როგორ გაუმკლავდა მირიან ჯეჯელავა დედის გარდაცვალების შემდეგ დეპრესიას – “პატარ-პატარა გატაცებები მაქვს, მაგრამ რატომღაც ვერ ვავითარებ”

ყოფილი ტელესახე და ასევე ყოფილი რადიოწამყვანი, მირიან ჯეჯელავა, ახალ საქმიანობაში გატაცებით არის ჩართული. სწორედ ეს დაეხმარა, გამკლავებოდა იმ რადიკალურ ცვლილებებს თუ დარტყმებს, რაც ახლო წარსულში გადაიტანა – დედა გარდაეცვალა, ტელევიზიიდან და რადიოდანაც მოუწია წასვლა. მათ, ვისთვისაც ნაცნობია მსგავსი დანაკარგები, ალბათ გამოადგებათ მირიანის გამოცდილება, თუ როგორ უნდა დაემშვიდობო წარსულს და გააგრძელო ცხოვრება ახალ რეალობაში.

– მირიან, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული თქვენი პოსტებიდან ჩანდა ტკივილი, რომელიც დედის გარდაცვალებამ დაგიტოვათ. ახლა როგორ გრძნობთ თავს?

– ძალიან მარტივად შევეგუე იმ აზრს, რომ ერთ დღეს ყველანი სიკვდილის გზას გავუდგებით. უბრალოდ ძალიან მტკივნეულია ის ფაქტი, რომ საყვარელ ადამიანს კარგავ. ამის შემდეგ იწყება ცხოვრების გადაფასება – სხვანაირად ფიქრობ ადამიანზე, სხვადასხვა საკითხებისადმი დამოკიდებულებაზე. ეგუები ამ ყველაფერს.

ამ დროს მნიშვნელოვანია იმ ადამიანების გარემოცვა, რომლებიც ამ ტკივილის გადატანაში გეხმარებიან. იმ პერიოდში ჯერ კიდევ “იმედის” დილის წამყვანი ვიყავი. პარალელურად ჩემს ცხოვრებაში ელექტრომუსიკის ფესტივალი “დეკოდერი” გამოჩნდა, ასე რომ, ნაკლები დრო მქონდა დეპრესიისთვის.

– ვინ იყვნენ ის ადამიანები, ვინც გვერდში გედგნენ იმ დროს?

– ახლო მეგობრები, ოჯახის წევრები და ა.შ. ადამიანი ყველაფერს ეგუება და მეც მალევე გადავლახე ეს წინაღობები.

– და მალევე მოგიწიათ “იმედის” დატოვებაც. განიცადეთ?

– ჩვენი დილის გადაცემა დაიხურა, ფორმატი შეიცვალა, ასევე გადაცემის პოლიტიკა და მისი შინაარსი. არ ვიცი, სხვამ რამდენად განიცადა ტელეკომპანიიდან წამოსვლა, მაგრამ პირადად მე ძალიან გამიხარდა. 2 წელი ყოველ მეორე დღეს დილის 6 საათზე ადგომა მიწევდა, დღე კი დაძინებას ვერ ვახერხებდი, რის გამოც ადამიანი ხარ სტრესში, გამოუძინარი. ცხოვრების ისეთ რიტმს დავუბრუნდი, რომ შემეძლო მეტი საქმე გამეკეთებინა ხარისხიანად.

– ფაქტია, რომ წამოსვლის მიზეზი მძიმე სამუშაო რეჟიმი არ ყოფილა. რა მოხდა კონკრეტულად?

– ნამდვილად ვერ დავიწყებ იმაზე ლაპარაკს, ეს როგორ მოხდა და რატომ წამოვედი. არ დაგიმალავთ, ტელეეთერი მომენატრა, მაგრამ იმდენად დამღალა დილის რეჟიმმა, რომ, პირიქით, როგორც გითხარით, გამიხარდა წამოსვლა.

– შემოთავაზება არ გქონიათ, რომ ტელეკომპანიაში სხვა პოზიციაზე დარჩენილიყავით?

– შემოთავაზება მქონდა, მაგრამ “იმედიდან” კი არა, სხვა ტელეკომპანიებიდან. იმდენად გადაღლილი ვიყავი ტელევიზიით, რომ უარი ვთქვი. შემოთავაზებები არცთუ ურიგო იყო, უბრალოდ, არის რაღაც ეტაპი, როცა გინდა, რომ გაჩერდე.

– რადიოდან წამოსვლის მიზეზი რა გახდა?

– რადიოში ზუსტად 9 წელი ვიმუშავე. იქიდან და ტელევიზიიდან წამოსვლა ერთი და იმავე პერიოდს დაემთხვა. იმდენ საქმეს ვიყავი გამოკიდებული, რომ, სამწუხაროდ, ერთმანეთს ვეღარ ვუთავსებდი. ამიტომ შეველიე რადიოსაც, რომელიც განსაკუთრებულად მიყვარს.

ვინც ერთხელ მაინც მჯდარა რადიოეთეოში, ის რადიოს ვეღარ ელევა, სულ იქ გინდა ყოფნა და შეიძლება კვირაში ერთხელ რაიმე გადაცემა დაიტოვო. სამწუხაროდ, ჩემ შემთხვევაში ესეც არ მოხდა.

– ახლა რას აკეთებთ, რითია შევსებული თქვენი დრო?

– თავიდან ბოლომდე ჩართული ვარ ფესტივალ “დეკოდერის” განვითარებაში, რომელსაც დიდი ამბიციები და გეგმები აქვს. ელექტრონული მუსიკის აქტიური მსმენელი გახლავართ. როდესაც მის შიდა სამზარეულოში ჩავიხედე და პროექტის ხელმძღვანელად დავიწყე მუშაობა, ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ჩამითრია და ამ საქმეს დიდი სიამოვნებით ვაკეთებ. ქაოსური რიტმია და ზუსტად ეს მომწონს.

ასევე – რესტორნის ერთ-ერთი დამფუძნებელი და მენეჯერი ვარ. კიდევ მაქვს პატარ-პატარა საქმეები.

– ეს ფესტივალი რითია გამორჩეული სხვებისგან?

– იმით არის განსაკუთრებული, რომ, გარდა მოწვეული უცხოელი არტისტებისა, ადგილობრივ, გამორჩეულ დიჯეებსაც ეძლევათ საშუალება, ეს პლატფორმა გამოიყენონ და მსმენელს თავიანთი შემოქმედება გააცნონ. ამ ფესტივალზე დიდი გუნდი მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. “დეკოდერი” არამარტო მუსიკაური ფესტივალია, აქ ჩართულია ვიზუალური ხელოვნება და ა.შ.

– დიდი ხმაური, სკანდალური და უარყოფითი შლეიფი სდევდა ანალოგიურ ფესტივალს ზაფხულში – ჯემ-ფესტს, კიდევ უარესი – მოხდა ტრაგიკული შემთხვევა. ალბათ თქვენ ამ ყველაფერს ითვალისწინებთ.

– რა თქმა უნდა, რადგან ადამიანი შეცდომებზე სწავლობს და ვეცდებით, ის შეცდომები არ გავიმეოროთ. ძალიან ბევრი შიდა და გარე ფაქტორი იყო, რომლებმაც ჯემ-ფესტის სრულად განხორციელებას ხელი შეუშალა. “დეკოდერი” არ იქნება ჯემ-ფესტის ან სხვა ფესტივალის მსგავსი. ჩვენი მიმართულება გვაქვს და ამას მივყვებით ბოლომდე.

– როდის გაიმართება ფესტივალი და სად?

– ეს არის ყოველთვიური ფესტივალი, ან ტარდება თვეში ერთხელ, ან ორ თვეში ერთხელ. ეს არის ფესტივალების სერია და 7 მარტს მეხუთედ ჩატარდა. მუდმივად სხვადასხვა ლოკაციებს ვირჩევთ. პირველად იყო რუსთაველის თეატრში, ამინდები რომ შეგვიწყობს ხელს, ღია სივრცეში გადავინაცვლებთ.

– შეგიძლიათ თქვათ, რომ ამ სფეროში იპოვეთ საკუთარი თავი?

– მეტნაკლებად. ზოგადად ყოველთვის ძიების პროცესში ვარ, ცხოვრებაში ბევრი მიმართულებით წავსულვარ და გარკვეული დოზით ყველა სფეროში ვიპოვე საკუთარი თავი. არ მიყვარს ისეთ სფეროში ყოფნა, სადაც ვერ ვარ თავისუფალი და ვერ ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ სწორია. ვერავის მითითებით ვიმუშავებ.

მომხრე ვარ, რომ ადამიანი ერთდროულად სხვადასხვა სფეროში მუშაობდეს. გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ სამსახიობო კარიერა ვერ ავაშენე.

– არადა პროფესიით მსახიობი ხართ, თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრეთ.

– დიახ. ბავშვობიდან ვფიქრობდი იმაზე, რომ მსახიობი ვყოფილიყავი. ყველაზე მეტად რაც მინდოდა, ის ვერ გავაკეთე, მაგრამ ამისგან ტრაგედიას არ ვქმნი. ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და შეიძლება თეატრშიც ვითამაშო და კინოშიც.

– პირადი ცხოვრების აწყობის ჯერი არ მოვიდა?

– პირადში საერთოდ არაფერია, რადგან დრო არ მაქვს. შეიძლება პატარ-პატარა გატაცებები მქონდეს, მაგრამ რატომღაც ვერ ვავითარებ. ალბათ ხელისშემშლელი ფაქტორია, როდესაც ამდენი დრო და ენერგია საქმეს მიაქვს. გამოდის, რომ ჩემს საქმეზე ვარ შეყვარებული.

შეიძლება პირადი გრძნობები და ემოციები გარკვეული დროით ამ ყველაფერს შეეწიროს, რაც ცუდია. მშურს მათი, დატვირთული გრაფიკის მიუხედავად, საყვარელი ადამიანისთვის დროს რომ პოულობენ და პირადზეც ზრუნავენ. სამწუხაროდ, ამას ვერ ვახეხებ, ოღონდ ჯერჯერობით, რადგან არავინ იცის, მომავალში რა იქნება.

– ქალები ვერ გიგებენ, ასეთი დაკავებული რომ ხართ?

– საქმე აქამდე არც მისულა, ვინმე გამიგებდა თუ არ გამიგებდა.

– გამოდის, მირიან ჯეჯელავა კარიერისტია.

– არ ვარ, თუმცა გააჩნია, კარიერისტობაში რას ვიგულისხმებთ. კარიერისტი, რომელიც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ წარმატებას მიაღწიოს და ამისთვის ცუდ მეთოდებს მიმართავს, ჩემთვის მიუღებელია. არასდროს ვიქნები ბედნიერი, თუ კარიერას ვიღაცის ხელისშეშლით ავაწყობ. ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს გზა გადავუკეტე ან მსგავსი რამ გავაკეთე.

მარი მგალობლიშვილი, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018