ლიკა ალელიშვილი: “ნიკოლ პაშინიანთან ერთად დღეში 30 კილომეტრს გავდიოდი” – როგორ მოატყუა ქართველმა ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერი და პრესსამსახური

ლიკა ალელიშვილი: "ნიკოლ პაშინიანთან ერთად დღეში 30 კილომეტრს გავდიოდი" - როგორ მოატყუა ქართველმა ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერი და პრესსამსახური“პირველი არხის” საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი, ლიკა ალელიშვილი, პირველი იყო, რომელსაც სომხეთის ახალარჩეულმა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ პაშინიანმა, ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა.

მას შემდეგ, რაც პაშინიანი ხავერდოვანი რევოლუციით (სომხებმა სიყვარულის რევოლუცია უწოდეს) ხელისუფლების სათავეში მოექცა, მსოფლიო მედიისთვის მისი კარი მიიხურა, თუმცა ლიკამ პრემიერის რეზიდენციაში მოტყუებით შეაღწია. პაშინიანის ოთახში მოხვედრილი “მოამბის” გუნდი კი ოპოზიციიდან ხელისუფლებაში გადასულმა პრემიერმა უარით ვეღარ გაისტუმრა.

ტელერეპორტიორი ერევანში, რესპუბლიკის მოედანზე განვითარებულ 29 დღიანი დაპირისპირების დეტალებსაც გვიყვება და ამბობს, რომ ყოველდღიურად აქციის მონაწილეებთან ერთად რამდენიმე ათეული კილომეტრის ფეხით გავლა უხდებოდა.

– ლიკა, რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდით სომხეთში, იმ მოვლენების ეპიცენტრში იყავით, რომლებსაც მთელი მსოფლიო ეკრანიდან ადევნებდა თვალს. საინტერესო იქნება თქვენი თვალით დანახული ხავერდოვანი რევოლუციის ქრონიკა.

– ერევანში 25 აპრილს ჩავედი, მაშინ, როცა დაუმორჩილებლობის აქციები პიკში იყო. დედაქალაქამდე მისვლა ძალიან გაგვიჭირდა, რადგან სომხეთის მთელ ტერიტორიაზე, ყველა ქალაქსა და სოფელში მაშინდელი ოპოზიციის ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის, მომხრეები საპროტესტო აქციებს მართავდნენ და გზები ჰქონდათ გადაკეტილი.

ერევანში რომ ჩავაღწიეთ, რესპუბლიკის მოედანზე უამრავი ადამიანი დაგვხვდა. ყველა ერთხმად ითხოვდა ხელისუფლების გადაყენებას. მთავარ მოედანზე დილით იკრიბებოდნენ. ამის შემდეგ ნიკოლ პაშინიანთან ერთად ათობით კილომეტრს გადიოდნენ ერევნის ქუჩებში და მსვლელობებს აწყობდნენ. დღის განმავლობაში დაახლოებით 30-მდე კილომეტრის ფეხით გავლა გვიწევდა.

შემდეგ პაშინიანმა გადაწყვიტა, რომ რეგიონებშიც უნდა ჩასულიყო და სომხეთის სხვადასხვა ქალაქებშიც ჩავედით. ყველაზე კარგად ქალაქი გიუმრი მახსენდება. ძალიან სიმბოლური იყო იქ აქციის გამართვა, ქალაქში, სადაც ამიერკავკასიაში რუსეთის ყველაზე დიდი სამხედრო ბაზაა. რამდენიმე დღეში უკვე პრემიერმინისტრის არჩევნები დაინიშნა.

სომხეთში პრემიერს პარლამენტი ირჩევს. მიუხედავად იმისა, რომ ნიკოლ პაშინიანი ერთადერთი კანდიდატი იყო, მას მმართველმა “რესპუბლიკურმა პარტიამ” მხარი არ დაუჭირა და რადგან სწორედ ეს პარტია შეადგენს სომხეთის პარლამენტის უმრავლესობას, ოპოზიციის ლიდერს ხმების რაოდენობა არ ეყო. ის ძალიან მნიშვნელოვანი დღე იყო.

პირველად ვნახე ნიკოლ პაშინიანი სამხედრო ფორმის, მაისურის გარეშე, ოფიციალურ ფორმაში ჩაცმული. პარლამენტიდან ის პირდაპირ მხარდამჭერებთან მივიდა, რესპუბლიკის მოედანზე და საყოველთაო გაფიცვა გამოაცხადა. დილით ერევნის ქუჩები მთლიანად პარალიზებული იყო. სამსახურებსა და სკოლებში, უნივერსიტეტებში არავინ წავიდა. სკოლებიდან მოსწავლეები ქუჩაში პირდაპირ მასწავლებლებს გამოჰყავდათ.

გაფიცვის დღეს მმართველი პარტია უკვე კომპრომისზე წავიდა და განაცხადა, რომ განმეორებით არჩევნებზე ნიკოლ პაშინიანს მხარს დაუჭერდა. ზუსტად ერთ კვირაში ჩატარდა ხელახალი არჩევნები და ოპოზიციის ლიდერი პრემიერმინისტრი გახდა.

ერევანში რომ ჩავედი, ჯერ მხოლოდ საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა, იქიდან წამოსვლის წინ კი უკვე რევოლუციის შედეგებს აჯამებდნენ. ქვეყანას ახალი პრემიერმინისტრი ჰყავდა.

ლიკა ალელიშვილი: "ნიკოლ პაშინიანთან ერთად დღეში 30 კილომეტრს გავდიოდი" - როგორ მოატყუა ქართველმა ჟურნალისტმა სომხეთის პრემიერი და პრესსამსახური– თქვენ იყავით ჟურნალისტი, რომელმაც ოპოზიციონერ ლიდერს და დღევანდელ პრემიერ ნიკოლ პაშინიანს იმ ჩანთის გახსნა მოსთხოვეთ, რომლითაც დადიოდა. რა რეაქცია ჰქონდა თქვენს თხოვნაზე და რა დაჰქონდა პაშინიანს იმ ჩანთით?

– გამოჩენის დღიდან ყველას, მათ შორის მეც, გვაინტერესებდა, რა ჰქონდა ოპოზიციის ლიდერს ჩანთაში, რომელსაც არასდროს იხსნიდა. პროტესტის დაწყებიდან 21-ე დღეს, მომეცა საშუალება და ვთხოვე, რომ ეჩვენებინა, რა ედო ჩანთაში. ძალიან გაუკვირდა, თუმცა მითხრა, რომ გახსნიდა და მართლაც მაჩვენა.

კეპიანი ქუდები, წარწერით “შემართებით ბრძოლისკენ”, ლეპტოპი, სელფის ჯოხი, მობილურის დამტენი, საწვიმარი, სველი და მშრალი ხელსახოცები, პირველადი სამედიცინო დახმარების ჩანთა და ყელის ტკივილის წამლები – ეს იყო ის ნივთები, რომლებსაც ფაშინიანი ყოველდღიურად სულ თან ატარებდა.

– პირველი ხართ ჟურნალისტებიდან, რომელმაც ნიკოლ პაშინიანი სომხეთის პრემიერის რანგში ჩაწერეთ. როგორ მოახერხეთ ეს?

– ეს ძალიან სპონტანურად მოხდა და დღემდე მიჭირს დაჯერება, რომ ეს შევძელით. მას შემდეგ, რაც პაშინიანი პრემიერი გახდა, მასთან ინტერვიუს ჩაწერა შეუძლებელი იყო. ერევნიდან წამოსვლის წინა დღეს პაშინიანის პრესსამსახურს კიდევ ერთხელ დავურეკე და ვთხოვე, რომ ინტერვიუს ჩაწერაში დამხმარებოდა, თუმცა უარი მივიღე. ვკითხე, სად იყო პაშინიანი. მიპასუხა, რომ პრემიერის რეზიდენციაში შეხვედრებს მართავდა და დრო არ ჰქონდა. უცებ ვიფიქრეთ, მოდი, მივიდეთ და ვცადოთ, იქნებ შიგნით შევაღწიოთ-თქო.

უხერხულია ამის თქმა, მაგრამ დაცვა მოვატყუეთ, რომ პრემიერმინისტრი გველოდებოდა და უნდა შევეშვით. რა თქმა უნდა, უარი მივიღეთ.

ამის შემდეგ ირაკლი გედენიძემ პაშინიანთან ერთად გადაღებული ფოტოები აჩვენა. დაცვის უფროსმა პრესსამსახურში ტიგრანს დაურეკა. ტიგრანს ტელეფონით ვესაუბრე და ისიც მოვატყუე, რომ თითქოს პრემიერის კი არა, მისი ჩაწერა მინდოდა და შიგნით შესვლას ამიტომ ვითხოვდი. პრესსამსახურმაც რეზიდენციაში შეგვიყვანა იმ იმედით, რომ მას ჩავწერდით. როცა ახალარჩეული პრემიერმინისტრის კაბინეტთან აღმოჩნდები, მერე გუნდს ვერავინ შეაკავებს.

პაშინიანმა რომ დაგვინახა, გვითხრა, რომ დრო არ ჰქონდა და მხოლოდ ერთ კითხვაზე მიპასუხებდა. ერთს მეორე მოჰყვა და საბოლოოდ ინტერვიუ ჩავწერეთ. ჩვენი საშუალებით კი ქართველი კოლეგა, პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მიიწვია სომხეთში.

 ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე