ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა”

ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა",,მის საქართველო 2003″, ყოფილი მოდელი ირინა ონაშვილი, ერთი წლის წინ მეორედ გახდა დედა და ისევ ბიჭის. სწორედ მაშინ მიხვდა, როგორც თავად გვითხრა, რომ მას, მის ქმარს ლადო ვარძელაშვილს (ახალგაზრდული საქმეების ყოფილი მინისტრს) და მათ უფროს შვილს, საბას, ძალიან სჭირდებოდათ კიდევ ერთი ბავშვი ოჯახში. პატარა დათუნამ მათი ურთიერთობები დააბალანსა, მაგრამ ამავე დროს ირინას გაზრდილი პასუხისმგებლობა დააწვა მხრებზე. თავისი ოჯახის რიტმზე, ქმართან და შვილებთან ურთიერთობაზე ის “სარკესთან” საუბრობს.

– ირინა, ორი შვილის დედა ხართ. ალბათ ამან სხვა შეგრძნებები დაბადა თქვენში.

– ეს ძალიან მაგარი შეგრძნებაა, გავბევრდით. ჩვენს ოჯახს რომ ვაკვირდები, დათუნა ძალიან გვაკლდა. აუცილებელი და საჭირო იყო, საბას თავისი ოთახის მეგობარი ჰყოლოდა. მართალია, ძალიან მინდოდა, გოგო ყოფილიყო, მაგრამ ასე ინება ღმერთმა და ისევ ბიჭი დაიბადა. მანამდე ოჯახში ცოტანი ვიყავით, ახლა უკვე შეიძლება ითქვას, რომ ბევრნი ვართ.

რა თქმა უნდა, კარგია, როცა ადამიანს აქვს იმის ყველანაირი რესურსი, დრო, რომ რაც შეიძლება მეტი შვილი გააჩინოს. ოღონდ, ჩემი აზრით, ეს საკმაოდ რთული ამბავია. სამომავლოდ როგორ იქნება, არ ვიცი, მაგრამ რთული რომ არის, უკვე ვატყობ. თუნდაც ორი შვილის გაზრდა ადვილი საქმე არ არის.

– გეხმარებიან მათ გაზრდაში?

– ძიძა მყავს, რომელიც ამჟამად დათუნას მოვლითაა დაკავებული. საბა ბაღში დადის და სექტემბრიდან უკვე სკოლაში წავა. განებივრებული არ ვარ ბევრი დამხმარით, ბებიებით, ბაბუებით, ძირითად პრობლემებთან მაინც მარტოს მიწევს გამკლავება.

ამ ყველაფერში ლადოც თავისთავად ჩართულია. როცა ბავშვი ძალიან პატარა იყო, მე – ახალი ნამშობიარები, ყველაფერში ძალიან მეხმარებოდა, ღამე მორიგეობის საათებსაც ვინაწილებდით.

– მთელი ამ პერიოდის განმავლობაში საკმაო გამოცდილებას დააგროვებდით, რა კატეგორიის ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა"დედად ჩამოყალიბდით?

– გამოცდილება ნამდვილად დამიგროვდა, განსაკუთრებით, სამედიცინო განხრით. ბავშვები მუდმივად არიან ვირუსების მსხვერპლი. საბას ბაღის პირველი წელი განსაკუთრებულად რთული იყო, ყველა ინფექცია და ვირუსი სახლში მოჰქონდა. ერთ ვირუსსაც ვერ ავცდით, ხშირად ავადმყოფობდა. შესაბამისად, ვირუსი პატარასაც ედება. მოკლედ ამ ამბებში ვარ.

ამ ყველაფერთან დაკავშირებით იმდენად დიდი გამოცდილება მაქვს, რომ პირველად დახმარებას მე ვუწევ ბავშვებს. ასე ვთქვათ, გამოცდილებამ გამომწვრთნა და მედდად ჩამოვყალიბდი. პირველ რიგში, ყველაზე კარგად მე ვხვდები ხოლმე, ბავშვს რა სჭირდება. სერიოზული თუ არის, ექიმთან მიმყავს.

– სხვა მხრივ როგორი გასაზრდელები არიან?

– ცელქები არ არიან. პატარა იოლი გასაზრდელია. საბას რაც შეეხება, ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ისეთი ყოფილიყო, როგორიც ახლა არის. ძალიან კომუნიკაბელურია, ბავშვები, ადამიანებთან ურთიერთობა უყვარს, აგრესიული არ არის. როგორიც მინდოდა, ყოფილიყო, მე მგონი, ისეთია. დადებით და თბილ გარემოში იზრდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. თბილი გარემო იმას არ ნიშნავს, რომ მას ყველა ხუშტური უსრულდება, გარკვეული აკრძალვები და შეზღუდვები აქვს.

