“ვატიკანას როლზე იოლი ეროტიკული როლის თამაშია” – ლევან ლაშხი თავის გმირს ორმაგი ცხოვრებით ჰგავს

"ვატიკანას როლზე იოლი ეროტიკული როლის თამაშია” - ლევან ლაშხი თავის გმირს ორმაგი ცხოვრებით ჰგავსსერიალ “ჩემი ცოლის დაქალების”  ერთი გმირის, ვაკელი ვატიკანას, დაფარული მხარეები თანდათან გამოიკვეთა. სრულიად მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ მაფიოზური ტიპაჟის უკან მგრძნობიარე პოეტი დგას. ამ გმირის პოპულარობა მისი როლის შემსრულებელმა ლევან ლაშხმაც განაპირობა. ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ ის პროფესიით ეკონომისტია და არა – მსახიობი.

ლევანი 27 წლის გახლავთ. ეს მისთვის მეორე როლია. დებიუტი კი ეროტიკულ სერიალ “ელიტარულ დახმარებაში” ჰქონდა.

– ლევან, ახალი სახე ხართ კინოში. როგორ აღმოჩნდით სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში”, სად მოგნახეს მისმა შემქმნელებმა?

– სოციალური ქსელიდან მიპოვეს, დამირეკეს, გავედი კასტინგზე და როლზე დამამტკიცეს.

– რა პროფესიის ხართ?

– ეკონომისტი. თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის მართვის ფაკულტეტი დავამთავრე. ბავშვობიდან მინდოდა მსახიობობა, მაგრამ ეს ნაბიჯი გარკვეული მიზეზების გამო ვერ გადავდგი – მეტყველების პრობლემა მქონდა. ბავშვობაში მეზობელმა შემაშინა და მეტყველების პრობლემა შემექმნა. უმაღლესში ჩაბარების პერიოდში მეტყველება არ მქონდა გამოსწორებული. ვნანობ, რომ არ ჩავაბარე, რადგან ამის გამოსწორება შეიძლებოდა.

– თქვენი პროფესიით მუშაობთ თუ მარტო სერიალში ხართ დაკავებული?

– ძალიან ბევრ ადგილას მიმუშავია როგორც ჩემი პროფესიით, ასევე სხვა განხრითაც.

16 წლიდან ვმუშაობ, ჯერ თურქეთში დავდიოდი სეზონურად, სადაც დაივინგის ინსტრუქტორი ვიყავი. შემდეგ ტურისტულ სფეროში გადავერთე, სასტუმროების ქსელებში ვსაქმიანობდი. ახლა მენეჯერი ვარ.

– სერიალში თქვენს პერსონაჟზე რას ფიქრობთ? ჯერ მაყურებელმა კარგად ვერ გაარკვია, რას წარმოადგენს ვატიკანა, მისი მხარეები ჯერჯერობით დაფარულია.

– ჩემი გმირი ცოტა დაჩაგრულია, ვერ იხსნება და საკუთარი სამყარო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ვაკის წარმომადგენელია, ვაკის ელიტაში შედის და ის და მისი მეგობრები მართავენ ვაკეს, ეს მისთვის რაღაც ნიღაბია, ვიდრე სხვა რამე. ეს ყველაფერი ჩემი გმირისთვის არაფერს ნიშნავს, მისთვის მნიშვნელოვანია შინაგანი სამყარო, ჩუმი გარემო, პოეტები და ა.შ.

– ვატიკანას დეტექტივი უთვალთვალებს. როგორ დამთავრდება ეს საქმე, გამოაშკარავდება ვატიკანას დაფარული მხარეები?

– დეტექტივი ცოტა მაღიზიანებს. ის ყველაფერს “მიფუჭებს”, ცხოვრებას “მინგრევს”, მაგრამ ეს არის მისი საქმე.

– რას იზამდით, რეალურ ცხოვრებაშიც რომ განმეორდეს იგივე?

– ალბათ ძალიან გავღიზიანდებოდი. უფრო იმ ადამიანზე გავბრაზდებოდი, ვინც დეტექტივი დაიქირავა.

– თანამედროვე სამყაროში კერძო დეტექტივებს ხშირად ქირაობენ წყვილები, რომ დაადგინონ, პარტნიორი ღალატობთ თუ არა. რომ გაიგოთ, თქვენს თავს ასეთი რამ ხდება, რამ მოიმოქმედებთ?

– გავბრაზდებოდი. მე თუ ადამიანს ვღალატობ, ესე იგი თავად მაძლევს ღალატის საბაბს. ამაზე ცოტა სხვა შეხედულება მაქვს. მე თუ ვინმესთვის მიღალატია, იმიტომ, რომ თავად მაძლევდა ამის საფუძველს.

