კოტე მათითაშვილი და მისი ცოლი 3 წელია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ – ”მარტო ყოფნა მძიმეა”

კოტე მათითაშვილი და მისი ცოლი 3 წელია, ცალ-ცალკე ცხოვრობენ - ”მარტო ყოფნა მძიმეა”პლასტიკური ქირურგი და გადაცემა “ექიმების” წამყვანი, კოტე მათითაშვილი, უკვე მესამე წელია, რაც საყვარელი ქალის გარეშე ცხოვრობს. ხმები, რომ ცნობილი ექიმი ცოლს გაშორდა, სამწუხაროდ, სიმართლე აღმოჩნდა. ამის შესახებ ბატონმა კოტემ პირველად “სარკესთან” ისაუბრა, თუმცა იქვე დაამატა, რომ ჯერ არ იცის, საბოლოოდ რას გადაწყვეტენ, რადგან ერთმანეთთან ორი უძვირფასესი ადამიანი აკავშირებთ – შვილები, 17 წლის გიორგი და 14 წლის რეზი.

ექიმი 7 მაისს 43 წლის გახდა. წუხს, რომ წლების მატება მის გარეგნობაზე აისახა, ამაში, პირველ რიგში, წონას გულისხმობს – ასაკმა 15 კილოთი “დაასაჩუქრა”.

– ბატონო კოტე, მოგვიანებით გილოცავთ დაბადების დღეს. როგორ აღნიშნეთ 43-ე წელი?

– 7 მაისს განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, რადგან სამუშაო დღე იყო. ოპერაციაც ჩავატარე, საღამოს გადაცემის ჩაწერაც მქონდა. დაბადების დღე გემრიელი ტორტითა და ცოტა ვისკით ტელეკომპანიაში აღვნიშნეთ.

– ყოველ წელს ასე ხდება თუ ეს 7 მაისი იყო გამონაკლისი?

– მიყვარს ჩემი დაბადების დღე. უბრალოდ, აღნიშვნის ტრადიცია არ მაქვს. თუ სპონტანურად ხდება რამე, სასიამოვნოა, მაგრამ დაგეგმილად არასდროს ვიხდი.

– როგორ ფიქრობთ, რა მოაქვს წლებს ადამიანისთვის, რას ცვლის ჩვენს შინაგან სამყაროში ასაკი და კონკრეტულად მამაკაცის ცხოვრებაში?

– წლების მატება ადამიანში არაფერს ცვლის, გარდა იმისა, რომ გამოცდილება ემატება. გარემოფაქტორებზე, მოვლენებსა და ადამიანებზე შეხედულებები გეცვლება, თორემ შინაგანი ინტელექტი თუ გონება, რაც დაბადებიდან მოგყვება, უცვლელია.

მამაკაცი 40 წლის რომ ხდება, ჰორმონული დისბალანსი იწყება და წონაც მატულობს, რადგან ამ დროს მექანიზმი, რომელიც ნივთიერებათა ცვლას განაპირობებს, შედარებით ნელდება და ყურადღებაა საჭირო. მე კი არ გამოვიჩინე ყურადღება და 2 წელიწადში 15 კილოგრამი მოვიმატე, რაც საკმაოდ ბევრია.

– წონის მატებამ ჯანმრთელობაზე უარყოფითად ხომ არ იმოქმედა?

– სახსრები ამტკივდა. გარდა ამისა, როცა მთელი ცხოვრება სასურველ წონას ინარჩუნებ და მერე სუქდები, ღიპი კატასტროფად მიმაჩნია. როცა ესთეტიკასა და ჯანსაღ ცხოვრებაზე ვსაუბრობთ, კარგად უნდა გამოვიყურებოდეთ. კვებითი და სოციალური რეჟიმი ყოველთვის არ გვიწყობს ხელს, რომ ჯანსაღ წესს მივდიოთ, მაგრამ ვცდილობ, თავს მივხედო.

– “თავის მიხედვაში” რა პროცედურები შედის?

– სუფთა ჰაერზე ვსეირნობ, თამბაქოს არ ვეწევი და მწეველებთან ყოფნის პროტესტიც მაქვს. ეს დამოკიდებულება მაშინაც მქონდა, სანამ თამბაქოს მოწევა გარკვეულ ადგილებში აიკრძალებოდა.

სატრენაჟორო დარბაზში სიარულის ასაკიც გავიარე. სახლში მაქვს სავარჯიშო მოწყობილობა და კვირაში 2-3 საათი ვარჯიშსაც ვახერხებ. საოპერაციოში დგომით სხეული ისე იღლება, დაძინებამდე ზურგის არეში ერთსაათიანი ძლიერი ტკივილის შემდეგ ითიშები.

ყველაზე მეტად რაც მასვენებს, ეს დილაობით ტყესა და ბუნებაში სიარულია, რასაც, საბედნიეროდ, კუს ტბის პერიფერიებში ვახერხებ. მიყვარს იქ სიარული, სადაც ხალხი არ მოძრაობს. ამ ყველაფრის გარდა, მეტი წყალი და ნაკლები სტრესია საჭირო, თუმცა, სამწუხაროდ, სტრესებს ვერ გავურბივართ. ყველანაირ სტრესს ვგულისხმობ – ცხოვრებისეულს, ადამიანურს, საქვეყნოს…

– წონის მატების შემდეგ კვების რეჟიმი თუ შეცვალეთ?

– ცხიმიანი საკვები მაქსიმალურად შევამცირე და ბოსტნეულის რაოდენობა გავზარდე. ღორის ხორცს აღარ ვჭამ, პურს – მაშინ, როცა კერძი მოითხოვს. საუზმე – არა, მაგრამ გემრიელი სადილი და განსაკუთრებით ვახშამი ძალიან მიყვარს. სწრაფი კვების ობიექტებიდან არაფერს ვჭამ, ტკბილეულს და გაზიან სასმელებს მაქსიმალურად ვერიდები.

ცომეულსაც იშვიათად ვიღებ. წელიწადში შეიძლება ორი ნაჭერი ტორტი შევჭამო. ჩემს დაბადების დღეზეც კი არ მიჭამია. სამაგიეროდ, ალკოჰოლი მიყვარს.

– წონაზე ალკოჰოლიც ხომ უარყოფითად აისახება?

– კი, ასეა. ჩემი აზრით, ყველაფერს თავისი ასაკი აქვს. 10-15 წლის წინ ლუდი და არაყი მიყვარდა. მაშინ მათი კომბინაცია პოპულარული იყო. დღეს კი ერთიც და მეორეც ჩემთვის მიუღებელია, თუმცა წელიწადში ორჯერ შეიძლება ერთი ბოკალი ლუდი დავლიო.

ღვინოს დიდ პატივს ვცემ. თეთრი, ცივი ღვინო ისე მიყვარს, წყალივით ვსვამ ხოლმე, ოღონდ ზომიერად. მიზანი თრობა კი არა, სიამოვნების მიღება უნდა იყოს. თრობა მარტივი მეთოდებითაც შეიძლება – 200 მლ კონიაკს დალევ და 5 წუთში ხასიათი გეცვლება.

– წონის მატების შემდეგ ალბათ გარდერობშიც მოგიწიათ ცვლილებების შეტანა.

– გარდერობში განსაკუთრებული ცვლილებების შეტანა არ დამჭირვებია, რადგან 15 კილოგრამის მატება განსაკუთრებულად არ შემეტყო. ამაში სიმაღლეც ხელს მიწყობს. ერთადერთი, რასაც ინტენსიურად ვებრძვი, ეს კატასტროფა, ანტიადამიანური ღიპია.

ტელეკამერა 7-8 კილოგრამს გმატებს. რეალურ ცხოვრებაში რომ მხედავს მაყურებელი, ვაიმე, რა გამხდარი ყოფილხარო, აღნიშნავენ ხოლმე. ეკრანის ფონზე ვჩანვარ გამხდარი, თორემ… წლების განმავლობაში 86 კილოგრამს ვიწონიდი, ახლა 100 კილოგრამს მივაღწიე.

– ამის მიუხედავად, ასაკი ნაკლებად გეტყობათ და ალბათ ამას ხშირად გეუბნებიან კიდეც. ასეთი გარეგნობა გენეტიკისა და თავის მოვლის დამსახურებაა თუ თქვენი პროფესია – პლასტიკური ქირურგია გეხმარებათ?

– თუ გარეგნობა პლასტიკური ქირურგიის დამსახურებით გაქვს დახვეწილი, ამაში დასამალი ან სამარცხვინო არაფერია, მაგრამ მე ჯერჯერობით არაფერი მაქვს შეცვლილი და ამის არც სურვილი გამჩენია. ჩემი გარეგნობა გენეტიკის და შეძლებისდაგვარად ჯანსაღი ცხოვრების დამსახურებაა.

ერთადერთი, რაც ძალიან მიყვარს, ეს რუჯის მიღებაა. ლისის ტბა ცოტა სასიკეთოდაა შეცვლილი და ნორმალურად მოწყობილი. მიმდებარე ტერიტორიაზე მზეზე სიარული მსიამოვნებს.

გარუჯული ადამიანი ულამაზესია. მისი ხიბლი და მიმზიდველობა 100%-ით მატულობს. დანარჩენი, პროცედურები და ბოტოქსები, ჯერჯერობით არ მჭირდება და როცა ამის საჭიროებას დავინახავ, მოვიფიქრებ და სიტუაციის მიხედვით მივიღებ გადაწყვეტილებას.

– პირად ცხოვრებაზეც გვიამბეთ. ამბობენ, რომ ცოლს გაშორდით. ეს ხმები რეალობას შეესაბამება?

– 3 წელია ჯერჯერობით ცალ-ცალკე ვცხოვრობთ. საბოლოოდ რას გადავწყვეტთ, არ ვიცით. ვთვლი, რომ ცოლს მაშინ შორდები, როცა ახალი ცოლი მოგყავს ან მეუღლე ახალ ცხოვრებას იწყებს. გაშორება-დაშორება სიტყვების თამაშად მიმაჩნია. მარტო ცხოვრება მძიმეა.

– დღეს როგორი ურთიერთობა გაქვთ მასთან?

– აბსოლუტურად ნორმალური. ჩვენ შვილები, 17 წლის გიორგი და 14 წლის რეზი გვაკავშირებენ.

– შერიგებაზე არ ფიქრობთ?

– ამას ცხოვრება გვიჩვენებს. ფიქრი არ შველის, დრო სჭირდება. ყველაფერი თავისთავად, ბუნებრივად უნდა მოხდეს. სასაუბროდ მარტივი თემა არ არის, თუმცა არც დასამალია, რადგან გარკვეული დრო გავიდა.

– რთული პერიოდი უკვე გადალახეთ?

– ჩემი აზრით, ასეთ რთულ პერიოდს ადამიანი ვერასდროს გადალახავს.

სოფიო ბოჭორიძე, სარკე