,,კლასელები სცემდნენ, წიხლებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ” – მე-8 კლასელი თამარი ბულინგზე საუბრობს

მე-8 კლასელი გოგონა თანატოლების მხრიდან ჩაგვრაზე საუბრობს. ის ყვება, რომ მისი ყოფილი კლასელები სცემდნენ, წიხლებს ურტყამდნენ და ქვებს ესროდნენ. ეს ყველაფერი კი სკოლის პედაგოგების თვალწინ ხდებოდა.

ოჯახმა დირექციას არაერთხელ მიმართა. მით უმეტეს, რომ ერთხელ ცემის გამო, თამარს მსუბუქი ტვინის შერყევაც ჰქონდა, თუმცა მოზარდის ჩაგვრას რეაგირება არ მოჰყოლია.

სოფელ ზედა ეწერის სკოლის დირექტორი თამარის ოჯახს სიცრუეში ადანაშაულებს. ამბობს, რომ მოზარდებს კლასელები მხოლოდ ეხუმრებოდნენ.

მოზარდის ცემის ფაქტს უარყოფს ის პედაგოგიც, რომელიც შემთხვევის დროს ადგილზე იმყოფებოდა.

მე-8 კლასელი თამარის დედა ავადაა. მას ასთმის და ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზი აქვს. მუდმივად ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა და ძლიერ მედიკამენტებს იღებს. ამ მიზეზით მოზარდმა სკოლაში მისი ჩაგვრის შესახებ სახლში არაფერი  თქვა. მას შემდეგ კი, რაც ცემას უფროსი და შეესწრო, თამარმა აღიარა, რომ ბულინგის მსხვერპლი პედაგოგების მხრიდანაც ხშირად გამხდარა.

მოზარდი ყვება, რომ კლასის დამრიგებელი სწავლის პროცესში მუდმივად სხვადასხვა დავალებაზე აგზავნიდა. მაგალითად, სახლიდან ყავის მოსატანად. ასევე ყოველდღე დაჰყავდა თამარს დამრიგებლის 5 წლის შვილი საბავშვო ბაღში.

ბრალდებას კლასის დამრიგებელი უარყოფს. ამბობს, რომ არ იცის, რა მიზნით მოიგონა ტყუილი თამარმა.

რა ხდება ზედა ეწერის სკოლაში, ეს დისციპლინარულმა კომიტეტმა უნდა დაადგინოს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018