ჩემს სუსტ მხარედ შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ლმობიერი ვარ და შეიძლება ითქვას, რომ ვანებივრებ, თუმცა განსაკუთრებული მოთხოვნები არ აქვს.

— თქვენი ქმარის ასეთივე ლმობიერია ბიჭებთან?

– მკაცრი არც ის არის. ბავშვი რაღაცას რომ გთხოვს, ძნელია არ აუსრულო, თუმცა, როგორც ვთქვი, საოცარი მოთხოვნები არ აქვთ. ყოფილა შემთხვევა, საბამ მაღაზიაში უძვირესი სათამაშო მოინდომა, მაგრამ რომ ვუთხარი, ამ წუთას ამის საშუალება არ მაქვს-მეთქი, ჩვეულებრივად გაიგო, პროტესტი არ გამოუთქვამს.

– ხასიათით, გარეგნულად რომელი შვილი გგავთ?

– ხასიათზე რამის თქმა ალბათ ჯერ ადრეა, ასაკთან ერთად ბევრჯერ შეეცვლებათ. ამბობენ, რომ ვიზუალურად ორივე მე მგავს. საბაზე უფრო ამბობენ, რომ ძალიან მგავს.

ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა"– როგორი მამაა ლადო, როგორ შეაფასებდით მას?

– ძალიან კარგი მამაა. ჩემსავით ყველაფერში თავიდან ბოლომდეა ჩართული-მეთქი, რომ გითხრათ, მოვიტყუები, თუმცა, ტიპაჟიდან გამომდინარე, ძალიან მეოჯახეა, ოჯახური გარემო, ბავშვებთან ურთიერთობა უყვარს. მით უმეტეს, ახლა ისეთი დაკავებული არ არის, როგორიც სხვა დროს იყო. ახლა უფრო ბევრი დრო აქვს ჩვენთან ურითერთობისთვის.

ბავშვებთან დაკავშირებით ძირითად გადაწყვეტილებებს მე ვიღებ. იმიტომ კი არა, რომ მე მინდა ასე, რაღაც ისე მოხდა, რომ თავიდან ბოლომდე გონებით ბავშვებზე ვარ გადართული და არც ველოდები ვინმეს, თუნდაც ლადოს, რომ რაღაც ვკითხო, დაველოდო, მაშინვე მოქმედებაზე გადავდივარ.

– ამბობენ, ამქვეყანაზე ყველაზე რთული როლი დედობააო, ეთანხმებით ამას?

– დედობა ყველაზე დიდი სირთულე, პასუხისმგებლობა, ყველაფერია. მანამდე მხოლოდ საკუთარ თავს ეკუთვნი, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების დინებას მიჰყვები და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ბავშვის პატარა ავადმყოფობაზეც კი იმხელა განცდები გაქვს, მერე ფიქრობ, რომ მანამდე თურმე არაფერი ღირდა ნერვიულობად. სანამ შვილები არ გყავს, მანამდე ასეთი ემოციები არ გაქვს.

ახლა უფრო მობილიზებული ვარ, უფრო ბევრი საქმე, უფრო დიდი პასუხისმგებლობა მაქვს და უფრო დაღლილი ვარ. ახლა პატარას სჭირდება განსაკუთრებული ენერგია. ჯერ სრულფასოვნად არ გაუვლია, ამიტომ ხშირად მიწევს მისი ხელში ჭერა, ეს კი ძალიან დიდ ენერგიას მოითხოვს. საკმაოდ დიდწონიანი ბავშვია და მისი ხელში ტარება ადვილი არ არის.

ღამეც იღვიძებს, საბასავით არ სძინავს და ადგომა მიწევს. ეს ყველაფერი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ხანდახან დილით მეც უენერგიოდ ვარ. სირთულეც ეს არის, რომ მოდუნების უფლება არ გაქვს, მაინც შემართებით უნდა იყო, დილით უკვე ოჯახთან დაკავშირებით სხვა საქმეები იწყება.

– ეს ყველაფერი საკუთარი თავისთვის, ქმრისთვის, რომ თქვენს ურთიერთობაში ნაპერწკალი არ ჩაქრეს, დროს გიტოვებთ?

