ასმათ ტყაბლაძე: “ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია”

ასმათ ტყაბლაძე: "ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია"მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ 70 წელს გადააბიჯა. როცა წარსულს თვალს გადაავლებს, შეცდომებს ხედავს, თუმცა საკუთარი თავისთვის საზიანოს და არა – სხვისთვის. ერთადერთი შვილი საკუთარი შრომით გამოზარდა და სარესტორნო ბიზნესი კერვითა და ქსოვით დაგროვილი თანხით დაიწყო. ახლა მხოლოდ ორ რამეზე ოცნებობს – მის გვერდით გაჭირვებული ადამიანები აღარ იყვნენ და ქალიშვილმა შვილიშვილები კიდევ აჩუქოს.

– ქალბატონო ასმათ, თქვენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დრო რას ან ვის ეთმობა?

– ჩემთვის ქვეყნად ყველაზე ძვირფასი შვილიშვილია. ჯერჯერობით ერთი მყავს და ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ კიდევ არაერთი მყავდეს. მინდა, მეტი ქართველი დაიბადოს.

– თქვენ რატომ არ გააჩინეთ ერთ შვილზე მეტი?

– ამაზე დროულად არ დავფიქრდი. ისე გავიდა დრო, რომ მეტი შვილის გაჩენა ვერ მოვასწარი. თეატრი, გასტროლები და გამეპარა დრო. ჩემი შვილი 24 წლის იყო, რომ ვუთხარი, გათხოვდი, შვილიშვილი მეჩქარება-მეთქი.

– ახლა აჩქარებთ, რომ ბევრი შვილი გააჩინოს?

– სურვილი მაქვს, მაგრამ ხმას ვერ ვიღებ. თავისი აზრი აქვს, როგორც უნდა, ისე მოიქცევა. ძალიან კარგი შვილიშვილი მყავს, მოსწონს მათემატიკა და ამაში მე მგავს. ჩემი მათემატიკის მასწავლებელს ძალიან უნდოდა, რომ ეს პროფესია ამერჩია, მაგრამ მსახიობობა ვამჯობინე, მათემატიკის ცოდნა კი ცხოვრებაში გამომადგა. როცა მათემატიკა იცი, ყველა საქმეში ძლიერი ხარ.

ჩემი შვილი კარგად ხატავდა. არქიტექტურა და დიზაინი არჩია და ამ საქმეში წარმატებულია. არასდროს მინდოდა, მსახიობი გამოსულიყო. შვილიშვილს კი ყველა ის მონაცემი აქვს, რაც მსახიობს სჭირდება და რატომაც არა, თუ ამ საქმეს აირჩევს, მივესალმები.

– მიუხედავად იმისა, რომ პირადად თქვენ თეატრში ბევრი გულისტკენა შეგხვდათ?

– მაშინ თეატრის ხელმძღვანელები ცუდად მოიქცნენ, დანაშაული ჩაიდინეს, რომ 35 მსახიობი გაუშვეს. თეატრიდან წამოსვლა ძალიან დიდი ტკივილი იყო. ბიზნესს მივყავი ხელი. დღესაც მესიზმრება, რომ თეატრში მაგვიანდება. ჯერ კიდევ ვერ გამოვედი მდგომარეობიდან.

როლზე უარი არასდროს მითქვამს, მათ შორის – ეპიზოდურზეც. საერთოდ, ეპიზოდური როლი უფრო რთული სათამაშოა, რადგან მთავარ როლში ბევრის თქმის საშუალება გაქვს.

ახლა სადაც მიმიწვევენ, იქ ვთამაშობ. ვინც დამიძახებს და მეტყვის, რომ საჭირო ვარ, ყველას ვთანხმდები. ბოლო დროს ერთადერთ როლზე ვთქვი უარი, სადაც გინება მიწევდა. ასეთ როლებს არ ვითამაშებ, მაყურებელს ჩემი პირიდან საზიზღარ სიტყვებს ვერ მოვასმენინებ.

–  თქვენ ერთ-ერთი პირველი ქალი ხართ, ვინც საქართველოში საჭეს მიუჯდა. არც ქალაქში გადაადგილებისას წამოგცდებათ ხოლმე უცენზურო სიტყვები?

– საჭესთან სომხურად ვიგინები. ბავშვმა მკითხა, რა თქვიო და ვუთხარი, სხვა მძღოლმა გამაბრაზა და ცუდი სიტყვა ვუთხარი-მეთქი. ქართულად არ მომწონს გინება, საზიზღრად ჟღერს. შეიძლება ათასში ერთხელ წამომცდეს, მაგრამ საჯაროდ – არასდროს.

– შვილთან და შვილიშვილთან მკაცრი ხართ თუ პირიქით, ლმობიერი?

– მკაცრი ქალის სახელი მაქვს, მაგრამ ასე არ არის. როცა ადამიანები ჩემთან რამეს დააშავებენ, ვპატიობ და ჭკუასაც ვარიგებ. თუ ვერ გავაგებინე, დაყვირებაც კარგი ვიცი, მაგრამ შვილთან და შვილიშვილთან ყვირილი არ არის სწორი. იცით, შვილი როგორ გავზარდე? ხელი არასდროს დამირტყამს, ყველაფერს მოფერებით ვაკეთებდით.

შვილიშვილთანაც ასე ვარ. თუ შემთხვევით რამის ხმამაღლა თქმა მომიხდა, არაფრით არ გააკეთებს იმას, რასაც ვთხოვ. ძალიან ბევრ რამეში ვიჭერ ჩემთან მსგავსებას.

– ასეთ ძლიერ ქალს პირად ცხოვრებაში გიმართლებდათ? მამაკაცებს ადვილად უშვებდით თქვენამდე თუ შორიდან გეტრფოდნენ?

– ეს ჩემთვის დახურული თემაა, ამაზე არ ვსაუბრობ. ვიღაცას ვუყვარდი, ვიღაცა მეტრფოდა, მაგრამ ამაზე საჯაროდ არასდროს მილაპარაკია. მეც მყვარებია, მაგრამ ოჯახი არავისთვის დამინგრევია.

სულ ცოლშვილიან კაცებს ვუყვარდი, მოვწონდი, იყო შემოთავაზებები მათი მხრიდან, მაგრამ არასდროს მიცდია, ცოლისთვის გამეშორებინა ვინმე, არადა ქალები რატომღაც ამას ცდილობენ ხოლმე. ვინმე რომ გამემწარებინა, ის ამის შესახებ აუცილებლად იტყოდა.

– როცა ბიზნესი წამოიწყეთ, ვინ დაგიდგათ გვერდში, ვინ დაგეხმარათ?

– მე მაქვს ძალიან ბევრი უნარი. წლების წინ ძალიან კარგად ვკერავდი და ტანსაცმელს ვყიდდი, მაღაზიაში ვაბარებდი. მეგობრები რეალიზებაში ძალიან მეხმარებოდნენ, მათ შორის სესილია თაყაიშვილი, სოფიკო ჭიაურელი, მზია მახვილაძე – თენგიზ აბულაძის ცოლი. ერთი კაბა 300 მანეთად გავყიდე, ეს ხდებოდა გასული საუკუნის 80-90-იან წლებში.

ქალის და მამაკაცის გადასარევ ჯემპრებს ვქსოვდი. შრომა არასდროს მეთაკილებოდა. მერე სამოსის შექმნა მომბეზრდა და სარესტორნო ბიზნესში გადავინაცვლე.

ამ საქმეს ალღო მალე ავუღე, ორი რესტორანი მაქვს. არ ვარ ცუდი მმართველი, მომფიქრებელი და შემსრულებელი. დათმობა ვიცი, მაგრამ, როცა ხელმძღვანელი ხარ, სიმკაცრე საჭიროა.

ახლობლები რესტორანს აკეთებდნენ, მითხრეს, წილში შემოდიო და დავიწყე. მერე აღმოჩნდა, რომ მე უფრო მეტი შევძელი, ვიდრე მათ. ფული სწორედ ქსოვა-კერვით მოვაგროვე. სახლში რემონტიც გავაკეთე. მაშინ თეატრში 7 ლარი მქონდა ხელფასი.

პირველი დიდი თანხა მაშინ მოვაგროვე, როცა მეგობრის რჩევით პაკისტანში წავედი, ჩამოვიტანე რაღაცები და მაღაზიაში ჩავაბარე. ასეთ რამეებს სხვები მალავენ, მაგრამ მე დასამალი არაფერი მაქვს. შვილი და მოხუცი დედა უნდა მერჩინა.

– მარტოხელა დედა იყავით?

– ასე გამოვიდა.

– წარსულში ბევრ შეცდომას ხედავთ?

– პირად ცხოვრებაში მაქვს შეცდომები დაშვებული, სხვა მიმართულებით – არა. ადამიანებთან დიდი არაფერი შემშლია. თუ შეცდომა დამიშვია, ბოდიშიც მომიხდია. როცა ჩემთან მიმართებაში ჩაიჭრა ახლობელი, იგნორირება გავუკეთე. მტერი მაფხიზლებს.

– გყავთ მტრები?

– რა თქმა უნდა – თეატრალურ სფეროში. თეატრიდან გაშვების დროს დიდი ბრძოლა გადავიტანე, სასამართლოთი დავამტკიცე, რომ მართალი ვიყავი. მის სახელს არ დავასახელებ, მიმხვედრი მიხვდება, ვისაც ვგულისხმობ. იმ პერიოდში მისი შვილი მშობიარობდა. თქვეს, მძიმე მშობიარეაო. შევედი ეკლესიაში, სანთელი დავანთე და უფალს ვთხოვე, ერთადერთი შვილი გადაურჩინე-მეთქი. მტრის შვილიც და შვილიშვილიც უნდა დალოცო.

– რას გეუბნებათ თქვენი ასაკი? შიშს ხომ არ იწვევს?

– არ მეშინია ციფრების, უბრალოდ ვფიქრობ, როგორ სწრაფად გავიდა წლები. 70 წელს გადავცდი, ჩემი წლოვანებით ვამაყობ. დედა 100 წელს გადასცდა და მერე წავიდა იმქვეყნად. კარგი ჯიში მაქვს. დედასავით თუ გონებაზე ვიქენი, მეც მინდა, დიდხანს ვიცოცხლო.

დედაჩემის ბოლო სიტყვები ასეთი იყო, ღმერთო, შენ უშველე ჩემს ქვეყანას და ჩემს შვილებსო. გადაიწერა პირჯვარი და ასე დალია სული. ასე ვარ მეც – ქვეყანა ჩემთვის პირველ ადგილას დგას. ჩემი ქვეყნის დარდი მაქვს, მე რომ არ მშია და მწყურია, ეგ ბევრს არ ნიშნავს. გვერდით ამდენ გაჭირვებულს რომ ვუყურებ, გული მტკივა.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე