თეონა თავართქილაძე: “მე და რეზიმ ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ”

თეონა თავართქილაძე: "მე და რეზიმ ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ"თეონა თავართქილაძე ერთ-ერთი პირველთაგანია, ვინც გასული საუკუნის 90-იან წლებში ევროპაში მიღებული ცოდნით საქართველოში დაბრუნდა და მამიდაშვილთან, დიზაინერ მაკა ასათიანთან ერთად ქართული მოდის აღორძინება გადაწყვიტა. მაშინ საქართველოში ეს იოლი არ იყო, უშუქობისა და სიცივის ხანაში მოდური ჩვენებების მოსაწყობად არავის ეცალა. გოგონებმა მაინც დაიწყეს. ცოტა ხანში საზოგადოების ყურადღება იმდენად მიიქციეს, რომ თბილისურმა ოჯახებმა თავიანთი ქალიშვილების მოდელებად მუშაობა პერსპექტიულ საქმედ მიიჩნიეს.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. თეონას ცნობილი და პოპულარული ქმარი ჰყავს, წარსულში წარმატებული ფეხბურთელი – რეზი არველაძე, რომელთან ოჯახიც იმავე 90-იანებში შექმნა. ორი ბიჭი გაზარდეს. თეონას თავისი საქმიანობა არასოდეს შეუწყვეტია. მოახერხა და ოჯახი და სამსახური ერთმანეთს შესანიშნავად შეუთავსა.

ტანსაცმლის დიზაინისა და მოდელების შექმნის გარდა, დღეს კიდევ ერთი ახალი საქმე წამოიწყო. ამ ყველაფერზე თეონა “სარკეს” ესაუბრა.

– თეონა, როგორ დაიწყო თქვენი პროფესიული გზა?

– ზოგჯერ ექიმობაზეც ვფიქრობდი, მაგრამ ეს ხდებოდა ძალიან იშვიათად. ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ ხელოვნების სფეროში მინდოდა მუშაობა. მომწონდა სამოსის შექმნა და სწავლის გაგრძელებაც ამ ხაზით ვისურვე. სად შეიძლებოდა მესწავლა ყველაზე უკეთ ეს საქმე, თუ არა პარიზში, რომელიც ყოველთვის იყო ფლაგმანი მოდის სამყაროში. უცხო ქვეყანაში სწავლა არ იყო მარტივი, მაგრამ, როცა ძალიან გინდა რამე, აუცილებლად მიაღწევ, თუ შრომა არ გეზარება.

– როგორც ვიცი, ზუსტად იმ წლებში გათხოვდით. ამან ხელი არ შეგიშალათ სწავლაში?

– ჯერ კიდევ ერთი სასწავლო წელი მქონდა დარჩენილი, როცა გავთხოვდი. მე და რეზი ძალიან დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს, ვმეგობრობდით და როგორ გადაიზარდა ურთიერთობა სიყვარულში, ვერ მივხვდით. როცა აღმოვაჩინეთ, რომ გვიყვარდა ერთმანეთი, დავქორწინდით.

რეზი მაშინ გერმანიაში თამაშობდა, მე საფრანგეთში ბოლო კურსზე ვსწავლობდი. თქვენ წარმოიდგინეთ, ის ერთი წელი ახალდაქორწინებულებმა ცალ-ცალკე გავატარეთ. გვენატრებოდა ერთმანეთი, მაგრამ ხშირად ვერ ვნახულობდით. მაშინ უვიზო მიმოსვლა არ არსებობდა და ერთმანეთის ქალაქებში წასასვლელად ვიზებს ველოდებოდით. მე ბევრი სამეცადინო მქონდა, რეზის უამრავი მატჩი, ვარჯიშები.

გიჟური პერიოდი იყო, მაგრამ ერთი წუთითაც არ მიფიქრია სწავლის მიტოვება, იმდენად მკაფიო მიზანი მქონდა, რომ აუცილებლად უნდა დამესრულებინა სწავლა. არც რეზის დავუყენებივარ არჩევანის წინაშე. ჩვენ პატივს ვცემდით ერთმანეთის არჩევანს და დღემდე ასე გრძელდება.

