გიგა ჭიკაიძეს მსოფლიოს ჩემპიონობა მამამ სამშობიაროში უწინასწარმეტყველა – “ცოლი ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრია”

გიგა ჭიკაიძეს მსოფლიოს ჩემპიონობა მამამ სამშობიაროში უწინასწარმეტყველა - "ცოლი ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრია"გიგა ჭიკაიძეს რინგზე მსოფლიოს უძლიერესი სპორტსმენები ჰყავს დამარცხებული. კიკბოქსსა და კარატეში ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონია, ახლა კი სპორტის სხვა სახეობაშია (MMA – შერეული საბრძოლო ხელოვნება), რომელიც საქართველოში ცნობილია, როგორც ბრძოლა წესების გარეშე.

10 წლის წინ გიგა საქართველოდან წავიდა. ჯერ ევროპაში ცხოვრობდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში გადავიდა. გვერდით ადრეული ასაკიდანვე უდგას ერთგული მეორე ნახევარი – ცოლი, რომელიც ამერიკაში საკმაოდ კარგ პოზიციაზე მუშაობს და ერთად ორ შვილს ზრდიან. 30 წლის სპორტსმენს სამშობლოსთან მჭიდრო კავშირი აქვს. ყოველი მნიშვნელოვანი ორთაბრძოლის შემდეგ დასასვენებლად საქართველოში ჩამოდის.

– გიგა, სპორტის სხვადასხვა სახეობაში მოსინჯეთ ძალები და ყველგან წარმატებული იყავით. ამჟამად რომელ სახეობაში ხართ?

– დღეისთვის ვარ საბრძოლო ხელოვნებაში, MMA-ში. ეს არის შერეული საბრძოლო ხელოვნება, რასაც ჩვენთან, საქართველოში, უწოდებენ ბრძოლას წესების გარეშე. სანამ ამ სპორტის სახეობაში გადავინაცვლებდი, ვიყავი კიკბოქსში და მსოფლიო რეიტინგში ერთ-ერთი წამყვანი ადგილი მეკავა.

კიკბოქსს სანამ დავიწყებდი, პირველი ნაბიჯები კარატეში გადავდგი და სპორტის ამ სახეობაშიც არაერთხელ მოვიგე მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატი.

– ამდენი რომ მოასწარით და ამდენ სახეობაში მოსინჯეთ ძალები. განა რა ასაკში დაინტერესდით სპორტით?

– ამას ცოტა სასაცილო ისტორია ახლავს თან. მამაჩემი, ზაზა ჭიკაიძე, ყოფილი ძიუდოისტია, საბჭოთა კავშირის ნაკრებში იყო, ადრეულ ასაკში მოიპოვა ტიტულები, რომლებიც ოლიმპიადაზე გასამგზავრებლად სჭირდებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, მძიმე ტრავმების გამო კარიერა ვეღარ გააგრძელა. თურმე როდესაც ახალშობილი სამშობიაროდან გამომიყვანეს, მამას უთქვამს, აქ დაიბადა მსოფლიო ჩემპიონი გიგა ჭიკაიძეო.

4 წლის ასაკიდან დავიწყე კარატეზე სიარული. 6 წლამდე მამზადებდნენ პერსონალურად, შემდეგ უკვე ჯგუფთან ერთად ვვარჯიშობდი. 9 წლის ასაკში ვნახე ჩემი მწვრთნელი პაატა ჭელიძე. მან მასწავლა სპორტის ხელოვნება, რომელსაც დღემდე ვიყენებ და სწორედ ეს განმასხვავებს სხვებისგან, ვარ ერთ-ერთი განსაკუთრებული მებრძოლი. ამისთვის მადლობელი ვარ პაატა ჭელიძის.

14-15 წლის ასაკიდან უკვე კრივი დავიწყე. 2008 წლიდან გადავედი ჰოლანდიაში და კიკბოქსის პროფესიულ რიგებში ჩავერთე. 2014 წლიდან კი ამერიკაში წავედი. რამდენიმე კლუბიდან მქონდა შემოთავაზება, ვეწვიე სხვადასხვა შტატს, ქალაქს, მოვინახულე სხვადასხვა კლუბები. კალიფორნიაში შევჩერდი და ლოს ანჯელესის ერთ-ერთ კლუბში დავიწყე მომზადება. მას შემდეგ დღემდე ამ კლუბში ვირიცხები.

