ნინი წიკლაური: “ჩაცმულობით ჩემს ქალურ სიძლიერეს ვუსვამ ხაზს”

ნინი წიკლაური: "ჩაცმულობით ჩემს ქალურ სიძლიერეს ვუსვამ ხაზს"მომღერალი ნინი წიკლაური უკვე წელიწადზე მეტია, რაც ქმართან, თემო ტუღუშთან და პატარა შვილთან, საბასთან, ერთად ამერიკაში ცხოვრობს. ამერიკულმა ცხოვრებამ მის სტილზე გავლენა, რა თქმა უნდა, მოახდინა, მაგრამ თბილისში ჩამოყალიბებულ გემოვნებას ძირეული ცვლილებები არ განუცდია. ერთადერთი, რაც შტატებში ჩასვლის შემდეგ მის გარდერობში შეიცვალა, ფერებია. მანამდე თუ უმეტესად მუქი, შავი ფერის ტანსაცმელს იცვამდა, ახლა მისი ტანსაცმელი გაფერადდა.

– ნინი, რას ატყობთ საკუთარ თავს, ამერიკამ იერი შეგიცვალათ? თქვენს ვიზუალზე, ჩაცმულობაზე უკვე დააჩნია თავისი კვალი?

– ხომ გაგიგიათ ქართული ანდაზა, სადაც წახვალ, იქაური ქუდი უნდა დაიხუროო და ასე მომივიდა მეც. თუმცა ის, რაც აქ არის მოდაში, ჩემთან ისედაც ახლოს იყო – თავისუფალი სტილი.

ამერიკაში ყველა იმის შესაბამისად იცვამს, როგორი დღეც აქვთ. არ არსებობს, აქ ვინმემ ქუსლიანი ფეხსაცმელი იმის გამო ჩაიცვას და დაიტანჯოს, რომ ლამაზად გამოიყურებოდეს. მთავარი კრიტერიუმი, რითიც აქ ჩაცმულობა ფასდება და ლაგდება, არის კომფორტი, მაგალითად, ბოტასზე, კედზე – კაბა და ასე შემდეგ.

აქ მანქანა არ მყავს და ხშირად მიწევს ფეხით სიარული ან საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, რის გამოც მაცვია თავისუფლად. მით უმეტეს, ბავშვთან ერთად ვარ და შეუძლებელია, კომფორტულად არ ჩავიცვა. ყოველდღიურად ძირითადად ბოტასი, კედი მაცვია. როცა კონცერტი მაქვს და სცენაზე ვდგავარ, იმ დროს, რა თქმა უნდა, მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ვიცვამ.

თბილისშიც ყოველთვის კედით, ბოტასით დავდიოდი, კლასიკური სამოსის დიდად მოყვარული არ ვყოფილვარ, თუმცა აქ მეტი თავისუფლება მაქვს არჩევანში, რადგან ძირითადად ისეთი სამოსი იყიდება, როგორსაც ვიცვამ.

– რა გაცვიათ მანდ ისეთი, რასაც თბილისში არ ჩაიცვამდით?

– კაბას ბოტასზე არ ჩავიცვამდი. აქ შემიძლია ისეთი რამ ჩავიცვა, რაც ერთმანეთს საერთოდ არ ეხამება, მაგრამ კომფორტულია. ჩემს გარდერობში თავისუფალი, სპორტული სტილის ტანსაცმელი ჭარბობს. აქ აქტუალურია ქუჩის მოდა. ჩემი მეუღლე თემოც ასე იცვამს და ახლა უკვე ვცდილობთ, საბასაც ასე ჩავაცვათ.

– როგორც მახსოვს, მუქ ფერებს ანიჭებდით უპირატესობას.

– ჩემს გარდერობში, შავი და მუქი ფერის ტანსაცმლის გარდა, სხვა ფერი არ მოიძებნებოდა. ახლაც შეგიძლიათ მიხვიდეთ ჩემთან, სახლში, გარდერობი გამოაღოთ და ნახოთ, რომ, შავის და მუქის გარდა, არაფერია. სხვა ფერს არ ვცნობდი.

ამერიკაში რომ გამოაღოთ ჩემი გარდერობი, ყველაზე ცოტა შავი ფერის სამოსი მაქვს. შეიძლება ასე იმიტომ მოხდა, რომ აქ ძალიან ბევრი ჭრელი ტანსაცმელი იყიდება, უფრო სწორად, ფერადი. ამ ეტაპისთვის ძალიან მომწონს ღია ტანსაცმელი.

ფერად ტანსაცმელს დადებითი აურა ჰქონია. წითელი კაბა რომ გაცვია, ხალისიანი, ბედნიერი ხარ. შავი სამოსი სხვანაირ ხასიათზე გაყენებს.

– როგორ აცვიათ ამერიკაში სადღესასწაულო საღამოებზე, წვეულებებზე?

– სადაც მოვხვედრილვარ, იქ ხშირად ყოფილან ამერიკელი მაღალჩინოსნები და, შემიძლია გითხრათ, რომ ელიტურ ფენაში მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე შემდგარი ქალი არ მინახავს. თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ, ძალიან პატარა, ალბათ 3 სანტიმეტრიანი სიმაღლის. ღონისძიებებზე, სადაც მიმღერია და გადამითვალიერებია ის ელიტა, აბსოლუტურად ყველას დაბალძირიანი ფეხსაცმელი ცმია.

აქ ძალიან უყვართ მბრწყინავი რაღაცები, ასევე ოქროსფერი. აცვიათ დაბალძირიანი ფეხსაცმელი და ბრჭყვიალა სამოსი ან რამე ოქროსფერი. ასევე აცვიათ ყვითელი, მუხლებამდე კაბა და დაბალძირიანი ფეხსაცმელი ან პერანგი და მომდგარი ქვედატანი. ვიმეორებ, თუ ქუსლიანი ფეხსაცმელი აცვიათ, ეს არის არაუმეტეს 3 სანტიმეტრი სიმაღლისა.

ქუჩაში დიდი თუ პატარა ყველა სპორტულ სტილში დადის. თუ ქუჩაში ვინმე ქუსლიანი ფეხსაცმლით ნახეთ, ის აუცილებლად ტურისტია, ოღონდ არა – ევროპიდან.

– მოდის ტენდენციებს ნაკლებად ითვალისწინებენ?

– მათთვის მთავარია, ეცვათ პრაქტიკულად და არ აქვს მნიშვნელობა, რა არის მოდაში. აქსესუარების საკითხში კი მოდას მიჰყვებიან. მაგალითად, ვიქტორია სიკრეტმა გამოუშვა რაღაც სამაჯური და მთელი ამერიკა იკეთებს.

ასევე, ერთი ჩანთა აქვთ აჩემებული, ინკუბატორის წიწილებივით ერთნაირი უჭირავს ყველას. თემოს ვუთხარი კიდეც, ალბათ ამ ჩანთას რაღაც დანიშნულება აქვს-მეთქი, არადა ერთი ჩვეულებრივი ზურგჩანთაა. მოკლედ, მე და თემო ამის გამოძიებაში აქტიურად ჩავერთეთ.

ერთ დღესაც ამ ბრენდის მაღაზიაში აღმოვჩნდით, მთელი კედელი ამ ჩანთებით იყო გადავსებული. აღმოჩნდა, რომ ერთ-ერთი პოპულარული ბრენდის ჩანთა იყო, რომელიც არაფრით გამოირჩევა და არაფრით არის სხვაზე უკეთესი. ასევე – ხელები “პანდორას” სამაჯურებით აქვთ გადავსებული. მე ერთი მაქვს და ისიც უჯრაში მიდევს, ჩემი სტილი არ არის.

– თქვენს გარდერობში თამამი სამოსი მოიძებნება?

– გარდერობში მსგავსი სამოსი საერთოდ არ მაქვს. ბევრ პროექტში მცმია ძალიან მოკლე, ამოღებული კაბები, შეიძლება ითქვას, ნახევრად შიშველიც ვყოფილვარ, მაგრამ, როცა სცენაზე დგახარ, ტანსაცმელი არ უნდა გაბრკოლებდეს. ჩემს გარდერობში მოკლე კაბები უფროა, ვიდრე გულამოღებული იმიტომ, რომ არ მიყვარს და არ ვიცვამ.

– ქმარს თუ შეაქვს კორექტივები თქვენს ჩაცმულობაში?

– თემო ამ საკითხში ძალიან ლმობიერია, რადგან კომპლექსებით არ ცხოვრობს. როგორც თემოა ცალკე ადამიანი და პერსონა, ასევე ვარ მეც – ცალკე ადამიანი და პერსონა. იმის მიუხედავად, რომ ჩვენ გვაქვს ოჯახი და ერთნი ვართ, მაინც სხვადასხვა ადამიანები ვართ, გვაქვს ჩვენ-ჩვენი “მე”, რომლის დარღვევასაც თემო არასდროს ეცდება.

თემო კომპლექსიანი ტიპი არ არის. რაშიც თავს კარგად ვგრძნობ, იმაზე არ მეტყვის, რატომ გაცვიაო.

– ორსულობის შემდეგ გარდერობის შეცვლა დაგჭირდათ?

– ცხადია, ორსულობის და ბავშვის გაჩენის შემდეგ მოვიმატე, მაგრამ ისე – არა, რომ გარდერობი შეცვლილიყო. ზედმეტი დიეტების გარეშე ჩემს ძველ წონას თითქმის მივუახლოვდი.

– როგორ ფიქრობთ, ჩაცმულობა მეტყველებს თქვენს ხასიათზე?

– ხშირად სარკეში ჩამიხედავს და გარეთ, იცით, როგორი გავსულვარ? აბა, რა, მე ეს შევძელი, მე ამას შევძლებ-მეთქი! მგონია, რომ ჩაცმულობა ჩემს ქალურ სიძლიერეს უსვამს ხაზს, ასევე ბედნიერებას, რადგან მგონია, რომ კარგი აურის მატარებელი ადამიანი ვარ და ჩემ გვერდით ყველა ადამიანი პოზიტიურად არის განწყობილი.

ვცდილობ, გარეთ არ გავიტანო ის სიმძიმეები, რაც ჩემში არის. მგონია, რომ ჩემი ჩაცმულობა გათენებული, ბედნიერი, ნათელი და მზიანი დღეა.

ეკა ლემონჯავა, ჟურნალი სარკე