“ჩემს მამიდაშვილებს ჰგონიათ, რომ პაპის ქონებაში ვეცილები”

"ჩემს მამიდაშვილებს ჰგონიათ, რომ პაპის ქონებაში ვეცილები"ზუსტად ვიცი, რომ ამ წერილს ბევრი ჩემი ახლობელი წაიკითხავს და ჩემი მიზანიც ეს არის. ძალიან მინდა, ვიღაც-ვიღაცებს გავაგებინო, რომ სხვის ქონებაზე დახარბებული არ ვარ და არც ჩემი მშობლები იყურებიან სხვების სახლ-კარისკენ. 17 წლის დედისერთა გოგო ვარ და რაც მჭირდება, ყველაფერი მაქვს. კარგი იქნება, ამას ზოგ-ზოგიერთებიც თუ მიხვდებიან.

მამაჩემს სოფელი აქვს, სადაც მამიდაჩემი და მისი შვილები ცხოვრობენ. მამიდა ქმარს არის გაყრილი და წლებია მშობლების სახლში ცხოვრობს თავის შვილებთან ერთად.

მე თბილისში დავიბადე და გავიზარდე, აქ გვაქვს სახლი და სოფელში არდადეგებზე თუ ჩავდივარ. ჩემი მშობლები კი ზოგჯერ ზაფხულშიც ვერ ახერხებენ იქ დასვენებას, რამდენიმე დღით თუ ჩავლენ, ესეც ბევრს ნიშნავს.

მოხუცი პაპა და ბებია მყავს, რომლებიც ძალიან მიყვარს. მათთვის უფრო მივრბივარ სოფელში, თორემ დასასვენებელი ადგილები სხვაგანაც ბევრია.

აპრილის დასაწყისში, სააღდგომოდ ისევ ჩავედი სოფელში და მამიდაშვილები რაღაცნაირად შემხვდნენ. მამიდაჩემმაც წესიერად არ მომიკითხა. ცოტა კი მეწყინა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

ბებომ დაიწყო ლაპარაკი, სახლი შესაკეთებელია, ერთი მხარე წვიმამ გააფუჭა და შელესვა უნდაო. ვუთხარი, მამა აპირებს, ამ ზაფხულს აქაურობას მიხედოს, ამაზე ნუ ინერვიულებ-მეთქი. ამის თქმა იყო და, მამიდაჩემი გაცეცხლდა, მე აქ არავინ არაფრად მთვლის, ჩემი შრომა არ ფასდებაო. უფროსი მამიდაშვილი აჰყვა, სხვას სწირავ შენს ცხოვრებას, ხომ გეუბნები, ცალკე გადავიდეთ საცხოვრებლად და ჩვენს თავს მივხედოთო.

ანუ ისე დაიწყეს ლაპარაკი, მივხვდი, იმას ფიქრობენ, რომ მე პაპის ქონებაზე, სახლ-კარზე მიჭირავს თვალი. რადგან მამაჩემი კაცია და მემკვიდრეობით მას ეკუთვნის, ჰგონია, რომ შუა ქუჩაში დატოვებს.

იცით, რაზე მწყდება გული? მამაჩემი ისეთი კაცია, ასეთი რამე მასზე არ უნდა იფიქრონ. მთელი ცხოვრება მათზე ზრუნავს, არაფერს აკლებს. ერთი სული აქვს, ჩემი უფროსი მამიდაშვილი სტუდენტი როდის გახდება, რომ უპატრონოს, გზაზე დააყენოს. რაც გვაქვს, ყველაფერს შუაზე ყოფს, მათ უგზავნის და ლუკმას გამოაცლის პირიდან?

სოფლის სახლს წელიწადში ერთხელ თუ შევაღებთ, თორემ სხვა დროს იქ რა გვინდა. ჩვენთან ამ თემაზე საუბარი არ უნდა წამოეწყოთ, მაგრამ, როგორც ჩანს, აზრი არ აქვს მადლის გაკეთებას, ზოგს მაინც ვერაფერს დაანახვებ.

ამ ზაფხულს მათთან საერთოდ არ ჩავალ. ჩემზე თუ ასეთი წარმოდგენა აქვთ, ჯობია, ერთმანეთი არც ვნახოთ ხოლმე. დედას რომ მოვუყევი, მითხრა, ალბათ მამიდაშენს სახლის თავის სახელზე გადაფორმება უნდა და ასე ლაპარაკი იმიტომ დაიწყოო.

ჯერ მამამ არაფერი იცის, ვუფრთხილდებით, რომ გული არ ეტკინოს, მაგრამ ოდესმე ხომ გაიგებს? ძალიან გაბრაზდება და შეიძლება საერთოდ აქციოს ზურგი. ისეთი ურთიერთობები გვქონდა ერთმანეთთან, ასეთების თქმა არ იყო საჭირო, მაგრამ რას ვიზამთ, როგორც ჩანს, ასეც ხდება.

თქვენი ერთგული მკითხველი, ჟურნალი სარკე