გოგი ჭიჭინაძე: “მანონის გამო თავისუფლების დაკარგვა მიღირდა” – როგორ ანებივრებს დირიჟორი 11 წლით უმცროს ცოლს

დირიჟორ გოგი ჭიჭინაძის ცხოვრებაში სიყვარულმა გვიან, მაგრამ მძლავრად შეაბიჯა. 42 წლის ასაკში შეუყვარდა ქალი, რომელიც მალე მისი მეორე ნახევარი გახდა. ბედნიერება მანონი მაჭავარიანთან იპოვა. მერე შვილიც გაჩნდა და მუსიკოსის ბობოქარი ცხოვრება კალაპოტში ჩადგა, თუმცა ემოციები და რომანტიკულობა არსად წასულა, პირიქით, მამობამ და საყვარელმა ქალმა უფრო გაამძაფრა.

დირიჟორი თავის 5 წლის ბიჭუნაზე გიჟდება, თუმცა მის აღზრდაში რბილ სიმკაცრესაც იჩენს. საკუთარი ოჯახის, ბავშვობის, მშობლების მაგალითი ეხმარება შვილისადმი სწორი პოზიციის არჩევაში.

– ბატონო გოგი, ცნობილია, რომ ბავშვობა მოსკოვში გაატარეთ. როგორი იყო ის გარემო, სადაც იზრდებოდით?

– თბილისში დავიბადე და სულ რამდენიმე თვის ვიყავი, მოსკოვში რომ წამიყვანეს. მამა მაშინ უკვე იქ მუშაობდა. 22 წელი ვიცხოვრეთ მოსკოვში.

მამაჩემიც არაჩვეულებრივი ფილოლოგი იყო და დედაც. ლიტერატურა ჩვენთვის ყველაფრი იყო. ქართული გაზეთი იქაც ჩამოდიოდა და მახსოვს, ერთდროულად ნახევარ გაზეთს დედა კითხულობდა, ნახევარს – მამა.

ჩვენს სახლში მუდამ ქართული გარემო იყო და სხვა ენაზე სახლში არც ვლაპარაკობდით. ვინც საქართველოდან მოსკოვში ჩამოდიოდა, ყველა ჩვენთან იყრიდა თავს. გურამ ფანჯიკიძე, ირაკლი აბაშიძე, იოსებ ნონეშვილი, ჯანსუღ ჩარკვიანი… სულ ჩვენთან იყვნენ და მათ გარემოცვაში ვიზრდებოდი. ერთი წავიდოდა, მეორე ჩამოვიდოდა… სუნი მახსოვს ჭაბუა ამირეჯიბის. თამბაქოს სუნი ჰქონდა, ტყავის ქურთუკი ეცვა და სვანური ქუდი ეხურა.

მამაჩემიც ულამაზესი კაცი იყო, მაგრამ ჭაბუა ამირეჯიბი მოჩვენებასავით სასწაული კაცი იყო. მამაჩემი რომ აღფრთოვანებული უყურებდა, ისიც მახსოვს. ამიტომაც იყო, რომ ლიტერატურაზე თავიდანვე ვგიჟდებოდი.

– მუსიკის სიყვარული როგორ მოვიდა თქვენთან?

– ბიძინა კვერნაძეც გვსტუმრობდა და ზურაბ სოტკილავა ჩვენ მეზობლად ცხოვრობდა იმავე სართულზე, ასევე მაყვალა ქასრაშვილიც. ზურაბი და მაყვალა ჩემთვის ყველაფერი იყვნენ. სულ დავდიოდი მოსკოვის დიდ თეატრში… ქალბატონი ელისო ვირსალაძე დღემდე ჩემი კერპია.

სულ პატარა ვიყავი, დაკვრა რომ დავიწყე. მერე ძალიან ცნობილ, გნესინების მუსიკალურ სასწავლებელში ჩავაბარე საფორტეპიანოზე. უზარმაზარი კონკურსი იყო და გავედი.