– რატომ წახვედით საქართველოდან, აქედან არ შეგეძლოთ შეჯიბრებებზე გევლოთ?

– იმიტომ წავედი, რომ პირობები არ იყო. სპორტდარბაზებში დღემდე რთული ვითარებააა. განსაკუთრებით გაუსაძლისი პირობებია სპორტის ამ სახეობებში, ყურადღება არ ექცევა. არანაირი ინვენტარი არ არის, რომ სპორტსმენებმა ივარჯიშონ. ასევე პრობლემებია მწვრთნელებშიც. არ გვყავს უნიკალური მწვრთნელები, მათ ტრენინგების გავლა სჭირდებათ.

სწორედ ამ ყველაფრის გამო დავიწყე ფიქრი საქართველოდან წასვლაზე, რათა ჩემი კარიერა და წინსვლა სხვა ქვეყანაში გამეგრძელებინა.

– მაგრამ სპორტსმენებისთვის ასე ადვილი არ არის უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება, იქ კარგი პირობებია, მაგრამ კონკურენციაც დიდია. თქვენც მოგიხდათ რთული გზის გავლა?

– ძალიან რთულია უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება და მით უფრო ამერიკაში, მაგრამ ჩემს შემთხვევაში დიდი მოთხოვნა იყო სხვადასხვა ორგანიზაციიდან, რომ მათთან გამემართა ბრძოლები და პრობლემები ძალიან მალე მოვაგვარე. მე გამიმართლა, მაგრამ აქ ემიგრანტები ბევრ პრობლემას აწყდებიან.

– სიყვარულიც უცხოეთში ხომ არ გეწვიათ?

– არა. მე და ჩემი მეუღლე, თამუნა, 14-15 წლიდან ვიცნობთ ერთმანეთს, ერთ სკოლაში ვსწავლობდით. დაახლოებით 18 წლის ვიყავი, როცა ცოლად მოვიყვანე. ამის შემდეგ თამუნა არის ჩემი გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრი. ჰოლანდიაშიც ერთად ვიყავით და შემდეგ ერთად გადმოვედით ამერიკაში. თამუნა აქ ერთ-ერთ წამყვანი სასტუმროების კომპანიაში მუშაობს, მარკეტინგის დირექტორია.

რაც შეეხებათ შვილებს, ნიტა სკოლაში დადის და ძალიან უნდა მსახიობობა. უკვე რამდენიმე მოკლემეტრაჟიან ფილმშიც მიიღო მონაწილეობა, ასევე გადაიღეს რამდენიმე რეკლამაში. მაქსიმე ჯერჯერობით პატარა კაცია, თუმცა ფიზიკურად იმხელაა, რომ ცოტა ხანში ჩემთან ერთად დაიწყებს ვარჯიშს.

– საქართველოში ახერხებთ ხშირად ჩამოსვლას?

– რაც ამერიკაში გადმოვედი, სიმართლე გითხრათ, ხშირად ვეღარ ვახერხებ. ჰოლანდიაში რომ ვცხოვრობდი, იქიდან საქართველოში ხშირად ჩამოვდიოდი, თუმცა ერთგვარი ტრადიცია მაქვს, ვცდილობ, ყოველი ბრძოლის შემდეგ და განსაკუთრებით მაშინ, თუ გავიმარჯვებ, საქართველოში ჩამოვიდე და თავისუფალი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გავატარო.

სპორტის ამ სახეობით დაკავებულ ადამიანებს ძალიან რთულ რეჟიმში გვიწევს მუშაობა და ჩემს ქვეყანაში ყველაზე კარგად ვისვენებ.

– როგორც ვიცი, სამშობლოში ქველმოქმედებას ეწევით, ახლახან ჭიათურაში უსახლკარო ოჯახს სახლი უყიდეთ. გვიამბეთ თქვენი ცხოვრების ამ ნაკლებად აფიშირებულ მხარეზე.

– ქველმოქებაზე საუბარი არ მიყვარს. რასაც ვაკეთებ, იმ სიკეთის გახმაურება არ მინდა.

ირაკლი ვაჩიბერაძე, სარკე