ლოლა წერეთელი: “გიორგის ჩემი კატლეტი და ტოლმა უყვარს განსაკუთრებით” – მომღერლის რეცეპტები

 

პოპულარული სიმღერების შემსრულებელი ლოლა წერეთელი 5 წლის წინ 150 კილოგრამს გამოემშვიდობა ე.წ. კუჭის დაპატარავების ოპერაციით და ამით გურმანობაზეც თქვა უარი. კერძების მომზადებას კი 27 წლის წინ დაანება თავი, ანუ მას შემდეგ, რაც რესტორანში დაიწყო მუშაობა.

ახლა იშვიათად თუ მოამზადებს რაიმეს, მაგრამ, როგორც ირწმუნება, გემრიელს. კულინარიული ცოდნა დედისგან გადაეცა. ლოლამ რამდენიმე საინტერესო რეცეპტი ჩვენს მკითხველსაც გაუზიარა.

– ქალბატონო ლოლა, გოგონების უმრავლესობა კერძების კეთებით პატარა ასაკში ინტერესდება. თქვენც მათ რიცხვში იყავით?

– პატარაობაში არც დრო მქონდა და არც სურვილი, სამზარეულოში მეფუსფუსა. მუსიკალურში ვსწავლობდი, პლუს ვმუშაობდი და დრო არ მქონდა. ყველაფერს დედა აკეთებდა სახლში, მე კი ვაკვირდებოდი, რას როგორ ამზადებდა. ალბათ 30 წლის ვიყავი, როცა პირველად გავაკეთე საჭმელი.

– გახსოვთ ის კერძი?

– კი, კატლეტები. სამზარეულოსთვის არც ახლა მრჩება დრო, მაგრამ, რომ მითხრა, საჭმელი მოამზადეო, ნებისმიერ კერძს გავაკეთებ. სანამ გავთხოვდებოდი, ძალიან მიყვარდა ხორცი, მწვადი, შებოლილი ქათამი, სარდელი, ახლა ვეღარაფერს ვჭამ. მეხუთე წელია ოპერაცია გავიკეთე და მას მერე ვინარჩუნებ წონას. ჩემი მაქსიმალური წონა 67 კილოა.

– როგორია თქვენი რაციონი?

– არ ვჭამ ხორცს, ტკბილეულს, ცომეულს, არ ვსვამ გაზიან სასმელს. მხოლოდ ხილს და ბოსტნეულს გეახლებით. დღეში 2 ლიტრ წყალს ვსვამ.

– ყოველდღე რესტორანში მღერით და თქვენ თვალწინ უამრავი მადისაღმძვრელი კერძია. ცდუნებას როგორ უძლებთ?

– მივეჩვიე. თუ რამე მომინდება, თვეში ერთხელ 200-250 გრამს ვჭამ. ჩემს ქმარსაც, გიორგის, კუჭის ოპერაცია აქვს გაკეთებული, ამიტომ წესებს ისიც იცავს, ოღონდ, ჩემგან განსხვავებით, ხორცსაც ჭამს და ტკბილეულსაც.

დამხმარე ქალს, იზოს, ვეუბნები, თუ რა ინგრედიენტებით უნდა მომიმზადოს, მაგალითად, წვნიანი. ბოლო ორი დღეა ვჭამ სუპს, რომელიც გავაკეთებინე წითელი და მწვანე ბულგარული წიწაკით, გახეხილი სტაფილოთი, კარტოფილით და ტარხუნით. ასევე ვჭამ ვაშლს, ბანანს, ოღონდ იოგურტთან ერთად დაბლენდერებულს, მაქსიმუმი 4-5 კოვზს. მე და გიორგის აკროშკა გვიყვარს. იზო ქათმის კატლეტებსაც გვიკეთებს.

– თქვენ მიერ მომზადებული კერძებიდან ქმარს გამორჩეულად რომელი უყვარს?

– კატლეტი და ტოლმა. მას ძალიან უყვარს ჩემი გაკეთებული საჭმელები, თუმცა ამის ფუფუნება იშვიათად აქვს. გიორგისთვის ხშირად მითქვამს, სახლში დავჯდები და დიასახლისის როლს მოვირგებ-მეთქი, მაგრად კატეგორიული წინააღმდეგია.

– თქვენი ტოლმისა და კატლეტის რეცეპტებს ჩაგვაწერინებთ?

– სიამოვნებით. ტოლმის მოსამზადებლად საჭიროა 2 კილო საქონლის ფარში, 1 კილო ღორის ხორცის ფარში. უნდა ავურიოთ ერთმანეთში და შევაზავოთ გატარებული ხახვით (6 მოზრდილი თავი), ქინძით (2 კონა), ოხრახუშით (2 კონა), კამით (1 კონა). შემდეგ დავუმატოთ მარილი და შავი პილპილი გემოვნებით, ბოლოს კი 1 მოზრდილი ჭიქა გარეცხილი ბრინჯი.

– 3 კილოგრამ ხორცს 1 ჭიქა ბრინჯით აზავებთ?

– კი. ტოლმაში ხორცი უნდა ჭარბობდეს. შემდეგ კომბოსტოს ვასუფთავებ, მერე მდუღარე წყალში ვწალავ. დიდი ზომის ტოლმა არ მიყვარს, ამიტომ ფარშს კომბოსტოში პატარ-პატარა ზომებად ვახვევ, ქვაბში ვალაგებ, წყალს ვასხამ და ცეცხლზე ვდგამ. შემდეგ რამდენიმე ცალ გახეხილ პომიდორს და 2 სუფრის კოვზ ტომატ-პასტას ერთმანეთში ვურევ და ტოლმა როცა დუღილს დაიწყებს, ქვაბში ვასხამ.

ტოლმა შეგიძლიათ მიირთვათ არაჟანთან ან მაიონეზთან ერთად, თუ გნებავთ, მაწონი მოასხით.

კატლეტებსაც იმავე რაოდენობის ინგრედიენტებს ვუშვრები, რასაკვირველია, ბრინჯის გარდა. შეწვის დროს ხორცი რომ არ დაიშალოს, 4 ან 5 ცალ კვერცხს ვახლი. პურის საფანელში ამოვლებულ კატლეტებს ზეთში ვწვავ.

– ნიორს არ უშვრებით?

– არომატისთვის ძალიან ცოტას – დაახლოებით 2-3 კბილს.

გამორჩეულად მიყვარს ბადრიჯანი, რომელსაც მარტივად ვამზადებ: ვჭრი კუბიკებად, ვაყრი მარილს და ვაჩერებ. შემდეგ ვწურავ და ცხელ ტაფაზე ბლომად ზეთში ვწვავ. არ ვაზავებ, ყველაფრის გარეშე მიყვარს მისი ჭამა. ხანდახან შეიძლება წვრილად დაჭრილი ქინძი დავაყარო. ნიორს არ ვუშვრები, რადგან საჭმელს ისეთ არომატს აძლევს, რომ მადის მომატებას იწვევს.

მიყვარს ხინკალი, ხაჭაპური, მაგრამ დიდი ხანია არ მიჭამია. თუ ძალიან მომინდება, 1 ცალ ხინკალს და 1 ნაჭერ ხაჭაპურს ვჭამ ხოლმე. ფიზიკურად მეტს ვერც ვჭამ და არც მინდა. მეშინია, კუჭი არ გამეზარდოს. 150 კილო ვიყავი, 70 კილო დავიკელი და მუდმივად მაქვს შიში, ძველ წონას არ დავუბრუნდე.

უფრო ადრე რომ არ გავიკეთე ოპერაცია, ამის მიზეზი ფინანსები იყო. მანამდე ამ ოპერაციას საქართველოში არ აკეთებდნენ, საზღვარგარეთ კი ძალიან დიდი თანხა იყო საჭირო. ისრაელში მინდოდა გაკეთება, მაგრამ 25.000 დოლარი ჯდებოდა, ამის გადახდა კი ჩემთვის შეუძლებელი იყო. ბოლოს თბილისში საუკეთესო ექიმმა, დავით აბულაძემ, გამიკეთა ოპერაცია და დღემდე ვემადლიერები მას.

– ამბობენ, რომ მამაკაცებს ძალიან გემრიელი ხელი აქვთ. თქვენს ქმარს, გიორგის, გამოსდის კერძები?

– გამოგიტყდებით, რომ გიორგი ჩემზე გემრიელ საჭმელებს აკეთებს, მის გვერდით სამზარეულოში ფუსფუსი მრცხვენია, სასწაული ხელი აქვს. ჩემი მომზადებული კერძების მთავარი დეგუსტატორი ის არის. რომც არ მოეწონოს, მაინც 10 ქულას მიწერს, თუმცა აღარც მახსოვს, ბოლოს როდის გავუმასპინძლდი ჩემი კერძებით.

ძალიან პატარა სამზარეულო გვაქვს. ამას წინათ გიორგის ვუთხარი, დიდი ბინა ვიყიდოთ, მინდა, მქონდეს დიდი სამზარეულო, რომელიც ყველანაირი ტექნიკით იქნება გაწყობილი-მეთქი.

– სტუმრიანი ოჯახი გაქვთ?

– სტუმრების სახლში მიღებას ვერ ვასწრებთ და ყველას რესტორანში ვმასპინძლობთ. 27 წელია რესტორანში ვმუშაობ. ახალგაზრდა რომ ვიყავი, გოგოებს სახლში ვეპატიჟებოდი, ახლა შინ ღამის 3-4 საათზე ვბრუნდებით. დილით ადრე არ ვდგებით. როცა ვიღვიძებთ, ვემზადებით, ვსაუზმობთ და ისევ სამსახურში მივდივართ. არ ვწუწუნებ, ჩემი საქმე ძალიან მიყვარს, მაგრამ შრომატევადია.

– რა არის საჭირო იმისთვის, რომ ქალმა გემრიელი საჭმელი მოამზადოს?

– თვითონ უნდა უყვარდეს ჭამა. დიასახლისებს ერთ კარგ რჩევას მივცემ: როცა ხორციან საჭმელს მოამზადებთ, ბევრი მწვანილითა და ხახვით შეაზავეთ. მწვანილი და ხახვი საჭმელს არომატს აძლევს.

და კიდევ, კარგ დიასახლისს უყვარს ექსპერიმენტები სამზარეულოში. მაცივარს რომ გამოაღებ, რაც დაგხვდება, შეგიძლია ფანტაზიით მოამზადო. არ მეგულება ქალი, რომელსაც არ შეეძლოს საჭმლის კეთება.

ლანა კიკნაძე, ჟურნალი სარკე

დატოვეთ თქვენი კომენტარი

ახალი დამატებული

sarkenews.ge © 2017-2018