ინგა გრიგოლია: ,,ვერავინ დამაჯერებს, რომ შეურაცხადი ადამიანი ასე გათვლით მოქმედებს”

ინგა გრიგოლია: ,,ვერავინ დამაჯერებს, რომ შეურაცხადი ადამიანი ასე  გათვლით მოქმედებს"მამაკაცი, რომელიც ტელეწამყვან ინგა გრიგოლიას წლების განმავლობაში ემუქრებოდა და აშანტაჟებდა, 21 მაისს დააკავეს. მას 2 წლამდე პატიმრომა ემუქრება. ამ თემაზე ინგა გრიგოლია ,,პრაიმტაიმთან” საუბრობს.

-არ ვფიქრობ, რომ ეს არის ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანი. უფრო მგონია, რომ არარსებულ ისტორიებს იგონებდა საკუთარი მიზნების მისაღწევად. სინამდვილეში საქმე გვაქვს სერიოზულ თაღლითთან, რომელიც ჩემგან ითხოვდა  რაღაც ქონებებს და ფულს. ამასთან, მოქმედებდა ძალიან მიზანმიმართულად.

მაგალითად, ძალიან კარგად იცის, რომ არ უნდა მომიახლოვდეს და უშუალოდ ფაქტზე არ უნდა დაფიქსირდეს, მაგრამ უნდა გამყოფოს მუდმივი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ. შეურაცხადი ადამიანი ამ ყველაფრის დაგეგმვას და შემდეგ კონტროლს ვერ მოახერხებს.

მგონია, რომ არარსებულ თემებზე საუბრით იქმნის ალიბს, რომ დარჩეს სწორედ შეურაცხადის შთაბეჭდილება და სამართალდამცავებსაც ამის გამო ხელ-ფეხი ჰქონდათ შეკრული. წერილში, რომელიც მან სამსახურთან დატოვა, პირდაპირ წერს,  კარებს შემოგიმტვრევო. აი, ეს იყო უკვე ბოლო წვეთი, როდესაც მე უკვე სერიოზული საფრთხე ვიგრძენი.

-ანუ ფიქრობ, რომ შესაძლოა, აი, ამ თაღლითური და შანტაჟის გზით ცდილობდა თანხის ან რაიმე სახის ქონების გამოძალვას?

-ხო, მგონია, რომ რაღაც ასეთი ტიპის დანაშაულთან გვაქვს საქმე. ვერავინ დამაჯერებს, რომ შეურაცხადი ადამიანი ასე წინასწარი გათვლით მოქმედებს. თან მე რამდენადაც ვიცი, ეს ადამიანი წარსულში ყაჩაღობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. ის პოლიციას იდენტიფიცირებული ჰყავს ჯერ კიდევ 2013 წელს, როდესაც პირველად მივმართე საგამოძიებო ორგანოს. შესაბამისად, მის მიერ წარსულში ჩადენილი დანაშაული კიდევ უფრო მიმყარებს ეჭვს, რომ საუბარია არა ფსიქიკური პრობლემების მქონე ადამიანზე, არამედ პირზე, რომელისთვისაც ყაჩაღობის, თუ სხვა რაიმე გზით თანხის გამოძალვა ჩვეულებრივი ამბავია.

პრაიმტაიმი