თეა ოთარაშვილი: “ამერიკელებმა მიმიღეს, დამაფასეს, ქართველები კი მლანძღავენ” – საქართველოში სიკვდილს გადარჩენილი დიზაინერის კაბა ამერიკაში სელენა გომესმა იყიდა

თეა ოთარაშვილი: "ამერიკელებმა მიმიღეს, დამაფასეს, ქართველები კი მლანძღავენ" - საქართველოში სიკვდილს გადარჩენილი დიზაინერის კაბა ამერიკაში სელენა გომესმა იყიდადიზაინერი თეა ოთარაშვილი ამერიკაში დაახლოებით წელიწადნახევრის წინ გაემგზავრა. საქართველოში უკვე აწყობილი ბიზნესი ჰქონდა, მაგრამ, როგორც ამბობს, დედაქალაქის მთავრობამ შეავიწროვა და გადაწყვიტა, სხვა ქვეყანაში წასულიყო. საქმიანობაში შექმნილ პრობლემას ისიც დაერთო, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა, მძიმე ოპერაციის გაკეთება სჭირდება.

თეა ოთარაშვილის შეკერილი კაბები საქართველოში ათასობით პატარძალს ეცვა. ამერიკაში კი მისი ხელით შექმნილი კაბა ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავმა, მომღერალმა და მსახიობმა სელენა გომესმა მოირგო.

საქართველოდან ამერიკამდე განვლილ განსაცდელებით სავსე გზაზე ემიგრანტი ქალი “სარკესთან” ყვება.

თეა ოთარაშვილი: ამერიკაში ცხოვრებაზე არასოდეს მიფიქრია. საქართველოში 10 წელი საქორწინო კაბების მაღაზია მქონდა და საკმაოდ წარმატებულად ვართმევდი თავს. ბევრი კლიენტი მყავდა, ათასობით გოგომ მაინც ჩაიცვა ჩემი შეკერილი კაბა. მე თვითონ ვაკეთებდი დიზაინსაც, თარგსაც და თავადვე ვკერავდი, დამხმარეებიც მყავდნენ.

მერე კი, 2015 წელს, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაცია რომ დაიწყეს, ჩემი მაღაზია დაანგრიეს და არც კომპენსაცია გადამიხადეს. ვაპროტესტებდით, მაგრამ შედეგი ვერ მივიღეთ. კაბები მქონდა შეკვეთილი. მარჯანიშვილის მეტროსთან ავიღე სხვა ფართი, რომელიც ძალიან ძვირი ღირდა და ვერაფრით მოვახერხებდი იმ ქირის გადახდას.

სრულიად შემთხვევით შევედი ამერიკის საელჩოში და ვიზა მომცეს. მარტო წამოვედი. მაღაზია დავიტოვე, რადგან ვფიქრობდი, ამერიკაში რომ ვერ ავაწყო საქმე, დავბრუნდები-მეთქი. ამერიკამ კი გაშლილი ხელებით მიმიღო. თავიდანვე უამრავი შემოთავაზება მქონდა, ამიტომაც დავკეტე თბილისში მაღაზია. ჩემი ოჯახის წევრები მას ვერ მიაქცევდნენ ყურადღებას.

– ამერიკაში ჩასვლისთანავე საკუთარი პროფესიით სამსახურის შოვნა თითქმის შეუძლებელია, თუნდაც მაღალი რანგის სპეციალისტებისთვის. თქვენ როგორ მოახერხეთ ეს?

– სამსახური დამხვდა, მეგობარმა მიშოვა, რომელიც აქ ცხოვრობს. ეს იყო საქორწინო კაბების მაღაზია და გადაკეთებაზე ვმუშაობდი. არ მომეწონა ეს საქმე, თან ანაზღაურებაც საკმაოდ დაბალი იყო და ახალი სამსახურის ძებნა დავიწყე. გაზეთიდან ვიპოვე ვაკანსია – ერთ-ერთი ახალგაზრდა ებრაელი დიზაინერის, გრეისი აქატის, სალონში.

არც რუსული ვიცი და მაშინ არც ინგლისური ვიცოდი. დეიდაჩემს ვთხოვე, დაერეკა იმ მაღაზიაში. დაურეკა და უთხრა, არც საბუთები აქვს, არც რუსული იცის და არც ინგლისური, მაგრამ რომ მოვა, ნახეთ, რა შეუძლია და მერე გადაწყვიტეთ, მიიღებთ თუ არაო.

მივედი და მომცეს გამოჭრილი კაბა. მთელი დღე ვიმუშავე და დავამთავრე. იმ დღეს მათი უფროსი საფრანგეთში, გამოფენაზე იყო წასული. მას ჩემი გაკეთებული კაბის ფოტო გადაუგზავნეს. სალონიდან რომ გამოვედი, უფროსმა ზუსტად 15 წუთში მომწერა მესიჯი, ჩემთან მთლიან განაკვეთზე იმუშავეო.

1 წელი ვიმუშავე ებრაელების სალონში. იქ კვირაში 5 დღე ვმუშაობდი და შაბათ-კვირას ვისვენებდი. მერე ვნახე სამსახური ბრუკლინში. რეიჩელ დორნი აკეთებდა თარგებს. ამ გოგოსთან დიზაინერები მიდიან და უკვეთავენ კონკრეტული მოდელის თარგებს და ნიმუშებს. მერე ეს მიდის ქარხანაში, სადაც მთელ სერიას აწყობენ.

იქ მოდიოდნენ დიზაინერები და ჩემს ნამუშევარს რომ ნახულობდნენ, მოსწონდათ. ერთმა დიზაინერმა შემომთავაზა, ფეშენ ვიკისთვის კონკრეტულ კოლექციაზე მემუშავა. ერთი კოლექცია მას, ლინდარს, გავუკეთე და მეორე დიზაინერსაც – ლოროდს. ორივე კოლექცია შემდეგ დაიდო “ვოგი.კომზე”.

გრეისი აქატსაც ჰქონდა რამდენიმე ჩვენება. მასთან უმეტესად ძვირფას კაბებზე ვმუშაობდი, რომელთა ფასი 5 000 დოლარიდან იწყებოდა და ძირითადად ებრაელებისთვის ვკერავდით. ეს იყო უძვირფასესი ქსოვილები და თვლები. ხანდახან ამ ქსოვილებზე ხელის მოკიდებისაც მეშინოდა, იმდენად ძვირფასი იყო. 1 მეტრი ქსოვილის ფასი 300 დოლარიდან იწყებოდა.

მერე რეიჩელ დორნმა შემომთავაზა მაღალი დონის ბრენდ “ქოუჩის” მკერავად მუშაობა. ეს ბრენდი 1941 წლიდან ფუნქციონირებს, ძალიან ცნობილია და ამაზე უარს ნამდვილად ვერ ვიტყოდი. სამდღიანი ურთულესი ტესტირება გავიარე. ჩემს თავს ვეუბნებოდი, თუ ეს გადავლახე, ვიტყვი, ძალიან ძლიერი ვარ-მეთქი.

ისეთი ტექნიკით მუშაობენ, საქართველოში მსგავსი რომ არც გაუგიათ და არც მე მქონდა წარმოდგენა, მაგრამ თავი მაინც გავართვი. დამირეკეს, წარმატებით გაიარეთ ტესტირება, ხვალვე შეგიძლიათ მუშაობის დაწყებაო. ნაქარგებზე ვმუშაობდი. ჩემი ნამუშევარი რომ ნახეს, ვიაიპი ნაწარმზე, სელებრითებზე მუშაობა შემომთავაზეს.

– და მაშინ იმუშავეთ სელენა გომესის კაბაზეც?

– დიახ. “მეტ გალა 2018” – ამ ღონისძიებაზე უნდა ჩაეცვა სელენა გომესს ეს კაბა. მხოლოდ მე ვიმუშავე და ყველაფერი ხელით გავაკეთე. “ფეისბუქში” რომ დავდე ამის შესახებ სტატიები, ცუდი გამოხმაურებებიც მოჰყვა. ზოგმა დაწერა, ტყუილიაო. ძალიან მეწყინა – ამერიკელებმა მიმიღეს, დამაფასეს, ყველანაირად ხელს მიწყობენ, რომ წარმატებას მივაღწიო და ქართველები მლანძღავენ. ვერ ვხვდები, რატომ უნდა ვიტყუებოდე.

– დიზაინიც თქვენი იყო?

– არა. ამ მოდელზე სამი დიზაინერი მუშაობდა. მე ხელით სამუშაო შევასრულე – მე შევკერე, დავქარგე და ა.შ. ამ ეტაპზე დიზაინი მე არ მეკუთვნის, მაგრამ მომავალში რა იქნება, ვნახოთ.

– მოეწონა სელენა გომესს კაბა?

– ჩვენ მისთვის ორი კაბა გვქონდა გამზადებული. თავიდან, როცა მოზომვაზე მოვიდა, მეორე კაბა აარჩია. იმაზეც მე ვიმუშავე. ის კაბა დავამთავრეთ, მაგრამ გალა კონცერტის წინა დღეს დაგვირეკა და გვითხრა, ის – არა, მეორე კაბა დამიმთავრეთო.

ღამის 10 საათი იყო, როცა დარეკა, მთელი ღამე ვიმუშავე იმ კაბის დასამთავრებლად. რთულად შესასრულებელი სამუშაო იყო. არც ვიცოდით, როგორ მოერგებოდა, რადგან, როცა მოზომვაზე მოვიდა, ის კაბა არ გაისინჯა.

დილით მოვიდა, მოიზომა და ყველაფერი გადასარევად ჰქონდა – მკერდიც, სიგრძეც… ძალიან კმაყოფილი დარჩა.

– პირადად გქონდათ მასთან ურთიერთობა?

– არა, ჩვენი დიზაინერი მუშაობდა მოზომვაზე. ბრენდში ვმუშაობ და ჩემი სახელი არ ფიგურირებს ამ ყველაფერში. მინდა, აქაც ჩამოვაყალიბო ჩემი ბრენდი ისე, როგორც საქართველოში მქონდა. ეს უკვე დროის ამბავია.

ნიუ იორკის ფეშენ ვიკიდან პირველად რომ მივიღე მოწვევა, საქართველოში ვცხოვრობდი, მაგრამ ჯანმრთელობის გამო ვერაფრით მოვახერხებდი კოლექციის ჩამოტანას. მქონდა შემოთავაზება, რომ ჩვენება საფრანგეთში გამეკეთებინა, მაგრამ თბილისიდან ჩასვლას ვერ შევძლებდი. აქ კი ყველაფრის საშუალებაა.

არის რამდენიმე კონკურსი, სადაც მონაწილეობა მინდა. ასევე მსურს, სწავლა დავიწყო კოლეჯში. თარგების გაკეთება ვიცი, მაგრამ რუსული მეთოდით. მინდა, აქაურიც შევისწავლო.

საქართველოში აბრამ ბაზელის მაღალი მოდის აკადემია დავამთავრე. იქ შევისწავლე რუსული მეთოდები. ეს დაახლოებით 15 წლის წინ იყო. მას მერე ძალიან განვითარდა ეს სფერო, ტექნიკაც და უფრო მარტივად შეიძლება გააკეთო ყველაფერი. ინგლისურ ენასაც ნელ-ნელა ვსწავლობ.

გამიმართლა, რომ აქ ჩამოსულს ნათესავები დამხვდნენ და ბინის და საჭმლის პრობლემა არ მქონია, სამი თვე მათთან ვცხოვრობდი და ყველანაირად დამაკვალიანეს. იმ მხრივაც გამიმართლა, რომ პირდაპირ ჩემი პროფესიით დავიწყე მუშაობა და შავი სამუშაოს შესრულება არ მომიწია.

– ძალიან მძიმე დაავადება გადაგიტანიათ. ამის შესახებ თქვენი მეგობარი გიორგი ნიკოლაიშვილი წერდა სოციალურ ქსელში. შეგიძლიათ ამაზე გვიამბოთ?

– დიახ. 2009 წელი იყო. ჩვეულებრივი ვირუსის ნიშნები მქონდა. მაღალი ტემპერატურა ერთი კვირა გამიგრძელდა. ისეთი მაღალი მქონდა, რამდენჯერმე სასწრაფოც გამოვიძახეთ. 42 გრადუსამდე ადიოდა სხეულის ტემპერატურა. სასწრაფოს ექიმები მეუბნებოდნენ, ჩვეულებრივი ვირუსია, დაელოდე, გაგივლისო. ერთი კვირის შემდეგ ხერხემლის არეში გაუსაძლისი ტკივილები დამეწყო. არამიანცის საავადმყოფოში გადამიყვანეს. ეგონათ, რომ თირკმლების პრობლემა იყო.

იმ ღამეს ისეთი ტკივილები მქონდა, ვეღარ ვუძლებდი, წვეთოვანით დამიდგეს მორფი. ღამით გამეღვიძა და დედას ვუთხარი, ფეხები დამიბუჟდა და ავდგები-მეთქი. ავდექი და ჩავიკეცე. დილით ექიმებმა თქვეს, ეს ჩვენი პაციენტი არ არისო და ინფექციურ საავადმყოფოში გამიშვეს. იქ დამიდგინეს უმძიმესი დიაგნოზი – მიელიტი, იგივე დამბლა.

მიელიტი სწრაფად ვითარდება. დაახლოებით 12 საათში სრულიად პარალიზებული ვიყავი. მხოლოდ მარჯვენა ხელი და ტვინი მიმუშავებდა. წამებმა გადამარჩინა, ექიმები მალევე მიხვდნენ, რა მჭირდა, თორემ სხვა შემთხვევაში ტვინიც ითიშება. სულ ცოტაც რომ დაეგვიანათ, ვეღარ ვიცოცხლებდი.

ინფექციურში რომ დამაწვინეს, დიდი შანსი იყო სასუნთქ აპარატზე შეერთების. ეს რომ მომხდარიყო, ვეღარ გადავრჩებოდი. ექიმმა თქვა, სიცოცხლისუნარიანობა ასეთ დროს მხოლოდ 3%-იაო. გავლაზე აღარც იყო საუბარი, მთავარი იყო, მეცოცხლა.

ერთი თვე ვიწექი რეანიმაციაში და არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ ავდგებოდი და ეტლში დამჯდარი დავრჩებოდი. მუდამ მჯეროდა, რომ ერთ დღეს გავივლიდი. მართლაც მოხდა სასწაული. ექიმები რკინის გოგოს მეძახიან. ამ დაავადებით ფაქტობრივად არავინ გამოჯანმრთელებულა.

– რამდენი ხანი დაგჭირდათ ფეხზე დასადგომად?

– ერთი თვე რეანიმაციაში ვიწექი. საავადმყოფოდან რომ გამომწერეს, ფეხის ორ თითს ვამოძრავებდი. სიარული და სუნთქვაც თავიდან ვისწავლე. ხელით მაჭმევდნენ… მერე ლოგინში დაჯდომა შევძელი, მერე ფეხები გადმოვყავი, მერე ნაბიჯი გადავდგი… ურთულესი გზა გამოვიარე. მერე ჯოხით დავდიოდი. დღესაც ცოტა მიჭირს სიარული. ნელა დავდივარ და თან ცოტა ვკოჭლობ.

– რა არის ამ დაავადების მიზეზი?

– ვერ დაადგინეს. სავარაუდოდ, ეს გამოიწვია გაციებამ, ნერვიულობამ ან ვირუსმა. ძალიან დატვირთული ვიყავი, საკმაოდ ბევრი სანერვიულოც მქონდა. ზამთარში, სიცივეში დამემართა. ყველაფერი ერთად დაემთხვა. ახლაც საჭიროა, თავს გავუფრთხილდე, ჩემი ამდენი მუშაობა არ შეიძლება, მაგრამ სხვა გამოსავალი არ მაქვს. სულ ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ვარ და შეძლებისდაგვარად ვუფრთხილდები ჩემს თავს.

– ამერიკელ ექიმებს გულისხმობთ?

– ამ ეტაპზე საქართველოში ვუკავშირდები ექიმებს. დაზღვევა რომ მექნება, მერე აქ გავაგრძელებ მკურნალობას. აქ უფრო სხვაგვარად მომაქცევენ ექიმები ყურადღებას. შარდის ბუშტის ოპერაცია მაქვს გასაკეთებელი და საქართველოში ამის ჩატარება არ გავრისკე.

მიელიტი როცა ჩნდება, პირველ რიგში, შარდის ბუშტს აზიანებს. ახლა შარდის ბუშტის გადანერგვა მჭირდება. საქართველოში მითხრეს, რომ ხელოვნურ შარდის ბუშტს გადამინერგავდნენ და აქ რას მეტყვიან, არ ვიცი. მჯერა, რომ აქ შეიძლება ოპერაციის გარეშე შევძლო მკურნალობა.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც წამოვედი ამერიკაში, ისიც იყო, რომ ჯანმრთელობის გაუმჯობესების მხრივაც მივიღო დახმარება ამ ქვეყნისგან. ჯდომა რომ ვისწავლე და ჯერ კიდევ ფეხებს რომ ვერ ვამოძრავებდი, მაღაზიაში სამუშაოდ გავედი. სკამზე მედგა პატარა საკერავი მანქანა და თანამშრომლები მეხმარებოდნენ. ისინი აწვებოდნენ მანქანას და მე ვკერავდი. სამსახურმა მომცა სტიმული, რომ ამ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. თანამშრომლები ყველანაირად ხელს მიწყობდნენ.

– ახლა მარტო ცხოვრობთ ნიუ იორკში?

– დიახ, ახლა მარტო ვცხოვრობ და ძალიან მიჭირს, რადგან ყველაფრის გაკეთება თავად მიწევს. მანდ კი დეიდა მეხმარებოდა და ხელისგულზე მატარებდა. 15 წლის შვილი მყავს, რომელიც საქართველოში დავტოვე. მინდა, იმდენი მოვახერხო, რომ გზა გავუკვალო და აქ, ამერიკაში ისწავლოს. საკმაოდ ნიჭიერი გოგოა და ვიცი, წარმატებას მიაღწევს.

– თქვენი შვილის მამა სად არის?

– ჩემი ავადმყოფობის შემდეგ მიმატოვა. მეორედ, რამდენიმე თვის შემდეგ რომ მოვხვდი საავადმყოფოში შარდის ბუშტის გამო და იქიდან გამოვედი, ქმარი სახლიდან წავიდა. ახლა სხვა ოჯახი ჰყავს. ესეც საკმაოდ რთული გადასატანი იყო ჩემთვის. ახლა კი ვფიქრობ, ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ უფრო ბევრ წარმატებას მიაღწიო და ბედნიერი იყო.

– თქვენი მთავარი ამერიკული ოცნება რა არის?

– ჩემი ოცნებაა, ვიქტორია სიკრეტის ფეშენ შოუს მთავარი დიზაინერი ვიყო. ამის მერე კი მინდა, ჩემი ბრენდი მქონდეს. საქართველოში საცხოვრებლად დაბრუნებას ნამდვილად აღარ ვაპირებ. როცა აქ ჩემი ბრენდი მექნება, მანდაც გავაკეთებ მაღაზიას, მაგრამ საცხოვრებლად აღარ დავბრუნდები, რადგან ძალიან მომწონს ეს ქვეყანა. აქ გეძლევა საშუალება, შენი ნიჭი გამოავლინო, მანდ კი ნიჭს არ აფასებენ.

რუსუდან ადვაძე, სარკე