მუსიკა ჩემზე ყოველთვის მოქმედებდა. ხანდახან დამანგრეველიც კი იყო, ისე მაფორიაქებდა. ყოველთვის ვიცოდი, რომ მუსიკა იყო ის, რისი კეთებაც მინდოდა, თუმცა იყო პერიოდი, როცა მინდოდა, ტროლეიბუსის მძღოლი ვყოფილიყავი. ვგიჟდებოდი, ისე მინდოდა, გამომეცხადებინა: “შემდეგი გაჩერება ესა და ეს”.

ასევე მინდოდა, ტაქსის მძღოლი ვყოფილიყავი, რაცია მჭეროდა ხელში და ღამე მევლო ქუჩებში. უფრო მოგვიანებით, 16-17 წლის ასაკში, მსახიობობა მსურდა. ერთი ამბავი ატყდა – მამიდაჩემი (ცნობილი მსახიობი დოდო ჭიჭინაძე. ავტ.) რეკავდა თბილისიდან და ამბობდა, თავს მოვიკლავო.

– ანუ ქალბატონ დოდოს არ უნდოდა თქვენი მსახიობობა?

– იცოდა, რამდენად რთულია მსახიობის ცხოვრება – ბევრი გულისტკივილისა და უსამართლობის ატანა უწევთ. მამიდას ეს ჩემთვის არ უნდოდა.

– მუსიკის სამყაროში არ არის გულისტკივილი და უსამართლობა?

– ალბათ იმ დოზით – არა, როგორც მსახიობებთან. ერთი ის ვიცი, რომ ჩემს დასახმარებლად, პროფესიულად განვითარებისთვის თითი არავის გაუნძრევია. რაშიც ხელს მიწყობდნენ, ის იყო, რომ მქონდა საჭმელი და ტანსაცმელი. სხვა მხრივ, რაც მინდოდა, ის უნდა მეკეთებინა.

გნესინების სასწავლებელი რომ დავამთავრე, მერე ოჯახი თბილისში გადმოვიდა და მეც აქ, კონსერვატორიაში, ჩავაბარე საფორტეპიანოზე. სტუდენტობა და ის უბედური 90-იანი წლები თბილისში გავატარე. მერე კი ხშირად დავდიოდი საზღვარგარეთ. ახლაც ნახევრად აქ ვარ და ნახევრად – პოლონეთსა და სხვა ქვეყნებში. პოლონეთის ფილარმონიის ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი ვარ. იქაც მიწევს ყოფნა და სხვა ქვეყნის ორკესტრებშიც, როგორც მიწვეულ დირიჟორს.

ასევე თბილისში, კონსერვატორიაში, საოპერო მომზადების კათედრის გამგე და პროფესორი ვარ. საქართველოში მხოლოდ პედაგოგიურ საქმიანობას ვეწევი.

არ მჯერა, როცა ამბობენ, ნიჭიერი იყო, მაგრამ დაიჩაგრაო. რაც ყველაზე მეტად გიყვარს, იმას არ უნდა უღალატო. უაღრესად კომუნიკაბელური ვარ, როცა საქმე შეეხება ან მეგობრობას, ან სხვა ურთიერთობას, მაგრამ როგორც კი საუბარია იმაზე, რომ ჩემთვის რამეა საჭირო, გამორიცხულია, ვითხოვო. არც არავის გაუკეთებია ჩემთვის რამე და არც მე მითხოვია.

არ უნდა იფიქრო, ვინ რა თქვა ან ვისთან უნდა იყო კარგ თუ ცუდ ურთიერთობაში. თუ მხოლოდ შენს საქმეზე იფიქრებ და უერთგულებ, გამორიცხულია, ამან შედეგი არ გამოიღოს. თავაწეულიც ივლი, როცა შენი საქმისთვის არ გიღალატია. თუ ცხოვრებაში კომფორმისტი ხარ, საქმეშიც ასეთი იქნები.

– რუსეთში გაზრდილს ქართულ რეალობასთან შეგუება ხომ არ გაგიჭირდათ?

– იქ უფრო მოწესრიგებულები კი არიან, მაგრამ არ გამჭირვებია. იქაც მყავს დარჩენილი არაჩვეულებრივი მეგობრები. ის ჩემთვის ცალკე სამყაროა, რომელზეც ვგიჟდები. აქაც საამაყო მეგობრები მყავს.

