“მე თვითონ” – ნელ-ნელა დამოუკიდებლობისაკენ

"მე თვითონ" - ნელ-ნელა დამოუკიდებლობისაკენდამოუკიდებლობის ჩამოყალიბება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ბავშვის განვითარებაში. ფსიქოლოგები აცხადებენ, რომ დამოუკიდებლობის განვითარებისა და ჩამოყალიბების პროცესში მშობლის ვალია, დაეხმაროს შვილს და სურვილი -, “მე თვითონ”, არავითარ შემთხვევაში დათრგუნოს, არ იმოქმედოს მის ნაცვლად.

ბავშვის დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე რამდენი სტადია არსებობს:

სრული დამოკიდებულება – ამ სტადიაზე ბავშვს დედასთან სრული კონტაქტი სჭირდება. მას ყველაფერი კარგად აქვს, როცა დედა მოთხოვნებს უკმაყოფილებს.

გარდამავალი სტადია – ეს არის პერიოდი სრული დამოკიდებულებიდან დამოუკიდებლობამდე. თუ სრული კავშირის ილუზია სწრაფად გაქრება, ეს შესაძლოა, მტკივნეული აღმოჩნდეს ბავშვისთვის, ამიტომ დამოუკიდებლობაზე გადასვლა ეტაპობრივად უნდა მოხდეს. პერიოდულად შორს ყოფნით დედა შვილს ეხმარება დამოუკიდებლობის განცდის ჩამოყალიბებაში.

დამოუკიდებლობის სტადია – თუ გარდამავალმა პერიოდმა ეფექტურად ჩაიარა, დგება დამოუკიდებლობის სტადია. დამოუკიდებლობას სპეციალური სწავლება არ სჭირდება, ის ბავშვებს ბუნებრივად უჩნდებათ, მაგალითად, სპონტანური სურვილი, თვითონ ჭამოს, ჩაიცვას, ითამაშოს და ა.შ. ამ დროს მშობლებმა შესაბამისი გარემოს შექმნასა და წახალისებაზე უნდა იზრუნონ.

ერთ წლამდე ასაკის ბავშვების მოთხოვნილებების დაკმაყოფილება ძალიან მნიშვნელოვანია. მშობელი უნდა გრძნობდეს, რა სურს შვილს, ამოიცნოს მისი მინიშნებები.

2 წლის ასაკიდან, მოტორული უნარების განვითარებასთან ერთად, ბავშვებს უჩნდებათ მოთხოვნილება, თვითონ აკეთონ. მათგან ხშირად გაიგონებთ ფრაზას: “მე თვითონ”. ამ ეტაპზე მშობელმა უნდა იზრუნოს, შვილს სათანადო გარემო შეუქმნას, მაგალითად, შეუძინოს ისეთი ზომის სკამი, რომელზეც ბავშვი დაჯდება და ადგება დამოუკიდებლად, შესაბამისი ჭურჭელი, საიდანაც ადვილად შეძლებს ჭამას, განალაგოს მისი სათამაშოები ხელმისაწვდომ ადგილას და ა.შ.

რჩევები მშობლებს

არ დაუშალოთ, თვითონ ჩაიცვას, ჭამოს, დაჯდეს ღამის ქოთანზე…წაახალისეთ მისი დამოუკიდებლობა და მიეცით არჩევანის შესაძლებლობა.

შეაქეთ, როდესაც რამეს კარგად გააკეთებს.

დამოუკიდებლობა თავისთავად განვითარებადი უნარია, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, შესაძლოა, არაჯანსაღად წარიმართოს. მშობლებმა ამ კუთხით ყურადღება უნდა მიაქციონ შემდეგს: თუ ბავშვი არ ამჟღავნებს დამოუკიდებლად მოქმედების სურვილს, სასკოლო ასაკშიც ძლიერი მიჯაჭვულობა აქვს და უჭირს დედის გარეშე, შფოთავს, ზედმეტად განებივრებულია, მუდამ ყურადღებას ეძებს, ეგოიზმს ავლენს და მომთხოვნია, სურს, რომ მის ნაცვლად ყველაფერი სხვებმა აკეთონ, სასურველია, შვილი ფსიქოლოგთან ან ფსიქოთერაპევტთან მიიყვანოთ კონსულტაციაზე.

ზოგადი რჩევები

ყოველდღე უკითხეთ ლამაზი ზღაპრები. სთხოვეთ, გიპოვოთ საგნები ნახატზე ან დაასახელოს ისინი და სხეულის ნაწილები. ითამაშეთ დასაჯგუფებელი თამაშები, მაგალითად, ფორმის მიხედვით ან მარტივი ასაწყობები. ხელი შეუწყეთ ბავშვის დამოუკიდებლობის განვითარებას ჩაცმასა და ჭამაში. წაახალისეთ მისი ცნობისმოყვარეობა, ერთად დაათვალიერეთ პარკი ან იმგზავრეთ ავტობუსით.

სხვადასხვა აქტივობა. ამ დროს მშობელი უნდა ესაუბროს შვილს, განუმარტოს, რას აკეთებენ, რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობს ბავშვს, ისწავლოს სხვადასხვა მოქმედებისა და საგნების დასახელება.

რჩევები სოციალური და ემოციური სფეროს განვითარებისთვის

სოციალურ-ემოციური სფერო განსაზღვრავს ბავშვის პიროვნული თვისებების ჩამოყალიბებას და ადამიანებთან ურთიერთობას. იგი მოიცავს ბავშვის უნარს, შეიგრძნოს და გამოხატოს საკუთარი გრძნობები, შეძლოს სხვისი გრძნობების გაგება, თანაგრძნობა და შესაფერისად რეაგირება.

აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ თქვენი შვილის ემოციური სამყარო დამოკიდებულია ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობებზე. თუ ოჯახის წევრები გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ სითბოსა და სიყვარულს, ბავშვიც ბედნიერია. თუ ოჯახში დაძაბულობაა, ხშირად უწევს სხვადასხვა პრობლემის გამო ჩხუბისა და გაბრაზებული მშობლების ყურება, მაშინ გულჩათხრობილი და კარჩაკეტილია. ეს კი დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე სერიოზული ბარიერია.

შვილს უნდა მისცეთ შესაძლებლობა, გამოიკვლიოს გარემო. შეეხოს სხვადასხვა ნივთებს, შინაურ ცხოველებს.

პერიოდულად აუცილებელია ბავშვის მარტო დატოვება, რათა მან შეძლოს საკუთარ თავთან თამაში და მიეჩვიოს მარტო ყოფნას. ეს ხელს უწყობს დამოუკიდებლობისა და საკუთარი თავის რწმენის ჩამოყალიბებას.

მშობლებო, გაითვალისწინეთ ისიც, რომ ბავშვისთვის თამაში მხოლოდ გართობა არ არის. თამაში მისი გონებრივი, მოტორული განვითარებისა და სამყაროს შეცნობის აუცილებელი პირობაა. მშობელმა უნდა უზრუნველყოს ბავშვი სათამაშოებით (ასაკის გათვალისწინებით). სათამაშო უნდა იყოს უსაფრთხო.

ტუალეტის ჩვევა

დამოუკიდებლობისაკენ მიმავალ გზაზე ერთ-ერთი პირველია ტუალეტის ჩვევის ჩამოყალიბება, რაზეც მშობელმა ადრეული ასაკიდანვე უნდა იზრუნოს. 2 წლის ბავშვს ყველა უნარი აქვს, დამოუკიდებლად დაჯდეს ღამის ქოთანზე. თუ გეუბნებათ – “მე თვითონ”, ნუ შეეწინააღმდეგებით და მიეცით საშუალება, თავად მოაგვაროს “საქმეები”. მომავლისთვის ეს წინ გადადგმული ნაბიჯია.

ასევე ნელ-ნელა, ასაკის მატებასთან ერთად უნდა მიაჩვიოთ ჰიგიენის პროცედურების საკუთარი ხელით ჩატარებას, თავისი სათამაშო ადგილის მილაგებას და ა.შ. ეს ყველაფერი თქვენს შვილს დაეხმარება, მომავალში დამოუკიდებელი და წარმატებული იყოს.

მოამზადა ნათია ტოტიკაშვილმა, ჟურნალი სარკე