,,შეყვარებული კი წამართვა, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ, ქმარს ვერ წავართმევ” – შურისძიებისგან გათავისუფლება

,,შეყვარებული კი წამართვა, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ, ქმარს ვერ წავართმევ" - შურისძიებისგან გათავისუფლებაიშვიათია ადამიანია, რომელსაც შეუძლია ისეთი ვნების მართვა, როგორიც არის შურისძიება. ჩვენი რესპონდენტი, თიკა, სწორედ მათ რიცხვს განეკუთვნება. რევანშის შანსი მიეცა, მაგრამ სურვილი დაიოკა და თავისი გზა გააგრძელა. მის ცხოვრებაში იყო დიდი სიყვარული, მაგრამ წაართვეს, მარტო დატოვეს. განცდილი ტკივილის მიუხედავად, თავის პატიოსან ბუნებას არ უღალატა, საკუთარი ღირებულებების ერთგული დარჩა. თუ რა მოხდა მის ცხოვრებაში, ამაზე თავად გვიამბობს.

თიკა:

– დიდხანს ვცხოვრობდი დედასთან ერთად. საინტერესო არაფერი ხდებოდა. ვმუშაობდი და ავადმყოფ მშობელს ვუვლიდი. დედის შემდეგ სულ მარტო დავრჩი. პირადი ცხოვრება რომ არ მქონდა, ამას აღარ განვიცდიდი. თავის დროზე ბევრი ვიდარდე, მერე ჭკუას მოვუხმე და მივხვდი – არაფერი ღირს ნერვების შეწირვის ფასად. არ შედგა და მორჩა, ჯვარი მქონდა დასმული. რაღას ვუშველიდი!

უშვილობას კი ძალიან განვიცდიდი. მეხარბებოდა ქალების, ყველაფერს რომ გადააბიჯეს და უქორწინებლად შვილი გააჩინეს. ამის გამბედაობა არ მქონდა, არც ნერვები. ვერ გავრისკავდი. ორმოცი წელი უკან მოვიტოვე. ჩემს თანატოლებს შვილიშვილები შეეძინათ, მე კი… ვიფიქრე, ბავშვი ამეყვანა. ამასაც ვერ ვრისკავდი. საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, უკან ვიხევდი.

მერე მაჩვენეს ლენკა – ქერა, ბუსუსთმიანი, გაურკვეველი ფერის მრგვალი თვალებით. ისე მომეწონა, უარი ვეღარ ვთქვი, ვიშვილე. გადამრია, ახალი სუნთქვა გამიხსნა, ხელახლა დავიბადე, ჩემი თავი აღმომაჩენინა, თავის ჭკუაზე გადამრთო, ასაკი დამავიწყა. მიკვირს, როგორ ვცხოვრობდი მანამდე მის გარეშე ან ჩემს არსებობას რა აზრი ჰქონდა.

— ჩანს, ბავშვმა თქვენი ცხოვრების სტილი მთლიანად შეცვალა. განსხვავებულ ტალღაზე გადაწყობილი ქალის პირად ცხოვრებაში სხვა სიახლეც გაჩნდა?

– სამი წლის რომ შესრულდა, ლენკა საბავშვო ბაღში მივიყვანე. მასწავლებელს ძალიან შეუყვარდა, სულ კალთაში ესვა. ამ დამოკიდებულების გამო ბავშვებიც რჩეულად აღიქვამდნენ.

