გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ” – 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვა

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვა28 წლის გიორგი ნიკოლაიშვილი 5 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობს და, სანამ იქაურ ყოფას და რიტმს ფეხს აუწყობდა, სხვა ქართველებივით უმძიმესი დღეები გამოიარა, მაგრამ ერთი წუთითაც არ უნანია ამ ქვეყანაში მოხვედრა. მკლავზე ამერიკის სიმბოლოც დაიხატა და ამბობს, რომ დაბერებასაც იქ აპირებს.

გიორგი ფინანსური ანალიტიკოსია. თბილისში თავისი პროფესიით მუშაობდა, მეგობარმა ამერიკაში მასთან ჩასვლა რომ ურჩია. უყოყმანოდ მიატოვა ყველაფერი და წავიდა. იქ ჩასულს ნაოცნებარი ამერიკისგან სრულიად განსხვავებული რეალობა დახვდა, მძიმე და დაუნდობელი.

ასე თუ ისე თავი დაიმკვიდრა და ახლა თავად ეხმარება თანამემამულეებს. სოციალურ ქსელში ჯგუფი შექმნა, სახელწოდებით “ჩვენ ამერიკაში” და ამერიკაში ქართველებს აკვალიანებს. ამ ჯგუფის საშუალებით უამრავ ადამიანსაც ეხმარება, რომლებსაც მკურნალობა სჭირდებათ. გიორგი 28 წლის ახლახან გახდა და დაბადების დღე გრანდიოზულად გადაიხადა.

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვაგიორგი ნიკოლაიშვილი:

– ამერიკაში 2013 წლის დეკემბერში ჩამოვედი. ჩემმა მეგობარმა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს, შემომთავაზა ჩასვლა და უმალვე დავთანხმდი.

ჩვენში სახუმარო ტექსტია: “ოღონდ შენ ჩამოდი…” და ჩახვალ თუ არა, ყველა კოშკი, რომელიც აგიგეს, დამსხვრეულია. აეროპორტშიც კი არავინ გხვდება და რჩები მარტო. რომ ჩამოვედი, უნდა დამხვედროდა სამსახური, ბინა უფასოდ…

სრულიად საპირისპირო რეალობა დამხვდა: უნდა მეხადა ქირა და ა.შ. ენა სრულყოფილად ვიცოდი, მაგრამ ინფორმაციულ ვაკუუმში მოვხვდი. უცხო ქალაქში გზის გაკვალვას ვერ ვახერხებდი. უკან დაბრუნებაზეც მიფიქრია, შიმშილიც გამოვიარე, ნიუ იორკის მეტროშიც მეძინა, შავკანიანთა თავშესაფარშიც მოვხვდი, რადგან ქართველებმა სახლიდან გამაგდეს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ერთი დღეც არ მინანია ამ ქვეყნაში ჩამოსვლა.

– ინფორმაციულ ვაკუუმსაც ქართველები ქმნიან?

– დიახ. რომ ჩამოვედი, ქართველებმა პირდაპირ მითხრეს, ეს არის ამერიკული განავალი, რომელიც ყველამ უნდა ჭამოსო. საუბარია 20-25 წლის წინ ჩამოსულ ქართველებზე, რომლებიც აქაურობას განაგებენ და დღემდე იმ მდგომარეობაში არიან, როგორშიც ჩამოსვლის დროს იყვნენ. მუშაობენ ძიძებად, სრული რუტინა აქვთ, ისევ ლანძღავენ ამერიკას და მისტირიან საქართველოს. ფინანსური სტაბილურობისა და თბილისში ბინების ყიდვის მეტი ვერაფერი შექმნეს.

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვაეს ადამიანები, როცა რაიმე პოტენციალს ხედავენ შენში, თითქოს შინაგანი შიში აქვთ. თუ მიხვდნენ, რომ შეიძლება მათზე სწრაფად მიაღწიო რამეს და უკეთესი პირობები შეიქმნა, მაშინვე ირაზმებიან, რომ როგორი გზაც მათ გაიარეს, ზუსტად იგივე გზა გაგატარონ.

ვინც მწვანე ბარათით ჩამოდის, მას გზა თითქმის ხსნილი აქვს, მაგრამ, როცა ხარ უსაბუთო, მეტი დაბრკოლება გხვდება სამსახურის შოვნისას. სამსახურები და კონტაქტები შენზე ადრე ჩამოსულების ხელშია და ეს იყო ჩემთვის მიუწვდომელი. არადა არის გზები, რომლებიც ასეთ დროს უნდა ასწავლო ადამიანს, რომ გაუადვილო ცხოვრება.

