“ჩემი ქმარი კაცად რომ ვაქციე, სხვა ქალთან წავიდა”

– გინდათ, ტანგოს ცეკვა გასწავლოთ?

– ახლა? რაღაც უცნაურია…

– რისი გეშინიათ?

– მეშინია, არ შემეშალოს.

– ტანგოში არ არსებობს შეცდომები, ისევე როგორც ცხოვრებაში. თუ შეგეშლება, თავი ისე უნდა დაიჭირო, რომ ასე იყო საჭირო და განაგრძო ცეკვა.

ალბათ ბევრს გაგახსენდათ ეს დიალოგი ფილმიდან “ქალის სურნელი”. ლამაზი, წარმოსათქმელად ადვილი სიტყვებია, მაგრამ შესასრულებლად – ძალიან რთული.

მე შემეშალა, თანაც ძალიან შემეშალა, მაგრამ გვიან ვისწავლე, რომ არ უნდა შემემჩნია, უნდა გამეგრძელებინა ცხოვრებასთან ცეკვა. როცა ამას მივხვდი, ჩემი ჯანმრთელობა უკვე საკმაოდ შელახული იყო, ჩემი ნერვები – განადგურებული.

ჩემი შეცდომა ის იყო, რომ ცუდ ადამიანთან გავაბი ურთიერთობა. მხოლოდ გულს დავუგდე ყური, გონების ხმას კი წავუყრუე, არაფრად ჩავაგდე. ვხედავდი, რომ არასწორ არჩევანს ვაკეთებდი, მაგრამ ჩემი გრძნობა ისეთი ძლიერი იყო, მეგონა, მთების დაძვრას შევძლებდი.

ოჯახის წევრები მეუბნებოდნენ, რომ არ შემეფერებოდა, მას უნდა დავშორებოდი, მაგრამ არავისი მესმოდა. ისიც თავბრუს მახვევდა, მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. ისეთ რაღაცებს აკეთებდა ჩემთვის, ცაში დავფრინავდი. ვფიქრობდი, რომ ჩემზე მეტად არასოდეს არავინ ჰყვარებიათ და არსად არსებობდა ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც ჩვენ გვქონდა.

“ფიზიკურად არ შეგეფერება”, “ხასიათებით რადიკალურად განსხვავდებით”, “ოჯახისშვილობითაც შენგან შორს დგას”, “უსაქმურია” – სულ მესმოდა ეს სიტყვები, მაგრამ ყველაფერს ვისხლეტდი და მხოლოდ მიყვარდა.

ჩვენი სიყვარული ქორწინებით დაგვირგვინდა. უბედნიერესი ქალი ვიყავი. ჩემთვის შეუფერებელი კაცი ნამდვილი პრინცი მეგონა, ვაქციე კიდეც პრინცად – რაც არასოდეს ღირსებია, ის მივეცი – მანქანა, სამსახური, კარგი ჩასაცმელი, მოგზაურობა უცხოეთში… სახლიც კარგი მქონდა და ფუფუნებაში ცხოვრობდა. მერე შვილიც ვაჩუქე – ბიჭი.

ძლიერი ოჯახიდან ვარ. მშობლები 40 წლის იყვნენ, როცა მე გავჩნდი. ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამზრდიდნენ, მით უმეტეს, მამა ცნობილი ექიმი გახლავთ და ფინანსურადაც მყარად იდგა ფეხზე, არც პატივისცემა აკლდა. მეტი შვილი აღარ გაუჩენიათ, ყველაფერი მე მომიძღვნეს.

არ გეგონოთ, მამის და დედის ასეთი განებივრებით ვსარგებლობდი და არაფერს ვაკეთებდი, პირიქით, გაორმაგებით ვშრომობდი, რომ მათი სახელი არ შემერცხვინა. 24 წლის ვიყავი, როცა საკუთარი ფულით, ჩემი დანაზოგით თბილისში ოროთახიანი ბინა ვიყიდე. მეც ექიმი ვარ, თავს არ ვიქებ, მაგრამ საკმაოდ წარმატებული, ჩემს რაიონში ყველა მიცნობს და ეს ისტორიაც იციან, რასაც ახლა ვყვები.

მომავალი მეუღლე 29 წლის ასაკში გავიცანი. ჩემს პაციენტს მოჰყვა, მოხუც ქალს. მითხრა, ქუჩაში გახდა ცუდადო. თურმე ხელში აყვანილი მოუყვანია საავადმყოფომდე. ამ მოხუც ქალს ისე უვლიდა, ისეთი სითბოთი ექცეოდა, რომ გული გამითბა. მიკვირდა, მეზობელია, ოჯახის წევრი ხომ არა, ასე როგორ ექცევა-მეთქი. თურმე ეს ყველაფერი მისი ნიღაბი იყო, სინამდვილეში კი სასტიკი, დაუნდობელი ყოფილა.

იმ ქალს მეორედაც მოჰყვა, მერე ტელეფონი გამომართვა, ცუდად რომ გახდეს, რჩევას გკითხავო. მართლაც დამირეკა ჯერ რჩევისთვის, მერე – მოკითხვისთვის, მერე – შეხვედრისთვის და ასე დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი.

მამას განსაკუთრებულად არ მოსწონდა, მეუბნებოდა, მასში სიყალბეს ვხედავო. არც ის სიურპრიზები მოსწონდა, რასაც მიწყობდა. მაფრთხილებდა, ეს არაბუნებრივია, ნამდვილი კაცები ასე არ იქცევიანო. მე კი მამისგან მწყინდა, ზოგჯერ ეჭვიანობაშიც ვუთვლიდი, ერთადერთი გოგოს გათხოვება არ უნდა-მეთქი. თურმე უნდა დამეჯერებინა მართლაც ნამდვილი მამაკაცისთვის, ანუ მამაჩემისთვის, მაგრამ მე სხვანაირად მოვიქეცი.

ჩემი ქმარი, რომელიც არც მუშაობდა და სახლში ძმა და მამა ლუკმას ამადლიდნენ, ჩემს სახლში მოვიყვანე, კაცად ვაქციე, ყველაფერი მივეცი, რაც ადამიანს ნორმალური ცხოვრებისთვის, ბედნიერებისთვის სჭირდება. მერე კი, იცით, როგორ მომექცა? მიღალატა! სხვა ქალთან წავიდა და ეს მოხდა ქორწინებიდან ზუსტად 4 წელიწადში.

გაოგნებული დავრჩი. ვფიქრობდი, რა დავაკელი, ასე რატომ მომექცა-მეთქი. ხან თავის მოკვლაზე ვფიქრობდი, ხან – მის მოკვლაზე. ამ ბრძოლებმა საშინელ დღეში ჩამაგდო, ლოგინიდან აღარ ვდგებოდი, აღარც ვჭამდი, აღარც შვილი მაინტერესებდა. მამა გადასხმებს მიკეთებდა, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი. ის ერთი წელი, რაც დეპრესიაში ვიყავი, წესიერად აღარც მახსოვს, თითქოს იმ დღეებს ნისლი აქვთ გადაკრული.

გონზე მაშინ მოვედი, როცა მამამ მითხრა, დედაშენი გულის შეტევით საავადმყოფოში დავაწვინეთო. აი, მაშინ გავიაზრე, რას ვაკეთებდი, რისთვის და ვისთვის ვიკლავდი თავს ან ჩემებს ვის და რას ვწირავდი. ლოგინიდან წამოვფრინდი. “დედას ვჭირდები!” – მარტო ამას ვიმეორებდი გულში და ცხოვრებას თავიდან ვსწავლობდი.

მადლობა უფალს, ჩემი მშობლები კარგად არიან, დედაც გამოჯანმრთელდა და მეც თანდათან ვიშუშებ ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილებს. ჩემი დედ-მამა ასაკში არიან და ახლა იმისთვის ვიბრძვი, მაქსიმალურად გავუხანგრძლივო სიცოცხლე და ბედნიერები იყვნენ. ამაში ჩემი შვილიც მეხმარება, რომელზეც პაპას და ბებიას მზე და მთვარე ამოსდით.

ჩემი შეცდომა ის არის, რომ შეცდომა შევიმჩნიე და “ცეკვა” არ განვაგრძე. წავფორხილდი, დავეცი და ადგომა აღარ ვცადე. ყველას გირჩევთ, გაითვალისწინეთ ეს მაგალითი და ჩემსავით არ მოიქცეთ. არ არსებობს, ადამიანმა შეცდომა რომ არ დაუშვას, მაგრამ უფლება არ გვაქვს, ამის გამო დეპრესიაში ჩავვარდეთ და წარსულში ჩავრჩეთ. საკუთარი და ჩვენთვის ახლობელი ადამიანების ბედნიერებისთვის უნდა ვიბრძოლოთ.

სარკის ერთგული მკითხველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018