დოდო გუგეშაშვილს მეგობარმა საიდუმლოდ წერილი გადასცა – ,,ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას”

დოდო გუგეშაშვილს მეგობარმა საიდუმლოდ წერილი გადასცა - ,,ამ ფაქტს ვუკავშირებ მკვლელობას"თადარიგის პოლკოვნიკი დოდო გუგეშაშვილი ფიქრობს, რომ მის ოჯახზე მომხდარი თავდასხმა რუსულ სპეცსამსახურებს უკავშირდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “360 გრადუსში” განაცხადა.

როგორც გუგეშაშვილმა აღნიშნა, ამის თქმის საფუძველს აძლევს წერილი, რომელიც მას მეგობარმა შვილის საფლავზე გადასცა.

-როდესაც შვილის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს საფლავზე ამიყვანეს, ჩემი მეგობარი, რომელიც სასაზღვროში მუშაობდა, მოვიდა და ხელში რაღაც წერილი ჩამიდო… ნუ მაშინვე წერილი არც გამიხსნია. რამდენიმე დღის შემდეგ ყურადღებით წავიკითხე.

ჩემი მეგობარი მწერდა,  როდესაც გავიგე შენს ოჯახზე თავდასხმის შესახებ, მე გამახსენდა ერთი ასეთი ფაქტი, შენი ყოველი წასვლა და ჩამოსვლა უკრაინიდან კონტროლდებოდაო. მინდა ავღნიშნო, რომ მე გავდიოდი მხოლოდ უკრაინაში და ვბრუნდებოდი, ასევე ჩავდიოდი აზერბაიჯანში, მეგობრებთან, სხვა ქვეყანაში გასვლა არ მაქვს.

წერილში მეგობარი ასევე წერდა ასეთ რამეს, რომ იმ სამსახურში სადაც ვმუშაობ, ერთ-ერთი შენი ჩამოსვლის დროს შექმნილია ოფიციალური დოკუმენტი, თითქოს შენ ჩამოფრინდი მოსკოვიდანო.

თავიდან ეს ფაქტი სერიოზულად არ აღმიქვამს. გეტყვით, რატომ ვამახვილებ ამაზე ყურადღებას, როგორც ჩანს, გარკვეულ სტრუქტურებში ჩაბუდებული და ჩანერგილი არიან რუსეთის სპეცსამსახურები და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ასეთი გაუგონარი და საშინელი დოკუმენტაციები შექმნან.

დიახ, ამ ფაქტს ვუკავშირებ ჩემი შვილი მკვლელობას. მე ვერ ვამტკიცებ, რომ ეს ერთადერთი ვერსია… ეს უნდა გაარკვიონ ქართველმა სამართალდამცველმა ორგანმოებმა და მინისტრმა გახარიამ, რომლის დიდი ნდობა მაქვს, – აღნიშნა დოდო გუგეშაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დოდო გუგეშაშვილსა და მის ვაჟზე შეიარაღებული თავდასხმა 7 თებერვალს მოხდა. დედა-შვილს საცხოვრებელ სახლში დაესხნენ თავს. ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად დოდო გუგეშაშვილი გულ-მკერდის არეში დაიჭრა, ხოლო მისი შვილი ნოდარ გუგეშაშვილი გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით თავდამსხმელი პოლიციას ჯერჯერობით არ დაუკავებია.

პალიტრანიუსი