12 წლის ქუთაისელი მევიოლინე ანი ანაკიძე აშშ-ის კარნეგი ჰოლში მიიწვიეს

12 წლის ქუთაისელი მევიოლინე ანი ანაკიძე აშშ-ის კარნეგი ჰოლში მიიწვიესანი ანაკიძე ქუთაისის ნიკო ნიკოლაძის სახელობის სკოლა-ლიცეუმის მე-7 კლასის მოსწავლეა.
12 წლის გოგონა მელიტონ ბალანჩივაძის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებელის მოსწავლე და ნიკო ნიკოლაძის სკოლის მუსიკალური ბენდის წევრია. მხოლოდ მიმდინარე წელს ანიმ სამ საერთაშორისო და ერთ ეროვნულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, სადაც საპრიზო ადგილებზე გავიდა და ლაურეატის წოდებაც მიენიჭა.

ამჟამად პატარა მევიოლინე ამერიკაში გასამგზავრებლად ემზადება. ანი წელს გამართულ საერთაშორისო კონკურსზე „AMERIKAN PROTÉGÉ” მეორე პრემიის ლაურეატი გახდა და ივნისის ბოლოს კარნეგი ჰოლში გალა კონცერტზეც მიიწვიეს. კონცერტზე იგი დიმიტრი კაბალევსკის სავიოლინო კონცერტს შეასრულებს.

– ჩემთვის დიდი სიხარული და ბედნიერებაა კარნეგი ჰოლში დაკვრა. ერთ თვეში გავემგზავრები ამერიკაში და ცოტა ვღელავ კიდეც. იმედია, წინ კიდევ ბევრი კონცერტი და საინტერესო გამოსვლები მელოდება მსოფლიოს სხვადასხვა სცენებზე,  – ამბობს 12 წლის შემსრულებელი.

ანიმ მუსიკისადმი სიყვარული პატარა ასაკშივე გამოამჟღავნა და 4 წლისა ვოკალზე შეიყვანეს. მალე ეროვნული კონკურსის „ჰარმონია“ -ს ლაურიატი გახდა და მიიღო სპეციალური პრიზი ქართული მუსიკის საუკეთესოდ შესრულებისთვის. 6 წლისა მისივე სურვილით ჩაირიცხა მუსიკალურ სასწავლებელში ვიოლინოს განხრით.

ანი ყოველთვის დიდი სიხარულით იღებდა მონაწილეობას კონცერტებსა თუ კონკურსებში. 2013 წელს 7 წლის ასაკში თურქეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე I პრემიის ლაურიატი გახდა. ამავე წელს,  საერთაშორისო კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ მიენიჭა ლაურიატის წოდება და ნომინაცია „პატარა ვირტუოზი“ 8 წლისამ ერევანში გამართულ საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი რთული ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისთვის. იგი რეგულარულად იღებს მონაწილეობას ეროვნულ და საერთაშორისო კონკურსებში, სადაც მუდამ ხვდება საპრიზო ადგილებზე.

წლევანდელი წელიც, როგორც სხვა დანარჩენი, მოზარდისთვის კიდევ უფრო ნაყოფიერი გამოდგა და იგი ახალი გამოწვევებისთვის ემზადება.

ანი გატაცებულია თეატრით და ოპერით. ის ბუნების დიდი მოყვარულია, უყვარს მცენარეები ყვავილები და ცხოველები, ჩართულია არაერთ სასკოლო პროექტშიც. ნიკო ნიკოლაძის ბენდშიც ანი ერთ-ერთი გამორჩეული მუსიკოსია და იმედი აქვს კიდევ უფრო მეტ წარმატებას მიაღწევს.

ქუთაისი პოსტი