,,ძალიან მძიმე იყო ლია ხორბალაძესთან მისვლა და სამძიმრის თქმა” – ლეგენდარულ ,,მზიურელს” ვაჟი გარდაეცვალა

,,ძალიან მძიმე იყო ლია ხორბალაძესთან მისვლა და სამძიმრის თქმა"  - ლეგენდარულ ,,მზიურელს" ვაჟი გარდაეცვალალეგენდარულ ბავშვთა ანსამბლ “მზიურს” გამორჩეული წევრი ჰყავდა – ბრიალათვალებიანი გოგონა საოცარი ღიმილით – ლია ხორბალაძე, რომელიც დასარტყამ ინსტრუმენტზე უკრავდა. გავიდა წლები და ეს გოგონა შემდგარი ქალი გახდა – საქმიანობით, ოჯახით. სიყვარულით გათხოვდა, სამი შვილი გააჩინა, საკუთარი ანსამბლი “ბომბორა” შექმნა, თუმცა ყველას, ვინც მას ბავშვობიდან იცნობდა, არასდროს დავიწყებია ის პატარა “მზიურელი” დრამერი.

რამდენიმე ხნის წიმ ამ პოზიტიურ ადამიანს დიდი ტრაგედია დაატყდა თავს – ვაჟიშვილი, ალექსანდრე ჭკუასელი გარდაეცვალა. როგორც ამბობენ, მიზეზი ანევრიზმა გახდა. ალექსანდრე, რომელსაც ახლობლები აკოს ეძახდნენ, ტყუპისცალი იყო და 29 წლის გახლდათ. დედას ორი შვილი დარჩა – ქეთევანი და აკოს ტყუპისცალი ილია.

ლია ხორბალაძის მეგობარი:

– ენით აუწერელი უბედურებაა ის, რაც ლიას დაემართა. ტყუპებმა ლიას ძალიან დიდი ბედნიერება მოუტანეს, მათ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. საერთოდ საოცრად შეკრული და ლამაზი ოჯახი აქვთ.

აკო დაოჯახებული, ორი ბიჭის მამა იყო. თუ არ ვცდები, ერთი შვილი 8 წლისაა, მეორე – 5-ის. თვითონ ლიაა პოზიტიური პიროვნება, ყველას ძალიან უყვარს. ყველას გასაჭირში გვერდში მდგომი ადამიანია, ირგვლივ მყოფთ აიმედებდა ხოლმე.

ლია იმდენად პოზიტიურია, ვერ წარმოიდგენთ. რამდენად მძიმე იყო მასთან ასეთ უბედურებაზე მისვლა, სამძიმრის თქმა. ძალიან დიდი სიყვარულით შექმნილი ოჯახია და ასე შეკრულები მოვიდნენ დღემდე. ალბათ ბედის უკუღმართობაა, რომ ეს ადამიანი გამოაკლდათ.

ეს ტრაგედია ორმაგად მტკივნეულია აკოს ტყუპისცალისთვის, ილიასთვის, რომელიც ამერიკაშია და აქ ჩამოსვლა ვერ მოახერხა. წარმოგიდგენიათ, ალბათ რამხელა ტკივილია მისთვის ეს. ვგრძნობ, ილიკოს როგორ სტკივა.

სამძიმარზე ვიყავი, როცა დაახლოებით 10-14 წლის ბავშვები შემოვიდნენ და ტიროდნენ, ჩვენი მეგობარი აკო გარდაიცვალაო. როგორც ჩანს, აკო არამხოლოდ ჩვენთან, ყველასთან განსაკუთრებულად თბილი ბიჭი იყო.

ლია ხორბალაძის მეგობარი:

– ლიას ორი არაჩვეულებრივი შვილი დარჩა, ქალიშვილი – ქეთევანი და აკოს ტყუპისცალი. როგორც ვიცი, აკო ახალი გადასული იყო ცალკე საცხოვრებლად. ამბობენ, რაღაც საქმე უნდა დაეწყო, მუშაობას აპირებდა, გეგმები და პერსპექტივები ჰქონდა.

მას ჯანმრთელობის პრობლემა, ანევრიზმა ჰქონდა, თუ არ ვცდები, ძვირადღირებული ოპერაცია ესაჭიროებოდა. შემთხვევის დროს სახლში მარტო იმყოფებოდა, როცა ალბათ ცუდად გახდა…

როგორც ვიცი, ეს საშინელება ღამით მოხდა. ბიჭები ურეკავდნენ, ის ტელეფონზე არ პასუხობდა, სახლთან მივიდნენ და გარდაცვლილი ნახეს. დანარჩენ დეტალებზე ლიასაც არ ვესაუბრებით, რომ ტკივილი ზედმეტად არ მივაყენოთ.

ერთი შემიძლია გითხრათ, აკო ისეთი ადამიანი იყო, ირგვლივ ყველას უყვარდა. სახლიდან ეკლესიამდე, სადაც დასვენებული იყო, საკმაოდ დიდი მანძილია. მეგობრებს უნდოდათ, რომ იქამდე ხელით მიეყვანათ. მას დიდ პატივს სცემდნენ.

2012 წელს ლია ხორბალაძე “სარკეს” უამბობდა თავის დიდ სიყვარულზე, თუ როგორ შექმნა ოჯახი და როგორი ბედნიერი დედა და ცოლი იყო.