– მომავალი მეუღლე საქართველოში გაიცანით?

– დიახ, კონსერვატორიაში. მე 1969 წელს ვარ დაბადებული და მანონი – 1980 წელს. მანონი ფილოლოგია, იტალიური ენის სპეციალისტი. ვიცოდი, რომ იტალიური ენის სპეციალისტი გვყავდა, რადგან ვოკალისტებისთვის საჭიროა ეს ენა, მაგრამ არ ვიცოდი, ვინ იყო. სპექტაკლს ვდგამდით და თარგმანი დაგვჭირდა. ვთქვი, ამოიყვანეთ იტალიურის სპეციალისტი, ვინ არის, გადაგვითარგმნოს-მეთქი. ამოვიდა და ამოვიდა…

– ერთი ნახვით სიყვარულის არსებობაში დარწმუნდით?

– ერთი ნახვით სიყვარული კი არსებობს, მაგრამ მაშინ ასე არ მომხდარა, თუმცა ძალიან მომეწონა. არ არსებობს, არ მოგეწონოს, რადგან ძალიან კარგი ტიპია. მაშინ მე არ ვიყავი იმ ასაკში, რომ მხოლოდ შესახედაობა ყოფილიყო საკმარისი. მერე რომ გავიცანი… ვგიჟდები ჩემს ცოლზე, ძალიან მიყვარს!

მანონი ყველაფერს გრძნობს და ზუსტად იცის, რა უნდა თქვას და რა – არა. ძალიან მაგარი გოგოა. ყველა მეგობარი, ყველა ჩემი ნათესავი გიჟდება მასზე. თვითონ არ არის ისეთი ტიპი, რომ გამოხატოს და იძახოს, შენ შემოგევლე და შენ გენაცვალეო. ამ დროს მისგან ზუსტად ასეთი შეგრძნება მოდის და ამიტომაც უყვარს ყველას.

– გაცნობიდან რამდენ ხანში იქორწინეთ?

– დაახლოებით ერთ წელიწადში.

– 42 წლამდე დასაოჯახებელი იყავით. არავინ მოგწონდათ?

– მანამდე ძალიან თავისუფალი ადამიანი და გიჟი ვიყავი. ჭკუა არ მომეთხოვებოდა და არ მინდოდა, ჩემი თავისუფლება შემეზღუდა. სულ მეშინოდა, რომ შევიზღუდებოდი, ეგოისტური მომენტები მქონდა.

– გიჟობა რითი გამოიხატებოდა?

– რაღაც ისტორიებით, სიყვარულით თუ სხვა რამით. ემოციებს როცა ხარ აყოლილი, ყველაფერს პოეტურად აღიქვამ. ცხოვრება კი სულაც არ არის პოეტური.

– მანონის სიყვარულმაც ჩაგადენინათ რაიმე სიგიჟე?

– არა. მის მიმართ განსაკუთრებული გრძნობა გამიჩნდა. მის გამო მიღირდა თავისუფლების დაკარგვა.

– შვილიც მალევე გაგიჩნდათ?

– დიახ, მალევე დაიბადა ჩვენი სანდროც, რომელიც ძალიან თბილი და ყველასადმი კეთილგანწყობილი ადამიანია. ყველას აგიჟებს.

– დედას ჰგავს თუ მამას?

– ვიზუალურად ხან აქეთაა და ხან – იქით. ხასიათით ალბათ დედას ჰგავს, რადგან, ჩემგან განსხვავებით, უფრო დალაგებულია. მე სასწაულად ცელქი ვიყავი. სანდროც ცელქია, მაგრამ მავნე არ არის. მე შემეძლო 10 წამში მთელ სახლში ფქვილი მიმომებნია. დედაჩემი ტელეფონის ასაღებად რომ მიტრიალებულიყო, სახლი უკვე ყირაზე იდგა.

ერთხელ მამაჩემის დისერტაცია გადავაგდე ფანჯრიდან. ფურცლებად გაფრინდა ქუჩაზე.

– გსჯიდნენ?

– კი, მსჯიდნენ, კარგად მხვდებოდა, ოღონდ დედაჩემისგან. მამას ჩემი ცემა არ შეეძლო. დედა რომ მსჯიდა, მამა სახლიდან გარბოდა.

მამობა სასწაული რამე ყოფილა, მაკანკალებს, ისე მიყვარს. ისეთი მამა არ ვარ, რომელიც იტყვის, ჩემი შვილი საუკეთესოაო.

– თქვენც გაქვთ დასჯის მეთოდები?

– არ მჭირდება ყვირილი და სხვა რამ. რასაც ვიტყვი, მომენტალურად სრულდება. ეტყობა, გამოცდილება შევიძინე ამდენ სტუდენტთან ურთიერთობით. ვიცი, ვის როგორ უნდა მივუდგე.

რაც შეეხება შვილს, ზუსტად ვიცი, როგორ ვასწავლო, რა სიტყვებით, რა ინტონაციით არ უნდა ილაპარაკოს, ვის რა უნდა უპასუხოს და რაზე რა რეაქცია უნდა ჰქონდეს, როგორ უნდა გაუღიმოს ვინმეს და ა.შ. როცა ამ ყველაფერს თავიდანვე ითხოვ და იქცევი ისე, როგორც გინდა, რომ შენი შვილი მოიქცეს, მაშინ შედეგიც შესაბამისი იქნება.

ბავშვი, იცით, რა მაგალითზე იზრდება? როცა მშობლებს ჰგონიათ, რომ ჩაეძინა, მაგრამ არ სძინავს, საძინებლის კარი ოდნავ ღიაა და ბავშვს ესმის, რაზე საუბრობენ. ჩემს ოჯახში ყოველთვის ისეთი მაღალზნეობრივი ატმოსფერო იყო ყველაფერთან მიმართებაში… არასოდეს მქონია ზედმეტი სათამაშო, ზედმეტი ფული და ა.შ.

ბავშვი ძალიან მკაცრად, მაგრამ სიყვარულით უნდა გაზარდო. მე მკაცრი მამა ვარ, მაგრამ ბავშვი ამას ვერც გრძნობს. მისთვის თითი არ დამიკარებია და მუდამ ასე იქნება. ისე მიმყავს ყველაფერი, რომ იცის, რის გამო ვიქნები მკაცრი. ჩემგან უზარმაზარ სიყვარულს და სითბოს გრძნობს.

უნდა იხტუნაოს და დაანგრიოს კიდეც და ყველაფერსაც ვუსრულებ, მაგრამ საპასუხოდ ვითხოვ, არ იყოს – “არ მინდა” და “ეს მინდა”. იცის, რომ ურთიერთობაში გარკვეული წესები უნდა დაიცვას. თუ შეეშალა რამე, არავითარ შემთხვევაში არ უნდა უყვირო და გაღიზიანდე.

– ფორტეპიანოს უკვე მიუჯდა?

– რაღაცას უკრავს, მაგრამ საუცხოოდ ხატავს. მე ახლაც ვერ დავხატავ ისე, როგორც სანდრო ხატავს. მუსიკა უყვარს, მაგრამ სულ ხატავს და ხატავს. წყნარად ვარ. მუსიკალურ განათლებას აუცილებლად მივცემ.

– სახლში უკრავთ მისთვის?

– კი, ვუკრავ. ჩემთან ხშირად მოდიან სტუდენტები და მათაც სიამოვნებით უსმენს, მოსწონს…

– მანონი როგორი დიასახლისია?

– არ არის კლასიკური დიასახლისი, რომ ხელები სულ ფქვილში ჰქონდეს, მაგრამ რასაც აკეთებს, ძალიან გემრიელი და კარგი გამოსდის.

– მუსიკისადმი როგორი დამოკიდებულება აქვს?

