ნანიკო ხაზარაძე: ,,მაკა ზამბახიძის გარდა სხვა დედები არ არსებობენ?”

ნანიკო ხაზარაძე: ,,მაკა ზამბახიძის გარდა სხვა დედები არ არსებობენ?"ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრია. ფიქრობს, რომ ეს ადგილი დამსახურებულად მიიღო და გრძნობს პასუხისმგებლობას, რომელიც კონკურსანტების წინაშე აქვს.

-რამდენად კომფორტულია შენთვის „იქს ფაქტორის“ ჟიურის წევრობა? სხვებთან, ბრძოლა გიწევს, ასე ვთქვათ…

-მეტ-ნაკლებად (იღიმის). რაღაცაზე რომ იღებ პასუხისმგებლობას, დისკომფორტი რომ გქონდეს, წინასწარ ხომ იფიქრებდი ადამიანი და აღარ გადადგამდი ამ ნაბიჯს. რადგან გადავდგი და ვარ ჟიურის წევრი, ე.ი. დისკომფორტი არ მაქვს.

-შეთავაზებას მალევე დათანხმდი?

-ბევრი ფიქრის დრო არ მქონდა, რადგან ორ დღეში იწყებოდა პროექტი. ჩემთვის მოსაფიქრებლად დიდი დრო არავის მოუცია, ასე რომ, მალევე დავთანხმდი.

-რა პასუხისმგებლობები გაქვს, როგორც ჟიურის წევრს?

-ძალიან რთულია, რადგან უნდა იჯდე და აკრიტიკო, რჩევა მისცე, უფრო შორს მიმავალ გეგმებზე იფიქრო, როგორ შეიძლება განვითარდეს მონაწილე, მოკლედ, ჟიურის წევრობა მთელი სტრატეგიაა. დიდი სირთულეა, თუმცა თავიდან არ ვიცოდი, რომ ასე იქნებოდა. მგონია, რომ ჯერჯერობით ჩემზე დაკისრებულ მოვალეობას ვასრულებ.

-გადაწყვეტილებების მიღებისას თუ უფრთხი, როგორ მიიღებენ მას კონკურსანტის ახლობლები? მაგალითად, მაკა ზამბახიძეს დავასახელებდი, რომელმაც გაგაკრიტიკა მას შემდეგ, რაც მისი ქალიშვილი გაუშვი კონკურსიდან…

-მაკა ზამბახიძის გარდა სხვა დედები არ არსებობენ? მარტო მაკა ზამბახიძე ხომ არ იქნება ათვლის წერტილი, როცა უამრავი არაჩვეულებრივი მონაწილე იყო, რომელთაც ასევე ჰყავთ დედ-მამა? რახან მაყურებელი მაკა ზამბახიძეს იცნობს, მარტო მისი შვილი არის აქტუალური?!. იქ იყვნენ ღირსეული დედებისა და მამების შვილები. მაკა ზამბახიძე, მაკა ზამბახიძე… მივიღე გადაწყვეტილება ისეთი, როგორიც საჭიროდ ჩავთვალე, გავუშვი სახლში…

-გკითხავ „მხოლოდ ქართულთან“ კონკურენციაზე… ორივე შოუს ერთ დღესა და დროს გადის ეთერში, არის რეიტინგებით ბრძოლა.

-ეს ბრძოლა ამ პროექტით არ დაწყებულა. ყველა დილა იწყება რეიტინგების გამოდებით „ფეისბუქზე“. ერთხელ მახსოვს, ჯერ „რუსთავი 2“-მა გამოდო რეიტინგი, მერე „იმედმა“ თუ პირიქით და ცოტა ხანში მამუკა ღლონტმა დადო რეიტინგი, სადაც ყველას სერიალმა მოუგო. ასე რომ, რეიტინგებით ხმალაობა ცოტა სასაცილოდ მეჩვენება.

-შენთვის ეს თემა არასერიოზულია?

გავიგეთ, რომ მოიგო, კარგია, ვულოცავთ, მაგრამ ამით აპელირება და ყოველ დღე „ექსელ“-ფაილების დადება და მერე კომენტარების მიწერა ჩემთან ახლოს არ არის.

ნინო მურღულია, ფორტუნა.ჯი