ნიკუშა შენგელაია: ,,ივანიშვილის ხელია საჭირო, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს”

ნიკუშა შენგელაია: ,,ივანიშვილის ხელია საჭირო, რომ საქმე ბოლომდე მივიდეს”,,ბიძინა ივანიშვილმა ეს ნაბიჯი სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის
კეთილდღეობისთვის გადადგა” – ასე აფასებს ყოფილი პრემიერის პოლიტიკაში დაბრუნებას მხატვარი ნიკუშა შენგელაია, რომელიც ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებული პირია.
_ ბატონო ნიკუშა, პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე განცხადება გააკეთა. როგორ შეაფასებთ ამ ნაბიჯს?
_ რა თქმა უნდა, დადებითად. საერთოდ, ამ განცხადებას, საზოგადოების მხრიდან ძალიან დადებითი რეაქცია მოჰყვა.

კარგად მესმოდა თუ რატომ უნდოდა ივანიშვილს პოლიტიკიდან გასვლა და გულწრფელად ცდილობდა, საქმე ახალგაზრდებისთვის გადაებარებინა, თუმცა ეს მაინც არ მოხერხდა. იმიტომ, რომ ვფიქრობ, ახლა მისი ხელია საჭიროა, რათა საქმე ბოლომდე მივიდეს.

ალბათ მისი დაბრუნების განმაპირობებელი ბევრი ფაქტორი არსებობდა. მე, პარტიულ ცხოვრებაში არ ვერევი, არ ვიცი, კულუარებში რა ხდება, მაგრამ ზოგადად, როგორც ჩანდა, პარტიაში განხეთქილებაც იყო, ადამიანები საკუთარი გუნდების შექმნას ცდილობდნენ და ა.შ.

გარდა ამისა, ძალიან რთულია, როცა ადამიანს პოლიტიკიდან წასვლას არ გაცლიან _ არაფორმალური მმართველობა ყბადაღებულ თემად იქცა. ისეთი წესიერი და მორალური ადამიანისთვის, როგორიც ბიძინა ივანიშვილია.

პოლიტიკის სფეროში ყოფნა ძალიან ძნელია, მაგრამ მან ისევ და ისევ სამშობლოს სიყვარულისა და ხალხის კეთილდღეობისთვის ეს ნაბიჯი გადადგა, რათა ქვეყანა პოლიტიკური, პარტიული სირთულეების საჯიჯგნი არ გამხდარიყო.

ვიმეორებ, ეს ძალიან დადებითი მოვლენაა. ზოგადად, საქართველოში საკადრო საკითხი მოსაგვარებელია, მოსაძიებელია ადამიანები, რომლებიც განათლებით, კომპეტენციით, პროფესიონალიზმით, თავიანთი ბიოგრაფიით და წესიერებით თანამდებობრივ ნიშებს შეავსებენ.

ვფიქრობ, ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისა, რატომაც ბატონი ბიძინა პოლიტიკაში დაბრუნდა. იგი ძალიან კარგად და ზუსტად გრძნობს, რა მომენტში სჭირდება საკუთარ ხალხსა და ქვეყანას.

ივანიშვილმა წასვლისას თქვა: ჩემი პოლიტიკაში დაბრუნება მეორედ მოსვლა იქნებაო. ეს, რა თქმა უნდა, გადატანითი მნიშვნელობით ითქვა, ანუ იგულისხმებოდა _ როცა საჭიროებას დავინახავ, მაშინ დავბრუნდებიო. ახლა მართლაც საჭიროა მისი თვალი, ყური.

მიუხედავად იმისა, რომ საკუთარ გუნდს მიენდო, ქვეყნის წინაშე აღებული პასუხისმგებლობისთვის თავი არასდროს აურიდებია. ივანიშვილისადმი ხალხს უფრო დიდი ნდობა აქვს, ვიდრე პოლიტიკური პარტიების თუ სხვა სუბიექტებისადმი. რაც მოსაწესრიგებელია, უნდა მოწესრიგდეს, ასე ქვეყანაც წინ წაიწევს და იმედია, პოლიტიკურ არენაზე უკეთესი კადრები გაჩნდება.
_ როგორ ფიქრობთ, პირველ რიგში, რა უნდა გაკეთდეს ხალხის ნდობის დასაბრუნებლად?
_ ხალხმა უნდა დაინახოს, რომ მთავრობა მაქსიმალურად ეფექტურად მუშაობს. არ მინდა ვთქვა, რომ არ მუშაობდნენ, ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ იყო რიგი საკითხები, მით უმეტეს, პარტიულ და საპარლამენტო ცხოვრებაში, რაც ჩარევას და გამოსწორებას საჭიროებს. ვფიქრობ, ეს ბუნებრივი პროცესია.

,,ქართული ოცნება” ძალიან ეკლექტური ძალაა. ფაქტობრივად იგი ნაცმოძრაობის, სააკაშვილის გასაშვებად ჩამოყალიბდა. პარტიის მთავარი ფიგურა ყოველთვის ბიძინა ივანიშვილი იყო. აზრთა სხვადასხვაობა, გაუგებრობა მოსალოდნელი იყო, ეს პრობლემა არ არის. კომუნიკაცია უფრო ეფექტური რომ იყოს, ამისთვისაც ივანიშვილის დაბრუნება დროული და კარგი ნაბიჯია.
_ 2012 წელს ვინც გამარჯვებისას ,,ქართულ ოცნებას” ბიძინა ივანიშვილს გვერდით ედგა, განზე დარჩა. მათი ,,შემობრუნების” დრო ხომ არ მოვიდა?
_ იცით რა, ადამიანის წარსულს, მის ბიოგრაფიას ყოველთვის პატივი უნდა სცე, თუ როგორ იმოქმედა, რა დროს რა გააკეთა. თუ აქტიური ხარ და პოტენციალი გაქვს, საკუთარ ქვეყანას დადებითი შესძინო, ამის კეთებას არავინ გიშლის.

გუნდი უნდა შეიკრას, ერთმანეთში პატივისცემა იყოს, რა თქმა უნდა, ივანიშვილი ამის გაკეთებას შესძლებს. მას ძალიან დიდი ავტორიტეტი აქვს, პატივისცემით სარგებლობს. საჭირო დროს მოვიდა იმ მხრივაც, რომ საზოგადოებაში ცოტა გაურკვევლობა იყო, თანაც საპრეზიდენტო არჩევნებიც ახლოვდება.
_ როგორ ფიქრობთ, ივანიშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის?
_ არ მგონია იმიტომ, რომ პარტია პოლიტიკური ამინდის, კადრების სამჭედლოა. დღევანდელ პრეზიდენტს ქვეყნის შიდა პოლიტიკაში ჩარევის ნაკლები რესურსი აქვს, ვიდრე პრემიერმინისტრს, პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტს და ა.შ. ჩვენი ქვეყანა მაინც საპარლამენტო რესპუბლიკისკენ იხრება.
_ ,,ქართულ ოცნებაში” ხომ არ არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ, პარტია მაგისტრალური ხაზიდან გადაიყვანონ, ეს რამდენად საფრთხილოა?
_ გარწმუნებ, ვერავინ ვერაფერს აურევს. სამწუხაროდ ისე ხდება, რომ საზოგადოებაში არსებობს ხალხი, რომლებიც თავიანთი კარიერის, კეთილდღეობის გამო ყველაფრის მკადრებელია.

სწორედ ასეთი ადამიანების დიდ ნაწილი ხვდება პოლიტიკაში, პარტიებში და მერე თავიანთი მოკლე ტვინით მსგავს მოძრაობებს იწყებენ, მაგრამ ეს არ გაუვათ არც ბიძინა ივანიშვილთან, არც ქართულ საზოგადოებასთან. ისინი კარგად უნდა დაფიქრდნენ, თუ ამის ტვინი აქვთ.
_ რა შეიცვლება ხალხისთვის ბიძინა ივანიშვილის დაბრუნებით, თუნდაც აღდგება თუ არა დაპირებული სამართლიანობა?
_ ეს ერთ-ერთი რთული პრობლემაა. მცდელობა გვაქვს, სამართლებრივი ქვეყანა გავხდეთ. ამიტომ,არგუმენტებზე დაყრდნობით რაც შეიძლება მეტი საქმე უნდა გადაწყდეს იმ ხალხის სასარგებლოთ, რომლებიც ნაცმოძრაობის დროს მართლა დაიჩაგრნენ და სამართლიანობის აღდგენას ითხოვენ.

ასეთი ხალხი ბევრია, მათ გვერდით ვდგავარ იმიტომ, რომ ძალიან ძნელია, როცა შენი შრომით შეკოწიწებულს ვიღაც გინგრევს და ამ კუთხით სამართალს დღემდე არ უზეიმია.

ამ საკითხს უფრო აქტიურად უნდა მიხედოს სასამართლომაც, პროკურატურამაც, ძალოვნებმაც იმიტომ, რომ ამ ადამიანების თავზე ბევრმა რამემ გადაიარა. ბევრი მათგანისთვის გაუგებარია, საიდან ჩნდებიან ნაციონალებთან ასოცირებული ადამიანები თანამდებობებზე, პარლამენტში და ა.შ. ვიცით, რომ ბევრი მათგანი, რომელიც მაშინ კურდღელივით იჯდა, დღეს, თავაწეული დადის, თითქოს, რამეს წარმოადგენდეს იმიტომ, რომ მათ ,,ქართულმა ოცნებამ” სხვადასხვა თანამდებობების დასაკავებლად კარები გაუხსნა.
_ პოლიტ.საბჭოს სხდომაზე ბიძინა ივანიშვილმა `ქართული ოცნების~ ახალგაზრდული ფრთის ერთ-ერთ წარმომადგენელს ჰკითხა: საიდან მოხვედით თქვენ ,,ქართულ ოცნებაშიო?”
_ (იცინის) მოუკლია კაცი. არ ვიცი, ეს პიროვნებები საიდან მოდიან, რით ცხოვრობენ. ჩემი ტიპის ხელოვანი ადამიანები სხვა რამით ცხოვრობენ, ისინი _ სხვა რამით. მართლაც არ ვიცი, საიდან მოდიან, საით მიდიან, მაგრამ სანამ არიან, უნდა ეცადონ, ქვეყანას დადებითი შესძინონ თუ ამის კომპეტენცია აქვთ, მაგრამ თუ მარტო საკუთარ კარიერაზე და კეთილდღეობაზე ფიქრობენ, ეს მათ არ გამოუვათ. არჩევანი უნდა გააკეთონ.

თუმცა ისტორიამ გვიჩვენა: ძალიან ბევრი ხალხი ვიცით, რომლებიც რამდენიმე ხელისუფლებაში იყვნენ, აქეთ-იქით დახტოდნენ პარტიიდან პარტიაში. საზოგადოება მათ ყველას იცნობს, ასე რომ, არ გაუვათ ეს ამბავი.
ბოლოს, დასკვნის სახით მინდა ვთქვა: რაც მთავარია, საზოგადოება მზად არის ბიძინა ივანიშვილს ყოველთვის გვერდში დაუდგეს იმიტომ, რომ მან პირადად, ყოველგვარი პოლიტიკისა და პარტიის გარეშე, ნებისმიერ სფეროში, თავის ქვეყანას უდიდესი სიკეთე გაუკეთა. ამიტომ, აქვთ ადამიანებს მისი რწმენა, პატივისცემა. ივანიშვილის ყველაზე დიდი მხარდამჭერი პარტია ან რამე სხვა კი არა, არამედ ქართველი ხალხი და საზოგადოებაა.

თამარ შველიძე, ,,საერთო გაზეთი”