– როცა სწავლა დაამთავრეთ და ფეხბურთელი ქმართან ერთად მოგიწიათ ცხოვრება უცხოეთში, სადაც რეზი თამაშობდა, ახალშექმნილ ოჯახს ადვილად გაართვით თავი?

– რეზის სამსახურის გამო რამდენიმე წელი უცხოეთში გავატარეთ. მე ბებიების გაზრდილი ვიყავი იმდენად ნებიერად, რომ წყლის ჭიქასაც არ მაღებინებდნენ ხელში, არამც თუ რაიმეს გაკეთება ვიცოდი. როცა მარტო დავიწყეთ ცხოვრება, ყველაფერში მარტივად გავერკვიე.

სტიმულს სიყვარული გაძლევს. როცა იცი, უნდა მოამზადო სადილი, რომ შენი საყვარელი ადამიანი დააპურო, ცდილობ, ის კერძი გემრიელი გამოგივიდეს. ყველაფრის სწავლა შეიძლება. არ უნდა შექმნა ტრაგედია და არ უნდა იწუწუნო, რომ რაიმეს გაკეთება არ შეგიძლია. თუ არ მოინდომებ, ვერასოდეს გააკეთებ.

– ბევრ ახალგაზრდა წყვილს არ აქვს ცალკე ცხოვრების კომფორტი. თქვენი აზრით, ქმრის ოჯახში შესულმა გოგონამ როგორ უნდა დააბალანსოს ურთიერთობა ახალ ნათესავებთან?

– უპირველესად თვითონ უნდა განეწყონ სიყვარულითა და პატივისცემით იმ ადამიანების მიმართ, ვინც ახალ ოჯახში დახვდებათ. რა უშავს, თუ ერთად იცხოვრებენ, უმჯობესია, ამაში დადებითი დაინახო, ვიდრე უარყოფითი.

ოჯახში ბევრნი არიან? ესე იგი სადმე წასვლა თუ მოგინდება, ბავშვის დამტოვებელი გეყოლება, თუ ძიძის აყვანის საშუალება არ არის, ისინი დაგეხმარებიან. ბევრი საქმე დაგროვდა და არ გცალია? ვიღაც აუცილებლად გააკეთებს.

ბოლო-ბოლო ისინი ხომ ის ადამიანები არიან, ვინც შენი ქმარი გაზარდეს ისეთი, შენ რომ შეგიყვარდა. ამისთვის ყოველთვის მადლობელი უნდა იყო მისი მშობლების. შენი მეუღლეც ანალოგიურად პატივს უნდა სცემდეს შენს მშობლებს. მხოლოდ ასე შეიძლება სასურველი ბალანსის მიღწევა.

– ორი ბიჭის გაზრდაში სირთულეების გადალახვა მოგიწევდათ. როგორი დედა ხართ?

– განსაკუთრებული სირთულე არ მახსენდება. ჩვეულებრივი ბიჭები იყვნენ – ცელქებიც, ნიჭიერებიც. ცოტა გარდატეხის ასაკი იყო განსხვავებული, როცა საკუთარი თავის დამკვიდრებას ცდილობდნენ. რეზი ყურადღებიანი მამაა, შვილების ცხოვრებაში ყოველთვის ჩართული იყო. როცა სადმე მიდიოდა, მაშინ ბიჭები უფრო მშვიდები ხდებოდნენ, ცდილობდნენ, მე არ მენერვიულა. მე უფრო ფორიაქა ვარ, სულ მათ ამბავს ვკითხულობდი, ვაკონტროლებდი.

ახლაც, როცა დიდები არიან, 26 და 24 წლის და უკვე თავად არიან მზად ოჯახის შესაქმნელად და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის, მაინც ვერ ვისვენებ, ტელეფონით უამრავჯერ ვეხმიანები, სანამ ღამე სახლში არ მოვლენ, ვერ ვიძინებ. მაშინ ვარ მშვიდად, როცა ოჯახის ყველა წევრი სახლშია.

– თქვენ და მაკა ასათიანი ძალიან აქტიურები იყავით, აწყობდით ჩვენებებს, ასე ვთქვათ, ტონს აძლევდით ქართული მოდის განვითარებას. ახლა თითქოს ჩრდილში ხართ. რატომ?

– დიახ, ჩვენ დიდი გატაცებით დავიწყეთ საქმე. ორივეს გვქონდა ატელიე და ახალ-ახალი მოდელები იქმნებოდა. ვაწყობდით ჩვენებებს, რასაც დიდი გამოხმაურება მოსდევდა. მაშინ ეს ყველაფერი ძნელი იყო, აქ არაფერი იშოვებოდა. ქსოვილებისა და აქსესუარების შეძენა საზღვარგარეთ გვიხდებოდა. ჩვენების მოწყობაც რთული იყო, ჭირდა კოლექციის წარდგენისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა, ინტერიერის მოწყობა, მოდელების არჩევა, საზოგადოების დაინტერესება, ფინანსები.

ვფიქრობ, ჩვენ შესანიშნავად გავუმკლავდით გამოწვევას და კიდევ რამდენიმე ელიტდიზაინერთან ერთად შევძელით ადამიანების ყურადღების მიპყრობა ისე, რომ მათ მოსწონებოდათ და შეეძინათ საქართველოში შექმნილი სამოსი. გაიხსნა სამოდელო სააგენტოები, სადაც ჩვენმა გოგონებმა დაიწყეს სწავლა, მალე მოდელის პროფესია პრესტიჟული გახდა.

ახლაც ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას, უბრალოდ ისეთი ინტენსივობით – არა, რადგან ახალი საქმე წამოვიწყე.

დღეს დიზაინერებისთვის ბევრი რამ შეიცვალა, საქართველოში უკვე ორი ფეშენ ვიკი ტარდება. ფიქრი არაფერზე გჭირდება, ყველაფერს მზად გთავაზობენ, სადემონსტრაციო სივრცეს, მოწვეულ საზოგადოებას, ჟურნალისტებს, უცხოელ შემფასებლებს… შენ მხოლოდ გამოთქვი სურვილი მონაწილეობის.

ეს ახალგაზრდა დიზაინერებს უდიდეს შესაძლებლობას აძლევს, რომ არა მარტო საზოგადოებას წარუდგინონ თავიანთი ნამუშევარი, არამედ დააინტერესონ უცხოელი ბაიერები. ჩვენი ბევრი დიზაინერი უკვე მუშაობს საზღვარგარეთ, თუნდაც დემნა გვასალია, რომელმაც ლამის რევოლუცია მოახდინა მსოფლიო მოდის სფეროში.

– თქვენი კოლექციის გაყიდვაზე ფინანსურად დამოკიდებული არ ყოფილხართ, მაგრამ მაინც გკითხავთ: საქართველოში ეს პროფესია შემოსავლიანია?

– ჩემი მაგალითი ალბათ მართლაც არ გამოდგება. მთელი ჩემი საქმიანობის მანძილზე უამრავი სამოსი მაქვს გაჩუქებული. იოლი არ არის ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება და წარმატების მიღწევა, ამისთვის საჭიროა ძალიან ბევრი შრომა და ცოტა იღბალიც.

– როგორ ფიქრობთ, საჭიროა თუ არა, ქმარ-შვილიანი ქალი პროფესიულად იყოს დასაქმებული?

– ქალმა უნდა იბრძოლოს თავისი უფლებებისთვის. როცა რეალიზებულია, მას თვითშეფასების მაღალი უნარი აქვს, უნდა კარგად გამოიყურებოდეს, წარმატებული იყოს, ამიტომ ცდილობს, ოჯახსაც სათანადოდ მიხედოს და დროს უკეთესად ანაწილებს. ეს მის ხასიათზეც აისახება და ოჯახში სადღესასწაულო მომენტებიც ხშირად იქნება.

– თქვენი ახალი საქმე, რომელზეც ზემოთ აღნიშნეთ, რა არის?

– ჩემი ახალი საქმიანობა ისევ მანდილოსნებთან არის დაკავშირებული. ქალმა ბუნებრივი სილამაზე და კარგი გარეგნობა რომ შეინარჩუნოს, აუცილებლად სჭირდება თავის მოვლის და ჰიგიენის საშუალებები, რომლებსაც მრავლად გვთავაზობენ სხვადასხვა ფირმები, მაგრამ ძნელია არჩევანის გაკეთება.

ძალიან დიდხანს ვფიქრობდი, როგორ გამეიოლებინა ქალებისთვის თავის მოვლის პროცესი. შევისწავლე სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილება. ბოლოს შევჩერდი ოპტიმალურ ვარიანტზე. ვამზადებ სპეციალურ კოლოფებს, ე.წ. სილამაზის ყუთებს, რომლებშიც მოთავსებულია ყველა წამყვანი ფირმის თავის მოვლის კოსმეტიკური საშუალებები. რა თქმა უნდა, დიდი მოცულობის პროდუქცია არ არის, მაგრამ ჩვეულებრივ ტესტერებზე ბევრად დიდია.

ყოველთვიურად იცვლება ყუთების შიგთავსი და, თუ ვთქვათ, ერთი თვე თმის მოვლის საშუალებებია, შემდგომში – სახის მოვლის, ხელების, პარფიუმერული წყლები და ასე შემდეგ.

პროდუქციას თან ახლავს სპეციალური ჟურნალი, სადაც აღწერილია ის პროდუქტი, რომელიც ყუთშია მოთავსებული, მოხმარების წესები, შემადგენლობა, მოცულობა, მწარმოებელი. პროდუქციის შერჩევა ხდება მხოლოდ მას შემდეგ, რაც გავეცნობი თავად მისი დამზადების ტექნოლოგიას, ვიცი, რომ გავლილი აქვს სატესტო პერიოდი, არ ახლავს უარყოფითი შედეგები. გავითვალისწინე ქართველი ქალების ხასიათი, ფერები, ჩვეულებები, შესაძლებლობები.

– ანუ თქვენი სილამაზის ყუთების შეძენა შეუძლია ყველა ქალს? ფასები არ იკბინება?

– გადაჭრით ვერ ვიტყვი, რომ ყველას შეუძლია, მაგრამ ძირითადად ხელმისაწვდომია. ამ ყუთების შეძენა ხდება ინტერნეტის საშუალებით. თქვენ ხდებით ჩვენი ხელმომწერი, იხდით 30 ლარს და კურიერი სახლში მოგართმევთ. თუ შემდგომში არ მოგინდებათ შეძენა, გამოაგზავნით შეტყობინებას და შეგიჩერდებათ. ასევე შეგიძლიათ, სურვილის შემთხვევაში, აღადგინოთ მოთხოვნა. დამერწმუნეთ, ძალიან მოსახერხებელია და უკვე ბევრი ხელმომწერი გვყავს.

ყოველთვის მომწონდა მოვლილი ქალები. სილამაზე პირობითი ცნებაა – ძალიან ლამაზ ქალს შეუფერებელი მაკიაჟის, არასწორი ჩაცმისა და არასწორი ჰიგიენის გამო ხიბლი ეკარგება. ცოტაოდენი ჩვენი რჩევები, ცოტაოდენი დრო თავის მოსავლელად, ცოტაოდენი დამხმარე საშუალებები და, დამერწმუნეთ, თქვენ შეუდარებლები იქნებით, ძვირფასო ქალებო!

ია ქუთათელაძე, სარკე