ანა დოლიძე: ,,ჩვენ მარტოხელა მშობლებიც გვყავს, რომელთაც სახელმწიფო ცალკე დახმარებას არ აძლევს”

ანა დოლიძე: ,,ჩვენ მარტოხელა მშობლებიც გვყავს, რომელთაც სახელმწიფო ცალკე დახმარებას არ აძლევს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე 10 წლის ვაჟის დედაა. ის  თავის ოჯახზე მშობლები.ჯი-სთან ყვება:

– ჩემი ოჯახი მიეკუთვნებოდა იმ კატეგორიის ოჯახებს, რომლებსაც საბჭოთა კავშირში “ტექნიკურ ინტელიგენციას” ეძახდნენ. მამაჩემი პოლიტექნიკური ინსტიტუტის პროფესორი, მათემატიკოსი ვალერი დოლიძე, დედა ინჟინერი გახლდათ. ორივე მათგანი სახლში განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ორ ფასეულობას – რეჟიმს და შრომას.

რაც მახსოვს ჩემი ბავშვობიდან, ეს იყო ძალიან სერიოზული აქცენტი დისციპლინაზე, მოახლოვდებოდა თუ არა ცხრა საათი, ვიძინებდით. სულ გვასწავლიდნენ, რომ ყველაფერი შენით უნდა გააკეთო და მოიპოვო. მიგვანიშნებდნენ იმაზე, რომ რაც დაგვჭირდებოდა, ყველალფერი ჩვენით უნდა გვეყიდა სწავლის და ცოდნის მეშვეობით.

ანა დოლიძე: ,,ჩვენ მარტოხელა მშობლებიც გვყავს, რომელთაც სახელმწიფო ცალკე დახმარებას არ აძლევს"ძალიან შეძლებული ოჯახი არ გვქონია, პირიქით, ერთი ჩვეულებრივი საბჭოთა ოჯახი ვიყავით. ახლანდელი თაობის ბავშვებისგან განსხვავებით, ჩემი ბავშვობის დიდ პლუსი იყო დიდი  სათამაშო სივრცე, ეზო…  დღეს ბავშვებს არდადეგები აქვთ და სახლში არიან გამოკეტილნი, ვამბობ,  ეს ბავშვები ეტყობა აივანზე უნდა გამოვფინოთ-თქო. ყველგან მანქანებია, წერილის დაწერა მინდა სათაურით “ტროტუარი ჩვენი არსობისა”, ეზო კი არა, სასიარულო სივრცეც აღარ გვაქვს უკვე.

ჩვენ კი სკოლიდან რომ მოვიდოდით და დავალებებს შევასრულებდით, ეზოში ვთამაშობდით. მეთვალყურეობაც ადვილი იყო, მშობლები კორპუსებიდან გვადევნებდნენ თვალს. სტადიონიც გვქონდა, საქანელებიც… ვფიქრობ, რომ გამიმართლა, რადგან პირობები მქონდა კარგად სწავლისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისთვის, სახლში სიმშვიდე სუფევდა…

– გადატვირთული დღის წესრიგის გათვალისწინებით, რამდენად ახერხებთ იყოთ თქვენი შვილის, ანდროს ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართული?

– ვცდილობ, შესაძლებლობის ფარგლებში დავამკვიდრო, რომ მე ვარ ჩემი ცხოვრების გამგებელი, ჩვენს ქვეყანაში არ უდებენ გოგოებს თავში იმ აზრს, რომ თავად შეუძლიათ განაგონ თავიანთი ცხოვრება, ჩვენ გვასწავლიდნენ, რომ დაოჯახებამდე ჩვენს საქმეებში ერევიან მშობლები, შემდეგ კი მეუღლე .

ყოფილა შემთხვევები, საბჭოს სხდომაზე მითქვამს, რომ ბავშვს აქვს ან ღონისძიება, ან ექიმთან არის წასაყვანი და არ მოსვულვარ. ხშირად მესმის ცნობილი ადამიანების შვილების პრეტენზიები, “მე სულ არ მაინტერესებს, სამშობლო უნდა გადაგერჩინა, თუ ომი უნდა მოგეგო, მინდოდა, მოგეხედა ჩემთვის”.

ირაკლიც ძალიან ჩართულია ანდროს აღზრდის პროცესში. მიმაჩნია, რომ შვილი არის ჩემი პირველი პრიორიტეტი. მეორე პრიორიტეტი არის კარიერა და არა პირიქით. სხვათა შორის, რაც ამერიკელ და კანადელ ხალხს არ აქვს, ჩვენ გვაქვს. ეს არის სოციალური მხარდაჭერა. ჩვენთან არსებობს ტრადიცია, რომ ქალს დედა, დეიდა, ბებია, მამიდა, ახლობლები დაეხმარონ ბავშვის აღზრდაში.

ჩემს გარშემო არიან მშობლები, რომლებიც ორ სამსახურში მუშაობენ – დღის განმავლობაში გამყიდველად და საღამოს საათებში – კაზინოში. რა ქნან? გადარჩენისთვის იბრძვიან. ვერავის ვერ გავამტყუნებ. ასეა ჩვენი სახელმწიფო მოწყობილი, ადამიანებს ბრძოლა უწევთ გადარჩენისთვის.