– მანონი არასწორი მუსიკალური აღზრდის მსხვერპლია. ძალიან დიდი ტრავმა აქვს მიღებული მუსიკის მასწავლებლისგან. მან შეაზიზღა და დღემდე დაკომპლექსებულია. ეშინია, ჩვენს შვილზეც არ განმეორდეს მსგავსი რამ. უნიჭოდ მოწოდებული მუსიკა, ყვირილი, სახაზავით ცემა ხელებში… ასეთები ყველაფერს აკეთებენ, რომ სწავლის მაგივრად ბავშვს მუსიკა შეაზიზღონ.

– თქვენი გავლენით მაინც ცოლს არ დაუბრუნდა მუსიკის სიყვარული?

– მუსიკა უყვარს, მაგრამ სულ ახსოვს ის მომენტი და მუდამ შინაგანი პროტესტი აქვს. მხატვრობაზე გიჟდება. კარგად ერკვევა არქიტექტურასა თუ სკულპტურაში. ვიზუალური აღქმა აქვს კარგი. სად რა ქუჩაა და რომელი რომელს კვეთს, ზეპირად იცის. პლეხანოველი გოგოა და ჩვენი ქალაქი ძალიან უყვარს.

– რომანტიკული ხართ?

– ძალიან. ვცდილობ, გავანებივრო მანონი – სულ მინდა, რაღაც ვუყიდო და ვაჩუქო. ხშირად ვჩუქნი სუნამოს. მეუბნება, ძალიან ბევრი მაქვს, ნუღარ მჩუქნიო. ახლა, ბოლოს, ლამაზი სამაჯური ჩამოვუტანე უცხოეთიდან.

– ჩასაცმელსაც ყიდულობთ ცოლისთვის?

– დიახ. მიხარია, როცა რამე სჭირდება და გავიგებ. მაშინ მეძლევა საშუალება, ის ვუყიდო, რაც უნდა, თორემ არასდროს არაფერს ითხოვს. რომც მოუნდეს, არ იტყვის. ამიტომ სულ ვცდილობ, გამოვიცნო, რა უნდა.

– ბატონო გოგი, ძალიან აქტუალურ პრობლემას უნდა შევეხო – ნარკოტიკებს. ჩვენში გავრცელებულია მოსაზრება, რომ ნარკოტიკული თრობის დროს ხელოვანები უფრო კრეატიულები და შემოქმედებითები არიან. ეთანხმებით?

– არა, რა სისულელეა! ეს იაფფასიანი ზღაპარია! შეუძლებელია, ხელოვნების ნიმუში შექმნა დაბინდული გონებით. იქ შენ ხარ ილუზიების სამყაროში. ჩემმა ერთმა უახლოესმა მეგობარმა მოწია და დაიწყო ბახის დაკვრა. იფიქრა, რასაც მაშინ უკრავდა, სრულიად გენიალური იყო. ავიღე და ჩავიწერე თავიდან ბოლომდე, მაკანკალებდა, ისე ვგრძნობდი მუსიკასო. მეორე დღეს, როცა გამოფხიზლდა და მოისმინა, არაფრად ვარგოდა.

ათასში ერთხელ კი შეიძლება მოწევა, ბალახს, მარიხუანას ვგულისხმობ, თორემ რაღაც საზიზღრობა ნარკოტიკს კი არა. მე არც ამ ბალახის მოწევა მიყვარს. ის მოსაზრება კი, რომ ეს რაღაც გენიალურს შეგაქმევინებთ, არ დაიჯეროთ, სასაცილოა! დავცინებ, ვინც ამის მტკიცებას დამიწყებს.

– ალკოჰოლისადმი როგორი დამოკიდებულება გაქვთ?

– კონიაკი მიყვარს. ადრე ვერ ვიტანდი დალევას, მეზიზღებოდა, მაგრამ ამ ბოლო დროს, რაც ცოლი მოვიყვანე, მას მერე დავიწყე.

– ცოლს მოსწონს და იმიტომ?

– არ მოსწონს, მაგრამ ასეა, 40 წლის მერე დავიწყე დალევა. ისე კი, არც მაშინ ვქმნი პრობლემას, პირიქით, მთვრალი კიდევ უფრო თბილი ვხდები.

რუსუდან ადვაძე, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018