ბიჭები ფაქიზად ექცეოდნენ, ეპრანჭებოდნენ. განსაკუთრებით ერთთან დამეგობრდა, ოთო ჰქვია. სერიოზული ბიჭუნაა, რაინდული თვისებების. ნაადრევად დაბრძენებულს ჰგავს. დედამისი ახალგაზრდა, ცქრიალა გოგოა – ანიტა. სიცილით მითხრა, ჩემს ბიჭს თქვენი გოგო უყვარს, მგონი, დავმოყვრდებითო. ჩემი ლენკაც “ფიქრობდა” ოთოზე, ძილში მის სახელს ახსენებდა…

,,შეყვარებული კი წამართვა, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ, ქმარს ვერ წავართმევ" - შურისძიებისგან გათავისუფლებავერც ვიფიქრებდი, რომ ოთო “მისი” შვილიშვილი აღმოჩნდებოდა. ერთხელაც მოაკითხა წასაყვანად და… ალბათ ყურადღებას არ მივაქცევდი, ბავშვები რომ არ გადაფსკვნოდნენ ერთმანეთს. მათი შემყურე, ვიღიმებოდი. ისიც იღიმოდა და ასე ღიმილით შევაჩერდით ერთმანეთს. მერე ვიცანი და ღიმილი შემეყინა, მას კი სახე სხვაგვარად დაუთბა.

ახლოს მოვიდა, სურდა მომხვეოდა, ჩემმა სიცივემ უკან დახია. “როგორ გამიხარდა შენი ნახვა, თიკა, ეს ჩვენი ბავშვებიც…” – სიტყვა ვეღარ დაასრულა, ლენკას მიეფერა, ოთოს კაცურად მხარზე დაჰკრა ხელი, წავიდეთო. მერე შეყოვნდა, გამოიხედა, ხელი მანქანისკენ გაიშვირა, სურდა შემოეთავაზებინა, წაგიყვანთო, მაგრამ ჩემი გამოციებული სახის შემხედვარემ ვეღარ გაბედა.

– იქნებ… – დაიწყო.

-არავითარი იქნებ! – სიტყვა მოვუჭერი, – მშვიდობით!

— რა გაკავშირებდათ ოთოს პაპასთან? ჩანს, წარსულიდან რაღაც ტკივილი, იმედგაცრუება გამოგყვათ.

– ოთოს პაპას თემური ჰქვია. ოჰ, როგორ მიყვარდა ახალგაზრდობაში! მასზე უკეთესი არავინ მეგონა, ღმერთს ვუტოლებდი, ქვეყანას მერჩივნა. მართლა კარგი ბიჭი იყო, რჩეული… ოცდახუთი წლის წინანდელი ამბავია.

– მაშინ თქვენი სიყვარული შედგა თუ მხოლოდ ოცნებაში დაგრჩათ?

– მასაც მოვწონდი. ბიჭებში ამბობდა, ჩემი გოგოა, არ აწყენინოთო. თანდათან დავახლოვდით, სახლამდე მაცილებდა. მაკონტროლებდა, ზოგჯერ ჩუმადაც დამყვებოდა. სიყვარულზე ვერ მელაპარაკებოდა – იწყებდა, ჩერდებოდა… რაღაცნაირი რიდი ჰქონდა. ალბათ ჩემი თავდაჭერილობაც აფერხებდა. მისმა მშობლებმა იცოდნენ, რომ ვუყვარდი. ჩემი გაცნობა სურდათ… არ დამცალდა.

— რამ შეგიშალათ ხელი?

– სხვაში გამცვალა. ნატო ერქვა. ის გოგო ერთ გაელვებასავით გამოჩნდა თემურის ცხოვრებაში და უცაბედად წამართვა – სამი წლის ნალოლიავები სიყვარული ერთი ხელისმოსმით ამაცალა.

— თუ თემურს ნამდვილად უყვარდით, ასე უცებ ნატოს ხომ ვერ შეიყვარებდა. რაში იყო საქმე?

– თამამ, თავისუფალი ქცევების ქალებს აქვთ რაღაც ხრიკები, რითიც მამაკაცებს აბამენ. ყველაზე იოლი “ლოგინით შებმაა”. ცუდად ვლაპარაკობ, მაგრამ ასეა. უცერემონიოდ მოვლენ, შენს წესიერებას აბუჩად აიგდებენ, შენს შეყვარებულს აცდუნებენ, პრაქტიკულად ახორციელებენ იმას, რასაც შენ ოცნებაშიც კი ვერ გაბედავდი.

ყველაფერზე მიდიან, რომ ის ერთი გამარჯვება შეინარჩუნონ და ნებისმიერ ფასად ფინალში მოხვდნენ. გათხოვების გულისთვის ყველაფერს იზამენ. ქალთა სქესის წინაშე კაცი მაინც სუსტია, ლერწამივითაა. საითაც გადახრი, იქით გადაიხრება.

— ბოლომდე ვერ დაგეთანხმებით – ხომ არიან ძლიერი მამაკაცებიც, რომელთაც სიყვარულის დაცვა, ერთგულება შეუძლიათ.

– თემური არ გამოდგა ასეთი ძლიერი. ნატო ცოლად მოიყვანა. მეგობრები ამბობდნენ, მიზეზი ნატოს ორსულობა იყო, თორემ თემური არ შეირთავდა, პასუხისმგებლობამ გადაწონაო…

კი, მაგრამ ჩემი სიყვარული? როგორ შეეძლო ვიღაც ქალის გამო ასე გავეწირე?! რა უფრო მნიშვნელოვანი იყო მისთვის: ჩემი სიყვარული თუ პასუხისმგებლობა იმ ქალის მიმართ, რომელიც სხეულით ევაჭრა? ჩემ წინაშე პასუხისმგებლობა არ უნდა ჰქონოდა? ის ქალი რატომ დააყენა ჩემზე წინ? ეს კითხვები ცხოვრებას მიწამლავდა, თემურის წინააღმდეგ განმაწყობდა.

ამას ემატებოდა მისი ცოლის თავდასხმები. იმ ქალმა გათხოვების შემდეგაც არ დამინდო. ჩემში – ზნეობრივ, თავმდაბალ და უენო გოგოში – სერიოზულ მეტოქეს ხედავდა. ათას სიბინძურეს მიგონებდა, ინტრიგებს ხლართავდა. პასუხს არ ვცემდი (არც არასდროს მიპასუხია, არ დავშვებულვარ მის დონეზე), თავს ვარიდებდი, მათი დანახვაც კი არ მინდოდა. მაინც მწვდებოდა, მიწვევდა, არ მასვენებდა. ჩემი ლანძღვით და თავლაფის დასხმით ცდილობდა ქმრის ოჯახში დამკვიდრებას.

— უსამართლო, დაუმსახურებელი დარტყმები მიგიღიათ… მათი შვილი, ანიტა, იმ წინასაქორწინო კავშირის შედეგად დაიბადა?

– იყო კი მაშინ ნატო ორსულად? ეს კითხვა ყველას დაებადა, თემურის გარდა. ქორწინების შემდეგ ცოლმა განუცხადა, მუცელი მომეშალაო. წლების მერე შეეძინათ შვილები.

— ოცდახუთი წლის შემდეგ საბავშვო ბაღში თემურთან თქვენს პირველ შეხვედრას რა მოჰყვა? ურთიერთობის აღდგენის სურვილი ხომ არ გაგიჩნდათ რომელიმეს?

– ურთიერთობის აღდგენის კი არა, ქვეყნის დასალიერში გაქცევის სურვილი გამიჩნდა. ყველა ტკივილი გამიახლდა. ლენკას სხვა ბაღში გადაყვანაც ვიფიქრე, მაგრამ ორი თვეღა იყო დარჩენილი წლის დასრულებამდე, ზეიმისთვის ამზადებდნენ. მერე სკოლა უწევდა. შეჩვეული გარემოსთვის ბავშვი რატომ მომეწყვიტა?

მტკიცედ გადავწყვიტე, თავი ხელში ამეყვანა. დაე, ოთო გადაიყვანონ სხვა ბაღში, თუ უნდათ, ჩემს შვილს გული რატომ ვატკინო-მეთქი.

— ოთოს პაპასთან შეხვედრები ბაღში ისევ გიწევდათ?