– ვატიკანაში ნახულობთ საერთოს, გგავთ რაიმე თვისებით?

– ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ შორის ძალიან დიდი მსგავსებაა, მაგრამ რაღაც-რაღაცებით მგავს. როგორც ვატიკანას, ისევე მეც, ჩვენ-ჩვენი გაგვაჩნია, რაც სხვამ არ იცის და რასაც საკუთარ გარემოში ვაკეთებთ. ერთი ესაა დიდი მსგავსება, რომ მეც და ჩემი პერსონაჟიც, ასე თუ ისე, ორმაგ თამაშს ვთამაშობთ. დანარჩენი ისეთი მნიშვნელოვანი მსგავსება არაფერია.

– ნება რომ გქონდეთ, რას შეცვლიდით თქვენს გმირში?

– ჩემს პერსონაჟს ცოტა უფრო მძიმეს გავხდიდი. იქიდან გამომდინარე, რომ ბევრი რამ ირკვევა, იხსნება და დასამალი უკვე აღარაფერი აქვს, ცხოვრებიდან გამომდინარე, უფრო დავთრგუნავდი. შეიძლება დეპრესიაში ჩამეგდო, გადავკიდებდი ნარკოტიკებს და ა.შ.

ოღონდ ამასთან ერთად სხვა გარემოებაში წინ წავიყვანდი, ანუ კარგსა და ცუდს დავაკავშირებდი ერთმანეთს, იქნებოდა წარმატებული პიროვნება, ოღონდ იმდენად დეპრესიული და დათრგუნული, რომ ეს წარმატება მისთვის არაფერი იქნებოდა.

– როგორ ვითარდება თქვენს გმირთან დაკავშირებით მოვლენები?

– სამწუხაროდ, უფლება არ მაქვს, დეტალურად ვისაუბრო. დანამდვილებით რისი თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ვატიკანა ჩემს აზრთან ახლოს მოდის. შეიძლება უფრო და უფრო მძიმე სიტუაციაში ჩავარდეს.

– თქვენთვის ეს მეორე სერიალია. მანამდე ეროტიკულ სერიალ “ელიტარულ დახმარებაში” ითამაშეთ. ახლა კი იმ გმირისგან რადიკალურად განსხვავებულ პერსონაჟს ასახიერებთ. როგორ მოერგეთ ამ ორ განსხვავებულ როლს?

– იმ გმირის თამაში, ასე თუ ისე, რთული არ ყოფილა. ჩემი ცხოვრების იმ ნაწილთან იყო ახლოს, რომელიც წეღან ვახსენე. იმ სერიალში თამაში დიდად არ გამჭირვებია. “ჩემი ცოლის დაქალებში” უფრო მომიწია დაფიქრება, შეგუება, დალაგება, გარდაქმნა და თავიდან ცოტა რთული იყო, ორმაგი თამაშის გადმოტანა ადვილი არ გახლდათ. შევეცადე და პატარა შედეგი დავდე.

– ქართველ მსახიობებს ეროტიკული როლების თამაში ძალიან უჭირთ, ამიტომ ხშირ შემთხვევაში უარს ამბობენ. ბევრს გაუკვირდება, რომ თქვენ ამას ასე იოლად შეხედეთ. კომპლექსი არ გაქვთ?

– არა. მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით მსახიობი არ ვარ, გათავისებული მაქვს, რომ თუ მსახიობობა გინდა, არ უნდა გქონდეს იმის კომპლექსი, თუ შანსი მოგეცემა, კამერის წინ ვინმეს აკოცო ან გაიხადო. ამიტომაც არ გამჭირვებია.

– შემოთავაზებები თუ გაქვთ, როგორც მსახიობს?

– ჯერჯერობით – არა, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, რომ მექნება.

– საინტერესოა, თქვენს პირად ცხოვრებაში რა ხდება.

– დასაოჯახებელი ვარ. რა თქმა უნდა, მყავს მეგობარი გოგონა, მაგრამ ჯერ დაოჯახებას არ ვფიქრობ.

– როგორ დაიწყო თქვენი ურთიერთობა?

– ჩვეულებრივ, თანამედროვე ცხოვრებაში როგორც ხდება ხოლმე, სოციალურ ქსელში გავიცანი დაახლოებით 2 წლის წინ, მაგრამ 6 თვეა, რაც შეყვარებულები ვართ.

მარი მგალობლიშვილი, სარკე