გიორგი მარგველაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი”

გიორგი მარგველაშვილი: ,,ბიძინა ივანიშვილი უნდა გახდეს პრემიერმინისტრი"საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველშვილი გუშინ განვითარებულ მოვლენებზე ბათუმში საერთაშორისო კონფერენციაზე „საქართველოს ევროპული გზა“ ისაუბრა. მისი თქმით, პრემიერის გადადგომისა და დანიშვნის პროცესები, რომლებიც საქართველოში ბოლო წლებში ვითარდება, არ შეესაბამება ევროპულ გამოცდილებას. მისივე აზრით, სწორი იქნება თუ მმართველი პარტიის თავმჯდომარე დაიკავებს ქვეყნის პრემიერმინისტრის თანამდებობას.

-მე მიმაჩნია, რომ ეს პროცესები ბევრად უფრო გასაგები, განჭვრეტადი და გააზრებული უნდა იყოს საზოგადოების მიერ. უფრო გასაგები უნდა იყოს რატომ მიდიან თანამდებობიდან წარმატებული პრემიერმინისტრები – რა არის ამის უკან მდგარი არგუმენტი. რა პრინციპითა და კრიტერიუმებით შეირჩევიან ახალი პრემიერმინისტრები.

მე მიმაჩნია, რომ ეს რაღაც მასკარადის პერიოდი, როდესაც უცებ ირჩევიან პრემიერმინისტრები და რა პრინციპით ირჩევიან საზოგადოებისთვის და ჩვენი უცხოელი პარტნიორებისთვის გაუგებარია. ეს უნდა დამთავრდეს.

თუ ევროპულ არჩევანზე და ევროპულ სახელმწიფოს ფორმირებაზე ვსაუბრობთ, მარტივად მოგახსენებთ – იქ პრემიერმინისტრები არიან მმართველი პარტიის ლიდერები. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილი, როგორც მმართველი პარტიის ლიდერი, უნდა გახდეს პრემიერმინისტრი თუ ჩვენ ვლაპარაკობთ პასუხისმგებლიან პოლიტიკაზე და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ ისეთი სახელმწიფო პროცესის ფორმირებაზე, რომელიც სახელმწიფოსთვისა და საზოგადოებისთვის გასაგებია, – აცხადებს პრეზიდენტი.

კვირა