გიორგი ბაბლუანმა სერბ ცოლს ქართული ასწავლა – “ბოიანამ უშუალობით მომხიბლა, ერთმანეთთან დიდი სიახლოვე ვიგრძენით”

გიორგი ბაბლუანმა სერბ ცოლს ქართული ასწავლა - "ბოიანამ უშუალობით მომხიბლა, ერთმანეთთან დიდი სიახლოვე ვიგრძენით"ქართული და ევროპული კინოს მოყვარულებმა მსახიობი გიორგი ბაბლუანი ძმის, გელა ბაბლუანის, ფილმიდან “13” გაიცნეს. ის, როგორც ბაბლუანების დინასტიის წარმომადგენელი, კინოსამყაროსთან ბავშვობიდან არის შეზრდილი. ამაჟამად თავის სერბ ცოლთან, მოდელ ბოიანა პანიკთან და ორ შვილთან ერთად პარიზში ცხოვრობს. ახლახან მონაწილეობა მიიღო მარიამ ხაჭვანის ფილმში, სვანურ ბალადაში”დედე”, ასევე ითამაშა ძმის, გელას, ფილმ “ფულში”. ორივე ნამუშევარს დიდი მოწონება ხვდა წილად.
“სარკეს” მსახიობი პარიზიდან ესაუბრა.
– გიორგი, “დედეს”, რომელიც ახლახან გამოვიდა ეკრანზე, საკმაოდ დადებითი გამოხმაურება მოჰყვა. როგორ ფიქრობთ, რამ განაპირობა ფილმის ასეთი წარმატება?
– პირველ რიგში, ალბათ ამბავმა, რომელიც ძალიან საინტერესო, მძაფრი და ნამდვილი ისტორიაა. ასევე იმან, რომ რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და პროდიუსერი ვოვა კაჭარავა გადაღების პროცესს კარგად გაუძღვნენ. ჯგუფის ყველა წევრმაც ძალიან თავდადებით და ერთგულად იმუშავა, რაც წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
– ფილმში მოქმედება სვანეთში მიმდინარეობს და უმეტესწილად სვანურად არის საუბარი. თქვენ იცით მშობლუირი კუთხის ენა?
– არა, მაგრამ რამდენიმე ფრაზის სვანურად თქმა მაინც მოვახერხე. ჩემი პერსონაჟი ძირითადად ქართულად ლაპარაკობს.
მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო უშგულელებს თბილი დახვედრისთვის. მე იქაურ ოჯახში, ჭელიძეებთან ვცხოვრობდი და იშვიათად მიგრძვნია ისეთი გულიანი ზრუნვა, როგორიც მათ ჩემ მიმართ გამოიჩინეს.
– უკვე მეორედ ითამაშეთ თქვენი ძმის, გელას, ფილმში, რომელსაც აღიარება ხვდა წილად. თქვენი აზრით, გელა ბაბლუანის წარმატების საიდუმლო რა არის.
– გელას წარმატების “კოზირი”, შეიძლება ითქვას, არის მისი გამუდმებული მუშაობა და თავისი საქმის სიყვარული.
– რა პლუსები და მინუსები აქვს ოჯახის წევრებთან ერთად მუშაობას?
– მე მხოლოდ დადებით მომენტებს ვხედავ. ვფიქრობ, რომ მსახიობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ნდობის ფაქტორი, როცა იცი, რომ რეჟისორი შენ გენდობა და შენც რომ შეგიძლია, ბოლომდე ენდო. საიმედო გარემოცვა საქმის გაღრმავების საშუალებას იძლევა.
– უფროსი ბაბლუანის, ანუ მამათქვენის, თემურ ბაბლუანის და ძმის ხელწერა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება?- რომელთან უფრო გიადვილდებათ მუშაობა?
– მსახიობებისადმი ორივეს ძალიან განსხვავებული მიდგომა და ხასიათი აქვთ. არჩევანის გაკეთება ჩემთვის შეუძლებელია. ვფიქრობ, რომ საუკეთესო ვარიანტი ორივესთან მუშაობაა.
ასევე, მოუთმენლად ველოდები, როდის მექნება საშუალება, რომ ჩემს დასთან, სოფიოსთან ერთად ვიმუშაო. მას განსაკუთრებული, ორიგინალური რეჟისორული ხედვა აქვს.
– საფრანგეთში რომ არ წარმართულიყო თქვენი სამსახიობო კარიერა, როგორ ფიქრობთ, დღეს თქვენი პროფესიული ცხოვრება როგორი იქნებოდა?
– საფრანგეთმა ნამდვილად დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პიროვნულ ჩამოყალიბებაში, რასაც პირდაპირი კავშირი ჩემს პროფესიასთან. ვერ გეტყვით, სხვანაირად რომ ყოფილიყო, რა იქნებოდა.
– ქართულ კინემატოგრაფიაზე რას ფიქრობთ, ხედავთ წინსვლას?
– ძალიან მიყვარს ძველი ქართული ფილმები. ასევე, რაც ვნახე ახალი ფილმები, საკმაოდ მომეწონა და სურვილი გამიჩნდა, რომ მეტს ვიღებდეთ. კარგად გვეხერხება, მაგრამ ამას დიდი მხარდაჭერა სჭირდება.
– პარიზში ბაბლუანები ერთად ცხოვრობთ?
– არა, ერთად არ ვცხოვრობთ, მაგრამ მადლობა დედაჩემს, რომ, მიუხედავად იმისა, ძალიან დაკავებულები ვართ, მაინც ხშირად ახერხებს ჩვენს შეკრებას.
– როგორც ვიცი, მომავალი ცოლი გადასაღებ მოედანზე გაიცანით. მოგვიყევით თქვენი სიყვარულის ამბავი.
– 2008 წელს, ფილმ “თავისუფლების” გადაღების მომზადების პერიოდში, გავიცანით ერთმანეთი. ჩვენს ურთიერთობას არავის ვუმხელდით, თუმცა გადაღებების ბოლოსკენ მაინც გამჟღავნდა.
– გარდა გარეგნობისა, რითი მოგხიბლათ ბოიანა პანიკმა?
– თავისი უშუალობით მომხიბლა. გაცნობისთანავე ერთმანეთთან დიდი სიახლოვე ვიგრძენით. გადაღების შემდეგ პარიზში დავბრუნდით და აქ გავაგრძელეთ ჩვენი ურთიერთობა. ჯერ მეზობლები ვიყავით, შემდეგ კი ერთად დავიწყეთ ცხოვრება.
– თქვენი ცოლი სვანურ-ქართულ ტრადიციებს როგორ შეეგუა?
– ჩვენი ტრადიციები შესაგუებელი არ ყოფილა. ქართული კულტურა საკმაოდ ახლოსაა სერბულ კულტურასთან.
– ქართული თუ ისწავლა?
– დიახ, ცოტა ესმის.
– სვანეთში არის ნამყოფი?
– ერთად სვანეთში ჯერ არ ვყოფილვართ, თუმცა გეგმაში გვაქვს.
– ქართული ენა შვილებმა იციან?
– ვამაყობ, რომ მოვახერხე და ბავშვებს ქართული ვასწავლე.
– საქართველოში ხშირად ჩამოსვლას ვერ ახერხებთ. რა გენატრებათ ყველაზე მეტად?
– ქართველი ხალხი და საქართველოს ბუნება.
– პირად საუბარში მითხარით, რომ ზაფხულში აპირებთ ჩამოსვლას, ეს რაიმე პროექტს ხომ არ უკავშირდება?
– არა, არანაირი პროექტი, უბრალოდ ვეწვევი საქართველოს.
მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე