მარინა ჯანაშიამ მაყურებელი ქალი თვითმკვლელობისგან გადაარჩინა – “ინტიმურ სცენებს რამდენიმე ზეწარში გახვეული ვიღებდი”

დღეს ქართველი მსახიობები განებივრებულები არ არიან როლებით, მით უმეტეს – კინოში და თუ ფილმში სათამაშოდ ვინმემ დაუძახა, ღვთის წყალობად მიიჩნევენ და კამერასთან მუშაობის ჟინს ბოლომდე თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც იკმაყოფილებენ. რუსთაველის თეატრის მსახიობმა მარინა ჯანაშიამაც მიიღო ასეთი საჩუქარი და სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა ახალ ქართულ ფილმზე მუშაობა, სადაც მონაზვნის როლში მოევლინა მაყურებელს.

– ქალბატონო მარინა, გვიამბეთ ახალ ფილმზე, როგორ მოხვდით ამ როლში, როგორ მიმდინარეობდა გადაღებები.

– ეს არის ფილმი “მშვიდობით, ქალბატონო” ჯონ გოლსუორთის ნაწარმოების მიხედვით. რეჟისორი გახლავთ ახალგაზრდა ნიჭიერი ყმაწვილი – მიშა ქრისტესაშვილი, რომელსაც პირველად შევხვდი. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, საიდან, მაგრამ ალბათ ღვთის წყალობით აღმოვჩნდი ფილმში, სადაც გავიცანი საინტერესო ადამიანები, საინტერესო პარტნიორები. ესენი არიან მარი ნადირაძე და ქეთი ასათიანი. ქეთი უკვე მიშა თუმანიშვილის თეატრის მსახიობია, მარი კი ახლა აპირებს ამ საინტერესო გზაზე დადგომას.

ნაწარმოებში მოქმედება ხდება კათოლიკურ ეკლესიაში, მაგრამ რეჟისორმა გადმოიტანა მართლმადიდებლურში. გადაღება მიმდინარეობდა ანანურში. ფილმი მოკლემეტრაჟიანია და რაღაცნაირად ერთ ამოსუნთქვაზე გადავიღეთ. ეს ჩვენი რეჟისორის დამსახურებაა. რვა დღეში და ერთ ღამეში გადავიღეთ. სახლში ღამის 3-4 საათზე ვბრუნდებოდით და დილით ისევ უთენია გავდიოდით გადასაღებ მოედანზე.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი ჟურნალის მეშვეობით მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს ასეთი ბევრი სითბოსთვის, რაც მათ ჩემ მიმართ გამოიჩინეს

– როგორ შეხვედით როლში?

– ყველამ კარგად იცის, რომ მშიშარა მსახიობი ვარ და ყოველთვის დიდი ძრწოლვით ვიწყებ ხოლმე მუშაობას. მით უმეტეს, უნდა მეთამაშა ეკლესიის წინამძღვარი. რწმენასთან და ეკლესიასთან შეხება რაღაცნაირად ყოველთვის მერიდება, სწორედ ამ რიდის გამო გამიჩნდა მფრთხალი დამოკიდებულება და გაორმაგებული შიში.

ჩემი გმირის ფუნქცია არის სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის შუამავლობა. ვითამაშე ეკლესიის წინამძღვარი, რომელმაც სიკვდილმისჯილ ქალს შეუქმნა ისეთი სამყარო, რომელიც მას ყველაზე უფრო მეტად უყვარს. ეკლესიის წინამძღვარი მიხვდა, რომ ამ მოცეკვავე ბოშა ქალს ერთ ღამეში რწმენას ვერ ჩაუნერგავდა, ამიტომ, რაც მისთვის იყო რწმენა, მისი სიცოცხლე – ცეკვა – აი, ამის საშუალება მისცა. ფაქტობრივად გამოვიდა, რომ ცეკვაში გაფრინდა მისი სული.

– ამ როლმა თქვენზე რა ზეგავლენა მოახდინა? თუ დაგიტოვათ რაიმე კვალი, რაც ფიქრობთ, რომ არც წაიშლება?

– ნამდვილად დატოვა. დავიწყებ გადაღების ეპიზოდიდან, როდესაც ჩაცმული ვიყავი წინამძღვრის კოსტიუმში. მერიდება კიდეც, რომ ვამბობ “წინამძღვრის კოსტიუმში”, მაგრამ ასეა. იცით, მერჩივნა, კოსტიუმი ჩვენი, მართლმადიდებლური სტილის ყოფილიყო, მაგრამ იმდენად, რამდენადაც ეკრანი მუქ ფერს ვერ აიტანდა, მოგვიხდა ფერის შეცვლა.

მოკლედ, გადაღებაზე ვარ ასე გამოწყობილი და ქელეხიდან მოვიდა ხალხი, რომ გარდაცვლილის სული ეხსენებინათ, ვის ქელეხშიც იმყოფებოდნენ. მე რომ დამინახეს, აქტიურად დაიწყეს პირჯვრის გადაწერა და ამბობდნენ: “დედაოც აქა ყოფილააა!”… (იცინის. ბ.მ.). გარდა ამისა, ტურისტებიც დანახვისთანავე რაღაც მოკრძალებით მექცეოდნენ.

ამან, რა თქმა უნდა, როლის შექმნაზეც იმოქმედა, უფრო დამეხმარა და დღემდეც გამომყვა. მკრეხელობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ სულ ახლახან მქონდა რთული პერიოდი, როდესაც ვიფიქრე, რომ ის მდგომარეობა, რაც იყო ანანურის ციხეში – მშვიდი და მარადიული, მინდოდა, ჩემი ყოველდღიურობა ყოფილიყო.

– რა ადგილი უკავია ოჯახს მსახიობ მარინა ჯანაშიას ცხოვრებაში?

– იცით, ჩემი ოჯახი ჩემია, ჩემი ციხე-სიმაგრეა და ბევრი საუბარი მასზე არ მიყვარს. ის კი არა, ყველას უკვირს, სახლში რატომ არ მაქვს ჩემი ფოტოები, აფიშები, პროგრამები გამოფენილი, როგორც უნდა იყოს ჩვეულებრივი მსახიობის ოჯახში და, იცით, რატომ? როდესაც ვხედავ საკუთარ ფოტოს ან აფიშას, ვიწყებ ფიქრს იმ სპექტაკლზე თუ ფილმზე, რა ვარგოდა რა არ ვარგოდა, მაშინ როგორ ვითამაშე და ახლა როგორ ვითამაშებდი…

ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ მე უნდა ვიყო ჩემს სახლში, მე აქ უნდა ვიცხოვრო, მე უნდა ვიყო მეუღლე, მე უნდა ვიყო დედა, ბებია, მეგობარი და ადამიანი პროფესიის გარეშე, რომელიც იქ იძინებს და იღვიძებს.

– ანუ ყველაზე დიდი დრო თქვენს ცხოვრებაში ოჯახს ეკუთვნის?

– რა თქმა უნდა. ახლა უკვე ეკუთვნის, მაგრამ როდესაც დამწყები მსახიობი ვიყავი, ვფიქრობდი, ვინმემ რომ მითხრას, არჩევანი გააკეთე – პროფესია თუ… პროფესიას ავირჩევ-მეთქი. მერე უკვე, გარკვეული დრო რომ გავიდა, მივხვდი, რომ ამას მალაპარაკებდა ჯერ კიდევ არშემდგარი რაღაც, რადგან შემდეგ ხდება რაღაც-რაღაცეების გადაფასება. შენ აღარ ხარ ისე დაკავებული, დატვირთული – ასეთი მომენტი ყველას ცხოვრებაში დგება და ამ დროს საკუთარ თავს ეკითხები, ეს ადამიანები ჩემ გვერდით რომ არ ყოფილიყვნენ, მაშინ რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება?

– თქვენი ოჯახი რამდენი წევრისგან შედგება?

– ახლა ძირითადად სამნი ვართ, რადგან უფროს ვაჟებს თავ-თავისი ოჯახები ჰყავთ და ცალკე ცხოვრობენ, ხოლო ჩემთან და თემოსთან (მხატვარი თემო გოცაძე – მარინა ჯანაშიას ქმარი. ბ.მ.) ჩვენი უმცროსი შვილი თემიკო ცხოვრობს.

ჩვენი ბინა არის ერთ სანათესაო სახლში და ოჯახის წევრები მარტო არასოდეს ვართ, დავბორიალებთ მთელი სამი სართულის ნათესავები ერთმანეთში, მაგრამ ძირითადი თავშეყრა მაინც ჩვენთან ხდება.

– და სამზარეულოში ფუსფუსიც თქვენ გიწევთ.

– ოი, ოი! სამზარეულოში სულ მიხდება ტრიალი, მიუხედავად იმისა, რომ ეს საქმე დიდად არ მხიბლავს. მაინც ჩემი გასაკეთებელია და ვერსად გავექცევი. არ ვზარმაცობ, თორემ ვერც სადილი გამომივა გემრიელი და არც სახლი იქნება ყოველთვის წესრიგში.

– გემრიელ კერძებს ამზადებთ?

– ჯერჯერობით არც მეუღლე და არც შვილი გაკეთებულს არ მიწუნებენ. (იცინის. ბ.მ.).

– სცენაზე თქვენს პირველ პროფესიულ განაცხადად რომელ როლს მიიჩნევთ?

– აბსოლუტურად შემთხვევით მოვხვდი თეატრალურ ინსტიტუტში მიხეილ თუმანიშვილის პირველ ექსპერიმენტულ ჯგუფში და პირველივე კურსზე ბატონმა მიშამ ჩამომიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც აკეთებდა ჟან ანუის “ანტიგონეს”. მასში ჩემი კერპი, ქალბატონი ზინა კვერენჩხილაძე თამაშობდა ანტიგონეს, ხოლო კრეონს – ბუმბერაზი მსახიობი, სერგო ზაქარიაძე. მე უცებ აღმოვჩნდი მათი პარტნიორი. წარმოგიდგენიათ, რამხელა ბედნიერება იყო ეს ჩემთვის?!

ამის შემდეგ უკვე მესამე კურსზე ვიყავი, რომ რუსთაველის თეატრის სახელგანთქმულ დასთან ერთად გასტროლებზე წამიყვანეს გერმანია-პოლონეთში და ქართული თეატრის საოცარი წარმატების მომსწრე გავხდი. აქედან დაიწყო ბედნიერი სვლა რუსთაველის თეატრში, მაგრამ შემდეგ მოხდა ისე, რომ ჩემი მეორე პედაგოგი, თემურ ჩხეიძე, თუმანიშვილის, ასე ვთქვათ, ასისტენტი, დანიშნეს მარჯანიშვილის თეატრში სამხატვრო ხელმძღვანელად და იქ გადასვლა შემომთავაზა.

მიუხედავად იმისა, რომ ძალიან არ მეთმობოდა “რუსთაველი”, უარი მაინც ვერ ვთქვი, რადგან მასთან მქონდა ჩემი ბევრი საყვარელი როლი ნათამაშევი, მისი გამოზრდილი ვიყავი და დავთანხმდი. იმ პერიოდში რუსთაველის თეატრი პროფკავშირების შენობაში იყო, რადგან თეატრში რემონტი მიმდინარეობდა და მე მთელი 7 წლის მანძილზე რუსთაველზე არ გამივლია, იმდენად მოქმედებდა ჩემზე თუნდაც ამ შენობის დანახვა.

მარჯანიშვილში ნამდვილად მქონდა დიდი სითბო და დაფასებაც, მაგრამ ხომ იცით, ადამიანი ადრე თუ გვიან თავის სახლში უნდა დაბრუნდეს და, აი, მეც დავბრუნდი ჩემს უსაყვარლეს სახლში, ანუ რუსთაველის თეატრში, რისთვისაც მადლობა მინდა ვუთხრა რობიკო სტურუას, რადგან არ დამჭირვებია ზედმეტად ახსნა-განმარტება, რატომ ვბრუნდებოდი, მან ძალიან კარგად იცოდა ეს.

– პირველად როდის იგრძენით, რომ პოპულარული გახდით?

– ტელევიზიაში დაიდგა სამ სერიიანი სპექტაკლი “მე შენ მიყვარხარ”, სადაც ჩემს გმირს ერქვა თეა. სპექტაკლი დადგა რეჟისორმა კახა კახაბრიშვილმა, რომელიც ჩემი კურსელი იყო, ხოლო იმ პერიოდში სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი მიშა თუმანიშვილი გახლდათ. მე დამწყები მსახიობი ვიყავი.

გავიდა პირველი სერია და მეორე დილით უკვე მარინა ჯანაშია ვიყავი! ქუჩაში არტიკულაციით ვხვდებოდი, რომ გამვლელები ერთმანეთს უჩურჩულებდნენ, ანიშნებდნენ ჩემზე. მაშინ ახალგაზრდები არ იყვნენ ასეთი თამამები, როგორებიც ახლა არიან, რომ მოსულიყვნენ და ავტოგრაფი ეთხოვათ ან ქათინაური ეთქვათ. მაშინ მივხვდი, რომ მე გავხდი მარინა ჯანაშია!

ზუსტად ერთ ღამეში გავხდი პოპულარული, სწორედ იმ პერიოდში ვიღებდი უამრავ წერილს, სადაც სასიყვარულო ბარათებთან ერთად მატყობინებდნენ, რომ მათ შეეძინათ ქალიშვილი და თეა დაარქვეს. სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ბევრი თეა და ეს მეამაყება.

– გაიხსენეთ თემურ ჩხეიძის ტელესპექტაკლ “თეთრ კურდღელში” ნათამაშები როლი.

– ესეც არასოდეს დამავიწყდება. პარტნიორობას მიწევდა ედიშერ მაღალაშვილი. რატომღაც ეს ფირი თითქმის 1 წელი შემოდეს თაროზე და არ უშვებდნენ, მაგრამ მოულოდნელად, ისე, რომ არ ველოდებოდი, ერთ საღამოს გავიდა ეკრანზე და ეს იყო მოულოდნელობის შოკი. მახსოვს, იმ საღამოს ღამის ოთხ საათამდე არ შეწყვეტილა სატელეფონო ზარები. მირეკავდნენ ისეთი ცნობილი ადამიანები, რომლებსაც მე უშუალოდ არ ვიცნობდი. ეს შოკისმომგვრელი იყო, ოღონდ დადებითად. საზოგადოებამ ამ როლს უმაღლესი შეფასება მისცა, რის გამოც ბედნიერი ვარ.

– ქალბატონო მარინა, პოპულარულ ადამიანებს ჭორებიც თან სდევს. თქვენი მისამართით რა ტიპის ჭორები ისმოდა?

– აი, ზუსტად “თეთრ კურდღელთან” დაკავშირებით ქალაქში ჭორი აგორდა, თითქოს საგიჟეთში ვიწექი და იმიტომ ვითამაშე ეს როლი ასე კარგად. ეს ის ჭორი იყო, რომელზეც არ გავბრაზდი და ჩავთვალე, რომ ყველაფერი რიგზე იყო.

– რას მიიჩნევთ თქვენს ყველაზე დიდ შეცდომად სამსახიობო კარიერაში?

– იცით, მთელი ცხოვრება სულ არასწორად დავდიოდი ჩემს კარიერაში… (იცინის. ბ.მ.). ორი შეცდომა მაქვს დაშვებული, რომ წავედი რუსთაველის თეატრიდან და მარჯანიშვილიდან რომ წამოვედი – ესეც თან არის და თან არა. ყოველთვის არასწორ დროს არასწორ ადგილას აღმოვჩნდებოდი ხოლმე და არასწორ ნაბიჯებს ვდგამდი.

– პირველად მესმის წარმატებული ხელოვანისგან მსგავსი რამ. როგორც წესი, თითქმის ყველა ამბობს, რომ აღმოჩნდა საჭირო დროს საჭირო ადგილზე.

– აი, მე არასოდეს ვყოფილვარ იქ, სადაც უნდა ვყოფილიყავი და როგორ ვახერხებ ასე სიარულს, არ ვიცი, ყოველ შემთხვევაში ხშირად ვიქცეოდი არამსახიობურად.

– კონკრეტულად რითი გამოიხატებოდა ეს?

– მწყინდა იმ ადამიანებისგან, ვისგანაც არ უნდა მწყენოდა. რაღაცებზე უარი მაქვს ნათქვამი პრინციპის გამო. მოკლედ რომ ვთქვათ, არ შემიძლია ადამიანების, კოლეგების ღალატი და ზურგში დანის ჩარტყმა. ეს შეიძლება ჩემთვის აღმოჩნდა არასახარბიელო და დამღუპველი, მაგრამ ადამიანური თვალსაზრისით მომწონს ჩემი თავი და მიმაჩნია, რომ თუ ხარ ადამიანი, ასეც უნდა იქცეოდე.

– რას გულისხმობთ ზურგში დანის ჩარტყმაში ან რა მოყვებოდა ამას, ასე რომ მოქცეულიყავით?

– მთავაზობდნენ უკვე ნათამაშებ როლებს, რაზეც უარი ვთქვი. აგრეთვე მთავაზობდნენ ისეთ რაღაცებს, რის უფლებასაც საკუთარ თავს ვერ მივცემდი და ამას არ ვნანობ, თუმცა ასე რომ არ მოვქცეულიყავი, დღეს ჩემი შემოქმედებითი ბიოგრაფია სხვანაირი იქნებოდა. ასეთ რამეს ერთხელ თუ ჩაიდენ ადამიანი, მერე ფუჭდები, უკვე აღარ გიჭირს მსგავსი საქციელის ჩადენა.

– სერიალ “ველური გულის” გახმოვანების დროს როგორ რეაგირებდა საზოგადოება თქვენს ხმაზე?

– (იცინის. ბ.მ.)… როდესაც თენგიზ კოშკაძემ შემომთავაზა სერიალის გახმოვანება, დავიწყე ნერვიულობა და ფიქრი იმაზე, თუ როგორ მიიღებდა ამას მაყურებელი, რადგან ქართულად ნათარგმნი პირველი და ექსპერიმენტული ფილმი იყო. საერთოდ ქართველები ექსპერიმენტებს და სიახლეებს ძნელად ვეგუებით.

თენგიზს ვებუზღუნებოდი, რას მაკეთებინებ, მთელი ამდენი ხნის მოკოწიწებული სახელი თუ იმიჯი შეიძლება პირველივე სერიის გასვლისთანავე წყალში გადამეყაროს და მაყურებელმა არ მაპატიოს-მეთქი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. გამოგიტყდებით, მატერიალურად ძალიან მჭირდებოდა. მაშინ, სხვათა შორის, ძალიან ცუდი დრო იყო საქართველოში და ცხოვრება ჭირდა.

ამ თანხით ვიყიდე გენერატორი, ბაკი, გამათბობლები და რა ვიცი, მთელი სახლი აღვჭურვე სითბოთი და სინათლით.

– რა გახსენდებათ სასიამოვნოდ ამ სერიალზე მუშაობიდან?

– ასეთი ძალიან ბევრია, მაგრამ რასაც მოგიყვებით, ამის გახსენება ყოველთვის კარგ ხასიათზე მაყენებს. “ველური გულის” გახმოვანების შემდეგ სახლში ვბრუნდები, დაღლილი, დაქანცული და გაციებული. შინაგანი პროტესტი მქონდა ზოგადად ყოფით პირობებზე, გუნებაში ვლანძღავ ყველას და ყველაფერს, ავდივარ მეორე სართულზე, სერიალიდან მესმის ჩემი ხმა და ვიძახი: “აჰაა, მისმენთ?! მისმინეთ, მისმინეთ!”.

ავდივარ მესამე სართულზე – “აჰაა, თქვენც მისმენთ?!”… მეოთხე, მეხუთე და ბოლოს, რომ ავაღწიე ჩემს სართულს, იქაც ჩემი ხმა რომ შემომესმა, იცით, ამ ბედნიერების გრადუსმა ისე მოიმატა, უცებ ყველაფერი დამავიწყდა. მივხვდი, რომ აბსოლუტურად ყველა ოჯახში მე ვიყავი და ეს იყო საოცარი შეგრძნება, რომელმაც დარდიც მომიხსნა, ბრაზიც მომიხსნა, პრობლემებიც და სულ ყველაფერი!

ხომ ვითომ უმნიშვნელო რაღაცაა და მეორეხარისხოვანია გახმოვანება, მაგრამ ჩემი ფუნქცია, დანიშნულება ამან მაგრძნობინა.

მოგიყვებით კიდევ ერთ ისტორიას: ჩვენს მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველი ქალბატონი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული ხუანზე და იმ დღეს სერია დასრულდა იმით, რომ ხუანი დაჭრეს. მე ვბრუნდები მომდევნო სერიის გახმოვანებიდან და ვხედავ, რომ სახლთან უამრავი ხალხია შეკრებილი. ამ ხალხმა ჩემს დანახვაზე ერთმანეთს გადაუჩურჩულა: “მოდის, მოდის, მოდის!”. ეს ხმა ექოსავით გაისმა.

ვიფიქრე, ნეტავ ვინ მოდის ასეთი-მეთქი და აღმოჩნდა, რომ მე მოვდიოდი. ამ ხალხმა ჩამავლო ხელი, შენი ჭირიმე, აქ შემოდიო და მაღაზიაში შემიყვანეს. ვხედავ, ამ ქალს თავზე აქვს ხელები შემოდებული და მეუბნება, მარინა, არ გამაგიჟო, არ დამღუპო, ახლავე, ამ წუთს, ამ წამს აქვე მოვიკლავ თავს, თუ არ მეტყვი, ცოცხალია თუ მკვდარი ჩემი ხუანიო. თან, არ დაგავიწყდეთ, გვერდში უდგანან ქმარ-შვილი და მიყურებენ გაფართოებული თვალებით, რომ ეს ქალი გადავარჩინო.

კონტრაქტის მიხედვით, არ გვქონდა უფლება, ვინმესთვის მოგვეყოლა შემდეგი სერიების შინაარსი, მაგრამ დავარღვიე პირობა და ეს ქალბატონი ასე გადავარჩინე.

– ჭირვეული მსახიობი ხართ?

– უფრო მშიშარა მსახიობი ვარ, ვიდრე ჭირვეული, მაგრამ ერთი თვისება კი მაქვს – პარტნიორთან ერთ ენაზე უნდა ვსაუბრობდე და თუ პარტნიორი იმ ჩემს ენაზე არ ლაპარაკობს, მიჭირს ხოლმე და გაორმაგებული მუშაობა მიწევს. ძალიან მიყვარს რეჟისორი და რეჟისორთან ერთად ჰარმონიული მუშაობა. არ მივეკუთვნები იმ მსახიობთა კატეგორიას, რომლებმაც მხოლოდ ერთი ნაცვალსახელი იციან – მე. ასე რომ, არა მგონია, ჭირვეული ვიყო.

– ინტიმურ სცენებში თამაშზე რას იტყვით?

– ორ ფილმში მაქვს მინიშნებით ინტიმური სცენა გადაღებული, იქაც – დიდი ომის შემდეგ. გადამღები ჯგუფი ტოლმას მეძახდა, რადგან რამდენიმე ზეწარში ვიყავი გახვეული. ეს ჩემთვის საშინელებაა, მაგრამ მაინც თამამად წავედი ამ როლზე ჩემი მეუღლის თანხმობით. ის კი არა, ძალიან მაღალი პოზიციიდანაც კი მითხრა, შენ ეს გჭირდება და ამას შეძლებო. მიუხედავად იმისა, რომ ეს მე ვითამაშე, მაინც ჩემად არ ვთვლი, მე არ მეკუთვნის.

– დამწყებ მსახიობებს რას ურჩევდით?

– მათ ვურჩევდი, ძალიან ბევრი ეკითხოთ და გამუდმებით მსოფლიო მაჯისცემაზე ედოთ ხელი, ეს აუცილებელია, მით უმეტეს, ჩვენს პროფესიაში, რადგან თუ წუთით მაინც ჩამორჩი დროს, მერე უკვე ძალიან ძნელია დაწევა და ფეხის აწყობა. იცით, ძალიან კარგია ინტერნეტიც და ტელევიზორიც, მაგრამ წიგნზე ერთგული ადამიანისთვის არაფერია.

– რამდენიმე წუთის წინ ჩვენ ვიყავით რუსთაველის თეატრის ახალ ექსპერიმენტულ დარბაზში, სადაც თქვენ ახალი პროექტის მონაწილე ხართ. გვიამბეთ ამის შესახებ.

– ეს პროექტი ლაშა ბუღაძის ხელმძღვანელობით ხორციელდება, სადაც ახალგაზრდა დრამატურგების ახალ პიესებს მსახიობები ვკითხულობთ. ამ პატარა დარბაზს ჩვენი თაობის მსახიობები ვეძახით მელიქსედოვის დარბაზს, სხვათა შორის, ახლანდელი თაობაც მელიქსედოვს ეძახის, თუმცა უმრავლესობამ არც იცის, რატომ ჰქვია ეს სახელი და თქვენი საშუალებით გაიგებენ.

ადამიანი, რომლის სახელსაც დარბაზი ატარებს, მართლა არსებობდა რეალურად, მას ერქვა ვანია და ვეძახდით ძია ვანიას, რადგან ძალიან ჰგავდა ჩეხოვის ძია ვანიას. მხატვარი იყო და იქ, სადაც თქვენ ბრძანდებოდით პრეზენტაციაზე, იყო მისი სახელოსნო და დეკორაციების დასახატი დარბაზი. აქედან იღებოდა რკინის კარი და დახატული დეკორაცია ჩადიოდა თეატრის დიდ სცენაზე.

შემდეგ, პირველი რემონტის დროს, გაკეთდა სცენა, მაგრამ ძირითადად ეს იყო სარეპეტიციო დარბაზი, რომელსაც დაერქვა მელიქსედოვის. რასაკვირველია, ეს ადამიანი ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ოდესმე მისი სახელი დაერქმეოდა დარბაზს.

ბესო მახარაშვილი, სარკე, 2006 

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018