რაც უნდა ბევრი ფული იშოვო ამერიკაში, რაც უნდა კარგ სამსახურში იმუშაო და წარმატებას მიაღწიო, აქ ჩამოსვლის პირველი დღეები არ გავიწყდება. რადგან სამსახურს ვერ ვშოულობდი, თბილისიდან მიგზავნიდნენ ბინის ქირის ფულს. მერე ქუჩაში აღმოვჩნდი.

გაუსაძლისი იყო ყოველი დღის გათენება… კარგი მსახიობი უნდა იყო, რომ, როცა თბილისიდან ოჯახი გირეკავს, მათთან არ შეიმჩნიო, ასე თუ გიჭირს. ჩემმა ოჯახმა ბევრი დეტალი დღემდე არ იცის.

– შავკანიანთა თავშესაფარი როგორი იყო?

– შესასვლელში დგას პოლიცია და ყოველი შესვლა-გასვლისას გჩხრეკს, რადგან მკვლელობები ხდება და ა.შ. იქ გაჩერება შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ჩემ გარდა თეთრი არავინ იყო და აგრესიას ვიწვევდი. ამიტომაც მალე წამოვედი.

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვარამდენიმე ღამე მეტროში გავატარე. მინდა, აღვნიშნო, რომ ძალიან კომფორტულია ნიუ იორკის მეტრო. უბედურებით იღლები და რეაქცია აღარ გაქვს. იმ დონემდეც მივედი, როცა ჩემთვის ყველაფერი სულ ერთი გახდა.

შემდეგ ერთმა კარგმა ადამიანმა შემიფარა, მუშაობაც დავიწყე და ყველაფერი ამეწყო. ჩემი პირველი სამსახური იყო რუსულ რესტორანში. მხოლოდ რამდენიმე დღე ვიმუშავე, რადგან მეტი ვერ შევძელი. დღეში 17 საათი ვმუშაობდი.

მიმტანის დამხმარე ვიყავი. ვემსახურებოდი სტუმრებს, ვალაგებდი ტუალეტებს, ვწმენდდი უნიტაზებს, ეზოსაც ვუვლიდი…

მერე დიდ რესტორნებში დავიწყე მუშაობა. ძირითადად ებრაელების ქორწილებში ვმუშაობდი. ეს იყო 600-700 კაცზე გათვლილი რესტორნები. შემდეგ უფრო მაღალანაზღაურებადი სამსახური დავიწყე – მოხუცს ვუვლიდი.

– მამაკაცებიც უვლიან მოხუცებს?

– სანამ ჩამოვიდოდი, მეც მეგონა, რომ მომვლელები მხოლოდ ქალები იყვნენ, მაგრამ აქ სხვა რეალობაა. ქართველი კაცები მომვლელებად უფრო მუშაობენ, ვიდრე მშენებლობაზე, მაგრამ ამას მალავენ. არადა ეს სამსახური უფრო კომფორტულიც არის და უფრო მაღალანაზღაურებადიც. კაცები უვლიან მხოლოდ მამაკაცებს.

არსებობს ორი ტიპის მომვლელი. ერთი, როდესაც ხარ ტიპური მომვლელი და ყველაფერს აკეთებ – სადილების მომზადებიდან დაწყებული მისი დაბანა-გამოცვლით დამთავრებული. მეორე ტიპის მომვლელს კი ფულს უხდიან მეგობრობაში. ესენი არიან მილიონერი ოჯახების გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვამოხუცები. მათ ძირითადად არაფერი აწუხებთ. სრულიად მარტო ცხოვრობენ უზარმაზარ სახლში, ზოგს შვილები არ ჰყავს, მაგრამ ვისაც ჰყავს, მათაც თავიანთი საქმე აქვთ.

მე მხოლოდ ამ ტიპის მომვლელად მიმუშავია. თუ ჩემს ოჯახს და მეც დამჭირდა, პირველი ტიპის მომვლელადაც ვიმუშავებ, მაგრამ, როცა ენა კარგად იცი, გაცილებით ადვილია ასეთი სამსახურის შოვნა და ის ორჯერ უფრო მაღალანაზღაურებადია.

– რა მოთხოვნები აქვთ მდიდარ ამერიკელ მოხუცებს?

– ყველას უყვარს საუბარი, ტელევიზორის ყურება და გაზეთების კითხვა მომვლელთან ერთად. არც ერთმა ჩემმა მოხუცმა არ იცოდა, სად იყო საქართველო. ამიტომ ყველას ვუყვებოდი ჩემს ქვეყანაზე. ისეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ჩვენ ტყიურები ვიყავით. მე კი ვუმტკიცებდი, ჩვენთან რომ მეტრო გაიხსნა, ამერიკაში ჯერ ისევ მონათმფლობელობა იყო-მეთქი.

მოხუცებს უყვართ მუზეუმებში, თეატრებში, რესტორნებში სიარული, ქუჩებში სეირნობა და ყველგან უნდა წაჰყვე. ერთი შეხედვით, თითქოს ადვილი ჩანს ეს სამსახური, მაგრამ დიდ ფსიქოლოგიურ ძალისხმევას მოითხოვს. ერთი წუთით ვერ მოადუნებ ყურადღებას, რადგან ისინი გონებრივად სრულიად ჯანმრთელები არიან.

მნიშვნელოვანი ის არის, რომ ამ ადამიანების წყალობით, ნიუ იორკის ყველა მუზეუმი მაქვს ნანახი, უამრავ თეატრსა და სხვა კულტურულ ადგილებში ვარ ნამყოფი, სადაც სხვა შემთხვევაში ვერ ან არ მოვხვდებოდი. ამ სამსახურს მხოლოდ ფსიქიკურად მყარი ადამიანები უძლებენ, რადგან სულ უნდა იღიმო. შენი პირადი პრობლემები არავის აინტერესებს.

ერთ მოხუცს მთავარი მოთხოვნა ჰქონდა, რომ არ უნდა ვყოფილიყავი პრეტენზიული მჭამელი. როცა გარეთ გავდიოდით, ეს ადამიანი რადიკალურად იცვლებოდა, ძალაუფლების შეგრძნება ემატებოდა და წარმოიდგენდა, რომ მე ვიყავი მისი მონა. რესტორანში რომ შევიდოდით, მიმტანს ეუბნებოდა, ამ ადამიანს მენიუ არ მისცეთ, მე რასაც შევურჩევ, ის უნდა ჭამოსო.

– ჭამდით, რასაც შეგირჩევდათ?

– არ მომწონდა, მაგრამ ვჭამდი, რომ მშიერი არ დავრჩენილიყავი. ერთი მოხუცი ითხოვდა, რომ მისი მომვლელი აუცილებლად სიგარეტის მწეველი ყოფილიყო. თვითონ ეწეოდა, ნიუ იორკში კი სირცხვილად ითვლება, როცა სიგარეტს ეწევი.

ამ მავნე ჩვევას ვერ დავანებე თავი და ამის გამო ხშირად სამსახურებიც დამიკარგავს. ეს კი ყველაზე კარგი სამსახური იყო ჩემთვის, რადგან მე და ბაბუა ერთად ვეწეოდით. მწერალი იყო და ვეხმარებოდი კომპიუტერზე ტექსტის აკრეფაში. ცალი ხელი არ უმუშავებდა. მხოლოდ სიგარეტის მოწევა და ბეჭდვა შედიოდა ჩემს საქმიანობაში.

ასევე ვუვლიდი ბროდვეის თეატრის მსახიობებს, ცოლ-ქმარს. ყველაზე ბედნიერი იმ ოჯახში ვიყავი. ორივენი 98 წლისანი იყვნენ და სახლში ყოველდღე ბროდვეის შოუ გვქონდა. კარგად ვერთობოდი.

მომვლელობის პარალელურად დასაქმების სააგენტოშიც ვიმუშავე 2 წელი, ბუღალტერი ვიყავი და ბევრ ქართველსაც დავეხმარე სამსახურის დაწყებაში. ამერიკულ კომპანიაში ინგლისურენოვან დოკუმენტებთან მქონდა საქმე და ესეც ძალიან კარგი გამოწვევა იყო ჩემთვის.

– საქართველოში როგორ პირობებში ცხოვრობდით, რომ ამ ყველაფრის საპირწონედ ამერიკაში ასეთი შრომა აირჩიეთ?

– რესტორანში რომ დავიწყე მუშაობა, ყველაფერი ხელიდან მიცვიოდა, რადგან ისეთმა დედამ გამზარდა, ნიჟარაშიც კი თეფში არასოდეს ჩამიდია. დიდ მზრუნველობაში ვარ გაზრდილი. თბილისში 4 წელი ვმუშაობდი ჩემი პროფესიით. იმ თვეებშიც კი, როცა საშინლად მიჭირდა, არ მინანია აქ ჩამოსვლა. ბედნიერი ვარ ამერიკაში ცხოვრებით.

– მკლავზე ამერიკის სიმბოლო, რომელიც თქვენს ფოტოებში ჩანს, რის ნიშნად ამოისვირინგეთ?

– მუდმივი ტატუ მაქვს გაკეთებული. ეს ერთგვარი მადლიერების ჟესტი იყო ჩემი მხრიდან, როცა საემიგრაციოდან აქ ოფიციალურად ცხოვრების საბუთები მივიღე.

რაც უნდა არადამაჯერებლად ჟღერდეს, მადლიერი არამხოლოდ იმიტომ ვარ, რომ აქ კარგი ფინანსური ანაზღაურებაა ან უფრო მეტი შემიძლია გავუკეთო ჩემს ოჯახს, არც თბილისში მაკლდა კარგი სამსახური და არც ჩემს ოჯახს სჭირდება ჩემგან ყოველდღიური დახმარება, ყველაზე მაგარი ის არის, რომ ხშირად ვმოგზაურობ. შარშან 7 სხვადასხვა შტატში ვიმოგზაურე. ნამდვილი ამერიკა ტექსასში ვიპოვე და მინდა, ცოტა ხანს იქაც ვიცხოვრო.

– სახელმწიფო როგორ ეხმარება სოციალურად დაუცველ ადამიანებს?

– აქ უსაბუთო ემიგრანტსაც კი არ ტოვებენ დაზღვევის გარეშე, წამლის ფულის არქონის გამო ხალხი არ იხოცება. ეს ყველაფერი მოქმედებს, რომ აქაური გარემო შეიყვარო. ამიტომაც გადაწყვეტილი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში დავბერდე.

გიორგი ნიკოლაიშვილი: ,,ემიგრანტი დედების მსგავსად, ემიგრანტი შვილებიც გმირები ვართ" - 28 წლის ქართველი, რომელმაც გიორგი მახარაძეს სამკურნალო თანხა ამერიკიდან შეუგროვა– ყველას აქვს ხოლმე სურვილი, მალე იშოვოს ფული და სამშობლოში დაბრუნდეს, რომ აქ აკეთოს იმ ფულით რაღაც. თქვენ? 

– რა თქმა უნდა, მენატრება თბილისი, ჩემი ოჯახი, სანათესაო და მეგობრები… სწორედ ეგ იწვევს მერე დეპრესიას და მეც ასე ვიყავი. როცა ჩამოდიან, ყველა ამბობს, რომ 6 თვეში წავა, ანუ სანამ ვიზას ვადა ამოეწურება. ამ ვადას, რა თქმა უნდა, ყველა არღვევს და მერე იწყება განსაზღვრა, რამდენ ხანს დარჩებიან, რომ თბილისში რამდენიმე ბინა იყიდონ და დაგროვილი ფულით ბიზნესი დაიწყონ.

ასე ცხოვრობენ ორი ცხოვრებით – აქაურით და იქაურით. აქ ვერ ფუძნდებიან, რადგან წამსვლელები არიან. იქ ვერ ჩადიან, რადგან აქ ცდილობენ, მეტი იშოვონ. მხოლოდ ის ადამიანები ცხოვრობენ ლაღად, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ, აქ დაფუძნდნენ და პირიქით, აქეთ ჩამოიყვანონ თავიანთი ოჯახი. გამონაკლისების გარდა, აქედან წასული არავინ მინახავს.

– თავად დაფუძნდით უკვე მანდ?

– ვერა, მაგრამ მინდა. ჩემი ამერიკელი მეგობარი მეუბნება, მაშინ სრულდება ამერიკული ემიგრაციის ბოლო ეტაპი, როდესაც ამერიკულ ანეკდოტებზე გაიცინებო. ჯერ ვერ ვიგებ, ჩემთვის იდიოტობაა. როცა ყვებიან, ისინი იცინიან, მე – არა.

– ძალიან აქტიური ხართ ქართულ სოციალურ ქსელებში, ეხმაურებით ყველა პროცესს, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ასევე ქველმოქმედებას ეწევით, უამრავ ადამიანს დაეხმარეთ, ემიგრანტებმა თანხა შეუგროვეთ, ვისაც მკურნალობა სჭირდებოდა. ამის ორგანიზებას როგორ ახერხებთ?

