თეა წულუკიანი ახალ მთავრობაშიც იქნება – ,,კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები მისი გადაყენების”

თეა წულუკიანი ახალ მთავრობაშიც იქნება - ,,კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები მისი გადაყენების”საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ჟორჟოლიანის თქმით, მინისტრთა კაბინეტში მთავარი ცვლილება ეკონომიკურ გუნდს შეეხება. ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების“ თავმჯდომარის მოსაზრებით, თეა წულუკიანი მომავალ მთავრობაში პოსტს შეინარჩუნებს:

-ისეთი მთავრობა გვჭირდება, რომელიც ორიენტირებული იქნება, ერთი მხრივ, სოციალური პრობლემების და მძიმე ვითარების გამოსწორებაზე და, მეორე მხრივ, განვითარებაზე.

ფინანსთა მინისტრი თავისთავად იცვლება და ვფიქრობ, რომ შეიცვლება ეკონომიკის მინისტრიც. თეა წულუკიანი არ მუშაობდა ცუდად, ის მუშაობდა კარგად და კომპეტენტურად. მთელი რიგი პრობლემები, რომლებიც არსებობს, არ არის დაკავშირებული თეა წულუკიანის საქმიანობასთან, ეს დაკავშირებულია ძლიერი ინერციის არსებობასთან და საჭიროებს მართლაც სერიოზულ ცვლილებებს. მაგრამ თეა წულუკიანი არ არის ის ადამიანი, რომელიც ამ ცვლილებებს ვერ განახორციელებს.

მხოლოდ თეა წულუკიანზე არაა, სხვა ძალოვანებზეც რომ ამბობენ, მე არ მესმის, გახარიამ კარგად დაიწყო მუშაობა, იზორიასთან პრეტენზია არავის აქვს, – განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

ეკონომიკურ გუნდში მოსალოდნელ ცვლილებებზე საუბრობს ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“ თავმჯდომარე გია გაჩეჩილაძეც:

-პრემიერის ცვლილება ეკონომიკასთან მიმართებაში მოხდა, სოციალური პრობლემებიდან გამომდინარე, ძალოვან სტრუქტურებში მე არ ველოდები, კატეგორიული წინააღმდეგი ვიქნები იუსტიციის მინისტრის გადაყენების, იმიტომ, რომ მას სერიოზული პროცესი აქვს წამოწყებული ჰააგაში, რუსეთ-საქართველოს ომთან დაკავშირებით.

ამბობენ, რომ კულტურის მინისტრი შეიცვლება, მე დიდი სურვილი მაქვს, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო ისევ გამოეყოს და ამას პარლამენტის სხდომაზეც დავაყენებ, – განაცხადა გია გაჩეჩილაძემ,

ნიუპოსტი