უნდა იყოს ბაღები ხელმისაწვდომი, სადაც კარგი პირობები იქნება ბავშვებისთვის შექმნილი. თან არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მარტოხელა მშობლებიც გვყავს, რომელთაც სახელმწიფო ცალკე დახმარებას არ აძლევს, მარტოხელა მშობლის სტატუსი არის მხოლოდ სტატუსი, თუ სოციალურდ დაუცველია, იღებს ამ დახმარებას მხოლოდ, მაგრამ მას ცალკე დახმარება არ ეძლევა. ეს არასწორია. თუ ბავშვს არ ჰყავს მამა ან დედა, მარტოხელა მშობელს დამატებით უნდა მივცეთ კომპენსაცია.

– თუ ყოფილა შემთხვევა, როცა შვილს სჭირდებოდით და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებაზე უარი გითქვამთ? 

– ცალსახად მოვქცეულვარ ასე. დავდივარ ანდროს ყველა ღონისძიებაზე, ხშირად ვეკონტაქტები მასწავლებლებს, მეტსაც გავაკეთებდი, რომ შემეძლოს, მაგრამ სულ ვცდილობ, რომ ძალიან ჩართული ვიყო შვილის აღზრდის პროცესში, ეს არის ჩემთვის ნომერ პირველი საქმე.

მახსენდება ერთი შემთხვევა, უნდა მესაწვლებინა დიუკის უნივერსიტეტში ზაფხულის სკოლაში და ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა, ვფიქრობდი, რა მექნა. მაშინ ჩემს დეკანს ვკითხე, რომელიც ძალიან ფემინისტია და სამი შვილის დედაა. მან მითხრა დაურეკე და უთხარი, რომ ბავშვი გყავს, კეთილი ინებონ და უზრუნველყონ, რომ შესაბამისი პირობები შეგიქმნან, თუ უნდათ, რომ შენ იქ ასწავლო.

მსგავსი რამ ქართულ რეალობაში ცოტა წარმოუდგენლად მიგვაჩნია. მაგრამ თუ ჩვენს ხელისუფლებაში იქნებიან ფემინისტი ქალები, შევძლებთ გავაკეთოთ საბავშვო ოთახები. მაგ. მარტოხელა დედა რომ მოდის სასმართლო დავაზე, ბავშვს სახლში კი არ დატოვებს, მოიყვანს და სათამაშო ოთახში დატოვებს. როდესაც სამუშაო სივრცეს ქმნი, უნდა გაგახსენდეს, რომ ეს პრობლემა არსებობს.

მე მესმის ქალების, რომლებიც არ არიან ისეთ პირობებში, რომ დამქირავებლებს მსგავსი პირობები წაუყენონ, უამრავი შემთხვევა ვიცით, როცა ქალები მარტო იმიტომ არ აჰყავთ სამსახურში, რომ ახალგათხოვილები არიან. ორსულ გოგოებს თუ კერძო სექტორში მუშაობენ, ვაჭრობა უწევთ ორსულობის შვებულების მოსაპოვებლად.

უფრო მეტსაც გეტყვით, ამას წინათ ყველაზე დიდი დავა ორსულობის შვებულებაზე მამამ გაწია. მას მოუწია დავა იმაზე, რომ ეკუთვნოდა დეკრეტული შვებულება ბავშვების მოვლისთვის. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენი პოლიტიკაში კი არ გყადეს ღიპიანი კაცები, რომლებიც, ღმერთმა იცის, მონაწილეობენ თუ არა შვილის აღზრდის პროცესში, არამედ გვყავდეს ისეთები, რომლებიც მსგავსი საკითხების მოგვარებაზე იფიქრებენ.

– აღზრდის პლუსები და მინუსები რაც ძველ თაობის მშობლებს ჰქონდათ და რაც ახალი თაობის წარმომადგენლებს აქვთ…
– მთავარი, მე რაც მომწონს ძველი თაობის აღზრდის მეთოდებში, ეს იყო არამატერიალიზმის განცდა. მე ჩემს შვილს ანდროს ვუყვები, რომ მქონდა ორი წყვილი ფეხსაცმელი და ორი წყვილი შარვალი და არ მქონდა ბევრი სათამაშო… არ მესმის, პატარა ბავშვებს რად უნდათ “აიპადი”. მეტი აქცენტი სულიერ ფასეულობებზე უნდა გადავიტანოთ და არა მატერიალურზე.

ჩვენთან ბავშვები გაყოფილია ორ კატეგორიად, ეს არის საჯარო სკოლის და კერძო სკოლის ბავშვები . რაც არის ძალიან დიდი პრობლემა. აი, რატომ მიჰყავთ ისრაელში ყველა ჯარში, არ აქვს მნიშვნელობა, პარალამენტარის, მინისტრის თუ ვისი შვილია. იმიტომ, რომ ზუსტად ასე იქმნება თანასწორობის განცდა. ჩვენი საზოგადოება დაყოფილია მკაცრ ფენებად, ვისაც საშუალება არ აქვს წაიყავონოს კარგ სკოლაში, დაჰყავს ბავშვი საჯარო სკოლაში, რომლის მომავალიც როგორი იქნება, არავინ იცის.

მშობლები.ჯი