– დღე არ გავა, უფლის თანადგომა არ ვიგრძნო, მისი ძალიან მადლიერი ვარ. ვცდილობ, ლოცვები წავიკითხო. ყოფილა შემთხვევა, დაღლილ-დაქანცული წამოვმხტარვარ შუაღამისას, ნუთუ ლოცვის კითხვა დამავიწყდა-მეთქი.

გავგიჟდი, როცა დედის ლოცვის არსებობის შესახებ პირველად შევიტყვე. არაერთი ღამე გავათენე სინანულში, ეს როგორ არ ვიცოდი, რატომ ახლოს არ ვიყავი ტაძართან, როცა ჯვრისწერის მნიშვნელობა მეტნაკლებად მესმოდა-მეთქი. ჯვრისწერის შემდეგ საქორწინო ბეჭედი არც მომიხსნია ხელიდან.

ბებიისგან და დედიკოსგან მსმენია, ჩვილი თუ ჭინჭყლობს, რაღაც აწუხებს, მისი პაწია სამოსი ჯვრისწერის ბეჭედში უნდა გააძვრინო და ისე ჩააცვა, ამით ღვთის მადლი და წყალობა გადმოდისო. მესმის, რომ ეს წარმოდგენა ხალხურია, მაგრამ უფლის დიდი მადლისა მწამს.

ვარ თუ არა ბედნიერი ჩემი ცხოვრებით? ნამდვილად ვარ. ღმერთმა მომცა საშუალება, ვაზროვნებდე, ჩემს ოჯახს ოჯახი ერქვას, ჩემს შვილებს დედ-მამა ჰყავდეთ.

ჩემს ოჯახში ძირი და საყრდენი მამაკაცია – ამითაც ბედნიერი ვარ. ჩვენ ერთად დავძლიეთ სიძნელეები. მიკამათია, გავბრაზებულვარ და მიჩხუბია კიდეც (ალბათ სხვაგვარად არც შეიძლება), მაგრამ შემდეგ გამნათებია გონება, ღამეს დღე მოჰყოლია და გამღიმებია სული… ესაა ცხოვრება, – გვიყვებოდა ქალბატონი ლია.

პირველი გოგონა ეყოლა – ქეთევანი. მისმა დაბადებამ ჩემი და ჩემი ქმრის ურთიერთობაში რაღაც შეცვალა – თითქოს უფრო თბილები და დამთმობები გავხდითო – ამბობდა ქალბატონი ლია “სარკესთან”. გოგონას შემდეგ კი ტყუპი ბიჭები გაჩნდნენ.

– ტყუპები აპრილში დაიბადნენ. ქეთევანი 2 წლინახევრის იყო. ტყუპები ნუკრის (ნუკრი ჭკუასელი – ლია ხორბალაძის ქმარი. რედ.) გვარში ჰყავდა დედის და მამის მხრიდანაც. ჩვენს შვილებს ალექსანდრე და ილია ჰქვიათ, პაპის და მამის სახელები. ჩემი ქმრის ნამდვილი სახელი ილიაა, ნუკრის ბავშვობაში ეძახდნენ და შემორჩა კიდეც.

ალექსანდრე რომ დავაჟკაცდა და ცოლი შეირთო, პირველ შვილს ილია დაარქვა (ძმის და მამის პატივსაცემად). ასე რომ, ოჯახში სამი ილია ჭკუასელი გვყავს: ჩემი ქმარი, შვილი და შვილიშვილი.

ჩემი ტყუპები ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან, შეიძლება უცხო თვალმა ძმებადაც არ ჩათვალოს, არამცთუ ტყუპებად. ერთი კვერცხუჯრედიდან 55 წუთიანი ინტერვალით დაიბადნენ, არც ერთმანეთს ჰგავდნენ. ექიმების თქმით, ეს იშვიათი შემთხვევა გახლდათ.

ალექსანდრე და ნინო 2008 წლის 8 აგვისტოს, ომის დროს გაიპარნენ. სოფელში ვიყავი, ვალაგებდი, ვამზადებდი, ოჯახთან ერთად რომ წავსულიყავით…

ალექსანდრემ რომ დამირეკა და მითხრა, ცოლი მოვიყვანეო, არ დავუჯერე. მეგონა, ხუმრობდა, მემაიმუნებოდა. ბავშვად ვთვლიდი…

თურმე მართლა გაპარულან! ძალიან ვინერვიულეთ, რადგან ოჯახი უნიადაგოდ, მხოლოდ სიყვარულზე ვერ აღმოცენდება, წინ უამრავი პრობლემაა. პირველ რიგში,àმამაკაცი მატერიალურად ფეხზე უნდა იდგეს. ამჟამად ორივე მუშაობს. ჩვენი ბინის გვერდით, ერთოთახიანში ცხოვრობენ. თან ერთად ვართ, თან – ცალკე.

ალექსანდრეს ორი შვილი ჰყავს: ილია და ლაზარე…

ტყუპისცალი ილია მუშაობს და ჯერ არ აპირებს დაქორწინებას. ქეთევანმა კონსერვატორია დაამთავრა, საგუნდო-სადირიჟორო ფაკულტეტი. ბატონ შალვა მოსიძესთან მღერის გუნდში. ჩემ მიერ დაარსებულ მუსიკალურ-შემოქმედებით სტუდია “ბომბორაშიც” მუშაობს პედაგოგად და დიდი მონდომებით მეხმარება, – ყვებოდა 2012 წელს ლია ხორბალაძე.

“სარკის” რედაქცია იზიარებს ლია ხორბალაძისა და ილია ჭკუასელის ოჯახის ტკივილს.

ეკა ლემონჯავა, სარკე