“დაქალის მშობლები მე და ჩემს ძმას გვწყევლიან”

"დაქალის მშობლები მე და ჩემს ძმას გვწყევლიან"ჩემი დაქალი უცნაური ადამიანი აღმოჩნდა. არ ვიცოდი, ასეთ თვისებებს თუ გამოავლენდა, თორემ ახლოსაც არ გავეკარებოდი. ახლა ვერც ზურგს ვაქცევ, რადგან პრობლემები აქვს, მაგრამ აღარც მის გვერდით ყოფნა შემიძლია.

ცხვირი ნამდვილად წაიტეხა, მეცოდება, მაგრამ ამაში მე არ ვარ დამნაშავე და არც ჩემი ძმა. მისი მშობლები კი სწორედ ჩვენ გვადანაშაულებენ, განსაკუთრებით – ჩემს ძმას. რამდენჯერმე ჩემ გასაგონად დაწყევლეს, მაგრამ მერე გადააკეთეს, თითქოს სხვანაირად თქვეს. ახლახან კი ერთმა მეგობარმა მითხრა, შენი დაქალის დედა შენს ძმას საქვეყნოდ წყევლის, შვილი გამიუბედურაო.

ახლა მოგიყვებით, რა და როგორ იყო და მერე თავად განსაჯეთ, ჩვენ ვართ თუ არა დამნაშავეები.

მეც 17 წლის ვარ და ჩემი დაქალიც. მას ჩემი ძმის ძმაკაცი გაგიჟებით შეუყვარდა. სულ მეხვეწებოდა, თქვენთან რომ მოვა, შემატყობინეო. არ მოისვენა, სანამ არ გაიცნო და ურთიერთობა არ ააწყო. იქამდე მივიდა, რომ ბოლოს ჩემს ძმას გამოუტყდა, ძალიან მიყვარსო. მან თავის ძმაკაცს უთხრა და ასე მოხდა ყველაფერი.

ის ბიჭი ჩვენზე 3 წლით უფროსია. ისეთი სიმპათიურია, უამრავი გოგოს ყურადღების ცენტრში იყო. ჩემი დაქალი მასზე რომ ირეოდა, სულ მეცინებოდა, გულში ვფიქრობდი, ისეთი გოგოები ეპრანჭებიან, მოდელებს რომ ჰგვანან და შენ როგორ მოგაქცევს ყურადღებას-მეთქი, მაგრამ სწორედ ის მოეწონა. ურთიერთობა ააწყვეს და ბოლოს ერთმანეთი შეუყვარდათ.

მეგობრის მშობლებმა იცოდნენ, მათი ქალიშვილი ვისზეც იყო შეყვარებული, არ მოსწონდათ, ამბობდნენ, ჩვენს ოჯახს არ შეეფერება, უსაქმურიაო, მაგრამ ქალიშვილს ვერაფერი შეასმინეს.

ბოლოს დედამისი სახლში გამოკეტვით დაემუქრა, ამიტომ გადაწყვიტეს, გაპარულიყვნენ და დახმარება ჩემს ძმას სთხოვეს. ის ბიჭია და უარი არ უთქვამს. ბიძაჩემისგან ითხოვა მანქანა და გაიპარნენ. ასე შექმნეს ოჯახი.

თავიდან თითქოს ყველაფერი კარგად იყო, ერთიმეორეს კარგად აეწყვნენ, მაგრამ დაახლოებით სამ თვეში ჩემი მეგობარი ქმრის სახლიდან წამოვიდა. ისეთ რაღაცებს ლაპარაკობს მათზე, რომ გაოგნებული ვარ. ჩემი ძმის მეგობარი სულ ჩვენს სახლში იყო, მაგრამ მისთვის ცუდი თვისებები არ შემინიშნავს.

ახლა კი ჩემი დაქალი ლაპარაკობს, რომ მას სცემდა, პლუს დედამთილმაც ერთხელ თმით ითრია. იმ ქალს ვიცნობ და გაოგნებული ვარ, ასეთი რამ როგორ გააკეთა. მე და ჩემი ძმა მართლა არაფერ შუაში ვართ, ჩემი მეგობარი არ დაოკდა, თავი მოიკლა, სანამ ცოლად არ გაჰყვა, ახლა კი ხელს ჩვენზე იხოცავენ.

ცუდ დღეშია, ძალიან განიცდის, ასეთი რამ რომ დაემართა, ამიტომ არაფერს ვეუბნები, უარესად არ ვაღიზიანებ. მისი საქციელი კი მწყინს, ხომ შეიძლება თქვას, ესენი არაფერ შუაში არიან, ასე მე გადავწყვიტეო, მაგრამ მასაც ურჩევნია, დამნაშავეები ჩვენ გამოგვიყვანოს. მისი მშობლებიც იწყველებიან და თითს ჩვენკენ იშვერენ.

ჩემი ძმა საშინელ დღეშია. ცალკე ესენი აწუხებენ პრეტენზიებით და ცალკე ძმაკაცის მშობლები, ეს რა გვიქენი, ჩვენს შვილს როგორი გოგო მოაყვანინეო.

ყველას ვურჩევ, არავის საქმეში ჩაერიონ. ჩემი და ჩემი ძმის შეცდომა ის იყო, რომ თავი არ ავარიდეთ და მათ გვერდით დავდექით. ვფიქრობდით, რომ მეგობრები სწორედ ასე უნდა მოქცეულიყვნენ, მაგრამ შევცდით. ჯობდა, განზე გავმდგარიყავით და მათგან თავი შორს დაგვეჭირა.

“სარკის” ერთგული მკითხველი