ენძელა მაჭავარიანი იუმორისტული შოუს გაკეთებას აპირებს – “სახელი თავადიშვილმა ბებიამ დამარქვა”

ენძელა მაჭავარიანი იუმორისტული შოუს გაკეთებას აპირებს - "სახელი თავადიშვილმა ბებიამ დამარქვა"მეცხრე მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი, ენძელა მაჭავარიანი, თითქმის 30 წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის შემდეგ პოლიტიკაში აღმოჩნდა. “ქართული ოცნების” დეპუტატი ამბობს, რომ პოლიტიკოსის ამპლუას რთულად ეგუება და ელოდება იმ დროს, როცა ისევ ჟურნალისტიკაში დაბრუნდება, ცხოვრების ამ ეპიზოდზე კი მემუარებში დაწერს.

უამრავი სამუშაო ადგილი გამოიცვალა. ჟურნალისტობა გაზეთ “სოფლის ცხოვრებიდან” დაიწყო, მერე იყო გაზეთ “კაბადონის” მთავარი რედაქტორი, შემდეგ – გაზეთ “ქართველი ერის”. 1995-2013 წლებში წმინდა სამების საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის დეპარტამენტის უფროსი გახლდათ, ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში. მუშაობდა კულტურის სამინისტროში ღონისძიებების დეპარტამენტის სპეციალისტად, 2014-2016 წლებში კი ტელეკომპანია “ჯიდიესის” – მთავარ პროდიუსერად. შემდეგი “პუნქტი” პარლამენტი გახდა და სწორედ მან მოუტანა პოპულარობა. გარდა იმისა, რომ ფართო საზოგადოებამ გაიცნო, როგორც დეპუტატი ქალი იშვიათი სახელით, მისი გამოსვლები ხშირად ექცევა ყურადღების ცენტრში და ბევრს ხუმრობის ხასიათზეც აყენებს.

პროფესიით ჟურნალისტი დეპუტატი ამბობს, რომ კითხვების დასმა უფრო მარტივი ყოფილა, ვიდრე პასუხების გაცემა, თუმცა “სარკესთან” გულახდილობა გამოიჩინა და საუბრისას ბევრ ისეთ თემას შევეხეთ, რაზეც აქამდე არსად ულაპარაკია.

– ქალბატონო ენძელა, თითქმის 2 წელი გავიდა, რაც ჟურნალისტიკიდან პოლიტიკაში გადაინაცვლეთ. როგორ შეეჩვიეთ დიდ პოლიტიკას?

– მოდი, გულახდილად ვთქვათ, რომ საქართველოს პარლამენტის წევრობა არცთუ ისე დიდ პოლიტიკაში ყოფნაა, თუმცა სტატუსს მაინც რთულად ვეგუები. მოგეხსენებათ, არ არსებობს ყოფილი ჟურნალისტი, განსაკუთრებით თმენის ვალდებულება მამძიმებს. ჩემი ყოველდღიურობა რეალითი შოუს დაემსგავსა, ყველგან კამერები, ყველგან ჟურნალისტებია. ხანდახან მგონია, რომ “ამტანებში” ვმონაწილეობ.

– როგორი ჩანდა პოლიტიკა ჟურნალისტიკიდან და როგორი აღმოჩნდა “შიგნით”, გაგიჭირდათ?

– მე პოლიტიკური გაზეთის მთავარი რედაქტორიც ვიყავი და პოლიტიკური ტოქ შოუს მთავარი პროდიუსერიც, ამიტომ პოლიტიკაში გადანაცვლება ჩემთვის რთული არ ყოფილა. მარტივად რომ ვთქვათ, მიკროფონის მეორე მხარეს გადავინაცვლე. კითხვების დასმა ადვილია, პასუხები – ცოტა უფრო ძნელი.

არასდროს მიფიქრია, რომ პოლიტიკა ბინძური საქმეა, ეს ადამიანებზეა დამოკიდებული. უნდა ვეცადოთ, პოლიტიკაში ისეთი ადამიანები ავირჩიოთ, ვისაც სუფთა გული და სუფთა ხელები აქვთ, ადამიანები უყვართ და მათზე ზრუნავენ.

– ყოფილი პრემიერმინისტრის, ბიძინა ივანიშვილის, გადაცემა “კვირის 2030”-ის მთავარი პროდიუსერი იყავით და მასთან ხშირი კონტაქტი გექნებოდათ. რა შეგიძლია გვითხრათ ბატონ ბიძინაზე, რომელიც ახლახან პოლიტიკაში დაბრუნდა?

– ბატონი ბიძინა, როგორც ყველა ადამიანი, გამორჩეული პიროვნებაა. მასზე დაუსრულებლად შემიძლია საუბარი, მაგრამ პროფესიულ ეგოიზმს გამოვიჩენ და ამაზე ძირითადად ჩემს მემუარებში დავწერ. ერთს კი ვიტყვი, ბიძინა ივანიშვილი ცხოვრებაში სულ სხვა ადამიანია, მის პიროვნებას მცირედითაც კი ვერ გაიცნობ ტელევიზიით. ვინც მას პირადად იცნობს, ამაში ყველა მეთანხმება.

– დეპუტატი კოლეგებიდან ვისთან მეგობრობთ, ვთქვათ, ვისთან ერთად გადიხართ სადილზე პარლამენტში შესვენების დროს?

– საოცარი ადამიანები არიან, თითოეულს ახლოს ვიცნობ და ძალიან მიყვარს. კომპანიური ადამიანი არ ვარ, შემიძლია მარტო წავიდე კინოში, მარტო გავიდე სადილზე, მაგრამ პარლამენტში ასეთი რამ ჯერ არ მომხდარა.

დარბაზში აჭარის დეპუტაციასთან, ქალბატონ სვეტლანა კუდბას გვერდით ვზივარ და ხშირად მასთან და ფატი ხალვაშთან ერთად მივდივარ სასადილოში, თუმცა იქ მუდამ ყველა ერთად ვსხდებით და ერთად ვსადილობთ. სადილის ფულს სისტემატურად მამაკაცები იხდიან.

როგორც იცით, პარლამენტის ყველა წევრს მანქანა არ ემსახურება და მე ქუთაისში ზაზა ხუციშვილს დავყავარ. მასთან ურთიერთობაც ერთი კარგი ისტორიაა, რომელსაც ოდესმე აუცილებლად დავწერ. ყველა ძალიან საინტერესო პიროვნებაა, მათი გაცნობა და მათ გვერდით ყოფნა მართლა დიდი ბედნიერებაა.

– თქვენი საჯარო გამოსვლები სოციალურ ქსელში განხილვის საგანი ხდება, ოპონენტები გაქილიკებენ ხოლმე. ამაზე რა აზრის ხართ, როგორ რეაგირებთ?

– საბედნიეროდ, ისინი ჩემი ამომრჩევლები არ არიან. მე მართლმორწმუნე ადამიანი ვარ და სადაც უნდა ვიყო, ჩემი რწმენა, ჩემი ქვეყნისა და ხალხის სიყვარული მაძლიერებს. ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზანი სწორედ იმ უბრალო და შეჭირვებული ადამიანების ყოფის გაუმჯობესებაა, რომელთა წიაღში გავიზარდე.

სოციალურ პრობლემებზე ხშირად ვსაუბრობ, ვცდილობ, ბოლომდე ვიბრძოლო მათი გადაჭრისთვის. ბევრი მაქვს გამოცდილი და კარგად ვიცი, რა არის სიცივე, შიმშილი, გაყინულ ოთახში წიგნებთან გათენებული ღამეები. ამიტომ, ვიდრე ჩვენს ქვეყანაში ამდენ ადამიანს უჭირს, ამდენ ბავშვს სცივა, შია და არ აქვს ცხოვრების ღირსეული პირობები, ვერ მოვისვენებ.

– შედარებით მსუბუქ თემებზე გადავიდეთ, ძალიან ლამაზი სახელი გქვიათ. ვინ შეგირჩიათ სახელად ენძელა?

– სახელი ბებიამ შემირჩია. თავადის ქალი ბრძანდებოდა და ვერ იტანდა, ირგვლივ ყველაფერი “ერთნაირი” რომ იყო. როგორც თავად ამბობდა, ამით ერთგვარი პროტესტი გამოხატა იმ წყობის მიმართ. სიმართლე გითხრათ, ჩემი სახელი მეც ძალიან მომწონს.

– როგორია თქვენი ცხოვრება დეპუტატის მანდატის მიღმა, სახლში, მეგობრებთან?

– როგორიც პარლამენტში და საერთოდაც, ვარ ძალიან თავისუფალი, ლაღი და უკომპლექსო. ძალიან მიყვარს ადამიანები. ჩემს დისშვილებს, ანას და გიოს, ძალიან უყვართ ჩემთან ყოფნა. ვცდილობ, ყველგან ვიყო ის, ვინც ვარ. ვერ ვიტან, როცა ადამიანები რობოტებს ემსგავსებიან. მარტივად და ადვილად ვცხოვრობ.

– თავისუფალ დროს როგორ ატარებთ?

– გააჩნია, რას დავარქმევთ თავისუფალ დროს. მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისში გვიხდება სიარული პარლამენტის სხდომებზე, დროის დეფიციტს არ განვიცდი. ადრე ვიძინებ და ადრე ვდგები, კარგად ვიცი, როგორ დავგეგმო დღე და რისი კეთების სურვილიც მაქვს, თითქმის ყველაფერს ვასწრებ.

– თქვენთვის ყველაზე გემოვნებიანი კაცი და ქალი პოლიტიკოსები ვინ არიან?

– საინტერესოა, გემოვნებაში რას გულისხმობთ. თუ ჩაცმას გულისხმობთ, პრინც უილიამსა და პრინცესა ქეითს დავასახელებ.

– როცა სადეპუტატო საქმიანობის ვადა ამოგეწურებათ, ჟურნალისტიკაში ხომ არ დაბრუნდებით?

– ჟურნალისტიკა ჩემი ოცნების პროფესიაა, რომლის დაუფლებასაც ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები მივუძღვენი და მას ვერასდროს დავთმობ. სისტემატურად ვაკეთებ ჩანაწერებს და როცა პოლიტიკიდან წავალ, კარგ იუმორისტულ და ინტელექტუალურ შოუებსს გავაკეთებ. ეს ჟანრი ურთულესია ჟურნალისტიკაში, მაგრამ მე ძალიან მიყვარს და ამ დიდ საქმეს სიამოვნებით შევეჭიდები.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე