გიორგი გილიგაშვილი: “თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები”

გიორგი გილიგაშვილი: "თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული შეყვარებული ვიქნები"გიორგი გილიგაშვილი მსახიობიც არის, მუსიკოსიც, პოეტიც, მაგრამ ორი სიტყვით გახდა პოპულარული – “ჩემმა მზემ”. ეს გამოთქმა, რომელსაც ხშირად იმეორებს, უცებ აიტაცა მასმედიის აუდიტორიამ და გიორგი სოციალური ქსელების ვარსკვლავად გადაიქცა.

სიმპათიურ ჩოხოსანს ბევრი თაყვანისმცემელი ქალი ჰყავს, მისი გული კი ჯერჯერობით თავისუფალია. როგორც გვითხრა, სიყვარული ჯერ არ განუცდია.

– გიორგი, როგორია ან ვინ არის თქვენი მშვენიერი ლედი?

– პირველ რიგში, მშვიდობას ვუსურვებ ჩემს დედამიწას! სამწუხაროდ, მშვენიერი ლედი არ მყავს. სიტყვა ლედიც მეზედმეტება, როდესაც “ჩემი მშვენიერი” უკვე ყველაფერს ამბობს. აქ იგულისხმება, რომ ის არის შენი ლედიც, შენი მზეც და სიცოცხლეში სიცოცხლეც.

– და წარმოსახვებში როგორია თქვენი მზე?

– როგორიც არის, ისეთი წარმომიდგენია, სადღაც ჩემთვის რომ შეიქმნა. უფალმა უწყის, შეიძლება შევხვედრივარ კიდეც მას, შეიძლება ჯერ – არა. ყოველ შემთხვევაში, უფლის ნებით ჩემი რა ლექსიც და სიმღერაც იწერება, ყველაფერი მას ეძღვნება.

– არც გყოლიათ შეყვარებული?

– იმ კონტექსტში, რასაც ახლა თქვენ გულისხმობთ, არასდროს მითქვამს: “მე შენ მიყვარხარ”. როდესაც ამ სიტყვებს ვიტყვი, მე მსურს მიწიდან ცამდე იყოს აწ და მარადის, უკუნისამდე.

– აქამდე არავინ მოგწონებიათ, არ შეგხვედრიათ ისეთი ქალი, რომელიც თქვენს კრიტერიუმებს დააკმაყოფილებდა?

– მე არ მაქვს კრიტერიუმები. სიყვარულს, ზეციურ არსს ეს არ გააჩნია და არც არანაირი მიწიერი ჩარჩო. სიყვარული არის უკიდეგანო განცდა, რომელსაც სჭირდება ადამიანის საღვთო გული… ან შეიძლება შევხვდი, უბრალოდ ჯერ მზად არ ვარ ან ისიც მზად არ არის ამ გრძნობის დასატევად. უფალმა უწყის, რომ ვემზადები.

– გოგომ რა უნდა გაითვალისწინოს თქვენთან ურთიერთობისას?

– არაფერი, გარდა სიყვარულისა.

– ყველაზე მეტად რა მოგწონთ ქალში?

– ქალში ის არ მომწონს, რაც მამაკაცშიც არ მომწონს – არაადამიანური ზნე, მეტი არაფერი.

– რას ვერ აპატიებთ საყვარელ ქალს?

– საკუთარი თავის მოკვლას.

– არადა უმეტესობა ამ კითხვაზე პასუხობს, ღალატს და ტყუილს ვერ ვაპატიებო.

– არ არსებობს უპატიებელი ცოდვა. თუ ამბობ, რომ უფლის ხატი ხარ, მაშინ რასაც მოინანიებს ადამიანი, ყველაფერი უნდა მიუტევო, ანუ უფალი რასაც შეუნდობს ადამიანს, შენც ღვთის წინაშე ვალდებული ხარ, შეუნდო.

თქვენ მკითხეთ, ღალატს ვაპატიებდი თუ არა. თქვენ რას ფიქრობთ, თავის ჩაკლვა ღალატი არ არის? ღალატი ღვთისა, ღალატი მოყვასისა, ღალატი საკუთარი თავისა. ღმერთმა დაიფაროს ყოველი ადამიანი ამ სიწმინდის წაბილწვისგან. ეს არის წმინდა, არამიწიერი გრძნობა და თუკი ადამიანი ღალატით განიზრახავს ამ წმინდა წყაროს წაბილწვას, ამას მარტივად გააკეთებს, მაგრამ ძალიან რთულია შემდეგ ამ წყაროს გაწმენდა და პირველყოფილ მდგომარეობაში დაბრუნება.

– თქვენთვის ქალს გული უტკენია?

– რადგან არ განმიცდია ეს დაუვიწყარი გრძნობა, გული არც უტკენიათ. თუ ის ჩემი მეორე ნაწილი არ არის, მე ვერ მიღალატებს, ის უღალატებს უფალს და საკუთარ თავს.

– ქალის გამო გიტირიათ?

– მე არ ვამბობ, რომ ცრემლი არ არის ვაჟის დასადინარი, ცრემლის გარეშე არ ემსგავსება ადამიანს. მადლობა უფალს, რომ კიდევ შემრჩა ადამიანური განცდა, ბოლომდე არ ვარ გაციებული და გაყინული, თუმცა, რადგანაც სიყვარული არ განმიცდია, რასაც თქვენ გულისხმობთ, იმის გამო არ მიტირია.

– თქვენ გამო თუ უტირიათ?

– რამდენიმე ცრემლი მახსენდება. ალბათ ცოტა დოზირებულად უნდა გამეღიმა. ზომაზე მეტმა ღიმილმა იცის ის, რომ შეიძლება მშვენიერს თვალიდან კურცხალი ჩამოუვარდეს.

– როგორი შეყვარებული იქნებით?

– თეთრი ხალათი დასჭირდებათ, იმდენად გადარეული ვიქნები.

– რა შეიძლება ჩაიდინოთ ქალის გამო?

– დასასრული არ აქვს ამ ფიქრთა წყაროს, რა სიგიჟეც შეიძლება მე გავაკეთო. ეს დედამიწის გარსს სცდება. იმ კონკრეტულმა დღემ, წამმა და ჩემმა მშვენიერმა უნდა მომგვაროს ის განცდა. მე შემიძლია მთვარეზე გავაფრინო და მზე ვაჩუქო.

– ქალი სიგარეტით რამდენად მისაღებია თქვენთვის?

– ზოგადად, ადამიანი და სიგარეტი – არა.

– ქორწინებამდე შეყვარებულებს შორის სქესობრივ ურთიერთობაზე რა აზრის ხართ?

– ქალისა და მამაკაცის სარეცელს მოძღვარიც არ ეხება. როდესაც ქალი და ვაჟი გრძნობით არიან აღვსილნი და ერთურთს შეიცნობენ, იმ წამს და იმ წუთს ქრისტეა მათ შორის. მათ ერთობა სწადიათ, ხომ? ერთობა კი ბერძნულად ეკლესიას ნიშნავს. ეს იმდენად საღვრთო გრძნობაა, რომ კითხვები არ არსებობს.

– ისეთი ქალი შეგიყვარდებათ, რომელსაც თქვენამდე სხვასთან ჰქონია სქესობრივი კავშირი?

– უფალმა იცის. ყოველი კაცი სიტყვის მიცემისას უღონო არის. წინასწარ ვერაფერს გეტყვით. ყველაზე მნიშვნელოვანია, ადამიანს სურვილი გააჩნდეს სიწმინდის, უმანკოების, უბიწობის. და არ უნდა ეძებდეს ბილწსა და უღირსს.

– ვიზუალზე გადავიდეთ. ქერა გოგო უფრო მოგწონთ თუ შაგვრემანი?

– არასდროს ჩამომიყალიბებია, როგორი უნდა იყოს.

– როგორია თქვენთვის სექსუალური ქალი?

ინტერვიუს ესწრებოდა გიორგის მეგობარი ნიკოლოზ კიკნაძე, რომელმაც ამ კითხვაზე გიორგის ნაცვლად გაგვცა პასუხი.

ნიკოლოზი: გიორგის ქალის სილამაზის კატეგორიებად დაყოფა არ შეუძლია, უბრალოდ მას აღიქვამს. არ არსებობს შეუხედავი ქალი. გიორგი ქალს სექსუალურს არ დაუძახებს, არამედ – უმანკო და მშვენიერ არსებას. აქედან გამომდინარე, კითხვა ცოტა სხვანაირად უნდა დაუსვათ მას.

– ასე უნდა დავუსვა: გიორგის მშვენიერი ქალი როგორია?

ნიკოლოზი: მაშინ ასე გაგცემთ პასუხს, ნებისმიერი ქალი მშვენიერია.

გიორგი: ის სიტყვა, რაც თქვენ მითხარით, პირდაპირ სარეცელზე მიანიშნებს და ჩემთვის ესთეტიკური აღქმა არ აქვს.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე