პაატა იმნაძე: “ერთი 16 წლის და ერთიც პატარა ბავშვია გარდაცვლილი”

სოციალურ ქსელში არაერთმა მშობელმა დაწერა, რომ ბავშვებში მაღალი სიცხეებით მიმდინარე ვირუსებმა იმატა. იმასაც ამბობენ, რომ კლინიკებში სიცხეს გაურკვეველ ვირუსს აბრალებენ. იმის გამო, რომ დედებს ძალიან აღელვებთ ყველანაირი გადამდები დაავადების მატება, ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად დაავადებათა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს – პაატა იმნაძეს დავუკავშირდით.

– ეს ჩვეულებრივი ვირუსებია, რომელიც ოდნავაც არ არის საგანგაშო. ჩემს შვილიშვილსაც მაღალი სიცხე აქვს ამ წუთას… სხვადასხვა ვირუსია. ორასზე მეტია გაციების ვირუსი არსებობს. რამდენიმე სახეობის გაციების ვირუსი ახლაც არის გავრცელებული. ზაფხული არ შესულა ჯერ კარგად ძალაში, არამდგრადი ამინდები იყო და ამიტომაა, ვირუსების გავრცელება რომ გრძელდება. როგორც მოგახსენეთ, ჩემს შვილიშვილს აქვს სიცხე და ნორმალურია, პატარა ბავშვი წელიწადში ოთხჯერ, შვიდჯერ ან რვაჯერ თუ გაცივდება. წელს, შეიძლება ითქვას, რომ ამინდების გამო ვირუსების სეზონი ცოტა გახანგრძლივდა…
საგანგაშო ეს ვირუსები კი არა, ქვეყანაში მოდებული წითელაა. წელს უკვე ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს. წესით, ახლა წითელა აღარ უნდა იყოს, მაგრამ მაინც ვლინდება შემთხვევები.

– რას ურჩევდით მოსახლეობას?
– აცრას! მეტი რა უნდა ვურჩიო?! სულ მოვუწოდებთ და ჯერჯერობით ბევრმა კიდევ არ შეისმინა, თორემ ავად არ გახდებოდნენ… ათასზე მეტი შემთხვევაა და ორი გარდაცვლილი. ერთი 16 წლის იყო და მეორე – პატარა ბავშვი…

– ზაფხული ხელსაყრელი პერიოდია წითელას გავრცელებისთვის?
– ზაფხული ჩვეულებრივ ხელსაყრელი პერიოდი არ არის, მაგრამ როდესაც ამდენი შემთხვევაა ქვეყანაში, შეიძლება ჩვეულებრივ გავრცელდეს. ზაფხულში მოძრაობაა დიდი, ბავშვები სოფლებში მიდიან, ზოგი პირიქით, ჩამოდის და შემთხვევებიც მოიმატებს. მარტო ბავშები კი არა, ჩვენთან ძირითადი პრობლემა ისაა, რომ დიდები არ არიან აცრილი – 18 წლიდან 40 წლამდე. ამ ასაკის მოსახლეობის დიდი ნაწილი ამთვისებელია წითელასი. ბავშვებს ძირითადად ამ ასაკში აჩენენ და დედა თუ არ არის იმუნური, ბავში რომ ჩნდება, მას დედისგან არ აქვს თანდაყოლილი იმუნიტეტი, რომელიც მას იცავს დაბადებიდან რამდენიმე თვე, სანამ  აცრა მოუწევს.

მოგეხსენებათ, აცრა ერთი წლის ასაკში უწევს. ამიტომ ბავშვებს წითელა ერთი წლის ასაკშიც ემართებათ და ძალიან მძიმედ მიმდინარეობს, რასაც შეიძლება 10-15 წლის მოგვიანებით მოჰყვეს გართულებები. ეს გვიანი გართულებებია და იმდენად მძიმე გართულება, რომელიც ლეტალურად მთავრდება… ამიტომ ვეხვეწები ყველა ქალბატონს, რომ თუ დაორსულებას აპირებენ, ერთი თვით ადრე აიცრან! აცრის გარეშე ორსულობის დროს რომ წითელა ან წითურა დაემართოს, ეს უკვე განაჩენია ნაყოფისთვის! თუ ორსულია ოჯახში, მისი აცრა არ შეიძლება და ოჯახის ყველა წევრი უნდა აიცრას, ინფექცია რომ არ მიუტანოს ორსულს სახლში!

მანანა გაბრიჭიძე, მშობლები

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018