სალომე გოგიაშვილი: “ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, ერთად არ ვიქნებოდით”

სალომე გოგიაშვილი: "ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, ერთად არ ვიქნებოდით"ყოფილმა ტელეწამყვანმა, სალომე გოგიაშვილმა, ქმარი, ბიზნესმენი ვახო ნიკოლაიშვილი, ძალიან გააოცა თავისი ბიზნესალღოთი. როცა ფეხსაცმლის წარმოებას იწყებდა, მეუღლე ეუბნებოდა, რომ არაფერი გამოუვიდოდა. მთელი კოლექციის გაყიდვის შემდეგ კი სიტყვები უკან წაიღო და ცოლს დაეხმარა კიდეც, ტანსაცმლის ხაზიც გაეკეთებინა.

სალომეს მოდის ინდუსტრიაში უკვე დიდი ამბიციები აქვს.

– სალომე, ფეხსაცმელების დიზაინიდან ტანსაცმელზეც გადახვედით?

– ფეხსაცმლის პარალელურად ტანსაცმელზე მუშაობაც დავიწყეთ. ჯერ მეგობრებისა და ახლობლების შემოსევა გვაქვს და მათთვის ვკერავთ. მაგალითად, ჟურნალისტ ნინო ქაჯაიასთვის ორი ულამაზესი კოსტიუმი შევკერეთ. ნინო აბსოლუტურად სხვანაირად წარმოვაჩინეთ.

ვინც ნახავს, ყველა მიხვდება, რომ ჩვენ მიერ შექმნილი სამოსით ადამიანის ტრანსფორმირება მოხდა. ამ ყველაფრის პარალელურად კი კოლექციას ვამზადებთ.

– რა სტილის სამოსზე მუშაობთ ძირითადად?

– ყველა დიზაინერს კოლექციაში ის აქვს, რაც მისთვის შინაგანად მისაღებია, მოსწონს და მის გემოვნებასთან ახლოსაა. ჩვენ მიერ შექმნილი სამოსი იქნება ქალური და სექსუალური, რომელსაც მაღალქუსლიან ფეხსაცმელზეც ჩაიცვამენ და კედებზეც. დიზაინერებიც და იდეის ავტორებიც მე და მანო გაბური ვართ. ჯერჯერობით კერვა არ ვიცით, მაგრამ მოდელი სანამ შეიქმნება, ქინძისთავებით მონახაზს ვაკეთებთ.

– გამოდის, თქვენი ნამდვილი მოწოდება ამ საქმიანობაში აღმოაჩინეთ.

– კი არ აღმოვაჩინე, ეს ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. ქუჩაში რომ მივდივარ და გოგოს დავინახავ, რომლის მაკიაჟი ან ვარცხნილობა არ მომწონს, ან ჩაცმულობაში აქცენტი არასწორად აქვს გაკეთებული, ვფიქრობ, მას როგორ გადავაკეთებდი. მეგობრებთანაც რომ ვსაუბრობდი, ვის გარეგნობაში რას შევცვლიდი, ყველა მეუბნებოდა, რომ უნდა წამომეწყო საქმე, რომელსაც დღეს უკვე ვაკეთებ.

– შეიძლება ითქვას, რომ ბიზნესლედი გახდით?

– ეს ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, თუმცა, მგონი, ამ სტატუსისკენ ნელ-ნელა მივიწევ. ეს საქმიანობა სიამოვნებას მანიჭებს, ნამდვილად ჩემია, მაგრამ, რა თქმა უნდა, ფინანსური დაინტერესებაც მაქვს. ჩემს საქმიანობაში გარკვეულ თანხას იმიტომ ვდებ, რომ მოგებაც მომიტანოს.

– თქვენი ბიზნესმენი ქმარი, ვახო ნიკოლაიშვილი, დაგიდგათ გვერდში, რომ ეს იდეა განგეხორციელებინათ?

– ვახო ჩემი დიდი სტიმულია. რთულია, როცა საქმიანობის წამოსაწყებად თანხა არ გაქვს ან ზურგი არ გყავს. არ ვარ ტიპი, რომელიც მეუღლეს საქმიანობის წამოსაწყებად ფულს გამოართმევდა და არ ინერვიულებდა იმაზე, საქმე გამოვიდოდა თუ არა. ამდენ ხანს იმიტომაც არაფერს ვიწყებდი, რომ არ ვიყავი დარწმუნებული, საქმე მოგებას მომიტანდა, თუ არა.

ვახო ყოველთვის მეუბნებოდა, თუ გესიამოვნება, წამოიწყეო, მაგრამ სანამ ბევრი რამ არ გავთვალე, არაფერი დავიწყე. ვახოს ამ ყველაფერში დიდი წვლილი მიუძღვის. ფინანსურადაც ძალიან დამიდგა გვერდით.

– დღეს როგორ აფასებს თქვენს საქმიანობას?

– ვახო არ მიეკუთვნება იმ კატეგორიის ადამიანებს, რომლებიც ცუდზეც გეტყვიან, რომ კარგია. პირიქით, გამუდმებით მაკრიტიკებს და მეუბნება, რომ უფრო მეტი შემიძლია, რაც საკამათო თემაც ხშირად ხდება. ვეუბნები ხოლმე, რომ მისგან დადებითი აზრის მოსმენა უფრო გამიხარდებოდა და დამეხმარებოდა. საბოლოო ჯამში, ვახოს მიდგომა სწორი აღმოჩნდა, რადგან, რაც უფრო მაკრიტიკებს, მით უფრო მემატება სტიმული.

ფეხსაცმლის წარმოება რომ დავიწყე, მითხრა, ამაში უბრალოდ დროს კარგავო. ზუსტად ერთ კვირაში, როცა მთლიანი კოლექცია ამოვყიდეთ, თვითონვე მითხრა, ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს და ახლა ნამდვილად გილოცავთო. ამ შედეგს თვითონაც არ ელოდა.

– ახალმა საქმიანობამ თქვენს პირად ურთიერთობაშიც შეიტანა ახალი ნოტები და ახალი თემები?

– ვერ გეტყვით, რომ ვსხდებით და 24 საათი ჩემს ბიზნესზე ვსაუბრობთ. ოჯახური საქმიანობა და შვილებზე ზრუნვა არ მაკლდა, თუმცა მომწონს ის, რომ მისთვის უფრო საქმიანი გავხდი და მის თვალებში ნდობას ვხედავ. ადრე თუ რაიმე მოსაზრებაში მეწინააღდეგებოდა, ახლა უკვე მენდობა, რადგან ყველაფერი გამომივიდა.

– რჩევებს ეკითხებით ქმარს?

– რა თქმა უნდა, ვეკითხები. მე და მანო მეუღლეებისგან რჩევის მიღების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ ვდგამთ. მანოს ქმარიც დიდ სტიმულს გვაძლევს, რადგან ისიც საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენია. ქმრებისგან გულწრფელ და სასარგებლო რჩევებს ვიღებთ.

– ახლა უკვე თქვენი რჩევაც ხომ არ გახდა ყურადსაღები და საჭირო ქმრისთვის?

– როცა ვახო ბიზნესში რაიმე ნაბიჯს დგამს, შეიძლება ამა თუ იმ საკითხში ვერ ვერკვეოდე, მაგრამ ჩემს მოსაზრებას ყოველთვის გამოვთქვამ, რაზეც არც იმას მეუბნება, რომ მართალი ვარ და არც აღნიშნავს, რომ არ მოეწონა. თუ ჩემი რჩევა ამართლებს, აუცილებლად ამბობს, მგონი, მაინც ჭკვიანი ხარო.

ვახოს ტვინი გამუდმებით ჩართულია და დაძაბული გრაფიკი აქვს. მისი საქმიანობა სწორად გადადგმულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული.

ასაკთან და გამოცდილებასთან ერთად ქალი იცვლება. როცა ვახოს მეუღლე გავხდი, დათმობაც ვისწავლე. ის საკმაოდ ხისტი და მძიმეა, მე კი – რბილი. შემიძლია მისი ცუდი ხასიათი მარტივად გავატარო, რადგან ვიცი, მალე გაუვლის და ამისთვის ნერვების მოშლა არ ღირს. ასეთი დამოკიდებულება იმდენად არეგულირებს ჩვენს ურთიერთობას, რომ, ღვთის წყალობით, იშვიათად ვკამათობთ. მე და ვახოს უკვე შვიდწლიანი თანაცხოვრება გვაკავშირებს.

– ამ შვიდწლიანი გამოცდილებიდან რას გაუზიარებდით “სარკის” მკითხველ ქალებს?

– არ მინდა, ისე გამოვიდეს, რომ თავს ვიქებ. უბრალოდ რჩევის სახით გეტყვით, რომ ურთიერთობაში ქალის დამთმობი ხასიათი ყოველთვის ამართლებს. ვახოსთან ბევრს რომ არ ვთმობდე, დღეს ერთად არ ვიქნებოდით.

წინა ქორწინებებიდან ორი შვილი მყავს – 15 წლის და 10 წლის, ვახოსაც წინა ქორწინებიდან ორი შვილი ჰყავს – 19 და 12 წლის ბიჭები. საერთო შვილები 4 წლის ირაკლი და 2 წლის დუდა გვყავს. სულ 6 შვილის მშობლები ვართ.

სანამ ერთმანეთს შევეგუებოდით, სირთულეები ნამდვილად გვქონდა, თუმცა ამისთვის მზად ვიყავი. ყველაფერში ისევ ჩემი ხასიათი დამეხმარა. ვიცოდი, რომ ვახოსთვის მისი შვილების კომფორტი მნიშვნელოვანი იქნებოდა.

მაქსიმალურად შევეცადე, საუკეთესო ურთიერთობა ჩამომეყალიბებინა და შედეგიც სახეზეა. ჩემს და ვახოს შვილებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. ჩვენთან რომ მოდიან, ერთი დიდი გემრიელი ოჯახი ვიკრიბებით და ამისთვის ყველაფერი ღირდა.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე