თინათინ თევდორაძე: ,,კარებში პიკასო დავინახე, იღიმოდა და ოქროს თევზივით ბრჭყვიალებდა”

დიზაინერი თინათინ თევდორაძე სოციალურ ქსელში მომღერალ ირაკლი ნოზაძის დაჭრის ფაქტს ეხმაურება და ემოციურ სტატუსს აქვეყნებს:

„ვინ არის პიკასო ჩემი… სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტი ვიქნებოდი. პრაქტიკას ჟვანიას სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გავდიოდი და ჩემი გვარის ტრადიციის გამგრძელებლად ამაყად დავფრიალებდი თეთრი ხალათით…

მახსოვს, ერთ დღეს დერეფანში გია როინიშვილს შევხვდი და მოწიწებით მივესალმე. თურმე იმ დღეს მარიამ როინიშვილს აპენდექტომია (ბრმა ნაწლავის ოპერაცია) უტარდებოდა. იმ დღიდან მოყოლებული რამდენიმე დღე უწყვეტ ნაკადად მარიამისა და მისი ოჯახის, სხვადასხვა თაობის ვარსკვლავი მეგობრები მრავლად მხვდებოდნენ კლინიკაში. ვუღიმოდი, ვესალმებოდი და ვცდილობდი, მათ მიმართ ჩემი სიმპათია მოკრძალებულად გამომეხატა.

ერთ მშვენიერ დილასაც ცარიელ დერეფანში პირისპირ აჩი ფურცელაძეს და პიკასოს შევეჩეხე. ვისაც „ქუჩის ბიჭები“ ჰყვარებია, ადვილად მიხვდება, რა რეაქციაც მექნებოდა – წამით გავშეშდი და ალბათ გავწითლდი კიდეც. პოპულარობის ზენიტში მყოფს გულწრფელად გაეღიმა და მომაჩერდა, მე კი თავდახრილმა გიჟივით ჩავუქროლე, აღარც მახსოვს, სად შევვარდი და უკან მოვიხედე (თითქოს ვინმე მომდევდა). გული ყელში მომებჯინა და საკუთარ თავზე გავბრაზდი, მივსალმებოდი მაინც-მეთქი.

სამუშაო დღის ბოლოს, სახლში წასვლამდე საავადმყოფოს სასადილოში ჩაის დასალევად შევიარე. ნაცნობების სიმრავლის მიუხედავად, დაღლილი ცარიელ მაგიდასთან დავჯექი და ჭიქაში ჩაის პაკეტის წვალებით ვიყავი გართული, რომ კარებში პიკასო დავინახე, იღიმოდა და ოქროს თევზივით ბრჭყვიალებდა.

მაშინვე ყველას ყურადღება მიიქცია. აჩოჩქოლდა სასადილო. არ ვიცი, უბრალოდ მოსწყურდა თუ დამინახა და შემომყვა, მაგრამ ისე დავიბენი, რომ წამოვხტი და ჩემი ჭიქიანად სხვა მაგიდისკენ გავქანდი, მძიმე რკინის სკამი ხმაურით მივახრიგინე და გაოგნებულ კურსელებს შორის ( შესასვლელისკენ ზურგით) გაფითრებული დავჯექი.

ვერ ვხედავდი, სალარომდე მივიდა თუ არა, თუ გატრიალდა და წავიდა, მაგრამ მას მერე ბავშვურად მეგონა, რომ ქუჩის ბიჭების ყველა სიმღერაში სუუულ მცირედი ნაწილი ჩემთვის იყო.

მინდა, გადარჩეს და თუნდაც ნურასდროს მოაგონდეს პატარა, სულელი, ცისფერთვალება გოგონა კლინიკიდან!“- წერს დიზაინერი.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018