ვახო ოქრუაშვილი: “ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში იყო ცუდი ფაქტორები, მაგრამ გადავიტანეთ”

ვახო ოქრუაშვილი: "ჩემი და ჩემი მეუღლის ურთიერთობაში იყო ცუდი ფაქტორები, მაგრამ გადავიტანეთ"პროფესიით ეკონომისტ კასპელ ტაქსის მძღოლს, ვახო ოქრუაშვილს და მის ბიძაშვილს, ქეთი ხუციშვილს, მოსწონდათ მოყვარულის დონეზე დუეტების შესრულება და ქართლელ ცოლ-ქმარზე სკეტჩების გაკეთება ახლობლების წრეში. ამ ხუმრობამ კი ისინი საბოლოოდ სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მიიყვანა. ქეთი ბიზნესლედი ლუნას, იგივე მთვარისას, როლს ასრულებს, ვახო კი მის ქმარს, ნუგოს, თამაშობს.

მართალია, ნუგო სერიალში ხანდახან ჩნდება, მაგრამ იმდენად სახასიათო როლია, რომ ვახო ოქრუაშვილს დიდი პოპულარობა მოუტანა.

კასპში კლიენტები ხშირად სთხოვენ, მათთან ერთად სელფი გადაიღოს და ისიც სიამოვნებით თანხმდება. ახალ სეზონს ისეთი პირი უჩანს, რომ ნუგო კიდევ უფრო პოპულარული გახდება, რადგან ინტრიგა გაჩნდა, მასა და ნაილა ხუნწარიას შორის აშკარა ფლირტი დაიწყო.

– ბატონო ვახო, არაპროფესიონალმა მსახიობმა შესანიშნავად გაართვით თავი თქვენს როლს. თავს კომფორტულად გრძნობთ გადასაღებ მოედანზე?

– შეიძლება ითქვას, ჩემს როლს ფანტასტიკურად მოვერგე. სერიალს საქართველოს მოსახლეობის 90 პროცენტი უყურებს და ჩემს გმირს დადებითად აფასებენ. ნუგო ყველასთვის საყვარელი გმირია.

– როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ნუგომ?

– განსაკუთრებულად არ შეცვლილა, უბრალოდ ნუგომ 45 წლის ასაკში პოპულარული გამხადა. მსახიობობა, როგორც პროფესია, უკვე მომწონს. ვფიქრობ, ჩემი გმირი კიდევ უფრო წარმატებული იქნება, გაჩერებას არ აპირებს. ბოლო სერიებში პატარა ინტრიგა უკვე გაჩნდა.

– ისე აღფრთოვანებით ლაპარაკობთ ამ გმირზე, საკუთარ თავთან მსგავსებასაც ხომ არ პოულობთ მასში?

– გარკვეულწილად ვპოულობ კიდეც. რეალურ ცხოვრებაში მეც მახასიათებს ისეთი რაღაცები, მაგალითად, დაყვირება. ჩვენი ხასიათები 50/50-ზე ემთხვევა ერთმანეთს.

– ცოლთან ურთიერთობაშიც ავლებთ პარალელებს?

– კი, ამ შემთხვევაშიც 50/50-ზე ვართ. ხასიათში მაქვს გაბრაზება, გამოკიდება.

– ცოლიანი კაცის ფლირტს სხვა ქალთან როგორ უყურებთ?

– მეუღლესთან ერთად ნამდვილად არ გავაყოლებდი თვალს სხვა ქალს, ვერც გავაყოლებდი, ეს ისეთი რაღაც არის. რეალურ ცხოვრებაში ასეთი რამ არ ხდება.

– თქვენი ნება რომ იყოს, ნუგოს პერსონაჟში რას შეცვლიდით?

– ალბათ იმას, რომ ლუნას თავის ჭკუაზე არ გავატარებდი. ის ბავშვებს ხშირად ვერ ნახულობს, ამ მდგომარეობას კი ისე დავალაგებდი, რომ შვილები ხშირად ენახა.

– ნუგო ეჭვიანია. ეს თვისება თქვენთვისაც ნაცნობია?

– არ ვარ ეჭვიანი, მაგრამ ხანდახან შეიძლება რაღაცამ დამაფიქროს ხოლმე. 27 წელია, რაც მეუღლე მყავს. შეიძლება წლების წინ ცოტა მეეჭვიანა კიდეც, მაგრამ ეს უკვე განვლილია. ასეთი რამ არ ყოფილა, რომ სერიოზულად მეეჭვიანა.

მე და ნინო რუსიაშვილი სკოლის დასრულებისთანავე შევუღლდით, თითქმის ბავშვები ვიყავით. ის ისტორიის პედაგოგია, საჯარო სკოლაში ასწავლის. ცხოვრების დინებას მივყვებით. ხან პრობლემებით, ხან ცხოვრების დატვირთული რეჟიმით და ყველაფერს მეტნაკლებად ვუმკლავდებით.

– ამბობენ, შვილების გაჩენის შემდეგ ცოლქმრული სიყვარული მეორე პლანზე გადადისო. ეთანხმებით ამ აზრს?

– ჩვენი სიყვარული მეორე პლანზე ნამდვილად არ გადასულა. ის პირველი სიყვარული შენარჩუნებულია და ჩვენ შორის სიყვარული არც დაიკლებს. ამდენი წელია ერთად მოვდივართ, იყო რაღაც ცუდი ფაქტორებიც ჩვენს ურთიერთობაში, თუმცა ყველაფერი გადავიტანეთ.

– ტაქსის მგზავრებს თქვენს დანახვაზე რა რეაქცია აქვთ ხოლმე?

– თავიდან მხოლოდ მამსგავსებდნენ. იყო შემთხვევა, როდესაც ხასიათზე არ ვიყავი და რამდენიმეს ვუთხარი, მხოლოდ ვგავარ-მეთქი, მაგრამ მომიბრუნდნენ და მითხრეს, შანსი არ არის, თქვენ ნუგო ხართო. ხანდახან მანქანას ვაჩერებ, გადმოვდივარ და ბავშვებთან ერთად სელფებსაც ვიღებ. მგზავრებთან ტკბილი და კარგი ურთიერთობა მაქვს.

– თქვენი ბიძაშვილის, ლუნას როლის შემსრულებელ ქეთი ხუციშვილისგან, მართლაც კარგი ტანდემი შედგა.

– ქეთის მუსიკალური შვიდწლედი აქვს დამთავრებული, მე – გიტარის წრის ხუთწლედი. მთელმა საქართველომ იცის, რომ ქეთი უნიჭიერესი ადამიანია. ჰყავს ერთი შვილი, წლებია ქმარს გაშორებულია. თავისი ცხოვრებით არის დაკავებული. ამჯერად ოფიციალური სამსახური არც მას გააჩნია. აქვს რაღაც შემოთავაზებები, მაგრამ თავს იკავებს.

– დაბოლოს, პოპულარობამ რა შეცვალა თქვენს ცხოვრებაში?

– პოპულარობა არ მიზიდავს. შეიძლება “ჩემი ცოლის დაქალებში” გადამიღონ ან არ გადამიღონ, მაგრამ ისევ ის ვახო ოქრუაშვილი ვიქნები, ვინც ვიყავი და ვარ.

 მარი მგალობლიშვილი, სარკე