“ოჯახმა ჩემი წყალობით მოითქვა სული, ახლა კი ყველამ ზურგი მაქცია”

"ოჯახმა ჩემი წყალობით მოითქვა სული, ახლა კი ყველამ ზურგი მაქცია"თურმე ადამიანებს მხოლოდ საკუთარი თავი ადარდებთ. ძალიან ახლობელიც რომ იყოს, მაინც საკუთარ თავს დააყენებს პირველ ადგილზე და მერე შენ. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ყველაფერი საკუთარ თავზე გამოვცადე.

ოჯახის წევრებს სანამ ვჭირდებოდი, კარგი გოგო ვიყავი, ხელისგულზე მატარებდნენ. ჩემი წყალობით მოითქვეს სული, ახლა კი ყველამ ზურგი მაქცია. მეუბნებიან, სამარცხვინო ქალი ხარ, დისშვილს და ძმისშვილებს ცუდ მაგალითს აძლევო.

ჩემს ოჯახს ძალიან უჭირდა. ჩემმა ძმამ ცოლი ისე მოიყვანა, არც მუშაობდა და საკუთარი არც არაფერი ებადა. მეუღლისთვის ბეჭედი კი არა, ერთი უბრალო წინდა რომ ეყიდა, იმის საშუალება არ ჰქონდა. ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი და ქმარს გაშორდა და სახლში შვილთან ერთად ჩამოგვიჯდა. მამა გარდაცვლილი გვყავდა, დედას კი ფიზიკურად შრომა აღარ შეეძლო.

ჩემი და დეპრესიაში იყო, სულს ვუბერავდი, რომ ქმართან გაყრა გადაეტანა. ძმასაც ხელს ვუწყობდი, არიქა, რომ არ მუშაობს, დეპრესიაში არ ჩავარდეს, სმა არ დაიწყოს ან ცუდ საქმეს არ მიჰყოს ხელი-მეთქი. ყველაფერი საკუთარ თავზე ავიღე და ბაზრობაზე ვაჭრობა დავიწყე.

ოჯახში ერთადერთი შემომტანი მე ვიყავი. რძალი თავის ქმარს რაღაცას რომ მოსთხოვდა, მე მომქონდა, რომ ცოლ-ქმარს არ ეჩხუბა. ჩემს დისშვილს უმამობა რომ არ ეგრძნო, საკუთარ თავს ყველაფერს ვაკლებდი და მასთან მიმქონდა. სანამ ასე ვიქცეოდი, ყველას ვუყვარდი, ენის მოჩლექით მელაპარაკებოდნენ, მერე კი…

ბაზრობაზე ერთი კლიენტი მამაკაცი მაკითხავდა. საქონელს ყოველთვის გემოვნებით ვარჩევდი და ჩემთან ყიდულობდა. ახალი რაღაც რომ მომქონდა, ვურეკავდი და ისიც მოდიოდა. ბოლოს ისე დავუახლოვდით ერთმანეთს, რომ მეგობრები გავხდით. მერე ჩვენ შორის გრძნობაც გაჩნდა და ერთ ბინაში გადავედით საცხოვრებლად.

მისი მშობლები წინააღმდეგები იყვნენ ჩვენი შეუღლების. მათთვის მხოლოდ ბაზრობის ვაჭარი ვიყავი, თავიანთი შვილისთვის საუკეთესო გოგო სურდათ. არც ვამტყუნებდი, კარგი შვილი ჰყავდათ – კარგი სამსახურით, კარგი გარეგნობით. ველოდებოდი, რომ ერთ დღესაც რძლად მიმიღებდნენ და ყველაფერი თავისით დალაგდებოდა.

ჩემს ოჯახში დამყავდა. ჩემი ძმა დიდ სუფრებს უშლიდა (რა თქმა უნდა, ჩემი ხარჯით). ჩემი და და დედაც თავს ევლებოდნენ, ჩვენი სიძე ხარო, ეუბნებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ მისი მშობლების დამოკიდებულება იცოდნენ. ჩემმა საყვარელმა მამაკაცმა მათთვის ბევრი რამ გააკეთა. ჩემს ძმას სამსახური უშოვა, მერე ჩემი და და რძალიც დაასაქმა. ჩემმა დამ იქ ბიჭი გაიცნო და ცოლად გაჰყვა. ჩემი წყალობით სული მოითქვეს, ფეხზე დადგნენ, მაგრამ ჩემი ამაგი არ დააფასეს.

საყვარელი მამაკაცის მშობლებმა თავიანთი გაიტანეს, ერთმანეთს დაგვაშორეს. მას სხვა გოგო შერთეს ცოლად, მე კი გაუბედურებული, დამცირებული დამტოვეს. იმის ნაცვლად, რომ ოჯახს გაჭირვებაში არ მივეტოვებინე და ისევე მომქცეოდნენ, როგორც თავის დროზე მე მოვექეცი მათ, პირიქით, გამიდგნენ. ძმა და რძალი ირონიულად მეუბნებიან, საყვარელთან ერთად ცხოვრობდი, ოჯახის სახელი შეარცხვინეო. როცა ჩემი ფული სჭირდებოდათ, მაშინ პატიოსანი ვიყავი, ახლა თურმე გარეწარი ქალი ვარ.

ჩემმა დამაც გული მატკინა. პირდაპირ მომახალა, ჩემს ქმარს შენი ნახვა არ სიამოვნებს, ისე იცხოვრე, ყველა შეგვარცხვინეო. დისშვილსა და ძმისშვილებსაც აღარ ვუნდივარ. ყველამ გამწირა, გამაუბედურა.

ჩემი ამაგი რომ შევახსენე, მითხრეს, ნეტა, რა გაგიკეთებიაო. მართლაც არაფერი მიჩანს გაკეთებული, ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობ და არც დანაზოგი მაქვს, ისევ წვალებით ვახერხებ თავის გატანას.

არა უშავს, ისევ დავჭირდები მათ. დრო მოვა, თავიანთ საქციელს ინანებენ, მაგრამ მათკენ არასოდეს გავიხედავ. ჩემს მოხუც დედას არავინ არაფერს ეკითხება. მასაც წამოვიყვან ჩემთან და მე და დედა ბედნიერად ვიცხოვრებთ.

სარკის ერთგული მკითხველი