პალიტრამედია ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას ითხოვს

პალიტრამედია ცილისმწამებლური ცნობების უარყოფას ითხოვს4 აპრილს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გამოაცხადა ტენდერი აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მომსახურების შესყიდვის მიზნით. ტენდერში მონაწილეობა მიიღო ორმა კომპანიამ. გამარჯვებული გახდა სარეკლამო კომპანია „ედლაინი“ (პალიტრამედია), რომელმაც წარადგინა მრავალფეროვან დოკუმენტაციასთან ერთად ყველაზე დაბალი ფასი. პალიტრამედიამ შეძლო დაბალი ფასის დაფიქსირება იმის გათვალისწინებით, რომ მას საკუთარი მედიაპლატფორმები გააჩნია. მანამ, სანამ პალიტრამედიასთან გაფორმდებოდა ხელშეკრულება, სხვადასხვა პირებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომელმაც საზოგადოება შეცდომაში შეიყვანა. კერძოდ, გავრცელდა არაერთი განცხადება, სადაც დაფიქსირდა, თითქოს ტენდერი იყო „უკონკურენტო“, რაც კორუფციულ ხასიათს ატარებდა. რეალურად კი კომპანიამ მაღალი კონკურენციის პირობებში მოიპოვა გამარჯვება. ამას ადასტურებს საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია, რომელიც შესყიდვების სააგენტოს ოფიციალურ ინტერნეტ გვერდზეა განთავსებული. გამარჯვების მოსაპოვებლად პალიტრამედიას 177 399 ლარით ნაკლები თანხის დაფიქსირება მოუწია. რეალურად, პალიტრამედიის მონაწილეობით სახელმწიფომ 177 399 ლარით ნაკლები უნდა გადაიხადოს საჭირო მომსახურების მისაღებად. სწორედ იმიტომ, რომ გავრცელებულია ცრუ ცნობები, რაც იწვევს კანონიერი ინტერესების შელახვას, უფლებათა დაცვის მიზნით პალიტრამედია სასამართლოს მიმართავს. თემის ირგვლივ სადავო ინფორმაცია გავრცელებულია ნიკანორ მელიას, არასამთავრობო ორგანიზაციის „შეაჩერე კორუფცია“, „სტუდია მონიტორისა“ და „გაზეთ ალიას“ მიერ. პალიტრამედია მიმართავს ყველას, ვინც მცდარი ინფორმაცია მიაწოდა საზოგადოებას, მოახდინონ მათი უარყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში პალიტრამედია ცრუ ინფორმაციაზე რეაგირებას სასამართლო გზით გეგმავს.

ინტერპრესნიუსი