სიზმრების სამართავი ხელსაწყო – 17 წლის ქართველი გამომგონებელი დაუჯერებელ პროექტზე მუშაობს

სიზმრების სამართავი ხელსაწყო – 17 წლის ქართველი გამომგონებელი დაუჯერებელ პროექტზე მუშაობსლუციდური ძილი, ანუ გაცნობიერებული ძილი, ეს არის სიზმარი, სადაც მძინარე ადამიანი აცნობიერებს, რომ სძინავს. იგი ხდება სიზმრის რეჟისორი. მას შეუძლია იფრინოს, შეიტანოს სიზმარში ის მოვლენებ, რაც მას სურს და ა.შ
ჩვეულებრივ ლუციდური სიზმრები იწყება სიზმრის შუაში, როცა მძინარე ადამიანი აღმოაჩენს, რომ მოვლენები, რომლებიც მის ირგვლივ ხდება, არ არის რეალობა და მას სძინავს.
ხშირად ეს აღმოჩენა ხდება რეალობისთვის უჩვეულოს დანახვით.
ალექსანდრე თექთუმანიძე 17 წლისაა და ერთი შეხედვით დაუჯერებელ პროექტზე მუშაობს. მას სურს, რომ შექმნას მოწყობილობა, რომელიც საშუალებას მისცემს ადამიანებს, სიზმარში გააცნობიერონ, რომ სძინავთ. ანუ თავად გამოიწვიონ ე.წ. ლუციდური ძილი.

-როდის გაგიჩნდა იდეა, რომ შეგექმნა ხელსაწყო, რომელიც გაცნობიერებულ ძილს გამოიწვევდა?

-ყველაფერი დაიწყო 4 წლის წინ, როდესაც გავიგე ლუციდური სიზმრების შესახებ. დავიწყე სათანადო ვარჯიშები, ლიტერატურის კითხვა, რომელიც შეეხებოდა ამ საკითხს. რაღაც დროის მერე შედეგსაც მივაღწიე, მაგრამ დროის არქონის გამო მომიწია ვარჯიშების შეწყვეტა. მოგვიანებით, 2018 წელს გავედი ოლიმპიადაზე სახელად ,,ჰაკათონი” და მომინდა, შემექმნა რაღაცა ყველასთვის სანტერესო, ხელმისაწვდომი და გამოყენებადი.

,,ჰაკათონი” 3 დღე-ღამე გრძელდებოდა. პირველი 2 დღე-ღამე სხვა პროექტზე ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო მომენტში გადავწყვიტე, ჩემი პროექტი გამეკეთებინა. 2 დღე უძინარს მეძინებოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ძილის დრო არ მქონდა და ამ დროს მოვიფიქრე, როგორ გამომეყენებინა ძილის დრო პროდუქტიულად.

თავიდან ეს იდეა გამიჩნდა ,,ჯაკათონზე”, მოვახერხე ფინალში გადასვლა, მაგრამ საბოლოოდ ვერ მოვახერხე ჟიურის დარწმუნება ლუციდური სიზმრების არსებობაში, რის გამოც ვერ მოვაგროვე საკმარისი ქულები. როდესაც დავტოვე ოლიმპიადის შენობა, ცოტათი იმედგაცრუებულ ვიყავი.

ამ დროს შემხვდა საქწყალკანალის წარმომადგენელი ბატონი არჩილ დოლმაზაშვილი, რომელიც უსმენდა ჩემს პრეზენტაციას. მან მომცა ბევრი რჩევა, გამიზიარა თავისი გამოცდილება და შემმატა მოტივაცია, გამეგრძელებინა პროექტი, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდი. პროექტის გასაგრძელებლად მივედი ტექნოპარკში გასაუბრებაზე ბატონ ბესო უნდილაშვილთან. ის გაეცნო ჩემს იდეას, ამიყვანა “ფაბლაბის” ჯგუფში და დამეხმარა იდეის დახვეწაში.

-თუ შესაძლებელია, რომ აგვიხსნა, როგორ და რის ხარჯზე მუშაობს ხელსაწყო?

-არსებობს თავის ტვინის ‘’მუშაობის’’ გაზომვის ერთ-ერთი პარამეტრი: ტვინის აქტივობა, რომელსაც ტვინის ენცეფალოგრამით ზომავენ. როდესაც ადამიანი იმყოფეაბა ე.წ REM ფაზაში (ამ დროს ადამიანი ხედავს სიზმარს), მისი ტვინის აქტივობა შესამჩნებლად იზრდება. თუ ჩვენ ამ დროს გარე გამღიზიანებლებით მოვახერხებთ მისთვის ინფორმაციის მიწოდებას, რომ მას სძინავს, მას შეეძლება აღმოჩნდეს ლუციდურ სიზმარში. არსებობს მრავალი ტიპის გამღიზიანებელი, მაგალითად, გარკვეული მიმდევრობით შუქდიოდების ნათება, ვიბრაცია, ხმოვანი სიგნალი და ა.შ.

რაც შეეხება REM ფაზის დადგენის მეთოდიკებს, აქაც არის რამდენიმე ვარიანტი. ჯერჯერობით არ ვარ გაჩერებული კონკრეტულ ვარიანტებზე, მაგრამ მიმდინარეობს ექსპერიმენტები მათ დასადგენად.

-რა სირთულეები გხვდება მუშაობის პროცესში?

-სამწუხაროდ, ჩემ ირგვლივ არ არიან კომპეტენტური ადამიანები, რომლებიც მომაწოდებენ ჩემთვის საჭირო ინფორმაციას ლუციდური სიზმრების შესახებ. ასევე არ მაქვს ყველა საჭირო სენსორი REM ფაზის აღმოსაჩენად.

-რა გეგმები გაქვს სამომავლოდ?

-სწავლის გაგრძელება მსურს მოსკოვის ტექნიკურ უნივერსიტეტში. ჯერჯერობით ფაკულტეტების რამდენიმე ვარიანტი გამაჩნია, ესენია: გამოყენებითი მათემატიკა და კომპიუტერული მეცნიერებები, თეორიული ფიზიკა,  ელექტრო და კომპიუტერული ინჟინერია.

გოჩა აბზიანიძე, myrest.ge