“გიგა ტყემალაძემ შეყვარებულს დაუბარა, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო” – როგორ დაიღუპა ევროპის ჩემპიონი პანკისის კლდეებში

"გიგა ტყემალაძემ შეყვარებულს დაუბარა, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო" - როგორ დაიღუპა ევროპის ჩემპიონი პანკისის კლდეებში“მე მინდა, უბრალოდ მთებზე ვიარო, ალბათ მომიწევს ძალიან ბევრი სიარული კლდეებზე ფეხით. ვიდეოს და სურათებს გაჩვენებ საღამოს, საყვარელო”, – ასე მითხარი, შემპირდი, მაგრამ აღარ დაბრუნდი. შენ ჩემი გული ხარო, ისიც მომაძახე და წახვედი”, – იხსენებს გიგა ტყემალაძის უკანასკნელ დღეს მისი შეყვარებული სოციალურ ქსელში.

გიგა პანკრატიონში მსოფლიო ჩემპიონი იყო.

26 წლის სპორტსმენი პანკისში, ხადორის ხეობაში, ხევში გადაიჩეხა და გარდაიცვალა. სავარაუდოდ, მას კლდიდან ფეხი დაუცდა და დაახლოებით 150 მეტრი სიმაღლიდან გადავარდა.

გიგა ტყემალაძის მწვრთნელი, პანკრატიონის ფედერაციის პრეზიდენტი, კობა ტყეშელაშვილი, ამბობს, რომ გიგა ხადორის ხეობაში ნათესავებთან ერთად სასეირნოდ წავიდა. ულამაზესმა ხეობამ კი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მამაკაცი არ დაინდო.

კობა ტყეშელაშვილი:

– გიგა ხაშურელია, სოფელ ტეზერში ცხოვრობდა. ჩემი შვილის ნათლია იყო და საშინლად დაგვწყვიტა გული.

მსოფლიოს სამგზის და ევროპის ხუთგზის ჩემპიონი იყო პანკრატიონში და შერეულ ორთაბრძოლებში (ბრძოლა წესების გარეშე). დიდი ხანია, რაც ვარჯიშობს. მინიმუმი, 10 წელი იქნება, რაც ამ სპორტშია. მანამდე თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიშობდა.

– ამერიკაში ცხოვრობდაო, დაიწერა.

– არა. ამერიკაში მოთხოვნა იყო მასზე და ჩვენ გავუშვით. იქ მხოლოდ 2 წლით იყო. აიწყო სპორტული კარიერა და დაბრუნდა. ნეტავ, საერთოდ არ დაბრუნებულიყო! ყველგან საქართველოს სახელით გამოდიოდა. დაახლოებით ორი კვირის წინ ევროპის ჩემპიონი გახდა გრემპლინგში.

ამერიკაში ჩადიოდა და ჩამოდიოდა. ემიგრანტად არ წასულა. სახლი მისცეს იქ და ავარჯიშებდნენ, თანხასაც უხდიდნენ. ამ ზამთარს დაბრუნდა და აღარ წასულა.

– რა მოხდა იმ საბედისწერო დღეს?

– პანკისის ხეობაში ხშირად დადიოდა. რომ ნახოთ, იქ რა სილამაზეა, იტყვით, აქამდე საქართველო არ მქონია ნანახიო. იმ დღესაც ნათესავებთან, ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად წავიდა. ითქვა, სანადიროდ იყო წასულიო. შეიძლება თოფებიც ჰქონდათ, მაგრამ გიგა მონადირე არ ყოფილა. ბოტასები ეცვა ფეხზე და მონადირე კი ნადირობისას ამ ფეხსაცმელს არასოდეს ჩაიცვამს.

ბიძამისი იხსენებდა, ერთხელ კურდღელს ვესროლე, დავჭერი და გიგას ვუთხარი, ახლა შენ მიხედეო. თოფი აიღო და გაეკიდა, არ უნდოდა, მოეკლაო. სხვანაირი, სუფთა გულის ადამიანი იყო. შეეძლო მეგობრისა თუ ნათესავისთვის თავი გაეწირა. საოცრად უშიშარი და ძლიერი პიროვნება გახლდათ.

ფეხი დაუცურდა და სანამ გადავარდებოდა, ხეს შეასკდაო. ეტყობა, ხეს თავი დაარტყა, გაითიშა და მერე გადავარდა. კეფა აქვს დარტყმული და კეფის ძვალი აქვს დამტვრეული. ბიძაშვილები მაშინვე ჩასულან, ერთი წუთიც არ იყო გასული მისი ჩავარდნიდან, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო.

ყველაფერს თავისი წესი აქვს. ამ პერიოდში ყველაზე რთული ყოფილა მთაში სიარული. ახალი ბალახი რომაა წამოსული, თურმე მაშინ არის ფეხის მოცურების დიდი საშიშროება. თან მძიმე წონის იყო და, რომ დაეშვა, ვეღარ შეიკავა თავი. რომ მითხრა, ხვალ მივდივარ ხადორის ხეობაშიო, თითქოს არ მესიამოვნა და ვუთხარი, არ წახვიდე, ხვალ მოდი და ივარჯიშე-მეთქი, მაგრამ ვერ გადავათქმევინე…

– სოციალურ ქსელში დაიწერა, ალბათ ხელი ჰკრესო.

– რა სისულელეა! ბიძაშვილ-მამიდაშვილებთან ერთად იყო და მათ ჰკრეს ხელი?! გიგა ძალიან მორწმუნე იყო, მონასტერში ხშირად დადიოდა. ნამდვილი ქართველი, უვაჟკაცესი პიროვნება, მიმტევებელი ადამიანი გახლდათ. თუ ვინმესთან იჩხუბებდა, მერე თვითონ მივიდოდა და გულში ჩაიხუტებდა. თუ რაიმე დადებითი თვისება არსებობს ადამიანებში, ყველაფერი ჰქონდა. საკუთარი შვილივით მყავდა.

ძალიან ძლიერი იყო. როცა მასთან ერთად შეჯიბრზე მივდიოდი, ვიცოდი, რომ ოქროს მედლის გარეშე არ დავბრუნდებოდით.

– შეყვარებული ჰყოლია…

– დიახ, შეყვარებული ჰყავდა და მისთვის უთქვამს, გავისეირნებ, მთებს გადავხედავ და საღამოს მოვალო. სექტემბერში დაოჯახებას აპირებდნენ. ეს გოგო ამბობს, ისე დამემშვიდობა, უცნაურად მომეჩვენა და ვუთხარი, ფრთხილად იყავი, ფეხი არაფერს წამოჰკრაო. ალბათ წინათგრძნობა იყო.

 რუსუდან ადვაძე, სარკე