თეა გოგოტიშვილი: “დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა”

თეა გოგოტიშვილი: "დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი, ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და ახალი ოჯახის შექმნა"ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს, ევროპაში EAGT აკრედიტებულ ფსიქოთერაპევტს, პროფესორ თეა გოგოტიშვილს, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის დაძლევა მოუხდა, რომ საყვარელ საქმეშიც და პირადშიც რეალიზებული ყოფილიყო.

პროფესიით მუსიკისმცოდნემ ერთ დღეს გადაწყვიტა, აბსოლუტურად სხვა სფეროში ეცადა ბედი და ფსიქოლოგიის შესწავლა დაიწყო. მაშინ ქმართან უკვე განქორწინებული იყო და ვაჟს ზრდიდა. ახალმა პროფესიამ მის პირად ცხოვრებაშიც სასიკეთო ცვლილება მოახდინა, თავისი ნამდვილი მეორე ნახევარი აპოვნინა – ასევე ფსიქოლოგი, პროფესორი დიმიტრი ნადირაშვილი. მათი საერთო შვილი, გოგონა, 9 წლის არის.

როგორია ერთ ჭერქვეშ ორი ფსიქოლოგის ცხოვრება, რას ურჩევს ქალბატონი თეა ბალზაკის ასაკში შესულ ქალებს, ამაზე ქვემოთ.

– ქალბატონო თეა, ხართ შემდგარი ადამიანი, გაქვთ მყარი ოჯახი, ასევე – თქვენი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა გზა გაიარეთ აქამდე?

– ჩემი გზა სავსე იყო სირთულეებით. ბავშვობიდან მაქვს განწყობა – სირთულე და პრობლემა არსებობს იმისთვის, რომ დაძლეულ იქნეს.

დავამთავრე ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკისმცოდნეობის ფაკულტეტი წითელ დიპლომზე. ვმუშაობდი კათედრაზე. ვიყავი პირველ ქორწინებაში. გასული საუკუნის 90-იანი წლების მძიმე პირობებში ოჯახმა გადაწყვიტა, დროებით მოსკოვში გადავსულიყავით, სადაც მეუღლესთან ერთად დამოუკიდებლად ვცხოვრობდი. იქ დაიბადა ჩემი ვაჟი ლუკა.

მოსკოვში ვმუშაობდი ინგლისური ენის მიმართულებით, ბრიტანული “თაიმსის” ოფისში, ბრიტანელი კორესპონდენტის ასისტენტად. ინგლისურს ბავშვობიდან ვსწავლობდი.

ლუკას დაბადების შემდეგ უცნაური შინაგანი პროცესი დამეწყო, სიახლის მოთხოვნილება გამიჩნდა. ისიც ვიფიქრე, კვლავ კონსერვატორიაში ჩამებარებინა, მხოლოდ ვოკალის განხრით, თუმცა უცებ სხვა აზრი დამებადა… ნაცნობ-მეგობრები სულ მეუბნებოდნენ, რომ მქონდა უნარი ადამიანების მოსმენის, თანაგრძნობის, ნუგეშისცემის. ასე გადავწყვიტე, მიმეღო უმაღლესი განათლება ფსიქოლოგია-ფსიქოთერაპიაში.

ჩამოვედი თბილისში ბავშვთან ერთად. დიმიტრი უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის სასწავლო ინსტიტუტში პირდაპირ მეორე კურსზე მიმიღეს. 28 წლისა შევუდექი სწავლას. ბევრს ვკითხულობდი, ვშრომობდი. უმაღლესის დამთავრების შემდეგ ამავე ინსტიტუტში დავიწყე მუშაობა.

– პროფესიის შეცვლას მოჰყვა პირადი ცხოვრების შეცვლაც. თუ შეიძლება გკითხავთ – პირველი ოჯახი რა მიზეზით დაგერღვათ, იყო ამ ორ ცვლილებას შორის კავშირი?

– ჩემი პირველი მეუღლე, სანდრო კობერიძე, პროფესიით არქიტექტორი, ნიჭიერი ადამიანია, თუმცა ჩვენი პიროვნული ინტერესები, მისწრაფებები და ღირებულებები აღმოჩნდა ძალიან განსხვავებული. ეს მეტწილად გამოიკვეთა მოსკოვში, როცა დამოუკიდებლად ცხოვრება მოგვიწია.

ერთად ყოფნა გაგვიჭირდა. ჩემი გადაწყვეტლებით გავიყარეთ. თავიდან ეგონა, ეს დროებითი იყო, ბოლომდე ვერ გააცნობიერა, რა ხდებოდა. მერე ყველაფერი გაირკვა, დალაგდა.

მნიშვნელოვანია, ადამიანებმა გააცნობიერონ, რასთან აქვთ საქმე. ამჟამად ყოფილ მეუღლესთან არაჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს.

– ფსიქოლოგ დიმიტრი ნადირაშვილთან თქვენი ურთიერთობა, რომელსაც ქორწინება მოჰყვა, როდის, რა ვითარებაში დაიწყო?

– ფსიქოლოგიის ინსტიტუტში ოთხშაბათობით იმართებოდა სამეცნიერო სხდომები. უცხოელი მეცნიერებს თარჯიმნობა გავუწიე. სხდომის დამთავრების შემდეგ დიმიტრი მოვიდა ჩემთან და მკითხა, სად ისწავლეთ ასეთი კარგი ინგლისურიო. მაშინ არ ვიცნობდი. კლინიკური ფსიქოლოგიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა უზნაძის კვლევით ინსტიტუტში. ერთი წლის შემდეგ ჩვენი კურსის ლექტორი გახდა.

გოგი გვახარიას გადაცემა “ფსიქოს” მომზადებისთვის სჭირდებოდა ფსიქოლოგები. დიმიტრიმ ამისთვის შეკრიბა ჯგუფი. როგორც საუკეთესო სტუდენტს, შემომთავაზეს გადაცემაში მონაწილეობა. გოგის გადაცემებზე მუშაობის პროცესში ჩაისახა და განვითარდა ჩვენი რომანტიკული ურთიერთობა. 2 წლის წამოსული ვიყავი პირველი ოჯახიდან.

ინსტიტუტი რომ დავამთავრე და დიპლომი დავიცავი, დიმიტრიმ ხელი მთხოვა. რაღაც დროის შემდეგ ჯვარი დავიწერეთ. პირველი ოჯახი 24 წლისამ შევქმენი, მეორე კი – 10 წლის შემდეგ. დიმიტრისთვის ეს პირველი ქორწინებაა.

– პირველი მარცხის შემდეგ ხელმეორედ ოჯახის შექმნას ზოგი ჩქარობს, ზოგი თავს იკავებს, ჭოჭმანობს. თქვენ ეს ეტაპი როგორ გადალახეთ?

– ჩემთვის ძნელი იყო ოჯახის დანგრევა და, მით უფრო, ახალი ოჯახის შექმნა. უდიდეს პასუხისმგებლობას ვგრძნობდი არა მხოლოდ საკუთარი თავის, არამედ შვილის წინაშე. დიმიტრის რომ შევხვდი, ტრავმირებული ვიყავი. ადვილი არაა, დაანგრიო ოჯახი, იყო მარტო, ზრდიდე შვილს, თან ისწავლო, თან იმუშაო…

ყველა წყვილი, რომელიც გადაწყვეტს გაყრას, რაღაც პერიოდი საჭიროებს დახმარებას, რეაბილიტაციას. დიმიტრიმ ძალიან შემიწყო ხელი ამაში, ასევე ბავშვის აღზრდაში. ვმადლობ უფალს, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე!

ბედნიერი ვარ, რომ მეუღლესთან ერთად დიმიტრი უზნაძის და აკადემიკოს შოთა ნადირაშვილის საქმეს ვაგრძელებთ (ბატონი დიმიტრი შოთა ნადირაშვილის ვაჟია. ავტ.). ვმუშაობთ განწყობის თეორიის გეშტალტთერაპიაში ინტეგრაციაზე.

2011 წელს მე და ჩემმა მეუღლემ დავაფუძნეთ საქართველოს ეროვნული გეშტალტ ინსტიტუტი, რომელიც პოსტსაუნივერსიტეტო განათლებას იძლევა ფსიქოთერაპიაში. არა მარტო ჩვენ, არამედ უკვე ჩვენი კურსდამთავრებულებიც ვართ პირველი ევროპული ცენზის მქონე გეშტალტთერაპევტები, პროფესიულ სფეროში საერთაშორისო რანგის სპეციალისტები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის ევროინტეგრაციის გზაზე.

– საინტერესოა წყვილის პირადი ურთიერთობა, როცა ორივე ფსიქოლოგია. თქვენს ოჯახურ ურთიერთობას რა ნიშნით გამოარჩევთ?

– პრობლემების გადაწყვეტაში ძალიან გვეხმარება ის, რომ ორივე ერთ საქმეში ვართ, თანაც ერთი მიმართულებაში – გეშტალტ ფსიქოთერაპია არა მხოლოდ სამუშაო მეთოდია, არამედ – მსოფლხედვა და ცხოვრების სტილი. ვცდილობთ, ეს პრინციპები პირად ცხოვრებაში გავატაროთ. თუ რამე გვეშლება ან არ მოგვწონს, ვმსჯელობთ და ვცდილობთ ცვლილებას. დიალოგი პრობლემების დაძლევის ერთადერთი გზაა.

– თქვენი გამოცდილებით, რა უნდა გააკეთოს ქალმა იმისთვის, რომ ოჯახური თანაცხოვრება წლების შემდეგაც საინტერესო, სისხლსავსე, სიხარულის მომტანი იყოს?

– მხოლოდ ოჯახში ყოფნა თანამედროვე ქალისთვის არ არის საკმარისი. საჭიროა პიროვნული განვითარებისთვის ზრუნვა და პროფესიული რეალიზაცია. პირადად მე დიდ როლს ვანიჭებ დროის გადანაწილებას. ბევრს უკვირს, როგორ ვასწრებ უამრავ საქმეს. ჩემს მშობლებს ვუხდი მადლობას, რომ დისციპლინირებულ ადამიანად გამზარდეს.

შაბათ-კვირას, ასევე დასვენების პერიოდში მე და ჩემი მეუღლე ვაწყობთ განტვირთვის დღეებს. მეგობრებთან ერთად ვგეგმავთ კულტურულ ღონისძიებებს, გასვლებს… წელიწადში მინიმუმი ერთხელ საზღვარგარეთ ვმოგზაურობთ, სადაც კონფერენციებსა და სიმპოზიუმებს კულტურულ დასვენებასაც ვუთავსებთ. ეს ყველაფერი გვახალისებს და გვავსებს.

– გარდა ამისა, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ოჯახურმა ურთიერთობამ სიმყარე შეინარჩუნოს, რა უნდა გაითვალისწინოს ცოლ-ქმარმა?

– მეგობრობა ამყარებს ოჯახურ ურთიერთობას. მეგობრობა კი საერთო ინტერესების და ფასეულობების გარეშე არ არსებობს. მნიშვნელოვანია ღია ურთიერთობები. ადამიანი, რომელიც ოჯახს ქმნის, სერიოზულად უნდა დაფიქრდეს, რა საერთო აქვს მომავალ მეუღლესთან ინტერესების და ღირებულებების თვალსაზრისით.

– სახლი, ყოფითი ცხოვრება თავისას მოითხოვს, მით უმეტეს, ქალისგან და, მით უმეტეს, საქართველოში. საოჯახო საქმეებს როგორ აუდიხართ?

– არის ასეთი ტერმინი – ფრუსტრაცია – დაუკმაყოფილებელი მოთხოვნილება. ასეთი ფრუსტრაცია მაქვს სამზარეულოში საქმიანობასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩემთვის კერძების მომზადება ხელოვნებაა. ყოველ მესამე დღეს ვცდილობ, სადილი მოვამზადო (ან გვიან ღამით, ან დილით ადრე), რომ მეუღლემ და შვილებმა ჩემი გაკეთებული კერძით ისიამოვნონ. დედაც მეხმარება. სახლის დალაგება დამხმარე ქალს აბარია.

დედაჩემი, მანანა ანიკაშვილი, მუსიკის ისტორიის სპეციალისტი, დამსახურებული პედაგოგია, მთელი ცხოვრება პირველ სამუსიკო სკოლასა და სასწავლებელში ასწავლიდა. ახლა უკვე ჩემი დახმარების სფეროშია ჩაბმული – სალომეზე დედა რომ არ მეხმარებოდეს, ჩემი სამუშაოს ნახევარსაც ვერ გავაკეთებდი.

– მამაც მუსიკისმცოდნე გყავდათ. პირველი პროფესია ოჯახური ტრადიციით შეარჩიეთ, მეორე პროფესიამ კი საკუთარი ოჯახი შეგაქმნევინათ. თქვენს ცხოვრებაში სხვა პარალელებიც ხომ არ არის?

– ჩემი პირველი პროფესია ჩემი მშობლების გენეტიკური გაგრძელებაა, მეორე პროფესია – ახალი ოჯახის. ჩემი მამამთილი, აკადემიკოსი შოთა ნადირაშვილი, დიმიტრი უზნაძის ასპირანტი იყო. ბატონი შოთა მსოფლიო დონის მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე გახლდათ. ღვთის მადლიერი ვარ, რომ ამ ადამიანთან ახლო ურთიერთობა მაკავშირებდა. ინსტიტუტში ჩემი ლექტორი იყო, ზოგად ფსიქოლოგიას მასწავლიდა. აქედან დავახლოვდით.

ჩვენი ქორწინება ძალიან გაუხარდა. ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ჩემთან განსაკუთრებული სულიერი სიახლოვე ჰქონდა. ჩემი დედამთილი მანანა ცინცაძეც ფსიქოლოგიის დოქტორი გახლდათ, საინტერესო მკვლევარი და პროფესიონალი.

მამაჩემი, ვლადიმერ გოგოტიშვილი, კონსერვატორიის პროფესორი, ქართული მუსიკალური ფოლკლორის მკვლევარი იყო. მას ბატონ შოთასთან ახლო მეგობრული და სულიერი კავშირი ჰქონდა. მამა 2009 წელს გარდაიცვალა, 2 წლის შემდეგ კი – ბატონი შოთა.

ფაქტობრივად, გამეორდა ოჯახური სცენარები: თავის დროზე მამაჩემი იყო დედაჩემის პროფესორი. ბატონი შოთა იყო მისი მომავალი მეუღლის, ქალბატონი მანანას პროფესორი, ხოლო დიმიტრი – ჩემი პროფესორი და ლექტორი.

– თქვენს შვილებს რა ინტერესები, მიდრეკილებები, გატაცებები აქვთ?

– ჩვენი საერთო შვილი სალომე 9 წლისაა, ოჯახის სიმდიდრეა, ძალიან საინტერესო როლს ასრულებს ჩვენს ქორწინებაშიც და ურთიერთობაშიც. იმეორებს ხოლმე ჩვენს დიალოგებში მოსმენილ ფრაზებს: “ეს ხომ შენი პასუხისმგებლობაა”, “ეს ჩემი გადასაწყვეტია” და ა.შ.

ჩვენი შვილი, 9 წლის ასაკში, ახერხებს იმას, რომ გააცნობიეროს, რაზე უნდა დაფიქრდეს და გონივრული გადაწყვეტილება მიიღოს. მასთან გულღიად ვსაუბრობთ ყველა თემაზე. მოხიბლულია ჩვენი პროფესიით. ბავშვობაში ამბობდა, უნდა გამოვიდე მომღერალი, ფსიქოლოგი და პოლიციელიო. ახლა ალტერნატივა შემცირდა და ყურადღების ფოკუსში მოქცეულია სიმღერა და ფსიქოლოგია. დადის თავისი ასაკის ფსიქოლოგიის ჯგუფში ჩვენს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში. იმდენად მოსწონს, რომ შეუძლია დაბადების დღე გააცდინოს და აქ მოვიდეს.

უფროსი ვაჟი, ლუკა, 22 წლისაა, გეზი ბიზნესისკენ აიღო. არ შევუშალეთ ხელი, თავი სხვადასხვა სფეროში მოესინჯა: დაიწყო დიზაინით, კარგად ხატავდა და ძერწავდა, შემდეგ მოსინჯა სოციალური მეცნიერებები, ბოლოს მენეჯმენტზე შეაჩერა ყურადღება. მესამე კურსზეა. ჩვენც ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ, თავის საქმეში წარმატებული იყოს. ჰყავს შეყვარებული, არაჩვეულებრივი გოგონა.

– მშობლების გაყრა და, მით უფრო, ახალი ოჯახის შექმნა მოზარდის განცდებზე, ფსიქიკაზე აისახება, რაც გარდატეხის ასაკში რთულდება. ალბათ ლუკასაც ექნებოდა ესეტაპი. მშობლები ამის დაძლევაში როგორ დაეხმარეთ?

– ლუკასთვის გარდატეხა მაშინ დაიწყო, როდესაც მშობლები გავიყარეთ და 20 წლის ასაკამდე გაგრძელდა. ეს, რა თქმა უნდა, ტრავმა იყო მისთვის, მაგრამ გარეგნულად არ ჩანდა. ჩემი პროფესია საშუალებას მაძლევდა, დამენახა სხვადასხვა ფორმით გამოვლენილი შენიღბული პროტესტი. ერთადერთი, რითიც დავეხმარეთ, იყო უპირობო სიყვარული. ვცდილობდით, ვყოფილიყავით მისი მხარდამჭერი, საყრდენი.

აუცილებელია, ბავშვმა მშობლისგან სიყვარული იგრძნოს. მჯეროდა, რომ ლუკა შეიცვლებოდა და, ღვთის მადლით, ასეც მოხდა. სირთულეები გადავლახეთ.

მის მამას, სანდროს, აქვს მეორე ოჯახი. მათთან ვმეგობრობთ. სხვათა შორის, 2012 წელს სანდროს მეუღლე, თიკო, მოვიწვიე ჩემს ტელეგადაცემაში – “ჩემი ოჯახი” (“პირველ არხზე”). “სარკეში” დაიბეჭდა სტატია, გარეკანზე იყო გამოტანილი სათაური – თეა გოგოტიშვილმა თავის ტოქ შოუში ყოფილი მეუღლის ცოლი დაპატიჟაო. ვამაყობ იმით, რომ ჩვენ შევძელით ცივილიზებული, თბილი და პოზიტიური ურთიერთობა.

როდესაც ორი ადამიანი ვერ ახერხებს ერთ ჭერქვეშ ცხოვრებას – არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ შეუძლიათ კეთილ დამოკიდებულებაში ყოფნა. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა საერთო შვილი ჰყავთ.

– ქალებს განსაკუთრებით აფრთხობთ წლები. თქვენი აზრით, ბალზაკის ასაკის ქალის ხიბლი რაშია?

– ასაკს არასდროს ვმალავ, არ მაწუხებს. მაქვს განცდა, რომ ყველაფერი წინ არის. უამრავი გეგმა მაქვს როგორც პროფესიულ, ისე პირად სფეროში. ბალზაკის ასაკის ხიბლია გამოცდილება. საკუთარ გამოცდილებაზე სწავლა და სიბრძნის მარცვლების შეგროვება ყველაზე დიდი სიმდიდრეა.

ჩემთვის უცხოა, როდესაც ქალი პლასტიკური ქირურგიით ცდილობს, შენიღბოს თავისი ვიზუალი. გაცილებით მხიბლავს კარგად მოვლილი ბუნებრიობა. ვზრუნავ, ჩემი ასაკის შესაფერისად ვიყო რაც შეიძლება კარგ ფორმაში. ვცდილობ, ვიცურავო.

ქალებს ვურჩევ, სახესა და ყელზე წაისვან დილის და საღამოს კრემები. არ მოიხმარონ თამბაქო – აფუჭებს როგორც სახის კანს, ასევე კბილებს. კარგად მოქმედებს დროდადრო მაღალი ხარისხის ღვინის მცირე დოზებით მიღება, რაც ხელს უწყობს რელაქსაციას და განტვირთვას.

ყოველ დილით ვიკეთებ სახის მასაჟს ცივი წყლის ნაკადით, საშხაპე “ტელეფონით”. სახის კუნთები მოჰყავს ტონუსში, ეფექტურია.

– დღეს, როცა ასე გართულდა ცხოვრება და ურთიერთობები, რა არის ის მთავარი, რითიც შეიძლება გაგვიადვილდეს ცხოვრება? რას ურჩევთ მკითხველს?

– პრობლემებთან მიმართებაში არსებითია, გავაცნობიეროთ, რა არის ჩვენზე დამოკიდებული და რა – არა. ჩვენს ხელში მხოლოდ ჩვენი არჩევანია. აქ ვართ პასუხისმგებელნი, სხვა დანარჩენი “მე”-ს საზღვრების მიღმაა. ცხოვრების ამ კონტექსტში დანახვა ბედნიერებაზე ზრუნვის ტოლფასია. ეს გეშტალტთერაპიის პრინციპებია.

ამ მეთოდით შევიცვალე არა მარტო მე, არამედ ჩვენი ინსტიტუტის თითოეული სტუდენტი. სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ გეშტალტთერაპია სასწაულმოქმედია! ადამიანები, რომლებიც ეზიარებიან ამ ცოდნას, ეცნობიან ამ მიმართულებას, თავადაც ცვლიან ცხოვრებას უკეთესობისკენ.

ნანა კობახიძე, ჟურნალი სარკე