გიორგი ცაავას თვალწინ კაცი დანით აჩეხეს – “სისხლისგან იცლებოდა და შველას მთხოვდა”

გიორგი ცაავას თვალწინ კაცი დანით აჩეხეს - "სისხლისგან იცლებოდა და შველას მთხოვდა"კინოსა და თეატრის მსახიობს, გიორგი ცაავას, ცხოვრებამ დაბრკოლებები არგუნა, მაგრამ მათი გადალახვაც ასწავლა. ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცს უკვე მდიდარი გამოცდილება აქვს, ზოგი – საკუთარი, ზოგი სხვისი შეცდომებით დაგროვილი.

ამჟამად მისი ცხოვრება დალაგებულია. ჰყავს ოჯახი – ცოლი, ეკა მეტოპიშვილი და ორი ვაჟი, ნიკოლოზი და ალექსანდრე. მართალია, არც ერთი თეატრის დასის წევრი არ არის, მაგრამ გამოადგა მეორე პროფესია, გიორგი მუსიკოსიც გახლავთ და ჯერჯერობით ერთ-ერთ ბარ-რესტორანში მღერის. მის ცხოვრებაში იყო ხანგრძლივი პერიოდიც, როცა ზეინკლად მუშაობდა, რათა ოჯახი ერჩინა.

– გიორგი, როგორ გაჩნდა თქვენს ცხოვრებაში კინო, თეატრი, როგორ აღმოჩნდით თეატრალურ სამყაროში?

– ბავშვობიდან მოცანცარო ტიპი ვიყავი, სულ ვიღაცებს ვასახიერებდი ეზოში, მეგობრებთან ერთად. სკოლა როგორც კი დავამთავრე, გადაჭრით ვიცოდი, რომ მსახიობი უნდა გავმხდარიყავი.

– მოცანცარო ვიყავიო – ამაში სიცელქე იგულისხმეთ?

– ძალიან რთული, ცელქი და მატყუარა ვიყავი. შემეძლო ადამიანების დარწმუნება. შენი ტყუილის თვითონ თუ არ გჯერა, სხვას ვერ დაარწმუნებ და ალბათ მე ძალიან მჯეროდა, რადგან კარგად გამომდიოდა.

ჩემი უმცროსი შვილი “მიჯოკრავს”. ჩემზე პროფესიონალი გახდა აფერისტობაში. რაღაცებს ისე მატყუებს, ისეთი გამომეტყველებით, რომ ჩვეულებრივად ვიჯერებ.

– მუსიკის სიყვარულიც ბავშვობიდან მოგყვებათ?

– სმენა მქონდა ასპროცენტიანი და ხარისხიან მუსიკას ვუსმენდი. ვიცი დაკვრა ფორტეპიანოზე, დრამზე და ადამიანების ნერვებზე.

– რომელ თეატრში აიდგით ფეხი, როგორც მსახიობმა?

– მოზარდ მაყურებელთა თეატრი ჩემთვის პირველი იყო. ბავშვი ყველაზე რთული მაყურებელია, მას ვერ მოატყუებ, ამიტომ ვთვლი, რომ მოზარდ მაყურებელთა თეატრმა განმავითარა, როგორც მსახიობი.

– თეატრალურ ინტრიგებს, რომლებიც გარდაუვალია მსახიობის ცხოვრებაში, როგორ აღიქვამდით?

– ძალიან ბევრი ინტრიგა იყო, თუმცა, მადლობა ღმერთს, თავის დროზე მოვახერხე თავის დაძვრენა. ზოგადად მწამს, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს. თეატრის მიღმა ცხოვრებაში ძალიან დიდი ინტრიგები იხლართებოდა, მაგრამ ახლა ამის გახსენება აღარც ღირს.

– ადამიანებს თქვენთვის იმედი ხშირად გაუცრუებიათ? რწმენა დაგიკარგავთ?

– კომუნიკაბელური და მეგობრული ვარ. ახლობლები ხშირად მეუბნებიან, კი, იცი ადამიანების “გაშიფვრა”, მაგრამ ძალიან ენდობიო და, აი, აქ მართლაც ბევრჯერ შევცდი, ბევრჯერ გადავიტანე გულისტკენა. მე კი მაინც ასე მწამს, თუ ვენდობი ადამიანს, ბოლომდე ვემეგობრები, სანახევროდ არაფერი მინდა. მტკივნეულია, როცა ემეგობრები, ენდობი და ბოლოს გიღალატებს.

– პირველად როდის გატკინათ გული ღალატმა?

– ალბათ სკოლის პერიოდში დაიწყო, მაგრამ ისეთი ღალატის შეგრძნება, რომ გულისტკივილისგან გეტირება, უფრო გვიან ასაკში მოვიდა. არ შემიძლია ადამიანის დაკარგვა, ძალიან ბევრი რამ შემიძლია ვაპატიო, რომ არ დავკარგო, მაგრამ ბოლოს ვისწავლე ჭკუა, რომ თურმე ბევრჯერ არ უნდა აპატიო. ერთხელ თუ შეეშალა და მიუტევე, ის მეორედაც გაგწირავს.

ადამიანი როცა რაღაცას გპატიობს, ფიქრობ, რომ ის სუსტია და ერთხელ თუ დაგინდო, მეორედაც გაპატიებს და, აი, მანდ ცდები. აღარავის ვაპატიებ, შანსი არ არის! ეს ყველაფერი ასაკმა მოიტანა.

– კომპლექსი, რომელიც ხელს გიშლიდათ ცხოვრებაში, რომელსაც ებრძოდით და დაძლიეთ.

– კლასში ვიყავი ყველაზე დაბალი და სულ ამის კომპლექსი მქონდა. კიდევ – მხედველობის პრობლემა მქონდა და სათვალის გაკეთება არ მინდოდა. ვიღაცამ დამცინა და ამის შემდეგ საშინელი კომპლექსი ჩამომიყალიბდა. მერე, დრო რომ გავიდა, ვისწავლე ჩემი ემოციების მართვა და კომპლექსებიც დავძლიე.

როცა მსახიობი ხარ, ასეთი რაღაცები უნდა დაივიწყო. თუ გახდა არ შეგიძლია, თუ ჩაცმა არ შეგიძლია, მაშინ რა გინდა სცენაზე?! თუ საჭიროა, უნდა ითამაშო ქალიც და უნდა ითამაშო გეიც.

– 6 წელი მუშაობდით მოზარდ მაყურებელთა თეატრში, შემდეგ “თბილგაზში” აღმოჩნდით ზეინკლად. ეს როგორ მოხდა?

– ეს ყველაფერი განაპირობა მატერიალურმა სიდუხჭირემ. თეატრის მაშინდელი ხელფასი არაფერი იყო, იქ კი სტაბილური ხელფასი მქონდა. ასე თუ ისე, ყველაფერს ვერგებოდი, რადგან მყავდა ოჯახი და ეს ამის გამო გავაკეთე. 10 წელი ვიმუშავე ზეინკლად.

– რა გამოცდილება მოგცათ იმ პერიოდმა?

– საერთოდ სხვა სამყაროში აღმოვჩნდი, მაგრამ ადამიანი ამ დროს ერგები ყველაფერს. ენერგეტიკა სერიოზული სფეროა, არ არის ხელწამოსაკრავი. როცა ვისწავლე და დავეუფლე ამას, სხვა “კაიფი” დავიჭირე. ნულიდან დავიწყე სწავლა და ბოლო 3 წელი მთავარ ინჟინრად ვიმუშავე. თეატრიდან წამოვედი, მაგრამ გადაღებებში ჩვეულებრივად ვმონაწილეობდი.

– თქვენს ცხოვრებაში იყო არასწორი ნაბიჯები?

– ხშირად, ერთი შემთხვევა კი ყველაზე ცუდად მახსენდება. სტუდენტობის პერიოდში ვაკის პარკში რომელიღაც კონცერტზე ვიყავით მეგობრები. უცებ მომესმა ვიღაცის ძახილი: “ცაავა, ცაავა, გააჩერე!”. ვიღაც გამორბოდა ჩემკენ, მე ფეხი დავუდე და წაიქცა. მიცვივდნენ ბიჭები და ჩემ თვალწინ აჩეხეს. დაახლოებით 20-ჯერ დაარტყეს დანა. შოკში ვიყავი.

სასწრაფოს ჩემს ძმაკაცთან ერთად გავყევი. საავადმყოფოში სრული განუკითხაობა იყო, არავინ აქცევდა ყურადღებას, ის კი სისხლისგან იცლებოდა. უცებ ამ დაჭრილმა მომკიდა ხელი და მთხოვა, მიშველეო.

გავვარდი გარეთ, გავაჩერე სამარშრუტო ტაქსი, ხალხი გამოვყარეთ, საკაცით ეს ბიჭი ჩავაწვინეთ და გადავიყვანეთ სხვა საავადმყოფოში. გადარჩა! ეს იყო საშინელი ამბავი და ამას პირველად ვყვები. ჩემმა წამოდებულმა ფეხმა ლამის ადამიანი შეიწირა.

– ნათქვამია, ცხოვრება ის მასწავლებელია, რომლის გაკვეთილსაც ვერ გააცდენო. თქვენ რომელ გაკვეთილს გააცდენდით, შესაძლებელი რომ იყოს?

– ყველა გაკვეთილს დავესწრებოდი. ახლაც უამრავ შეცდომას ვუშვებ. ვერ ვიცხოვრებ დალაგებულად, დაგეგმილად, რადგან რაც უნდა დავგეგმო, არ გამომდის. უფრო ვფიქრობ, ვიდრე ვახორციელებ. რასაც ჩავიფიქრებ, არაფერი გამომდის.

– დღეს როგორია 41 წლის მამაკაცის ცხოვრება, წლებმა რა შეცვალა თქვენში?

– 16-17 წლის ვარ ისევ, უბრალოდ გავსუქდი, გავჭაღარავდი და გავხდი მამა, მეტი არაფერი.

ნანუკა ოტიაშვილი, სარკე