ანდრია გველესიანი მალდივებზე სამუშაოდ წავა – “სამ ქვეყანაში გვქონდა თაფლობისთვე”

მსახიობების წყვილმა, ანდრია გველესიანმა და მაიკო ვაწაძემ, ჯერ საქართველოში გამართეს თეატრალიზებული ქორწილი, მერე კი თაფლობისთვეც თეატრალიზებული მოიწყვეს.

მათ ქორწილში გადაღებულ ვიდეოებს უამრავი ადამიანი აზიარებდა სოციალურ ქსელებში, წყვილის მიერ შესრულებულ სიმღერას კი მილიონობით ნახვა აქვს. მოგეხსენებათ, ანდრია, თეატრის პარალელურად, მუსიკალურ კარიერაზეც ზრუნავს. ამისთვის მან თაფლობისთვეც გამოიყენა მალდივებზე, იქ შოუებსა და კონცერტებში მიიღო მონაწილეობა და საკუთარ სიმღერაზე კლიპიც გადაიღო. ულამაზესი კუნძულიდან დაბრუნებული კი “სარკეს” ესაუბრა.

– ანდრია, რა ცვლილები მოჰყვა ცოლის მოყვანას თქვენს ცხოვრებაში?

– ჩემი ცხოვრება არანაირად შეცვლილა, პირიქით, ვითარდება. არც მაიკოს უგრძვნია დიდი ცვლილება, რადგან სიყვარული სიყვარულია და არ აქვს მნიშვნელობა, დაოჯახებული ხარ თუ არა. შეიძლება ითქვას, რომ ახლა ბევრად კომფორტულად ვარ.

– მიუხედავად იმისა, რომ ახლა მეტი პასუხისმგებლობა გაკისრიათ?

– აქამდეც არამხოლოდ საკუთარი თავი მებარა, სხვებზე ყოველთვის ვფიქრობდი და, მით უმეტეს, შეყვარებულზე.

– თქვენს ქორწილში შესრულებული სიმღერა ძალიან პოპულარული გახდა ინტერნეტსივრცეში. ეს იყო სპონტანურად ნამღერი თუ წინასწარ დადგით?

– ეს იყო ექსპრომტი. აქვე გეტყვით: არ მეგონა, ჩვენს ქორწილს ასეთი გამოხმაურება თუ მოჰყვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ჩვენი ახლობელი და საზოგადოებისთვის ცნობილი სახე გვყავდა სტუმრად. მთლიანობაში კარგი იყო იმით, რომ მხოლოდ და მხოლოდ სიყვარული სუფევდა. ნებისმიერი ადამიანისთვის რომ შეგეხედათ, მიხვდებოდით, რომ ჩვენი სიყვარულის გაზიარებისთვის იყო მოსული.

სიმღერას რაც შეეხება, ვიმღერეთ “შენ დაგეძებ, დილაა თუ ბინდია” და ინტერნეტში ავტვირთეთ, ასე ყველა აკეთებს – თავიანთი ქორწილების ვიდეოებს დებენ. ისე მოხდა, რომ ჩვენი ვიდეო “ფეისბუქის” ბევრ გვერდზე გაზიარდა, ერთ-ერთ უცხოურ გვერდზე კი მილიონზე მეტი ნახვა აქვს. არ ველოდი და არც მიფიქრია, ასეთი პოპულარული თუ გახდებოდა. პოპულარობა მოდის მაშინ, როდესაც რაღაც ნამდვილია. მიხარია, რომ ხალხმა ვიდეო დადებითად მიიღო.

– ტრადიციული ქართული ქორწილი გქონდათ, ნაციონალური სამოსი გეცვათ. წინასწარ ბევრი იფიქრეთ, როგორი იქნებოდა ეს დღე?

– ბოლომდე ასე არ იყო – თავიდან გვეცვა, შემდეგ ჩოხა გამოვიცვალე და ჩვეულებრივი შარვალ-კოსტიუმი ჩავიცვი, ანუ ტრადიციული ქართულიც იყო და თანამედროვეც. ჩვენი ხასიათებიდან გამომდინარე მოხდა ყველაფერი – ქართულ ტრადიციებსაც ვცემთ პატივს და ამავე დროს თანამედროვედ ვცხოვრობთ. რაღაცნაირად ვეცადეთ, რომ ქორწილში ეს ორივე ხაზი ყოფილიყო.

– თაფლობისთვე მხოლოდ მალდივებზე გაატარეთ თუ სხვაგანაც იყავით?

– თაფლობის კვირა რომში და შემდეგ ჩეხეთში გავატარეთ. ერთი თვით წავედით მალდივებზე და ამასაც თაფლობისთვე დავარქვით. იქ თან ვმუშაობდი და თან ვისვენებდით. ისე გამოვიდა, რომ სამ ქვეყანაში გვქონდა თაფლობისთვე.

– მალდივებზე რას საქმიანობდით?

– ჩემი მესამე კლიპი გადავიღე და იმედი მაქვს, რომ კარგი გამოვა.

– შემოთავაზება გქონდათ მალდივებზე თუ უბრალოდ იქ ჩასულმა გადაწყვიტეთ, გემღერათ?

– მალდივებზე ჩემი ერთ-ერთი მეგობარი, ქრისტინე მარტიშვილი, მღეროდა. სწორედ მისგან წამოვიდა შემოთავაზება და წავედით. იქ იყო შოუები, კონცერტები. მე და მაიკო ერთადაც ვცეკვავდით და რაღაცნაირად ჩვენი პროფესიითაც ვიყავით დაკავებული, პლუს ვისვენებდით. ძალიან კარგი იყო და, რაც მთავარია, ეს ყველაფერი გამოვიყენე იმისთვის, რომ კლიპი გადამეღო.

– სიმღერის ავტორი თქვენ ხართ?

– ზოგადად ყველა სიმღერა ჩემია. ამ წლის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩემს სიმღერებს ვიმღერებდი. საერთოდ, მომღერლისთვის ყველაზე რთული და დასაფასებელი ის არის, როდესაც საკუთარ სიმღერას მღერის. ძალიან ძნელია, სხვა კომპოზიტორმა მოგარგოს სიმღერა.

– ქართულენოვან სიმღერაზე გადაიღეთ კლიპი?

– რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ქართულ სიმღერას შევქმნი. ვფიქრობ, ყველამ ეს უნდა აკეთოს იმიტომ, რომ ქართულს განვითარება სჭირდება. ჩემს კოლეგებს მოვუწოდებ, რომ ქართული სიმღერები ვწეროთ.

– ორივე კლიპში თქვენი ცოლი მონაწილეობს, მესამეშიც მას ვიხილავთ?

– რა თქმა უნდა, მაიკო იქნება.

– გაგიმართლათ, რომ ცოლ-ქმარი ერთ თეატრში ხართ.

– დიახ, ორივე ახმეტელის თეატრში ვართ. ძალიან დატვირთული ვარ და არამარტო ახმეტელის თეატრში, არამედ მუსკომედიაშიც. ახმეტელის თეატრში გვაქვს ძალიან კარგი გეგმები, ამ სეზონზე ორ სპექტაკლს ვუშვებთ. დაგეგმილია გასტროლებიც.

– მალდივებზე სამუშაოდ დაბრუნებას ხომ არ აპირებთ?

– იქ აქვთ მოლოდინი, რომ დავბრუნდე. მომღერლისთვის კარგია იაროს სხვადასხვა ქვეყნებში და გამოცდილება მიიღოს. რატომაც არა? როდესაც დრო მექნება, დავბრუნდები.

 მარი მგალობლიშვილი, სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018