– ბოლო ხანებში სულ აკითხავდა შვილიშვილს. ცოტა დარცხვენით, მაგრამ მაინც, ძველი მეგობარივით მიღიმოდა. შორიდან ვესალმებოდი. ერთხელ მშობლების ლაპარაკს შევესწარი, რა სიმპათიური პაპა ჰყავს ოთოს და რა მონსტრია მისი ცოლიო.

ამგვარმა შეფასებამ სხვაგვარად შემახედა თემურისთვის, ხომ შეიძლებოდა, ის თავადაც მსხვერპლი ყოფილიყო – გარემოების მსხვერპლი. რაღაცნაირად შემეცოდა, მოვლბი. ვიფიქრე, მეც ურჩხულივით ხომ არ ვიქცევი, რომ ვუბღვერ-მეთქი…

ერთხელაც გავუღიმე. თითქოს დიდი ლოდი მოხსნეს მხრებიდან, ისე მოეშვა. მეც შვება ვიგრძენი. ერთიორჯერ სახლამდე მიგვაცილა. მერე პარკში დაგვპატიჟა, ბავშვები გავასეირნოთო. აშკარა იყო – ჩემთან ყოფნა უნდოდა.

— არ მოგეჩვენათ, რომ თამამი ნაბიჯი იყო იმ კაცის მხრიდან, “მონსტრი” ცოლი რომ ჰყავს? გასეირნებაზე დათანხმდით?

– რატომაც არა? გავყევი. თემური არ არის ცოლის კალთას გამობმული კაცი. თავისი ცხოვრება აქვს. ნატომაც დაიგულა ქმარი, ოჯახი. ოცდახუთი წლის მერე აღარ აკონტროლებს მეუღლეს.

— კი, მაგრამ თავის დროზე ხომ გერჩოდათ, როგორც მეტოქეს, შარს გდებდათ, ნერვებს გიწამლავდათ. რა გარანტია იყო, არ გაიმეორებდა? მაშინ თემურმა ვერ შეძლო თქვენი დაცვა ცოლისგან, ახლა დაგიცავდათ?

– ამ ყველაფერზე ვიფიქრე, ავწონ-დავწონე და მაინც გადავწყვიტე, გავყოლოდი. მე ხომ ვიცოდი, ისეთი არაფერი მოხდებოდა. ჩემი თავის იმედი მქონდა. ნახევარ საუკუნეს მიტანებული გაუთხოვარი ქალი გაუცნობიერებლად ნაბიჯს არ გადადგამს.

ბავშვებს ერთად ყოფნა უხაროდათ, კარუსელებზე გულს იჯერებდნენ, დარბოდნენ, თამაშობდნენ. ჩვენ კი ვისხედით, ვსაუბრობდით. წარსულისა და ოჯახის თემებს თავს ვარიდებდით. სულ რამდენჯერმე შევხვდით.

— ამ შეხვედრებით ძველმა გრძნობებმა თავი შეგახსენათ?

– თემურმა მითხრა დანანებით, შენნაირი ღირსეული ქალი არ შემხვედრიაო. ეს შეფასება იმაზე მეტს ნიშნავდა, ვიდრე თავის დროზე სიყვარული აეხსნა ჩემთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ასეა.

პარკში ყოფნისას ერთხელ შეეხო ჩემს ხელს და თმასაც, მოფერება უნდოდა. ადრე არასდროს შემხებია, არ მიეცა საშუალება. მაშინ რომ ასე მომხდარიყო, ნეტარებისგან დავდნებოდი, ბედნიერებისგან ვიფრენდი. ახლა ბევრი ვერაფერი ვიგრძენი, ალბათ გრძნობები გამიხევდა. თუმცა მაინც სასიამოვნო იყო… თავად კი ჰქონდა ახლო ურთიერთობის სურვილი. ამას სიტყვით და ქცევით გამოხატავდა.

— ზოგი მარტოხელა ქალი წართმეული სიყვარულის დაბრუნებისთვის ან შურისძიებისთვის, ან სხვა მიზეზთა გამო ამ ურთიერთობის გაგრძელებაზე უარს არ იტყოდა.

– ამაზეც ვიფიქრე, მაგრამ ვეღარ გავაკეთე. თემურის უკან მარტო ცოლი ხომ არ დგას, არიან შვილებიც, ის პატარა ბიჭუნაც, ჩემს გოგოს რომ ეპრანჭება. იქნებ ჩვენს პატარებს ეს გრძნობა მერეც გაჰყვეთ, რა პასუხი გავცე ჩემს ლენკას, რომ გაიზრდება – პირადი ცხოვრების გზა გადაგიჭერი, შეყვარებულის პაპა წაგართვი-მეთქი?

— ზედმეტად სერიოზულად ხომ არ უდგებით ამ ბავშვურ გატაცებას?

– ჩემი თანამშრომლის გოგო გაჰყვა ბიჭს, რომელიც საბავშვო ბაღიდან უყვარდა. ბედნიერი ოჯახი შექმნეს. დედობის პასუხისმგებლობა უფრო მეტია, ვიდრე პირადი ურთიერთობის აწყობის სურვილი.

— მერედა ისურვებდით, თქვენი ლენკა სამომავლოდ მათ ოჯახში შევიდეს, იმ ქალის რძალი გახდეს, რომელმაც თავის დროზე სიყვარული წაგართვათ და პირადი ცხოვრება დაგინგრიათ? ასეთი დედამთილისთვის გაიმეტებთ შვილს?

– არც თემურის მშობლებს უნდოდათ, ნატო რომ შეუხტათ ოჯახში. თავიდან ერთ ამბავში იყვნენ, თავს იკლავდნენ, მერე მიეჩვივნენ, სამდურავს არ ამბობენ რძალზე. წინასწარ რა უნდა ვთქვა? არ ვიცი, რა მოხდება…

— როგორ ფიქრობთ, ამ ეტაპზე თემურს რა უნდოდა თქვენგან – ძველი სიყვარულის განახლება, ღალატის მონანიება, შინაგანი სიმშვიდის პოვნა თუ ახალი შეგრძნების სურვილი. რა სახის ურთიერთობისკენ ისწრაფვოდა?

– არ ვიცი. შეიძლება ყველაფერი ერთად სურდა ან ცალკე რომელიმე, ან კიდევ რაღაც სხვა… ამის საშუალება აღარ მივეცი.

განა რა მოჰყვებოდა ჩვენს ურთიერთობას, რომ შემდგარიყო? ცოლი ცოცხალი თავით ქმარს არ დათმობდა (ბრძოლით ჰყავდა მოპოვებული), ოჯახს არ დაანგრევდა. თემურს რომ ჰქონოდა გაყრის სურვილი ან შესაძლებლობა, მე ხომ არ დამელოდებოდა, ამას უჩემოდაც მოაგვარებდა. ნატოსავით ქაჯი უნდა ვიყო, რომ სხვისი ურთიერთობა დავარღვიო, ცოლს ქმარი წავართვა და შვილებს – პატრონი მამა. მე კი წამართვა შეყვარებული, მაგრამ იმავეთი ვერ ვუპასუხებ.

— ახლა აღარ ხვდებით ერთმანეთს?

– რა აზრი აქვს? რას მოიტანს ეს შეხვედრები? თემურის გულში უკვე ჩავიხედე, ალბათ – ფიქრებშიც. მისი შეფასებაც მოვისმინე. მსუბუქი შეხებითაც ვისიამოვნე… უფრო შორს წასვლა რა საჭიროა – არც მას მოუტანს სიკეთეს და არც მე. ჩვენი სიყვარულის ზღაპარი დასრულდა. ახლა შვილებით და შვილიშვილებით უნდა გავიხაროთ. ბავშვებს უნდა მოვახმაროთ ის სიკეთე, რაც ერთმანეთს დავაკელით.

ნანა კობახიძე, სარკე