თამარ ბაბილუა: “აღარასდროს გავთხოვდები” – ჯგუფ ”ნიუტონის” წევრი 3 წელია, მძიმე სენს ებრძვის – ვიდეო

თამარ ბაბილუა: "აღარასდროს გავთხოვდები" - ჯგუფ ”ნიუტონის” წევრი 3 წელია, მძიმე სენს ებრძვის - ვიდეო“სარკის” მკითხველს ემახსოვრება ახალგაზრდა ქართველი ქალი, რომელმაც ორი წლის წინ პიანინოს ხანგრძლივად დაკვრაში გინესის რეკორდი დაამყარა. ეს თამარ ბაბილუაა, რომელსაც იმ პერიოდში რთული ოპერაცია ახალი გაკეთებული ჰქონდა და ქიმიოთერპიის კურსს იტარებდა. მისი მებრძოლი სულით შეუძლებელი იყო არ აღფრთოვანებულიყავით. თამარი, იგივე ბაბი, ჯგუფ “ნიუტონის” ვოკალისტია. უკვე მესამე წელია მძიმე სენს, სიმსივნეს, ებრძვის. მესამე ოპერაცია ერთი წლის წინ გაიკეთა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ამ ეტაპზე დაავადების კერა სხვა ორგანოზე აღმოაჩნდა.

ყველაფრის მიუხედავად, საყვარელ საქმეს, მუსიკას არ ღალატობს. ამბობს, რომ სწორედ ესაა მისთვის დიდი სტიმული, ხოლო ძალას 8 წლის შვილი აძლევს.

– ბაბი, ბოლო ოპერაციას რა შედეგი მოჰყვა, როგორ გრძნობთ თავს?

– თებერვალში მესამე ოპერაციის ჩატარებიდან ერთი წელი შესრულდა. სიმსივნე ელენთაში იყო, სიმსივნის უჯრედებს გეზი ღვიძლისკენაც ჰქონდათ აღებული. ოპერაციის შემდეგ ქიმიოთერაპიის სამი კურსი ჩავიტარე.

კონტროლზე რამდენიმე კვირის წინ ვიყავი და ღვიძლზე ახალი კაფსულა გამოჩნდა, რომელიც დაახლოებით 2 მილიმეტრია. კვლევები გერმანიაში გავგზავნე და პასუხს ველოდები, რომ გადავწყვიტო, ქიმიოთერაპია გავიკეთო თუ ოპერაცია.

ნაღვლის ბუშტი, ელენთა, ბრმა ნაწლავი, ორივე საკვერცხე, საშვილოსნო – ყველაფერი ამოკვეთილი მაქვს. სახელმწიფოსგან უკვე მეორე ხარისხის ინვალიდის სტატუსი მაქვს მიღებული.

– როდის გაჩნდა პირველი სიმპტომები?

– სიმსივნე 2015 წელს აღმომაჩნდა. ვერ გეტყვით, რომ გენეტიკამ ითამაშა რაიმე როლი, რადგან ამ დაავადებით არავინ მყავს გარდაცვლილი. დაბალი ტემპერატურა და წელის ტკივილები მაწუხებდა.

იმდენად ჯანმრთელი ვიყავი, ექიმთან ბოლოს ბავშვობაში აცრაზე გახლდით ნამყოფი. ექიმთან მეგობარი გავიყოლე. ფილტვებზე პრობლემა არ მქონდა. ექიმმა მუცლის ღრუს ექოსკოპიაზე გამიშვა. მარცხენა საკვერცხეზე 17 სმ-იანი სიმსივნე აღმომაჩნდა…

მეტასტაზის მნიშვნელობა არ ვიცოდი. თმის ცვენა კიბოსთან რომ იყო კავშირში, ამის შესახებ ინფორმაცია მხოლოდ ფილმებიდან მქონდა. ქიმია აჯობებს თუ ოპერაცია, ეს ჯერ უნდა განვიხილოთო, ექიმმა გვითხრა და გავიდა. მეგობარმა მითხრა, მუცელში რაც გაქვს, კიბოაო. ერთადერთი, რაც იმ წამიდან მახსენდება, ის არის, რომ ვტიროდი.

ბიოფსია თურქეთში გავიკეთე. ოპერაციისთვის 30.000 დოლარი მჭირდებოდა, რის გადახდასაც ვერ შევძლებდი, ამიტომ ოპერაცია საქართველოში ირაკლი თოდუამ გამიკეთა. ოპერაცია 5 საათი მიმდინარეობდა. მუცლიდან 4 კილო შავი მასა ამომაცალეს.

ყველაზე საკვირველი ისაა, რომ ჩემი გადარჩენის იმედს არავინ იძლეოდა. მოგვიანებით გავიგე, თურმე ქართველი ექიმები ამბობდნენ, 6 თვის სიცოცხლეღა აქვს დარჩენილიო.

– პირველი ოპერაციის შემდეგ თავს როგორ გრძნობდით?

– პირველი ოპერაციის შემდეგ მეტასტაზების ნორმა 35-ია, მე კი 3.000 მქონდა. ამიტომ ოპერაციის შემდეგ მაშინვე ქიმიოთერაპიის 6 კურსი ჩავიტარე. ჩემი დალალები როგორ დამცვივდებოდა ბოლომდე, ამას ვერ ვუყურებდი, ამიტომ თმა გადავიპარსე. ახლა კი, საბედნიეროდ, თმაც, წარბებიც და წამწამებიც გამეზარდა.

აგრესიული ფორმის სიმსივნე მაქვს, თუმცა გამიმართლა იმაში, რომ კერა მქონდა ორგანოზე, რომელიც ამოიკვეთა და არა – ძვალზე. პირველი ოპერაციის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, თუმცა ის მდგომარეობა სიკვდილს ნამდვილად სჯობდა. ქიმიოთერაპიის კურსებთან ერთად მეტასტაზების რაოდენობაც იკლებდა. ერთი წელი კარგად ვიყავი, ანალიზებშიც ცუდი არაფერი ჩანდა.

– ახლა დაავადება რატომ გამწვავდა, რას ამბობენ ექიმები?

– არ ვიცი, რატომ. პირველი ოპერაციის მერე გამოკვლევაზე თურქეთში წავედი, სადაც ელენთაში კერა აღმოაჩინეს. ზუსტი დასკვნა ვერ გააკეთეს და მითხრეს, რომ შეიძლებოდა ისევ სიმსივნე ყოფილიყო.

საქართველოში ჩემმა ექიმმა პასუხები რომ ნახა, მითხრა, ვიცით, რომ აგრესიული ფორმა გაქვს და რატომ ველოდოთ გამწვავებასო. ერთ თვეში მეტასტაზებმა საგრძნობლად იმატა, ამიტომ ელენთა და ნაღვლის ბუშტიც ამომაჭრეს. 42 ნაკერი მქონდა. სახლში გამოწერის შემდეგაც გამუდმებით გულისრევას ვგრძნობდი, საჭმელსაც ვერ ვჭამდი. ამ ყველაფერს ნაღვლის ბუშტის ამოკვეთას ვაბრალებდი. ისევ საავადმყოფოში გადამიყვანეს და გაირკვა, რომ ნაწლავები ერთმანეთთან იყო შეხორცებული.

– ამ განსაცდელში ვინ დაგიდგათ გვერდით, ვისგან გრძნობთ ყველაზე დიდ მხარდაჭერას?

– ჩემი ჯგუფის, “ნიუტონის”, წევრები და საერთოდ, მეგობრები ძალიან დამიდგნენ გვერდით. აღმომაჩნდა თუ არა დაავადება, მკურნალობის თანხების შესაგროვებლად ღონისძიებებს მართავდნენ. 2 დღეში 11.000 ლარი როგორ შეაგროვეს, არ ვიცი. რომ არა ისინი, ალბათ დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდი. თავიდან შოკში ვიყავი. ვერ ვხვდებოდი, რა დავაშავე ისეთი, რომ ეს დაავადება მაინცდამაინც მე დამემართა. ცოტა გაბრაზებულიც კი ვიყავი.

– ყოჩაღი, მებრძოლი გოგო ხართ, თქვენს მდგომარეობაზე დაუფარავად ლაპარაკობთ და განსაცდელს თვალებში უყურებთ, არ უშინდებით. ძალას და სტიმულს რა გაძლევთ?

– ფორტეპიანო და 8 წლის შვილი – ნინი ბიგვავა, რომელიც ჩემს მშობლებთან ერთად ფოთში ცხოვრობს.

თბილისში საცხოვრებლად ვერ გადმომყავს, რადგან არ მინდა, ჩემს რთულ პერიოდებს უყუროს.

– ქმარი არ გყავთ?

– წლებია, რაც ერთად აღარ ვცხოვრობთ. ქმარს რომ გავშორდი, ნინი 3 თვის იყო. მამა-შვილს ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ.

– მას შემდეგ პირადი ცხოვრების აწყობა არ გიცდიათ?

– თაყვანისმცემლები მყავს, თუმცა ალბათ ჩემნაირი გოგონები არ უნდა თხოვდებოდნენ. არ მინდა, ჩემი ჯანმრთელობის პრობლემა სხვას შემოვახვიო თავს. ეს მხოლოდ მე მეხება. თან მარტოობასაც მივეჩვიე. ჩემს ცხოვრებას ვეღარავინ შეცვლის, უბრალოდ არავის გამოუვა.

– თქვენს საყვარელ პროფესიასა და მიღწევებზე გვიამბეთ.

– პროფესიით პიანისტი ვარ. ფოთში ჯერ მუსიკალური შვიდწლედი, შემდეგ კი ოთარ თაქთაქიშვილის სახელობის ხელოვნების სასწავლებელი დავამთავრე. შემდეგ თბილისის კონსერვატორიაში, ნიჭიერთა ათწლედში ორი წელი ვისწავლე, თუმცა პიანისტობას აღარ გავყევი და “ნიუტონის” წევრი გავხდი. თავიდან კლავიშზე ვუკრავდი, ახლა კი ვოკალისტიც ვარ.

ღმერთმა საოცარი ნიჭით დამაჯილდოვა. შემიძლია ნებისმიერი მუსიკა პიანინოზე ფონოგრამასავით გადმოვიტანო. 2016 წელს პიანინოს ხანგრძლივად დაკვრაში გინესის რეკორდიც დავამყარე. მიუხედავად იმისა, რომ ეს ყველაფერი ქიმიოთერაპიის პერიოდში მოხდა, შევძელი და 25 საათი განუწყვეტლივ ვუკრავდი.

– “ნიუტონის” შემოქმედებაში რა ხდება?

– სამი წელია, რაც “ნიუტონის” წევრი ვარ. კვირაში ოთხი დღე სხვადასხვა კლუბებში ვუკრავთ. ჩვენზე დიდი მოთხოვნაა და ჩემი შემოსავლის წყაროც ესაა. ყველაზე მეტად ის მაბედნიერებს, რომ ანაზღაურებას საყვარელი საქმიდან ვიღებ. ორი კლიპი გადავიღეთ, რომელთა პრეზენტაციაც მალე გაიმართება. ალბომზეც ვმუშაობთ და აგვისტოში დიდი გეგმები გვაქვს.

სოფიო ბოჭორიძე, ჟურნალი სარკე