– პრინციპში, ნაკლებად გვრჩება დრო, თუმცა რაღაცებს ვარეგულირებთ, რომ დისკომფორტი არ გაჩნდეს. რაც უფრო მეტი შვილი გყავს, მით მეტი პასუხისმგებლობა გაქვს და ალბათ უფრო მოტივირებული ხარ. ბავშვები სანამ არ მყავდა, მხოლოდ ჩემი თავი მებარა და ასეთი დიდი პასუხისმგებლობა არაფრის მიმართ მქონია. ახლა უკვე ბევრი საზრუნავია და შენც იცვლები, უფრო მობილიზებული ხდები.

– ორმა შვილმა თქვენი და ლადოს ურთიერთობას რა შეჰმატა, რა მიმართულებით შეცვალა?

– ჩვენი ოჯახი სასიამოვნო, დადებითი ემოციებითაა დატვირთული. ბავშვებს რომ უყურებ, ძალიან მაგარია. მით უმეტეს, როცა ახლა უკვე ორნი არიან და საბა მარტო აღარ არის. თან საბა ძალიან თბილი ბავშვია, არ მახსოვს, ეეჭვიანოს.

– მესამე ბავშვის გაჩენაზე ფიქრობთ თუ ჯერ ადრეა?

– ჯერჯერობით მესამეზე ნამდვილად არ ვფიქრობთ.

– რითი ხართ ახლა დაკავებული, როგორია თქვენი ცხოვრება, საქმიანობა ოჯახის მიღმა?

– ძალიან ბევრი საქმე მაქვს, მაგისტრატურას ვამთავრებ გაზაფხულზე, სტრატეგიულ კომუნიკაციებზე ვსწავლობ. ბოლო წლების განმავლობაში პიარის კუთხით რამდენიმე კომპანიაში ვიმუშავე. ახლაც ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის პიარში ვმუშაობ.

ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა"– ისევ ისე ლამაზად გამოიყურებით, როგორც წლების წინ მის საქართველო. განსაკუთრებთი ზრუნავთ იმაზე, რომ კარგ ფორმაში იყოთ?

– ალბათ იცით, რომ საკუთარი სილამაზის ცენტრი მაქვს, სადაც ძალდატანებით რაღაცებს მიკეთებენ. ჩემი ინიციატივით ამისთვის დრო არასდროს მაქვს. ყოველდღიურად განსაკუთრებულს არაფერს ვაკეთებ.

– დიეტები, ვარჯიში?

– მიუხედავად იმისა, რომ მეორე შვილზე ძალიან ბევრი, 25 კილო მოვიმატე, დიეტა არ დამჭირვებია, ჩემი რიტმიდან გამომდინარე, თავისთავად ჩავდექი ფორმაში. სულ ვამბობ, დათუნას დიეტაზე ვარ-მეთქი. ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც წონის პრობლემა აქვს, ერთი საღამო რომ გაატაროს დათუნასთან ერთად, დამიჯერეთ, ძალიან მალე ჩადგება ფორმაში. 15 კილომდეა და მისი ხელით ტარება ადვილი ნამდვილად არ არის.

– 25 კილოს დაკლება რამდენ ხანში შეძელით?

– დათუნა ახლა ერთი წლის გახდა და, პრინციპში, უკვე ჩემს ადრინდელ წონაზე ვარ.

ირინა ონაშვილი: ,,დედობა ყველაზე რთული აღმოჩნდა"– წლების გარდაუვალ მატებას როგორ უყურებთ, რა განწყობა გიჩნდებათ, როცა ასაკზე ფიქრობთ?

– 32 წლის ვარ. წლები ჩემზე არ მოქმედებს და მიხარია, რომ ჩვენს ქვეყანაში არსებობს კარგი კომპანიები, რომელთაც ძალიან კარგი პროდუქცია, ინექციური საშუალებები შემოაქვთ, რომლებიც ბუნებრივ პრეპარატებზეა დამზადებული და მაქსიმალურად გეხმარება, რომ ახალგაზრდული იერი შეინარჩუნო, ნაოჭები არ გაგიჩნდეს და ა.შ. მეც ჩემი პატარ-პატარა საიდუმლოებები მაქვს, რომლებსაც პერიოდულად ვიყენებ.

ჩემს განწყობაზე ჯერ არ მოქმედებს ასაკის მატება. ცოტა მეტის რომ გავხდები, ალბათ მეც დამეწყება ეს ფიქრები. ყველას უნდა, რაც შეიძლება დიდხანს იყოს ახალგაზრდა.

ეკა ლემონჯავა, სარკე