– “ფეისბუქში” დავაარსე ჯგუფი “ჩვენ ამერიკაში” და იქიდან გიცნობთ თქვენც და თქვენს ჟურნალსაც. უკვე 41 ათასი ქართველია ამ ჯგუფში და ყველას ვეხმარებით. მე და ჩემი მეგობრები, შეძლებისდაგვარად, სწორედ იმ ინფორმაციულ ვაკუუმს ვაქრობთ, რომლებმაც ჩვენ დაგვაზარალა თავის დროზე. ვაგებინებთ ერთმანეთს სამსახურებისა თუ ბინის დაქირავების შესახებ.

ახალი საემიგრაციო კანონი თუ გამოვა, ვახმაურებთ. ქართველების უმრავლესობისთვის ინგლისურის ცოდნაა პრობლემა. ამიტომ ვზივარ და მათთვის ვთარგმნი ამ კანონებს. ვაწვდი სხვადასხვა გამოცდების ტესტებს და ა.შ.

ბევრ ქართველს ვხვდებით აეროპორტში და ამ ყველაფერს უანგაროდ ვაკეთებთ. ვისაც აქამდე დავხვდი, არავინ ყოფილა ჩემი მეგობარი თუ ახლობელი, ყველა ვირტუალური მეგობარია. რაც მე ერთ და ორ წელში გავიარე, ისინი ამ გზას ერთ თვეში გადიან ჩვენ მიერ მიწოდებული ინფორმაციის მეშვეობით.

აქ მყოფი ემიგრანტები ვაგროვებთ სამკურნალო თანხას და საქართველოში ვაგზავნით. იყო შემთხვევა, როცა თითო ბენეფიციარზე, რომელსაც მკურნალობა სჭირდებოდა, 10-11 ათასი დოლარი მოვაგროვეთ. მათ შორის, ჩვენ დავეხმარეთ მსახიობ გიორგი მახარაძეს. ვეხმარებით ბავშვებს.

არ მივეკუთვნები იმ ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ სადღეგრძელოებით, გულზე მჯიღის ცემითა თუ ხმლის ქნევით გამოხატავენ სამშობლოს სიყვარულს. ჩვენ ჩვენს წილ ქართულ საქმეს აქაც ვაკეთებთ და მე ასე მესმის სამშობლოს სიყვარული.

– დაოჯახებასაც ამერიკაში აპირებთ?

– დიახ, აქ ვაპირებ. მამაჩემისთვის სულ ერთია, ვინ იქნება ჩემი რჩეული, მაგრამ დედაჩემს აქვს რასისტული გამოვლინებები. მე ლათინოამერიკელები მომწონს. ცოტა მუქი კანი აქვთ, ვიდრე ჩვენ და მამაჩემი ამაზე თანახმაა, მაგრამ დედა – არა. ეს კარგია, რადგან ხელს შევუწყობ რძალდედამთილობის გაძლიერებას, ერთმანეთის ენას ვერ გაიგებენ და, შესაბამისად, არც წყევლა-კრულვა ექნებათ გამართული.

ჩემს მშობლებსაც უნდათ, რომ ჩემთან ერთად იცხოვრონ ამერიკაში. მე აქედან იმდენად მოვწამლე, ერთი სული აქვთ, როდის ჩამოვლენ. ყველაფერს დეტალებში ვუყვები ყოველდღე, რომ მათთვის აქ რაიმე უცხო არ იყოს.

მე ვარ ემიგრანტი შვილი. როცა ქართველი ჟურნალისტები აკეთებენ გადაცემებს თუ სტატიებს, ყოველთვის ახსენებენ ემიგრანტ დედებს. არასოდეს მოგვიხსენიებენ ემიგრანტ შვილებს, რომლებიც ასევე გმირები ვართ, რადგან საკუთარი დედები კი არ გამოვუშვით მოხუცების მოსავლელად, თვითონ წამოვედით. ჩემმა 50 წლის დედამ კი არა, მე, გიორგიმ, უნდა მოვუარო მოხუცს!

არც მამაჩვენები გამოგვიგზავნია მშენებლობაზე სამუშაოდ და მე არ ვმდგარვარ ბანკის რიგში ასე წვალებით აღებული თანხის მისაღებად. ისინი ელოდებიან ჩემგან.

სოციალურ ქსელებში ხშირად ფულზე გაყიდულებს გვეძახიან, მაგრამ ნურას უკაცრავად – აქ ჩვენ სწორედ რომ ქართულ საქმეს ვაკეთებთ!

 რუსუდან ადვაძე, ჟურნალი სარკე