრე ბევრად რადიკალური ვიყავი, რადიკალურად ვსჯიდი. მე თუ ვსჯი, ეს არ ეხება ადამიანს, ეს არის მისი საქციელისკენ მიმართული.

– არის მომენტები, როცა შედიხართ სახლში და იქ სიმარტოვეს გრძნობთ?

– ვერასდროს ვგრძნობ თავს მარტოდ. უამრავ საინტერესო ადამიანს ვხვდები, უამრავი საქმე მაქვს, შევდივარ მშობლების დანატოვარ სახლში და კიდევ უამრავ ინფორმაციას ვიღებ ინტერნეტით.

როგორ შეიძლება დღევანდელ ეპოქაში ადამიანმა თავი იგრძნოს მარტოდ? ჩემი რჩევა იქნება, რომ მუდმივად ეცადოთ, სხვადასხვა მიმართულებით განვითარდეთ და გამორიცხულია, სიმარტოვე იგრძნოთ.

– გაკვეთილები შეცდომების გარეშე არ არსებობს. თქვენ რომელ შეცდომას გამოასწორებდით ან ამოშლიდით საერთოდ?

– უცოდველი არავინ არის. საქმე ის არის, რომ, რა შეცდომასაც ვუშვებდი, გააზრებული მქონდა. შეცდომას ემოციას აყოლილი არასდროს ჩავდიოდი. კონკრეტულ ნაბიჯს ვდგამდი, ვიცოდი, რომ იყო შეცდომა, მაგრამ ეს შეცდომა იყო ტრამპლინი ცხოვრების სხვა საფეხურზე ასასვლელად.

ცხადია, იყო შეცდომებიც, რომლებსაც სიამოვნებით ამოვშლიდი, გახსენებაც კი არ მინდა არც იმ შეცდომების და არც იმ ადამიანების, ვინც ამ ქმედებებში იყვნენ ჩართული, გარდა ერთისა, რომელმაც მე ფაქტობრივად ღმერთთან მიმიყვანა.

შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ მაინც ვურჩევდი ახალგაზრდებს, რომ თავი აარიდონ ექსპერიმენტებს. არავინ მოიტყუოს თავი იმით, რომ სტრესები სულსა და გულზე ნაწიბურებს არ ტოვებს.

ნანუკა ოტიაშვილი, სარკე